სვით ზაფხულობით მეტი სითხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სვით ზაფხულობით მეტი სითხე

რამდენი წყალი უნდა დავლიოთ ორგანიზმის მიერ დახარჯული მარაგის შესავსებად, ბევრმა არ იცის.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ადამიანმა სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე დღეში საშუალოდ 30-40 მლ წყალი უნდა მიიღოს. წყურვილს თურმე მაშინ ვგრძნობთ, როდესაც ორგანიზმი სითხის აორთქლების გზით მასის 1%-ს კარგავს. ამრიგად, 70 კილოგრამი წონის მქონე ადამიანს მაშინ მოსწყურდება, როდესაც მისი ორგანიზმი დაახლოებით 700 მლ სითხეს დაკარგავს. პრობლემა ის არის, რომ ადამიანი, ჩვეულებრივ, უფრო ნაკლებ წყალს სვამს, ვიდრე საჭიროა, უმეტესად - ერთ ჭიქას ანუ 200-250 მლ-ს ერთ ჯერზე.

საბოლოოდ, გამოდის ისე, რომ ორგანიზმი ვერ იღებს სათანადო რაოდენობის სითხეს და ვერ ინაზღაურებს დაკარგულ მარაგს. ბევრმა არც ის იცის, რომ სითხე, რომელსაც წყურვილის მოსაკლავად ვსვამთ, თბილი უნდა იყოს! ცივი წყალი, პირიქით, ამძაფრებს წყურვილს და სიცხეს კიდევ უფრო აუტანელს ხდის.

ცხელი სითხეები - ჩაი, ყავა და სხვა - აძლიერებს ოფლის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს სითბოს გაცემას და ორგანიზმის გაგრილებას, თუმცა წყურვილს ვერ კლავს. წყლის სადღეღამისო ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის 1,5-2,5 ლიტრია. ამასთან, ისეთი სასმელები, როგორიცაა ყავა, ჩაი, წვენები, არ ითვლება - ლაპარაკია მხოლოდ არამინერალურ სუფთა წყალზე.

არ არის რეკომენდებული წყლის სმა ჭამის დროს. კუჭში მოხვედრილი საკვები მხოლოდ ნერწყვით უნდა იყოს სველი და საჭმლის მონელების პროცესის სრულფასოვანი წარმართვისთვის კუჭის წვენი არ უნდა განზავდეს წყლით, ამიტომ უმჯობესია, წყალი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ საკვებს კარგად დაღეჭავთ, წყურვილი არ შეგაწუხებთ. სხვა დროს კი თამამად მიირთვით წყალი - სიცოცხლის წყარო!

ეს უფერო, უსუნო, გემოს არმქონე, მაგრამ მაცოცხლებელი სითხე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას, იცავს ორგანიზმს მავნე რადიკალების ზემოქმედებისგან, აღადგენს უჯრედებში წყალმარილოვან ცვლას და, საზოგადოდ, უზრუნველყოფს ჩვენს არსებობას - ორგანიზმის 80 პროცენტი ხომ წყალია.

ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის მიღების კონტროლს, რადგან წყალი სხეულის ტემპერატურის ერთადერთი მარეგულირებელი ფაქტორია. მისი ნაკლებობისას (ანუ გაუწყლოებისას) იქმნება სხეულის გადახურებისა და სითბური დაკვრის საფრთხე, ვინაიდან ოფლის საშუალებით სათანადო რაოდენობის სითხე ვერ გამოიყოფა, შესაბამისად, ირღვევა სითბოს გაცემისა და ორგანიზმის გაგრილების მექანიზმი, სხეულის ტემპერატურა იმატებს.

გარდა ამისა, წყლის ნაკლებობისას ირღვევა არაერთი ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის ფუნქცია, მწყობრიდან გამოდის მეტაბოლური და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესები, კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიკურობას, შრება და დუნდება.

  • მინერალური წყლები

მინერალურს უწოდებენ წყალს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ მინერალურ კომპონენტებს (მარილებს, აირებს, ორგანულ ნივთიერებებს) და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (ტემპერატურა, რადიაქტივობა და ა. შ).

ანიონებიდან (უარყოფითად დამუხტული იონებიდან) მინერალური წყლების მთავარი კომპონენტებია ქლორის, სულფატისა და ჰიდროკარბონატის იონები, ხოლო კათიონებიდან (დადებითად დამუხტული იონებიდან) - ნატრიუმისა, კალციუმისა და მაგნიუმისა. მინერალურ წყლებში გახსნილია ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი, აზოტი, მეთანი და სხვა აირები.

გარდა ამისა, მინერალური წყლის ტიპი და სამკურნალო თვისებები დამოკიდებულია მიკროკომპონენტებზეც - ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებზე.

არაოგანულთაგან, უპირველეს ყოვლისა, იოდი, ბრომი, დარიშხანი, ლითიუმი, რკინა და გოგირდი უნდა დავასახელოთ, ხოლო ორგანულთაგან - ფენოლები, ნაფთენმჟავა, ბიტუმები, თხევადი ნახშირწყლები, ჰუმინური მჟავები.

მინერალური წყლების სამკურნალო ზემოქმედებას განსაზღვრავს მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ტემპერატურა, მინერალიზაცია, იონური შედგენილობა, წყალში გახსნილი აირები, რადიაქტივობა, ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთებისა და მიკროელემენტების შემცველობა და სხვა.

წყლის მინერალიზაცია მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების საერთო რაოდენობით განისაზღვრება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ სუსტი (2 გრამ/ლიტრამდე) და მაღალი (15-30 გ/ლ) მინერალიზაციის, ნაჯერ (30-150 გ/ლ) და ზენაჯერ (150 გ/ლ-ზე მეტი მინერალიზაციის) წყლებს.

სუსტი მინერალიზაციისა და კალციუმის იონების შემცველ მინერალურ წყალს აქვს შარდმდენი მოქმედება. მისი დახმარებით ორგანიზმიდან შარდთან ერთად ბაქტერიები, ლორწო, ქვიშა და წვრილი კონკრემენტები გამოიყოფა.

სხვადასხვაგვარი შემადგენლობის კვალობაზე, სხვადასხვა მინერალური წყალი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს: აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესებს, გამოდევნის ორგანიზმიდან წიდასა და ათასგვარ ტოქსინს, აღადგენს უჯრედებს, აბალანსებს ნივთიერებათა ცვლას.

უგაზო მინერალური წყლის მიღება გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე გაზიანისა. სპეციალისტთა რეკომენდაციის თანახმად, დღეში რამდენიმე ჭიქა ასეთი წყალი უნდა ვსვათ.

ბორჯომი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალია. მისი მინერალიზაცია 6-7 გ/ლ-ს უდრის. ბორჯომი საუკეთესო წყალია, თუმცა მისი ჭარბად (დღე-ღამეში ერთ ლიტრზე მეტის) მიღება მიზანშეწონილი არ არის.

ნაბეღლავი ყველა სხვა მინერალურ წყალზე მეტად ჰგავს ბორჯომს. ეს გახლავთ ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი. იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

საირმე ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალიუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალია. მისი მინერალიზაცია ცვალებადია - 1,6-დან 9,5 გ/ლ-მდე. სამკურნალოდ გამოსადეგია ბუნებრივად მომდინარეც და ბოთლებში ჩამოსხმულიც.

მინერალური წყლები ბუნებრივი წყლებია. ისინი მიწის ქვეშაც მოედინება და მიწის ზედაპირზეც. ასეც უწოდებენ: მიწისქვეშა და ზედაპირულ წყელბს. საქართველოში ცნობილია თითქმის ყველა ტიპის მინერალური წყლის ორი ათასზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნური წყარო.


  • ჩაი

ჩაის უძველესი დროიდან იყენებენ როგორც ოფლმდენ, თავისა და სახსრების ტკივილის დასაამებელ, წყურვილის მომკვლელ და სიცხის დასაცხრობ, დამწვრობისა და წყლულების მოსაშუშებელ საშუალებას. ძველად, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, რომ ცილოვანი ნივთიერებების უხვი შემცველობის გამო ჩაის კალორიულობა ოცდახუთჯერ ჭარბობს ხორბლისას.

დღეისათვის ცნობილია, რომ ჩაი შეიცავს არაერთ სასარგებლო ნივთიერებას. მათ შორის - ისეთ იშვიათსა და ძვირფასს, როგორიცაა კოფეინი, თეობრომინი, ტანინი, ეთეროვანი ზეთები. ჩაის შემადგენლობაში შედის ფერმენტები, ალდეჰიდები, ცილები და მინერალური მარილები, ფისოვანი ნივთიერებები, სხვადასხვა ნახშირწყალი, დაწყებული მარტივი შაქრებით, დამთავრებული რთული პოლისაქარიდებით - ცელულოზითა და ჰემიცელულოზით.

ჩაი შეიცავს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისთვის აუცილებელი ვიტამინების კომპლექსს. ხშირად სვით ეს ელექსირი, და არამხოლოდ ზამთარში - ის ზაფხულშიც სასარგებლო და აუცილებელია: ახალისებს ადამიანს, აქრობს დაღლილობასა და თავის ტკივილს, აადვილებს გონებრივ და ფიზიკურ შრომას, აძლიერებს ათვისების უნარს, დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციობაზე, აძლიერებს მადას.

  • ხილის წვენები

ზაფხულში მეტად მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის წვენების მიღება. მაინც რატომ ანიჭებენ ხილსა თუ ბოსტნეულთან შედარებით უპირატესობას მათ წვენებს?

იმიტომ, რომ ხილსა და ბოსტნეულში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს ორგანიზმი ასე უფრო ადვილად ითვისებს. ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, მინერალებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს.

კალიუმის უხვი შემცველობის გამო ხილისა და ბოსტნეულის წვენები ხელს უწყობს ორგანიზმში წყლისა და ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს გულის რიტმსა და ნერვულ იმპულსთა გამავლობას. წვენების შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი შაქრები ორგანიზმს ე.წ “სუფთა” ენერგიით უზრუნველყოფს და თუმცაღა კალორიებს შეიცავს, არ ზრდის ცხიმოვანი ქსოვილის მასას.

ვაშლის წვენი, რომელიც მდიდარია რკინით, საუკეთესო საშუალებაა ანემიის პროფილაქტიკისთვის. მისი რეგულარული მიღება 80%-ით ამცირებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარების რისკს, დიდი რაოდენობით C, E ვიტამინებისა და ბეტა კაროტინის შემცველობის წყალობით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ანუ ათეროსკლეროზის განვითარებისთვის საშიში ფრაქციის ჟანგვითი პროცესების დონე საგრძნობლად იკლებს. ამის შედეგად აღარ წარმოიქმნება სისხლძარღვთა სანათურის შემავიწროებელი ათეროსკლეროზული ბალთები.

ექსპერიმენტულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ვაშლის რბილობის ექსტრაქტი 50%-ით ამცირებს ფილტვის კიბოსა და სხვა სიმსივნური უჯრედების ზრდის პროცესს, ქერქისგან მიღებულ ექსტრაქტს კი ეს ეფექტი სამჯერ ძლიერი აქვს.

პომიდვრის წვენი შესანიშნავია პროსტატის სხვადასხვა პათოლოგიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ლიკოპენი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს პომიდვრის კანი, ხელს უშლის უჯრედთა პათოლოგიურ გადაგვარებას. მისი საკმარისი რაოდენობით მიღება ტომატისა და საწებლის საშუალებითაც შეიძლება. პომიდვრის წვენი მდიდარია C და A ვიტამინებით, მინერალური მარილებითა და სხვადასხვა მჟავით, რომლებიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. სასიამოვნო გამაგრილებელ გემოსთან ერთად პომიდვრის წვენს წყურვილის მოკვლის უნარიც აქვს.

სტაფილოს წვენი კაროტინის (AA პროვიტამინის) უხვი წყაროა. ამასთან ერთად, საკმაო ოდენობის კალციუმს, ფოსფორსა და რკინას შეიცავს, ხოლო კალორიულობისა და ათვისებადობის თვალსაზრისით ყველა დანარჩენი ბოსტნეულის წვენს აღემატება. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის. რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დროს.

ქლიავის წვენი მდიდარია პექტინებით. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კლავს წყურვილს, ჩინებული საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის შეკრულობით მიმდინარე პათოლოგიების დროს.

არანაკლებ სასარგებლოა ყურძნის, გარგარის, შავი მოცხარისა და მარწყვის წვენები. მათი სათითაოდ დახასიათება შორს წაგვიყვანს. მთავარი ის არის, რომ ხილისა და ბოსტნეულის წვენების კვებითი და სამკურნალო ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოახდინეს ცალკეული კომპონენტების ქიმიური ანალიზი და შეისწავლეს მათი მოქმედების მექანიზმი.

საქართველოში, მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნების მქონე ამ უხვ ქვეყანაში, წვენების მომზადება არ არის ძნელი. ძნელი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა! ასე რომ, ზაფხულში მაინც მიიღეთ ეს სიამოვნება - ამით ხომ მეტად სასარგებლო და სასიკეთო საქმესაც გააკეთებთ თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ და სვით წვენები!