ყველაზე მავნე საკვები
2. მომდევნო ადგილი გაყინულ ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქტებს უკავია. ბლინები, კატლეტები, პელმენები და სხვა მადის აღმძვრელად გამოიყურება და სწრაფადაც მზადდება, მაგრამ მათი თითოეული ულუფა დაახლოებით 1000 კალორიას და 60 გრამ ცხიმს შეიცავს, ეს კი ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა. ამ პროდუქტების დიეტური, ცხიმის მცირე შემცველობის მქონე ვარიანტებიც არსებობს, თუმცა მათში ბევრია მარილი და მავნე კონსერვანტი.
3. 160 წელიწადზე მეტი გავიდა კარტოფილის ჩიფსების გამოგონებიდან. ცნობილი ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, “ყველაფერი, რაც კი სასიამოვნოა ამქვეყნად, ან უკანონოა, ან უზნეო, ან ასუქებს”. ზეთში შემწვარი კარტოფილი არც კანონს არღვევს და არც ზნეობის საზღვრებს, მაგრამ სახამებლისა და ცხიმების დარტყმითი დოზის წყალობით ორგანიზმი სიმსუქნემდე მიჰყავს, თუ მას ყოველდღიურ მენიუში ჩავრთავთ. ჭარბი წონა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, თუ გაიგებთ, კიდევ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ პროდუქტმა. თანამედროვე ჩიფსების მიერ მიყენებული ზიანი სულაც არ არის კარტოფილის ბრალი - დღეს ხომ მათ ხორბლის ან სიმინდის ფქვილისგან, ანდა გენმოდიფიცირებული სოიისგან ამზადებენ. დაუმატეთ ამას ათასგვარი “არომატი” - ბეკონისა, არაჟნისა, ყველისა, წითელი ხიზილალისა და შემწვარი კარტოფილისაც (!) კი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ე ხაზის კომპონენტები - საკვები არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლებია. აკრილამიდი გამოგვრჩა - კანცეროგენული ნივთიერება, რომელიც ყველა იმ პროდუქტში წარმოიქმნება, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე იწვება.
4. შინ თუ გიცდიათ ფუნთუშის, კატლეტის, მწვანე სალათის ფოთლის და, ვთქვათ, ყველის ან მაიონეზის დამატებით საკვების მომზადება? რა ხდება? გემოთი სულაც არ ჰგავს “სარესტორნო” ვარიანტს? ეს უკანასკნელი უფრო გემრიელია? ბუნებრივია, რადგან “სარესტორნო” ვარიანტი იმავე ნივთიერებებითაა გაძეძგილი, რომლითაც ჩიფსები, მაგრამ ზეთში შეწვასთან ერთად საქმეს “ხორცის შემადგენელიც” ართულებს. იმისთვის, რომ ცილა სწრაფად კვების მსურველთათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს, გოჭებს, თევზებსა და ძროხებს საწარმოო მასშტაბებითა და მეთოდებით ზრდიან სპეციალური საკვები დანამატების (ზოგჯერ - ანაბოლიკების) მეშვეობით. ამგვარი ხორცისა და თევზის წყალობით ადამიანის ორგანიზმი შესაძლოა ანტიბიოტიკებისადმი უგრძნობი, მედეგი გახდეს. ამ ფონზე საკვების მაღალკალორიულობა და ქოლესტერინი წვრილმანებად მოგეჩვენებათ. უფრო მეტიც - საეჭვო წარმოშობის ცილას უმატებენ სოიას, გლუტამატს და ე-კომპონენტების მთელ სპექტრს: კონსერვანტებს (იმისთვის, რომ კატლეტმა წლობით შეინარჩუნოს სასაქონლო სახე), სტაბილიზატორებს და სინთეტიკურ საღებავებს. სწორედ ეს ნივთიერებებია “დამნაშავე”, რომ შინ ყველაფერი უგემურად გვეჩვენება და სწორედ ისინი გვაიძულებენ ისევ და ისევ დავუბრუნდეთ კვების იმ წერტილს, სადაც ყველაფერი უფრო “გემრიელია”.
5. კრემიანი ფუნჩულა ფქვილის, შაქრისა და ტრანსცხიმების კონცენტრაციაა. ორგანიზმისთვის ყველა მათგანი საკმაოდ მავნეა, მათი ერთობლიობა - მით უმეტეს. დამტკიცებულია, რომ ერთი ცალი ფუნჩულა 10-20 გრამ ცხიმს და დაახლოებით სამას უსარგებლო კალორიას შეიცავს.
6. ძროხის ხორცი, ქათამი, კრევეტები, სოკო, სპაგეტი სოუსით - ამგვარ მეფურ სადილს გვთავაზობენ პაკეტებით სასწაულმოქმედი საკვების მწარმოებლები. ეს სწორედ ცნობილი “უფასო ყველის” შემთხვევაა. რა თქმა უნდა, ძალიან მოხერხებულია, მდუღარე წყალი დაასხა პლასტიკური პაკეტის შიგთავსს და - ვაშაა! - მიიღო იტალიური პასტა, ფეტუჩინე ან რიზოტო. ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ ცხელ (სწრაფად ასათვისებლად) მიქსს ყოველგვარი საკვები დანამატით, რომლის მარგებლობის კოეფიციენტი ნულია. ასეთი “კომბინირებული საკვების” სისტემატური გამოყენებისას ორგანიზმში იშლება სისტემა - ის თითქოს იღებს საკვებს, მაგრამ სინამდვილეში მასში ძალიან ცოტაა ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის არის საჭირო. ამის გამო ორგანიზმი სულ მალე ტვინს SOS სიგნალს უგზავნის და კუჭი შიმშილისგან ისევ აწრიალდება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ასეთი საკვები ხშირად გაჯერებულია კონსერვანტებით, სტაბილიზატორებით, შემასქელებლებით, ემულგატორებით, ანტიდამჟანგველებით, საკვები საღებავებით და გემოს გამაძლიერებლებით. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ არსებობს დანამატები, რომლებიც ორგანიზმისთვის უსაფრთხო და სასარგებლოც კია, მაგრამ მათი რიცხვი მცირეა, დანარჩენი კი ან მეტად მავნეა, ან ჯერ კიდევ შეუსწავლელი.
7. მაიონეზსა და კეტჩუპს - ამ ჯადოსნურ სოუსებს, რომლებიც, ტრადიციულად, თან ახლავს ფასტფუდის კერძების უმრავლესობას, შეუძლია, სასარგებლო საკვები ნამდვილ შხამად აქციოს. კეტჩუპი სტაბილიზატორებთან, ემულგატორებსა და კონსერვანტებთან ერთად ქიმიურ საღებავებსაც შეიცავს, ხოლო მისი დაახლოებით მეხუთედი შაქარია. ასეთი დრესინგი არაჩვეულებრივად ფარავს უგემური და, უბრალოდ, გაფუჭებული საკვების ბუნებრივ გემოს. მაიონეზი კი ეგრეთ წოდებული ტრანსცხიმების - ცხიმმჟავების იზომერების - მატარებელია, რომლებიც ატყუებენ ორგანიზმს და ნატურალური ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმჟავების ნაცვლად სხდებიან უჯრედების ბიომემბრანებში. ტრანსკონფიგურაციებს ონკოგენეზამდე, ათეროსკლეროზამდე მივყავართ, იზრდება შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი და ქვეითდება იმუნიტეტი. კიდევ ერთი საფრთხეა პლასტიკური შეფუთვა, რომელშიც ხშირად ეკონომიის მიზნით ინახება მაიონეზი, - სოუსში არსებულ ძმართან ურთიერთქმედებისას მისგან კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა. გამოიცანით, სად ხვდებიან ისინი.
8. უცნაურია, მაგრამ პროდუქტები, რომლებიც ცხიმს მცირე რაოდენობით შეიცავს, ორგანიზმისთვის მავნეა. სალათების, იოგურტების, ტკბილეულის ეტიკეტზე მითითებული მიმზიდველი წარწერა “უცხიმო” მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები ცხიმის ნაკლებობას სახამებლის, შაქრის, შემავსებლებისა და მარილის საშუალებით ანაზღაურებენ.
9. გაზიანი სასმელები, უპირველესად, სხეულის პრობლემურ ნაწილებში “სხდებიან”. მაგალითად, მომცრო ბოთლი გაზირებული სასმელი დაახლოებით ათ ჩაის კოვზ შაქარს უდრის. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ორი ულუფა გაზიანი სასმლის სმა ორჯერ ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ასეთი სასმელების მოყვარულებს მომატებული აქვთ ინფარქტისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობაც.
10. მარგარინის მავნეობა დიდი ხანია ცნობილია. ალბათ, საკმაოდ ხშირად ისმენთ პროპაგანდას, რომ ის ნაღების კარაქის “ჯანმრთელი” შემცვლელია. არადა, მარგარინი იმ მავნე ტრანსცხიმებს შეიცავს, რომლებიც მაღლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს უკანასკნელი სისხლძარღვების კედლებზე ილექება და მათი შევიწროებისა და თრომბების ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის. თუ მაინცდამაინც გსურთ ნაღების კარაქზე უარის თქმა, ჯობს, ის ნატურალური მცენარეული, მაგალითად, ზეითუნის ზეთით შეცვალოთ.