მატყუარა პროდუქტების ტოპ-10
უბრალო ადამიანისთვის ეს თითქოს არაფერია, მაგრამ ჩეხოვი ექიმი იყო და კარგად იცოდა, რომ შამპანურს ასთმის შეტევის პროვოცირება შეუძლია და რომ მისი უმცირესი დოზაც კი შესაძლოა მისთვის სასიკვდილო გამხდარიყო. ასეც მოხდა. ფროიდმა კი გაარკვია, რომ კოკაინი მცირე დოზებით სასარგებლოა, დაიწყო მისი გამოყენება და მეგობრების უმრავლესობა ნარკომანებად აქცია! იაპონური ეროვნული დელიკატესის, თევზ ფუგუს შესახებ ყველამ იცის. მისგან უგემრიელესი კერძი მზადდება, მაგრამ მომზადების დროს დაშვებულ მცირე შეცდომას ხშირად კლიენტის სიკვდილი მოსდევს. არა მარტო კლიენტის, არამედ მზარეულისაც - ეს უკანასკნელი ვალდებულია, სიცოცხლე ჰარაკირით დაასრულოს. არ გვინდა შეგაშინოთ; უბრალოდ, იმის რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, როგორ შეიძლება იქცეს გემრიელი და სასარგებლო საკვები ბიოლოგიურ იარაღად.
1. კეფირი
ეს რძემჟავა პროდუქტი, რომელსაც ხშირად უწერენ დიეტების მოყვარულ და ალერგიულ ადამიანებს, ძალზე სასარგებლოა. ის დაბალკალორიულია და შეკრულობის საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს - რამდენიმე ჭიქა კეფირის შემდეგ, განსაკუთრებით - თუ უზმოზე მიიღო, ადამიანი, რომელსაც შეკრულობა აწუხებდა, სწრაფად გარბის ტუალეტისკენ და გახარებული ცლის ნაწლავებს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამისთვის გამოდგება მხოლოდ ახალი (ეგრეთ წოდებული ერთდღიანი) კეფირი, ხოლო თუ ორ- ან სამდღიანს მიირთმევთ, შეკრულობა შესაძლოა ტყვიაგაუმტარ მდგომარეობამდეც მივიდეს.
2. ვაშლი
კეფირისგან განსხვავებით, ნაწლავების მუშაობაზე ვაშლის გავლენა ამ უკანასკნელის სახეობასა და მიღების დროზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რაოდენობაზე. 100 გრამამდე ვაშლი ნაწლავებს წარმატებით ასუფთავებს და პათოგენური მიკროფლორისგან ათავისუფლებს, თანაც აშლილობას აჩერებს, მაგრამ თუ იხარბეთ და დიდი რაოდენობით მიირთვით, ფაღარათი გარანტირებული გაქვთ. ხანდაზმულებმა ხშირად იციან იმის თქმა, რომ კუჭის აშლა დაუმწიფებელმა ხილმაც იცის, მაგრამ ასე არ არის. შედეგი რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა სიმწიფის ხარისხზე!
3. მსხალი
კიდევ ერთი პარადოქსული პროდუქტი “ნაწლავთა სერიიდან”. ჰკითხეთ ნებისმიერ ბებოს - არც კი დაფიქრდება, ისე გეტყვით, რომ მსხალი შემკვრელია. ეს მრავალი საუკუნის წინ იცოდნენ, მაგრამ მაშინ ისიც იცოდნენ (ეს ცოდნა სადღეისოდ მივიწყებულია), რომ მსხალს ფაღარათის გამოწვევაც ძალუძს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მსხლის რომელ ნაწილს მიირთმევთ. თუ რბილობს, მაშინ ნაწლავების შიგთავსი შეიკვრება, ხოლო თუ ქერქს და გულთან ახლოს არსებულ ნაწილს (ღეჭვისას ის წვრილ მარცვლებს მოგაგონებთ) - ფაღარათს გამოიწვევთ.
4. ნაღები და არაჟანი
ამ პროდუქტებში ბევრი ქოლესტერინია, ამიტომ ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების დროს ექიმები კატეგორიულად კრძალავენ მათ. და ცდებიან! იმიტომ, რომ ამ პროდუქტებში კიდევ უფრო მეტია ფოსფოლიპიდები. ეს ნივთიერებები ქოლესტერინის ანტაგონისტებია და, შესაბამისად, ამ მავნე ნივთიერებას ანეიტრალებს.
5. ბარდა
სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის დროს ექიმები ხშირად უწევენ რეკომენდაციას ბარდას. ამ პარკოსანს მართლაც ძალუძს ქოლესტერინისგან სისხლის გაწმენდა. გაწმენდა და არა გათავისუფლება! ბარდა ქოლესტერინის კონსისტენციას ასქელებს, არადა სწორედ ეს შესქელებული ქოლესტერინი ილექება სისხლძარღვთა კედლებზე, თხევადი კი - არა. ამრიგად, ბარდა კი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელს, მაგრამ იმავდროულად შესაძლოა ხელი შეუწყოს სისხლძარღვთა კედლებზე ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნას. აქვს კი აზრი ასეთ მკურნალობას?
6. ღორის ხორცი
ყველაზე მავნე ხორცად ითვლება. მას ცხიმიანობას სდებენ ბრალად და ამიტომაც მიიჩნევენ ორგანიზმისთვის მძიმე პროდუქტად. სინამდვილეში ღორის ცხიმი 36 გრადუს ტემპერატურაზე, ანუ ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივ ტემპერატურაზე, საპოვნდება (დაშლას იწყებს). ეს იმას ნიშნავს, რომ მას ორგანიზმი ზედმეტი დაძაბვის გარეშე გადაამუშავებს. საქონლის ხორცის გადასამუშავებლად 41-48 გრადუსი ტემპერატურაა საჭირო, ცხვრის ხორცის გადასამუშავებლად კი - 44-52 გრადუსი, ამასთან, უფრო მეტი ნაღვლის წვენი და მომნელებელი ფერმენტი ლიპაზაც. მოკლედ, ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს და ნაღვლის სადინარებს ცხვრისა და საქონლის ხორცის გადასამუშავებლად უფრო მეტი მუშაობა უწევთ. ღორის ხორცი ქოლესტერინის გამოც აითვალწუნეს. ეს არგუმენტი დაზუსტებას მოითხოვს, რადგან, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ღორის ხორცში ქოლესტერინი უფრო ნაკლებია (0,07-0,10 გ%), ვიდრე საქონლისაში (0,70 გ%). გარდა ამისა, ღორის ცხიმში უფრო მეტია მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდი (“კარგი ქოლესტერინი”) - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (“ცუდი ქოლესტერინი”) ანტაგონისტი, ვიდრე საქონლის ხორცში. ასე რომ, დიეტური მიზნით ჯობს ცხვრის ხორცი მიირთვათ, რომლის გადასამუშავებლად უფრო მეტი რაოდენობის კალორია იწვება, დამზოგველი კვებისთვის კი ღორის ხორცი უფრო მისაღებია.
7. შავი პური
გახდომის ყველა მსურველს ტვინში მყარად აქვს ჩაბეჭდილი სტერეოტიპი - შავ პურში უფრო ნაკლები კალორიაა, ვიდრე თეთრში. მართლაც ასეა, თუმცა განსხვავება მეტად უმნიშვნელოა. სამაგიეროდ, შავი პური ბ ჯგუფის უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს. ეს ის ვიტამინებია, რომლებიც ორგანიზმს აიძულებს, ნახშირწყლები ცხიმად გარდაქმნას და მარაგად შეინახოს.
8. მცენარეული ზეთი
ჩვეულებრივ, ამ პროდუქტით ცვლიან ცხოველურ ცხიმს საკვების ცხიმიანობის შესამცირებლად. სინამდვილეში მცენარეული ზეთი ცხოველურზე “ცხიმიანია”. თუ ძროხის კარაქი 80-82% ცხიმს შეიცავს, მცენარეულ, მაგალითად, მზესუმზირას ზეთში მისი შემცველობა 99%-ია! დიაბეტიანებისთვის მცენარეული ცხიმი შხამია. აი მცენარეული ცხიმების კიდევ ერთი პარადოქსი! ერთი მხრივ, პოლიუჯერი მჟავები, რომელთა შემცველობითაც ფასდება ეს პროდუქტი, ორგანიზმში ცხიმების ცვლას არეგულირებს, მეორე მხრივ კი ზეთის ჭარბი მოხმარებისას წარმოიქმნება ცხიმოვანი ცვლის დაუჟანგავი პროდუქტები, რომლებიც უმოწყალოდ წამლავს ღვიძლსა და თირკმელებს და აქვეითებს იმუნიტეტს. სხვა საქმეა, თუ მცენარეულ ზეთს მცირე რაოდენობით გამოვიყენებთ, თუმცა მას პურს ნამდვილად ვერ წასცხებთ.
9. კვერცხი
ის, ფაქტობრივად, “ქათმის ხიზილალაა” და ისევე სასარგებლოა, როგორც თევზის ქვირითი. აი, რით გამოიხატება მისი პარადოქსულობა: იმისთვის, რომ კვერცხისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, მისი სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვანაირად უნდა მოვამზადოთ. ცილა აუცილებლად უნდა მოიხარშოს, რათა ნაზი, ადვილი მოსანელებელი და ყუათიანი გახდეს, კვერცხის გულის გადახარშვა კი არ შეიძლება - ნაკლებ სარგებლობას მოგვიტანს. ამიტომ დიეტური კვების დროს ხშირად ამზადებენ “ცილოვან ომლეტს” - კვერცხის ომლეტს გულის გარეშე.
10. ალკოჰოლი
დაბოლოს, ყველაზე უცნაური პროდუქტი ალკოჰოლი- ის პარადოქსების მეფეა. მცირე დოზებით (40-50 გრამი არაყი დღეში) ალკოჰოლი ხლეჩს “ცუდ” ქოლესტერინს, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს და ამაღლებს “კარგი” ქოლესტერინის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს. ალკოჰოლის დიდი ოდენობით გამოყენებისას კი ეს პროცესი საპირისპირო მიმართულებით მიდის. კიდევ ერთი მაგალითი - ალკოჰოლი მართლაც აუმჯობესებს აზროვნების პროცესს, მაგრამ თუ მას დიდი რაოდენობით და დიდხანს მიიღებთ, მხოლოდ აზროვნების პროცესი კი არ უარესდება, არამედ სრულიად დაირღვევა და დეგრადაციას განიცდის მეხსიერება. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენია ეს “ცოტა” ან “ბევრი”. ყველა ადამიანისთვის არსებობს საკუთარი თერაპიული დოზა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორის - ორგანიზმის მდგომარეობის, დღე-ღამის პერიოდის, დასაყოლებლის - გავლენით. და კიდევ, ალკოჰოლი აუმჯობესებს ზოგიერთი ორგანოს მუშაობას. მაგალითად, სასახსრე ჩანთისას, რომელიც სახსრების საპოხ სითხეს გამოიმუშავებს, რათა მათ არ იტკაცუნონ. მეორე მხრივ, მან შეიძლება ავნოს ორგანოებს, განსაკუთრებით - ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალს. აქვე შეგახსენებთ: ერიდეთ სუროგატულ ალკოჰოლურ სასმელებს და ისიც გახსოვდეთ, რომ დისტილატები (ვისკი, ტეკილა, კალვადოსი და სხვა) ნაკლებად მავნეა, ვიდრე რექტიფიკატები (არაყი და სხვა სასმელები, რომლებიც რექტიფიცირებული ეთილის სპირტის ბაზაზეა დამზადებული). ეს ნუსხა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ჩვენ მხოლოდ იმ პროდუქტების მცირე ნაწილი განვიხილეთ, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ. მიირთვით მშვიდად, მაგრამ გახსოვდეთ - გადაჭარბებას სიკეთე არავისთვის მოუტანია.