პროფესია და გვერდითი მოვლენები
თავიანთი ჯანმრთელობით იხდიან. თუ მაინცდამაინც ერთ-ერთი ამ პროფესიის არჩევა გადაწყვიტეთ, ისწავლეთ, როგორ უნდა აიცილოთ თავიდან პროფესიული დაავადებები და თქვენი საქმიანობისგან ნამდვილი სიამოვნება მიიღეთ.
-
ბალეტი
ნატიფი ფიგურა, გრაციოზული სიარულის მანერა, შესანიშნავი პლასტიკა... თქვენ ბალერინობაზე ოცნებობთ და მზად ხართ, საათობით ივარჯიშოთ სარეპეტიციო დარბაზში? მაშინ იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ ამ ჰაეროვან ქმნილებებს კულისებს მიღმა ელით ცხოვრების პროზა: ტრავმები, მოტეხილობები, მყესების წყვეტა... ხერხემალი გამუდმებით იტვირთება, ირღვევა დისკოების კვება. ვერტიკალურ მდგომარეობაში საათობით დგომის გამო დროთა განმავლობაში პრაქტიკულად ყველა ბალერინას უჩნდება ოსტეოქონდროზი.
ბალეტის მოცეკვავისთვის სასარგებლოა ხერხემლის მოსადუნებელი სამკურნალო ტანვარჯიში. მძიმე ტვირთის აწევა სასტიკად აკრძალულია - ზურგს გაფრთხილება სჭირდება. ძილის დროს რეკომენდებულია ნახევრად უხეში საწოლი და დაბალი ბალიში. სხვაგვარად სრულფასოვნად ვერ დაისვენებთ. ერიდეთ სიგრილეს.
მსუბუქი სიარულის მანერა რომ შეინარჩუნოს, ბალერინამ უნდა ატაროს ხარისხიანი და მოხერხებული ფეხსაცმელი. 12 სმ-ზე მეტი სიმაღლის ქუსლი მისთვის აკრძალულია. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მოცეკვავეებისა და სპორტსმენებისთვის (მათ შორის - ფიტნესის ინსტრუქტორებისთვის) პროფესიულ დაავადებად ითვლება. ეს არის ჰიპოტონია - დაბალი წნევა, რომელიც ვითარდება როგორც რეაქცია ფიზიკურ დატვირთვაზე, იწვევს სუსტ თავბრუხვევას და გულის წასვლას.
-
როგორ მოვიქცეთ?
როცა თავს ცუდად იგრძნობთ, წამოწექით. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, დაჯექით და თავი დახარეთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ აღმოსავლური ხერხი: თითი დააჭიროთ წერტილს, რომელიც ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის არსებულ ღრმულში მდებარეობს. ამ წერტილზე ზემოქმედება აღგიდგენთ წონასწორობას და ენერგიას.
-
ნერვული დაძაბულობა
აი, ოცნება აგისრულდათ და დიდ სცენაზე დგახართ. ბალერინა ბრძანდებით, მოცეკვავე თუ მსახიობი, ნებისმიერ შემთხვევაში დიდი დაძაბულობა გელით: ხანგრძლივი რეპეტიციები, ურეჟიმო კვება და ძილი, გასტროლები, ემოციური დატვირთვა, რაც ძილის დარღვევას და გულის პრობლემებს იწვევს. ბევრი პროფესიული წარუმატებლობის გამო სტრესულ მდგომარეობაში ვარდება, რაც დარტყმას აყენებს ნერვულ სისტემას. არასწორმა კვებამ შეიძლება ისეთ დაავადებამდე მიგიყვანოთ, როგორიც არის გასტრიტი ან კუჭის წყლული. გარდა ამისა, გრიმი აშრობს და ნაადრევად აბერებს კანს. ისიც სათქმელია, რომ ბალერინებისა და მოცეკვავეების კარიერა ადრე სრულდება. 35 წლის შემდეგ მათ უჭირთ სამუშაოს პოვნა და ადგილის დათმობა უწევთ. ეს მათთვის დიდი სტრესია, რომელსაც ყველა ერთნაირად ვერ ეგუება. ბევრი დეპრესიაში ვარდება. სხვა საქმეზე გადართვა დიდ სულიერ დაძაბულობას მოითხოვს.
ერთი სიტყვით, როცა მსახიობის ან მოცეკვავის მშვენიერ, მაგრამ სირთულეებით აღსავსე პროფესიას ირჩევთ, ბევრი რამის გათვალისწინება მოგიწევთ.
-
მთელი დღე ფეხზე
რაკი სიტყვა პროფესიულ დაავადებებზე ჩამოვარდა, კიდევ ერთ პრობლემას შევეხებით. პარიკმახერებს, სტილისტებს, ვიზაჟისტებს, ოფიციანტებს, ბარმენებს, სტიუარდესებს, როგორც წესი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება აწუხებთ. თუ მალე იღლებით და ფეხები გიმძიმდებათ, აუცილებლად უნდა მიიღოთ ზომები:
- ღამით ფეხებქვეშ ამოიდოთ ბალიში ან რგოლი, რათა ტერფები მაღლა აიწიოს;
- თუ დიდხანს ერთ ადგილას დგომა ან ჯდომა გიხდებათ, საათში ან საათ-ნახევარში ერთხელ 5 წუთით გაიარ-გამოიარეთ ან 10-ჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე;
- უარი თქვით მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე;
- მიიღეთ ნაკლები სითხე და მარილი;
- აკონტროლეთ წონა;
- ნუ ჩაიცვამთ რეზინის სამაგრებიან წინდებს - ისინი აფერხებს სისხლის მიმოქცევას, რამაც შესაძლოა ფეხების შესიება და ტკივილი გამოიწვიოს.
სილამაზის სალონებში მომუშავე ქალები კიდევ ერთ პრობლემას ეჯახებიან (ასეთი რამ მსახიობებსაც ემართებათ): საღებავებით, ლაქით, მტვრით გაჯერებული ჰაერი შესაძლოა ალერგიის მიზეზად იქცეს. მსახიობები, მოცეკვავეები მუდმივად ხმარობენ გრიმს, რომელიც კანზე მოქმედებს, აღიზიანებს თვალებს, იწვევს ქუთუთოების შესიებას. ამის გამო დამცავი კრემების ხმარება აუცილებელია.