იცით თუ არა?
როგორი დასვენება გვჭირდება
თუ გსურთ, დასვენება სრულფასოვნად გამოიყენოთ, უნდა გაითვალისწინოთ ორი პოსტულატი:
1. კარგად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რისი მიღება გსურთ ამ დღეებისგან;
2. არჩევანის გაკეთებისას იხელმძღვანელეთ იმით, რომ არსებობს გასართობი, გამაჯანსაღებელი, საექსკურსიო-შემეცნებითი, სანაპირო და მთის კურორტები.
შვებულება ციფრებში
დამსვენებელთა 75% წინასწარ გეგმავს, სად გაატაროს შვებულება. ამდენივე გეგმავს დასვენებას დამოუკიდებლად, ტურსააგენტოების დაუხმარებლად, 25% კი ამას სპონტანურად წყვეტს. რამდენადაც კომპანიებში თანამშრომელთა შვებულების გრაფიკი წინასწარ დგება, 51%-მა წლის დასაწყისშივე იცის დასვენების დაწყების თარიღი. მათი 34% ამ თარიღის დადგენისთანავე იწყებს ფიქრს, სად, ვისთან და როგორ გაატაროს ეს დღეები და მხოლოდ 17% ფიქრობს ამაზე შვებულების დაწყების წინ. გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ იმატა ისეთი ადამიანების რიცხვმა, ვინც შვებულებას წინასწარ გეგმავს. 2008 წელს ამას მხოლოდ 21% აკეთებდა, 30% სპონტანურად იღებდა გადაწყვეტილებას, დანარჩენი კი შვებულებას შინ ატარებდა. მათი დიდი ნაწილი, ვისაც შვებულება წინასწარ აქვს დაგეგმილი, უპირატესობას ზღვას ანიჭებს. ასეთი 51%-ია. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს შემეცნებითი ტიპის დასვენება, ექსკურსიები, მოგზაურობანი ისტორიულ ადგილებში - 32%. შვებულების გემრიელად გასატარებლად აუცილებელ თანხას 65% წინასაწარ ზოგავს, 15% შვებულებაზე მიმდინარე შემოსავლებს ხარჯავს. კრედიტით აღებული თანხებით მხოლოდ 4% ისვენებს და ესენი პოტენციური მოგზაურები არიან. ტურსააგენტოების მზა ტურებით სარგებლობს 21% - ისინი, ვინც დასვენებას წინასწარ გეგმავს.
შვებულება ტვინსაც სჭირდება
დღეს შრომაა მთავარი და ხალხი ამაზე იმდენს ფიქრობს, ბევრს საერთოდ დაავიწყდა დასვენების გემო, არადა, უამისოდ წარმოუდგენელია შრომის ნაყოფიერებისა და ხარისხის ამაღლება, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, კარგად დავისვენოთ. სრულფასოვანი განმუხტვისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი ყოფილა განწყობის შექმნა - უნდა განეწყოთ მოსალოდნელი ზეიმისთვის. დიახ, 24-საათიანი შრომის შემდგომ სწორედ ეს სჭირდება სხეულს, რადგან შვებულება უწინარესად ტვინის განმუხტვას ისახავს მიზნად. უნდა დაივიწყოთ ყოველგვარი საქმე. სხვაგვარად დაკარგულ ენერგიას სრულფასოვნად ვერ აღიდგენთ. დაიხსომეთ: დასვენებამ სიხარული უნდა მოგანიჭოთ! მიეცით თავს სურვილების ასრულების საშუალება, შვებულებისას მხოლოდ ის აკეთეთ, რაც სიამოვნებას გგვრით. დასაბუთებულია, რომ ყოველდღიურად ერთისა და იმავეს კეთებისას განსაკუთრებით იტვირთება ტვინის ზოგიერთი უბანი, დანარჩენები კი უსაქმოდ არიან, ამიტომ აუცილებელია, შვებულებისას სწორედ დასვენებული უბნები დატვირთოთ, ზედმეტად გადაღლილებს კი სულის მოთქმის საშუალება მისცეთ, რათა მომავალში უფრო მეტად გიერთგულონ.
გააკეთეთ არჩევანი
გადაღლილი ორგანიზმი აუცილებლად მოგიწყობთ რაიმე სიურპრიზს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო რომელიმე სამედიცინო პროფილის კლინიკაში მოგიწევთ “დასვენება”, ასე რომ, თავად განსაჯეთ, რომელი ჯობია.
დასვენება ათასნაირად შეიძლება
არსებობს დასვენების პასიური და აქტიური ფორმები. თუ მჯდომარე ტიპის პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით, ზედმიწევნით მოძრავი დასვენება გჭირდებათ; თუ თქვენი შრომა, პირიქით, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ზღვას, სანაპიროზე წოლას, შPA-პროცედურებს... მთავარია, დასვენება არ იყოს მონოტონური. ფიზიკური შრომით დაკავებულთათვის კარგი იქნება, თუ შვებულებას მასაჟით დაიწყებენ, რომელიც დაჭიმული და დაღლილი კუნთებისა და სახსრების მოდუნებას ისახავს მიზნად. ოფისის ტყვეობიდან თავდახსნილებს მოეწონებათ სპორტის ექსტრემალური სახეობები, ალპინიზმი, პარაშუტით ხტომა და სხვა.
ყური უგდეთ ტემპერამენტს
შვებულებამ კარზე მოგიკაკუნათ, თქვენ კი ჯერაც ვერ გადაგიწყვეტიათ, სად დაისვენოთ? რაკი ასეა, გირჩევთ, ყური უგდოთ საკუთარ ტემპერამენტს - გვერწმუნეთ, არ შეცდებით. ქოლერიკებისთვის იდეალურია აქტიური დასვენება ექსტრემის ელემენტებით. ფლეგმატიკები მშვენივრად ისვენებენ მშვიდ და წყნარ გარემოში. მელანქოლიკებს დიდ სიამოვნებას ჰგვრით შვებულებაზე შემოქმედებითი შრომა, რომელსაც გარკვეული შედეგი მოაქვს: ხატვა, ქსოვა, ქარგვა, ძერწვა, ჩანახატების წერა და სხვა. სანგვინიკებს მოსწონთ მოგზაურობა, უცნობი ადგილების მონახულება, ექსკურსიები.
მთავარია, წადით შორს!
სად დაისვენებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ, მთავარია წახვიდეთ ჩვეული ადგილებიდან რაც შეიძლება შორს, მოსცილდეთ სამსახურს. ბუნების წიაღში გატარებული ერთი დღეც კი დიდი რელაქსაციაა, საგრძნობლად აუმჯობესებს განწყობასა და ჯანმრთელობას.
ვისთან?
მშვენივრად შერჩეულმა ადგილმა შესაძლოა სრულიად დაკარგოს ბრწყინვალება, თუ იქ არასასურველ საზოგადოებაში მოხვდით. დასვენება მარტოობაში უმეტესობას ურჩევნია და სულაც არ მოსწონს ხმაურიანი წრე - ასეთ ვითარებაში ისინი უფრო მეტად იღლებიან. ზოგიერთს კი ასეთი დასვენება მოწყენილობას ჰგვრის. სარგებლობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... გონივრულად შეარჩიეთ შვებულების თანამგზავრი, ერთად ცხოვრება კარგ მეგობრებსაც კი ხშირად დიდ სიურპრიზებს სთავაზობს. მთავარია, განეწყოთ სიამოვნებისთვის და ხელის შემშლელი მიზეზი არ არსებობდეს!