მკურნალობა მინერალური წყლებით
ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები მრავალ დაავადებას ყველა წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, როცა მას თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.
ამჯერად "ოჯახის მკურნალი" სწორედ ბალნეოთერაპიაზე ანუ მინერალური წყლებით მკურნალობაზე გესაუბრებათ. მინერალურ ანუ სამკურნალო წყალს თავისებური ქიმიური შემადგენლობა, ფიზიკური თვისებები და სამკურნალო ეფექტი აქვს. ბუნებაში არსებობს მინერალური წყლების მრავალი სახეობა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან აიროვანი შემადგენლობით, რადიაქტივობით, წყალში გახსნილი მარილებისა და ორგანიზმზე აქტიურად მოქმედი ელემენტების (რკინა, ბრომი, იოდი, ფთორი და სხვა) შემადგენლობით, ტემპერატურით და სხვა.
მინერალური წყლები შემდეგნაირად კლასიფიცირდება:
ქიმიური შედგენილობის მიხედვით:
- ჰიდროკარბონატული;
- ქლორიდული;
- სულფატური;
- შერეული;
მინერალიზაციის მიხედვით:
- დაბალი მინერალიზაციის (1გ/ლ);
- საშუალო მინერალიზაციის (1-10გ/ლ);
- მაღალი მინერალიზაციის (10-15გ/ლ);
- მაგარი წყლები (50გ/ლ და მეტი);
აიროვანი შემადგენლობის მიხედვით:
- ნახშირმჟავა;
- გოგირდწყალბადიანი;
- აზოტიანი;
- რადონული;
ტემპერატურის მიხედვით:
- ცივი (20 გრადუსამდე);
- თბილი (20-37 გრადუსი);
- ცხელი (37-42 გრადუსი);
- ძლიერ ცხელი (42 გრადუსზე მეტი)
მინერალური წყლები გამოიყენება როგორც სასმელად, ასევე აბაზანებისთვის.
მინერალური წყლების გარეგანი გამოყენება
მინერალური წყლის აბაზანებით მკურნალობა ტარდება კურორტის პირობებში, სადაც არის გაზიანი, მარილის შემცველი, იოდ-ბრომიანი ან დაბალი მინერალიზაციის თბილი და ცხელი წყლები, რომლებიც ყოველთვის შეიცავს მცირე რაოდენობით ამა თუ იმ აირს ან სხვა აქტიურად მოქმედ ნივთიერებას.
გაზიანი წყლების ყველაზე გავრცელებული ჯგუფია ნახშირმჟავა წყალი. ნახშირმჟავა აბაზანების გავლენით შეიმჩნევა მკვეთრი ძვრები სისხლის მიმოქცევის მხრივ. ეს აბაზანები აძლიერებენ აგრეთვე კუნთებისა და ნერვული სისტემის ტონუსს, აცხოველებენ ნივთიერებათა ცვლას. ყოველივე ამის გამო ნახშირმჟავა აბაზანები უმთავრესად სისხლის მიმოქცევის ორგანოების, ნივთიერებათა ცვლისა და ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის სამკურნალოდ გამოიყენება. რაც უფრო მეტია წყალში ნახშირმჟავას შემცველობა, მით უფრო ძლიერია მისი მოქმედება.
დაბალი ტემპერატურის წყალი მეტი რაოდენობით შეიცავს ნახშირმჟავას, წყლის ტემპერატურის ზრდასთან ერთად კი მცირდება მასში გაზის ოდენობაც. ორგანიზმის შეჩვევის მიზნით ნახშირმჟავა აბაზანებით მკურნალობა იწყება შედარებით მაღალი და მთავრდება უფრო დაბალი ტემპერატურის წყლით (34-28 გრადუსი), აბაზანების ხანგრძლივობა საშუალოდ 8-10 წუთია. მკურნალობის სრული კურსი 12-16 აბაზანას მოიცავს.
ნახშირმჟავა წყლების ჯგუფს მიეკუთვნება ბორჯომი, ყაზბეგის, კობისა და თრუსოს ნარზანები, კისლოვოდსკის ნარზანი, სომხეთში - არზნი, საფრანგეთში - მონტ-დორი და სხვა.
გოგირდწყალბადიან წყლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედების მხრივ ბევრი საერთო აქვთ ნახშირმჟავა აბაზანებთან და ამავე დროს განსხვავებული თვისებებიც ახასიათებთ. გოგირდწყალბადიანი აბაზანა გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, აუმჯობესებს ძვალ-სახსართა სისტემის მდგომარეობას, უხდება კანს და ზოგიერთ ენდოკრინულ დაავადებას. ყოველივე ამის გამო გოგირდწყალბადიანი წყლებით მკურნალობის ჩვენება უფრო ფართოა. გარდა სისხლის მიმოქცევის ორგანოთა დაავადებებისა, მათი მეშვეობით წარმატებით მკურნალობენ სახსრების, ხერხემლისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს, კანის სხვადასხვა სნეულებას, ქალურ დაავადებებს და სხვა.
სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა კონცენტრაციის გოგირდწყალბადიანი წყალი. რაც უფრო მაღალია გოგირდწყალბადის შემცველობა, მით უფრო გამაღიზიანებელია მისი მოქმედება, ამიტომ გოგირდწყალბადის კონცენტრაცია და აბაზანის ტემპერატურა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს მითითებული. აბაზანების ტემპერატურა მკურნალობის დასაწყისში შედარებით დაბალია და მერე და მერე იმატებს (35-38 გრადუსი). პროცედურის ხანგრძლივობა 8-15 წუთია. მკურნალობის კურსი 12-15 აბაზანით განისაზღვრება.
გოგირდწყალბადიან წყლებს მიეკუთვნება თბილისის თბილი გოგირდოვანი წყალი, მენჯი, გორიჯვარი, რუსეთში - მაცესტა, დაღესტანში - თალგა, ლატვიაში - კემერი, უცხოეთში - აახენი (გერმანია), ბადენი (ავსტრია).
რადონულ წყლებს საუცხოო სამკურნალო თვისებები აქვთ. მათი მოქმედება ორგანიზმზე ნაზი და დამზოგველია, ამიტომ ზოგიერთ კურორტზე (წყალტუბო) დღეში ორი აბაზანის მიღებაც კია შესაძლებელი. რადონული წყლები საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ თვისებებს, აყუჩებს ტკივილს და აქრობს ანთებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. რადონული წყლის აბაზანები შესანიშნავ შედეგს იძლევა რევმატიზმის ნარჩენი მოვლენების მკურნალობისას, დადებითად მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების რიგ დაავადებაზე. ამ აბაზანების გავლენით უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა.
კურორტებზე, სადაც რადონული წყლებია, იშვიათი ეფექტით ტარდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებების, კანის სნეულებისა და სხვათა მკურნალობა. აბაზანების ხანგრძლივობა აქ 15-30 წუთამდე აჰყავთ. კურსზე შესაძლებელია 20-28 აბაზანის მიღება.
ამ ჯგუფს მიეკუთვნება წყალტუბოს, ტყვარჩელის, პიატიგორსკის, ბელოკურიხის, ხმელნიკის მინერალური წყლები.
თერმული წყლები, რომელთა სითბური მოქმედება კარგ შედეგს იძლევა სახსრების, ხერხემლის, კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს, გამოიყენება კურორტ აბასთუმანში, ცაიშში და სხვა.
იოდ-ბრომიანი წყლები კი, რომლებიც განსაკუთრებით კარგ ეფექტს იძლევა ხანდაზმულ ავადმყოფთა მკურნალობისას, კურორტ უჯარმაში და ჩრდილო-კავკასიაში (ნალჩიკი) მოიპოვება.
გაზიანი მინერალური წყლები გამოიყენება როგორც ზოგადი, ასევე ნაწილობრივი აბაზანების სახითაც (ქვედა კიდურებისთვის, ზედა კიდურებისთვის და სხვა). ასეთ აბაზანებს უნიშნავენ დასუსტებულ ავადმყოფებს, აგრეთვე მათ, ვისაც აბაზანების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს. ტარდება კომბინირებული აბაზანებიც. ასეთია წყალქვეშა ვარჯიში, ნაწლავის ან საშოს წყალქვეშა გამორეცხვა, წყალქვეშა მასაჟი, წყალქვეშა დაჭიმვა.
სათანადო ჩვენებით გამოყენების შემთხვევაში ამგვარი პროცედურები კარგ შედეგს იძლევა. მაგალითად, წყალქვეშა ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა გულისა და სახსრების დაავადებების სამკურნალოდ. ნაწლავის წყალქვეშა გამორეცხვას უტარებენ ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ კუჭ-ნაწლავის თანმხლები დაავადებები. წყალქვეშა მასაჟი ეფექტურია სიმსუქნისა და სახსრების დაავადებების დროს. წყალქვეშა დაჭიმვა ხერხემლის დაავადებებს უხდება.
მინერალური წყლებით ტარდება პირის ღრუს გამორეცხვა და ინჰალაცია ღრძილებისა და ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს.
მინერალური წყლის ჭარბი ოდენობით ან არასწორი მეთოდით მიღებამ (ზედმეტად მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, პროცედურების ხანგრძლივობა და სხვა) შესაძლოა გამოიწვიოს გადაღლა, დასუსტება, ავადმყოფობის გამწვავება.
აბაზანების დანიშვნა, მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა ექიმის კომპეტენციაა. ბალნეოთერაპიის პროცესში შეიძლება განვითარდეს ე. წ. ბალნეორეაქცია. ამ დროს ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, ძილიანობას ან, პირიქით, გადამეტებულ აღგზნებადობასა და უძილობას, ტკივილს სხეულის დაავადებულ მიდამოში. ასეთი რეაქცია, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა, ადამიანს საშიშროებას არ უქადის და მკურნალობის შეწყვეტას არ მოითხოვს.
მინერალური წყლებით მკურნალობის უკუჩვენებაა: ყველა დაავადება მწვავე და ქვემწვავე პერიოდში, ინფექციური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ეპილეფსია, მიდრეკილება ნებისმიერი სახის სისხლდენისადმი. ბალნეოთერაპია ასევე არ არის მიზანშეწონილი კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, ორსულობის დროს, ავადმყოფის მომატებული მგრძნობელობისას მკურნალობის ამ საშუალებათა მიმართ.
სასმელი მინერალური წყლების სამკურნალოდ გამოყენება
სასმელი მინერალური წყლებით კურორტებზე მკურნალობენ, მაგრამ შესაძლებელია მათი გამოყენება კურორტის გარეშეც - საავადმყოფოს, პოლიკლინიკის, კურორტის, რომელსაც არ აქვს სასმელი წყალი, თუ ოჯახის პირობებში. სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობენ მრავალ დაავადებას, მათ შორის - კუჭის ქრონიკულ კატარს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებს, პანკრეასის ქრონიკულ ანთებას, ქრონიკულ კოლიტს, ნაწლავის ფუნქციურ მოშლილობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეულ დაავადებებს (პოდაგრა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი), ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს, საშარდე გზებისა და თირკმლის ზოგიერთ დაავადებას და სხვა.
მინერალური წყლების შინაგანი მიღების სამკურნალო ეფექტი უპირველეს ყოვლისა მინერალური წყლის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული. სასმელად იყენებენ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის მინერალურ წყლებს, რომელთა შორის გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს:
- ბორჯომის ტიპის ანუ ტუტე წყლები შედეგიანია თითქმის ყველა ზემოაღნიშნული დაავადების დროს, განსაკუთრებით - თუ იმავდროულად აღინიშნება კუჭის წვენის მაღალი ან ნორმალური მჟავიანობა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბორჯომი, ნაბეღლავი, ავადხარა, უცხოეთში - ვიშის (საფრანგეთი) მინერალური წყლები.
- ქლორ-ნატრიუმიანი წყლები. მათ მიეკუთვნება ესენტუკის #17 და #14 წყაროები, ძაუ-სუარი, ზვარე, ემსი და ობელზელტერსი (გერმანიაში). ამ წყლებით უმთავრესად მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებს, კუჭის წვენის დაბალ მჟავიანობას.
- საირმის ტიპის წყლები დაბალი მინერალიზაციის ჰიდროკარბონატული კალციუმის შემცველი წყლებია. ასეთებია: საირმე, ბაგიათი, ნაფტუსია (ტრუსკოვეცში). ეს წყლები საუკეთესოა თირკმლის და საშარდე გზების, თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, თუმცა არანაკლებ ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროსაც.
- მწარე ანუ სულფიდურ წყლებს საფაღარათო მოქმედება ახასიათებს. ამ წყლებს უმთავრესად ქრონიკული ყაბზობის დროს იყენებენ, უფრო - სიმსუქნესთან თანდართული მოვლენების შემთხვევაში. ასეთებია: ახალციხის, ბატალინის წყლები, მსგავსი წყლები ბევრია უნგრეთში (აპენტა, ვიქტორია და სხვა).
- ჰიდროკარბონატულ-სულფატური წყლები. მისი წარმომადგენლებია სკური, ისტისუ (აზერბაიჯანში), ჯერმუკი (სომხეთში), ჟელეზნოვოდსკის #4-ის ტიპის წყარო, კარლსბადი, მარიენბადი (ჩეხეთსა და სლოვაკეთში). განსაკუთრებით შედეგიანია ამ ჯგუფის წყლებით ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული დაავადებების (შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე), ღვიძლის და სანაღვლე გზების ისეთ დაავადებათა მკურნალობა, რომლებსაც თან ახლავს კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა.
სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობის ეფექტიანობა დამოკიდებულია მათი გამოყენების სწორ მეთოდზეც. არ შეიძლება მათი მიღება სტანდარტული წესით. წყალი ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, ამიტომ სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს.
მინერალური წყლების შინაგანი მიღების ზოგადი წესები
ცნობილია, რომ ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე მიღებული მინერალური წყალი კუჭიდან სწრაფად გადადის ნაწლავებში და შემაკავებლად მოქმედებს კუჭის წვენის გამოყოფაზე. მაგრამ როცა წყალი მიიღება ჭამამდე 10-15 წუთით ადრე ან ჭამის დროს, ის უფრო ხანგრძლივად რჩება კუჭში, აღიზიანებს კუჭის ჯირკვლოვან აპარატს და იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას. სწორედ ამიტომ მინერალური წყლის დანიშვნის დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული კუჭის სეკრეციული ფუნქციის მდგომარეობა, კუჭის წვენის მჟავიანობა.
კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში მინერალური წყალი უნდა მივიღოთ ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე, 35-40 გრადუსამდე შემთბარი. ასეთი წყალი უფრო სწრაფად გადადის ნაწლავებში, ნაკლებად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ამცირებს კუჭის წვენის გამოყოფას.
კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს ავადმყოფს მინერალური წყალი უნდა მიეცეს ჭამამდე 10-15 წუთით ადრე ან საჭმელთან ერთად. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის, გაზიანი. უნდა ვსვათ ნელა, მცირე ყლუპებით.
თუ კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმის ფარგლებშია, მინერალური წყალი ინიშნება ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შემთბარი ან ოთახის ტემპერატურისა.
თუ ავადმყოფი მიდრეკილია ფაღარათიანობისკენ ან აქვს პერიოდული ტკივილი კუჭის არეში სპაზმების გამო, წყალი 40-50 გრადუსამდე შემთბარი უნდა მიეცეს, ხოლო ყაბზობის შემთხვევაში უმჯობესია გრილი წყლის მიღება.
მინერალური წყალი, წესისამებრ, ავადმყოფს ეძლევა დღეში 3-ჯერ: პირველი საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ. მკურნალობის კურსს იწყებენ უფრო მცირე (100-150 მლ) ოდენობის წყლის მიღებით, შემდეგ ოდენობას თანდათანობით ზრდიან 1-1,5 ჭიქამდე (200-300 მლ) ყოველ ჯერზე. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადების დროს წყალი შეიძლება მიეცეს უფრო დიდი ოდენობითაც (2-2,5 ჭიქა). ამ ოდენობის წყალს სვამენ 2 ჯერზე 30-40 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, წყალი 37-38 გრადუსამდე იყოს შემთბარი.
საშარდე გზების დაავადებების დროს მინერალური წყლები შეიძლება მიღებულ იქნეს დღეში 5-6-ჯერ 2,5-3-საათიანი ინტერვალით (150-200 მლ-მდე თითო მიღების დროს). ასეთი მეთოდით მინერალური წყლის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფს არ აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა ორგანოების რომელიმე დაავადება ან წყლისა და მარილოვანი ცვლის მოშლის ნიშნები.
მწარე - სულფატურ-ნატრიუმიან და მაგნეზიურ - წყლებს საფაღარათოდ სვამენ 1-1,5 ჭიქას უზმოზე ან ძილის წინ. ამასთანავე, წყლების მოქმედება უმტკივნეულო რომ იყოს, უმჯობესია მათი მიღება გამთბარი სახით. გამთბარ მინერალურ წყლებს იყენებენ კუჭის გამოსარეცხად კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების ან მოწამვლის დროს.
კუჭის მინერალური წყლით გამორეცხვის ტექნიკა ჩვეულებრივი გამორეცხვისგან არ განსხვავდება. მინერალური წყლით შესაძლებელია თორმეტგოჯა ნაწლავის გამორეცხვა, რაც აცხრობს ანთებით მოვლენებს, აუმჯობესებს მდგომარეობას დუოდენიტების, ქოლეცისტოპათიების დროს, აძლიერებს ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გამოდენას.
იყენებენ აგრეთვე მინერალური წყლების სიფონის ოყნებს ბორჯომის, ესენტუკის ტიპის წყლებით. არსებობს მინერალური წყლის ოყნის სხვა მეთოდიც, რომელსაც "ნაწლავების აბაზანას" უწოდებენ. ამ მეთოდის თავისებურებაა: არაგამაღიზიანებელი ტემპერატურა (37-40 გრადუსი), მცირე წნევა (ოყნის ტოლჩა უნდა იყოს არა უმეტეს 50 სმ სიმაღლეზე), წყლის რაოდენობა თანდათან უნდა იმატებდეს (500-დან 1500 მლ-მდე), გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს წყლის ქიმიური შემადგენლობა და მინერალიზაციის ხარისხი. ასეთი ოყნებისთვის შესაფერისია საირმის, ბორჯომის ტიპის წყლები.
მინერალურ წყალს იყენებენ საინჰალაციოდაც. გამთბარი მინერალური წყლის გასაფრქვევად ბინის პირობებში იყენებენ უბრალო აპარატებს (ინჰალატორებს). ინჰალაციისთვის გამოსადეგია ესენტუკის, ბორჯომის, საირმის წყლები და სხვა. ამ პროცედურას უნიშნავენ ავადმყოფებს ცხვირის, ცხვირ-ხახის, ხორხის, ბრონქების ქრონიკული კატარის, გაჭიანურებული პნევმონიების, ფილტვების ემფიზემის და სხვათა დროს.
სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობა შეიძლება 3-დან 6 კვირამდე გაგრძელდეს. მკურნალობის ხანგრძლივობას დაავადების ხასიათისა და ავადმყოფის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით ექიმი საზღვრავს. საჭიროების შემთხვევაში კურსი შეიძლება გაიმეორონ 4-6 თვის შემდეგ.
დაბოლოს, სასმელი მინერალური წყლები, განსაკუთრებით - დაბალი მინერალიზაციისა (ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი), შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნითაც, როგორც სუფრის წყალი. მათ აქვთ მადის მომგვრელი თვისება, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და ამავე დროს ძლიერ გამღიზიანებლად არ მოქმედებენ ორგანიზმზე. მიუხედავად ამისა, მათი სისტემატური (ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე) მიღება რეკომენდებული არ არის. ამისთვის ძირითადად ბოთლში ჩამოსხმულ წყალს იყენებენ. ბოთლში ჩამოსხმული მინერალური წყლები უნდა ინახებოდეს გრილ და უსინათლო ადგილას, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.