ორგანოებისა და მათი სისტემების პროფესიული გადაღლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოებისა და მათი სისტემების პროფესიული გადაღლა

მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლის დროს შეინიშნება აღგზნებითი ან, პირიქით, შემაკავებელი პროცესების გადაძაბვა, თავის ტვინის ქერქში მათი თანაფარდობის დარღვევა. ამის გამო ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლის პათოგენეზი ნევროზების პათოგენეზის ანალოგიურად განიხილება. პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს ენდოკრინული სისტემაც, კერძოდ, ჰიპოფიზი და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრე.

ძლიერი გამღიზიანებლის (სტრესორის) მოქმედებისას ორგანიზმში, ჩვეულებრივ, ვითარდება ადაპტაციური სინდრომი - სტრესი, რომლის დროსაც ძლიერდება ჰიპოფიზის წინა წილისა და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია. ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე ეს ცვლილებები განსაზღვრავს სწორედ ორგანიზმში მიმდინარე ადაპტაციურ რეაქციებს როგორც ინტენსიური ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მოქმედების საპასუხოდ. თუმცა ქრონიკული გადაძაბვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის განლევას (გამოფიტვას) იწვევს, რის გამოც ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმები ირღვევა. ცენტრალური ნერვული სისტემის პროფესიული გადაღლა მოსალოდნელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანებში, სქესისა და ასაკის განურჩევლად. ის დამოკიდებულია მუდმივად მოქმედ ნეგატიურ ფაქტორებზე, რომლებიც, მკითხველისათვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, განუწყვეტლივ ნერვებს უშლის და აღიზიანებს ადამიანს.

ხერხემლის გადაღლა

ზურგისა და კისრის ტკივილი, ხერხემლის გადაძაბვა ოფისში მომუშავეთა 30 %-ს აწუხებს. გადაძაბვა შესაძლოა განიცადოს როგორც კისრისა და ზურგის, ასევე მხრის, კიდურებისა და ტერფების კუნთებმა. ამის მთავარი მიზეზი ერთ პოზაში დიდხანს დაძაბული ჯდომაა. ბრალი მიუძღვის აგრეთვე ორგანიზმის ფიზიკური მზაობის შეუსაბამო დატვირთვას, სიმძიმეების აწევას და ყველა იმ განმეორებად თუ უწყვეტად მოქმედ ფაქტორს, რომელიც საბოლოო ჯამში ხერხემლის გადაღლას განაპირობებს.

გადაღლილობის გამო, როგორც წესი, ხერხემლის გასწვრივ, ბეჭთაშუა არეში, მწველი ტკივილი ვითარდება. თუ ტკივილი უმნიშვნელო და ხანმოკლეა, მას რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. არადა ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე ძვრებისა და პროცესების თავისებური განგაშის ზარია.

ზურგის ტკივილს ხშირად გაციებას აბრალებენ, მასთან ერთად გამოხატულ თავის ტკივილს - დაღლილობას და აზრადაც არ მოსდით, რომ ეს სიმპტომები ოსტეოქონდროზზე - მეტად მძიმე დაავადებაზე - მიანიშნებს. პაციენტები (უმეტესად ქალები) გაოცებულნი რჩებიან, როცა საფუძვლიანი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მათი მუდმივი თავის ტკივილის მიზეზი ხერხემლის კისრის არეში მდებარეობს. მალათა უმნიშვნელო ცდომაც კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს: ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ნერვულ ბოჭკოებზე მუდმივი ზეწოლა მათ მომატებულ აღგზნებადობას განაპირობებს, ამის შედეგად კი ვითარდება თავის ქრონიკული ტკივილი. ეს მარტივი მაგალითი საკმარისია იმის გასაგებად, როგორ აისახება ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე. ისიც გახსოვდეთ, რომ მალებთან დაკავშირებული პათოლოგიური ძვრები მაინცდამაინც ხერხემლის გასწვრივ ან მის არეში ლოკალიზებული ტკივილით არ გამოიხატება. მაგალითად, გულმკერდის ნაწილის მალათა ცდომა და შესაბამის ნერვულ ბოჭკოებზე ზეწოლა ხშირად გულის არეში ლოკალიზებული ტკივილებით გამოიხატება, გავის ნაწილში ანალოგიურ ძვრებს ქვედა კიდურებში გავრცელებადი ტკივილები მოწმობს. გამოდის, ორგანიზმში არ არის ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომლის ფუნქციაზეც ხერხემლის მდგომარეობა თავისებურ გავლენას არ ახდენდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ხერხემლის მოვლა და გაფრთხილება.

და მაინც, რატომ გახსენებთ ხერხემალი ასე მწარედ თავს? იმიტომ, რომ:

  • არასწორად იზმორებით, ასრულებთ უხეშ, არასწორ მოძრაობებს;
  • ძლიერ და არასწორად იხრებით, დიდხანს გაუნძრევლად ზიხართ;
  • ეწევით სიმძიმეებს;
  • დროის დიდ ნაწილს ფეხზე მდგომი ატარებთ (განსაკუთრებით - თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს იცვამთ).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადაღლა

გულ-სისხლძარღვთა სისტემა შესაძლოა გადაიღალოს არა მხოლოდ ფუნქციური გადაძაბვის შედეგად (მაგალითად, დიდი სპორტული დატვირთვების ინტესიური, არაეტაპობრივი გამოყენებისას), არამედ ფსიქოლოგიური დატვირთვის პასუხადაც არაადეკვატურად ძლიერი რეაქციის გამო. ასეთ დროს გულის მუშაობის რიტმი ირღვევა, აღდგენითი პერიოდი მცირდება, არტერიული წნევის მაჩვენებლები მერყეობს, სისხლძარღვთა ტონუსი იცვლება, განსაკუთრებით ირღვევა ვენების ტონუსის რეგულაცია, რაც ვლინდება მარმარილოსებრი კანით, ანუ ვენური ქსელის სურათი ფერმკრთალ კანზე ძლიერდება.

თვალების გადაღლა

თვალების ტკივილისა და წვის შეგრძნება, ცრემლდენა, ქუთუთოებისა და თვალის კაკლების გაწითლება, შუბლის არეში ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება, თვალების სწრაფად დაღლა - ყოველივე ეს ასთენოპიის ძირითადი სიმპტომებია. ასთენოპია მათი ხვედრია, ვისაც კომპიუტერთან ან დოკუმენტებთან ხანგრძლივი მუშაობა უწევს ან გამუდმებით კითხულობს, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ხელშემწყობ ფაქტორებს, როგორიცაა მხედველობის დარღვევები - შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი ან მხედველობის ასაკობრივი ცვლილებები, რომელთა გამოც თვალი კარგავს ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირების უნარს. როგორც წესი, ასეთი ცვლილებები 40 წლის შემდეგ იჩენს თავს.

ასთენოპია, ფაქტობრივად, მხედველობითი სამუშაოს შესრულებისას თვალების სწრაფად დააღლაა, განსაკუთრებით - ისეთი სამუშაოს შესრულებისას, როდესაც ობიექტი თვალებიდან მცირე მანძილით არის დაშორებული. ასთენოპია დაავადება არ არის, ის მოსაზღვრე მდგომარეობაა, მაგრამ თუ დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, შესძალოა სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს. ასთენოპია ვლინდება “თვალისა” და “მხედველობის” სიმპტომებით:

  • ბისტი (ერთგვარი ნისლი) თვალების წინ;
  • გამოსახულების გაორება ან გაფანტულობა;
  • დანახული ობიექტების ფორმისა და სიდიდის გაუკუღმართება;
  • თვალების ანთება;
  • ცრემლდენა;
  • თვალების გადაღლილობის შეგრძნება და მათი ტემპერატურის მომატება;
  • თვალებში ტკივილის, წვის, ჭრის ან სხვა სახის დისკომფორტის შეგრძნება.

ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად ხშირია თავის ტკივილი და გაღიზიანებადობა. ხშირად ეს ყველაფერი კონიუნქტივიტითა და ბლეფარიტით (ქუთუთოების ანთება) რთულდება. ასთენოპიის პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხედველობის პათოლოგიათა დროულ კორექციას, ზოგადგამაჯანსაღებელ თერაპიას, რაც მთავარია, მხედველობის ჰიგიენის ნორმების დაცვასა და თვალების დატვირთვისა და დასვენების სწორ მონაცვლეობას.