გიყვართ თუ არა საკინძე?
საკინძე იდეალურად მორგებული კოსტიუმის მთავარი აქსესუარია. ყვითელი ლითონის მოდელები შესანიშნავად ეხამება ლურჯ და ყავისფერ კოსტიუმებს, თეთრი ლითონისა კი რუხსა და შავს.
-
როგორ შევარჩიოთ საკინძე
საკინძე უნდა ეხამებოდეს მამაკაცის სხვა აქსესუარებს: საათს, ბეჭედს, სხვა საიუველირო ნაკეთობას. მაგალითად, სპორტული ტიპის საათი ძვირფასი ქვებით გაწყობილ საკინძეს არ შეეფერება. ექსტრავაგანტული სტილის მოყვარულთათვის შეიძლება შევარჩიოთ საკინძეები კლუბის სიმბოლიკით, ფირმის ლოგოტიპით ან მფლობელის ინიციალებით.
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სტილის ძიებაშია, საუკეთესო ვარიანტია ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ოვალური ან სწორკუთხა საკინძე მინანქრის შეუმჩნეველი ჩანართებით ან მათ გარეშე.
კოსტიუმსა და ჰალსტუხთან შეხამებული საკინძე ხაზს უსვამს მამაკაცის დახვეწილ გემოვნებას. საკინძეს თითქმის ყოველთვის იმავე ტონისას არჩევენ, რომლისაც პერანგი ან ჰალსტუხია, თუმცა კონტრასტულ ფერთა თამამი შეხამებაც მისაღებია. არ არის აუცილებელი ყოველი პერანგისთვის საკინძის ცალკე შეძენა. უნივერსალური ვარიანტია ყვითელი ოქროს კლასიკური, ოვალური საკინძე. თუ მისი შეძენის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხარისხიანი ბიჟუტერია.
საკინძეების მწარმოებელი ფირმები ლითონისა და მინანქრის პატარა ნაჭრებისგან შექმნილ ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს გვთავაზობენ - კლასიკურად მკაცრსა და მკვეთრად ინდივიდუალურს, უზადოდ ლაკონურსა და უკომპრომისოდ ელეგანტურს. ამ აქსესუართან დაკავშირებით მთელი სიცოცხლე შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება საჭირო აქცენტების დასმით: სტატუსური, ირონიული, სადღესასწაულო... ვარიანტი უამრავია. არჩევანი თქვენზეა.
-
საინტერესო ფაქტები
XVII საუკუნის ბოლომდე მამაკაცის პერანგი მაჯებზე სპეციალური თასმებით იკვრებოდა. იმხანად მანჟეტი მოსახსნელი იყო და პერანგისგან დამოუკიდებლად იყიდებოდა. საკინძეები ღილებზე ადრე გაჩნდა. მათ ძვირფასი ლითონისგან ამზადებდნენ და მხოლოდ არისტოკრატები ატარებდნენ. მათი ტრადიციული დეკორი იყო ძვირფასი ქვებისგან შესრულებული საგვარეულო გერბი. რომანტიკული დიდგვაროვნები ატარებდნენ საკინძეებს შეყვარებულთა პორტრეტებით ან მინის ქვეშ მოთავსებული მათი კულულებით.
საკინძეების მასობრივი ტარება XIX საუკუნის შუა ხანებში დაიწყეს, როდესაც ამერიკელმა საქმოსანმა ჯორჯ კრემენცმა მათი დეტალების დასამზადებელი მოწყობილობა დახვეწა. პოპულარობის პიკი კი ამ აქსესუარს XX საუკუნის დასაწყისში დაუდგა. სახელობითი საკინძეებით აჯილდოებდნენ, მათზე ათავსებდნენ ფირმის რეკლამას და კლიენტებს ჩუქნიდნენ... ძალიან პოპულარული იყო “ფაბერჟეს” ხელოსნების მიერ დამზადებული საკინძეები. II მსოფლიო ომის დროს ფუფუნების საგნებისთვის აღარავის ეცალა და საკინძეებმა ადგილი ღილებს დაუთმეს.
დახვეწილი აქსესუარის სტატუსი და პოპულარობა საკინძემ მხოლოდ XX საუკუნის დასასრულს დაიბრუნა. მისი ყველაზე განთქმული მარკებია Lindenmann, Robert Tateossian, Dupont