რა უნდა გაითვალისწინოთ ანალიზის ჩაბარებისას

სისხლის გამოკვლევა ზოგადი წესები
გამოკვლევათა უმრავლესობისთვის სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია უზმოზე დილის რვიდან თერთმეტ საათამდე. უკანასკნელი კვებიდან სისხლის აღებამდე არანაკლებ 8 საათი უნდა იყოს გასული. წყლის მიღება ჩვეულებრივ რეჟიმში შეიძლება. თუ ადამიანი მეორე დილით სისხლის ჩაბარებას აპირებს, წინა საღამოს მსუბუქად უნდა ივახშმოს, თავი უნდა არიდოს ცხიმიან საკვებს. ამა თუ იმ ინფექციაზე ტესტებისა და ექსტრემალური გამოკვლევისთვის სისხლის ჩაბარება საკვების მიღებიდან 4-6 საათის შემდეგაც ნებადართულია. არსებობს ტესტები, რომლებისთვისაც ადამიანი საგანგებოდ უნდა მოემზადოს. მაგალითად, ლიპიდების გამოსაკვლევად სისხლი მხოლოდ უზმოზე, 12-14-საათიანი შიმშილობის შემდეგ უნდა ჩაბარდეს. გლუკოზატოლერანტული ტესტი ასევე მხოლოდ უზმოზე, 12-16-საათიანი შიმშილობის შემდეგ ტარდება. საერთოდ, სისხლის გამოკვლევამდე 24 საათის განმავლობაში იკრძალება ალკოჰოლის მიღება, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, სამკურნალო პრეპარატების მიღება (აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით და მისი კონსულტაციის შემდეგ). სისხლის ჩაბარებამდე 1-2 საათით ადრე გამოსაკვლევმა პირმა თავი უნდა არიდოს თამბაქოს მოწევას, არ დალიოს წვენი, ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები. უნდა გამოირიცხოს აგრეთვე ფიზიკური გადატვირთვა (სირბილი, კიბეზე ასვლა), ემოციური გადაძაბვა. სისხლის ჩაბარებამდე 15 წუთის განმავლობაში სასურველია ადამიანმა დაისვენოს და დამშვიდდეს. ლაბორატორიული გამოკვლევისათვის სისხლის ჩაბარება არ არის რეკომენდებული უშუალოდ ფიზიოთერაპიული პროცედურის, რენტგენოლოგიური და სხვა ინსტრუმენტული გამოკვლევის, მასაჟისა და რომელიმე სხვა სამედიცინო პროცედურის შემდეგ. ამა თუ იმ ლაბორატორიული მაჩვენებლის დინამიკის გასაკონტროლებლად სასურველია გამოკვლევა ერთსა და იმავე ლაბორატორიაში, ერთსა და იმავე პირობებში, დღის ერთსა და იმავე პერიოდში ჩატარდეს. საერთოდ, სისხლის გამოკვლევას მიმართავენ ამა თუ იმ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე, ანდა სამკურნალო პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 10-14 დღის შემდეგ. ჩამოთვლილი წესები სისხლის ყველა ანალიზს ეხება, თუმცა არსებობს კვლევები, რომელთათვისაც სპეციალური მომზადება და დამატებითი წესების დაცვაა საჭირო. თუ აღნიშნული რეკომენდაციები არ გავითვალისწინეთ, გამოკვლევის ჭეშმარიტი შედეგების მიღება სათუო გახდება.
ბიოქიმიური ანალიზი
- შარდოვანას გამოკვლევამდე 1-2 დღის განმავლობაში აუცილებელია დიეტის დაცვა, კერძოდ, პურინებით მდიდარი საკვების (მაგალითად, ღვიძლის) აკრძალვა, ხორცის, თევზის, ყავისა და ჩაის მაქსიმალურად შეზღუდვა. უკუნაჩვენებია ინტენსიური ფიზიკური დატვირთვაც.
- ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების განსაზღვრისთვის დანიშნულ გამოკვლევამდე ორი კვირით ადრე აუცილებელია სისხლში ლიპიდების დამაქვეითებელი პრეპარატების მიღების შეწყვეტა, თუ, რა თქმა უნდა, კვლევის მიზანი ამ პრეპარატებით ჩატარებული თერაპიის ჰიპოლიპიდემიური ეფექტის განსაზღვრა არ არის.
- გლუკოზის გამოსაკვლევად სისხლის ჩაბარების დროს, ზოგად მოთხოვნებთან ერთად, გამოსაკვლევმა პირმა შემდეგი წესებიც უნდა დაიცვას - არ გაიხეხოს კბილები, არ დაღეჭოს კევი, არ დალიოს ჩაი და ყავა, თუნდაც უშაქრო. გლუკოზის მაჩვენებლებს პატარა ფინჯანი ყავაც კი ცვლის. ანალიზის შედეგებზე გავლენას ახდენს აგრეთვე კონტრაცეპტივები, შარდმდენი საშუალებები და სხვა მედიკამენტები.
- გლუკოზატოლერანტული ტესტი ტარდება მხოლოდ წინასწარ უზმოზე დატვირთვის გარეშე გლუკოზის მაჩვენებლების განსაზღვრის შემდეგ. გლუკოზის შემცველობის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში უზმოზე გლუკოზით დატვირთვიდან ორი საათის შემდეგ ხდება. გამოკვლევამდე სამი დღით ადრე გამოსაკვლევმა პირმა ფიზიკური დატვირთვისა და კვების ჩვეულებრივი რეჟიმი უნდა დაიცვას (ნახშირწყლების შემცველობა საკვებ რაციონში დღე-ღამის განმავლობაში 125-150 გრამს უნდა აღემატებოდეს). როგორც უკვე აღვნიშნე, გამოკვლევა ტარდება დილით, უზმოზე, ღამის 12-16-საათიანი შიმშილობის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში არ შეიძლება მოწევა და ალკოჰოლის მიღება. გამოკვლევისას პაციენტი მშვიადად უნდა იწვეს ან იჯდეს. არ არის რეკომენდებული გამოკვლევის ჩატარება სტრესულ სიტუაციაში და სტრესის შემდგომ პერიოდში, ოპერაციისა და მშობიარობის შემდეგ, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების, ღვიძლის ალკოჰოლური ციროზისა და, საზოგადოდ, ნებისმიერი წარმოშობის ჰეპატიტის დროს, აგრეთვე - მენსტრუაციის პერიოდში და საჭმლის მომნელებელი სისტემის იმ პათოლოგიების არსებობისას, რომელთა დროსაც დარღვეულია გლუკოზის შეწოვა. ტესტის ჩატარებამდე უნდა შეწყდეს სამკურნალო პროცედურებისა და მედიკამენტების, კერძოდ, ადრენალინის, გლუკოკორტიკოიდების, კონტრაცეპტივების, კოფეინის, თიაზიდის ჯგუფის შარდმდენების, ანტიდეპრესანტების და ფსოქოტროპული საშუალებების მიღება, ოღონდ აუცილებლად მკურნალ ექიმთან კონსულტაციისა და მასთან შეთანხმების შემდეგ. 14 წლამდე ასაკის ბავშვებს გლუკოზატოლერანტულ ტესტს არ უტარებენ. ორსულებისთვის ამ ტესტის ჩატარება რეკომენდებულია ორსულობის 24-28-ე კვირას. ამ წესის დაცვა გესტაციური დიაბეტის 98%-იანი სიზუსტით გამოვლენის საშუალებას იძლევა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჰორმონების გამოკვლევა
ჰორმონული გამოკვლევისთვის სისხლი, ჩვეულებრივ, უზმოზე, დილის საათებში ბარდება. თუ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, ზოგიერთი ჰორმონი დღისა და ღამის საათებშიც შეიძლება განისაზღვროს საკვების მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოკვლევა მხოლოდ დილის საათებში მოითხოვს სისხლის ჩაბარებას). სისხლის ჩაბარებამდე 1-2 დღით ადრე რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი პროდუქტები. ანალიზის ჩაბარებამდე ბოლო კვება მსუბუქი უნდა იყოს. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე საჭიროა ემოციური და ფიზიკური კომფორტის უზრუნველყოფა.
- ფარისებრი ჯირკვლის (თირეოიდული) ჰორმონების დონის პირველადი განსაზღვრისას გამოკვლევამდე 2-4 კვირით ადრე უნდა შეწყდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მოქმედი პრეპარატების მიღება (აუცილებლად მკურნალ ექიმთან შეთანხმებით). მკურნალობის პროცესის კონტროლის შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება მხოლოდ გამოკვლევის დღეს (აუცილებლად ბლანკში მითითებით; უნდა მიეთითოს აგრეთვე სხვა პრეპარატების - ასპირინის, ტრანკვილიზური საშუალებების, კორტიკოსტეროიდებისა და კონტრაცეპტივების - მიღების შესახებაც).
- სასქესო ჰორმონების გამოკვლევისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში ანალიზის შედეგებზე გავლენას ახდენს მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ფაქტორები. შესაბამისად, სისხლის ჩაბარება უნდა მოხდეს ციკლის განსაზღვრულ დღეებში:
- ესტრადიოლის გამოსაკვლევად - ციკლის მე-5-7 ან 21-23-ე დღეს.
- პროგესტერონისა - ციკლის 21-23-ე დღეს.
- ტესტოსტერონისა - მე-7-9 დღეს.
- პროლაქტინის გამოსაკვლევად სისხლი დილით, მშვიდ მდგომარეობაში ბარდება.
- გამოკვლევის წინ დაუშვებელია სარძევე ჯირკვლების პალპაცია.
- სხვა ჰორმონების გამოკვლევისას სისხლის ჩაბარებამდე სამი დღით ადრე უნდა გამოირიცხოს ინტენსიური სპორტული დატვირთვა. გამოკვლევა არ უნდა ჩატარდეს მწვავე დაავადების ფონზე. სისხლის აღებამდე ერთი საათის განმავლობაში დაუშვებელია მოწევა. ქალებში გამოკვლევა ტარდება მენსტრუალური ციკლის მე-3-5 დღეს.
- ადრენალინისა და ნორადრენალინის დონის განსაზღვრისათვის გამოკვლევამდე 8 დღით ადრე უნდა შეწყდეს სალიცილატების, ბეტა-ბლოკატორების მიღება. გამოკვლევამდე ერთი დღ-ღამის განმავლობაში უნდა ვერიდოთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ალკოჰოლის, ყავის, ჩაის, B ჯგუფის ვიტამინებისა და ბანანის მიღებას.
- რენინისა და ანგიოტენზინის გამოკვლევამდე უნდა შეწყდეს ესტროგენების (1-2 თვით ადრე), დიურეზული საშუალებების (3 კვირით ადრე), ჰიპოტენზიური პრეპარატების (1 კვირით ადრე) მიღება. პაციენტს სისხლი შეიძლება აუღონ მჯდომარეს ან მდგომარეს.
- ალდოსტერონის გამოკვლევამდე 8 დღით ადრე ექიმთან შეთანხმებით უნდა შეწყდეს ჰიპოტენზიური საშუალებების, ბეტა-ბლოკატორების, კორტიკოსტეროიდების, საფაღარათო და დიურეზული საშუალებების, ანტიდეპრესანტების, ხოლო სამი კვირით ადრე - ალდოსტერონის ანტაგონისტების მიღება.
- ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი და კორტიზოლი სტრესული ჰორმონებია. მათ გამოსაკვლევად სისხლის ჩაბარებამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე ადამიანი უნდა დამშვიდდეს და მოდუნდეს, ვინაიდან ნებისმიერი სტრესი ამ ჰორმონების გადმოსროლას და სისხლში მათი დონის მატებას იწვევს. აღნიშნული ჰორმონების დონე დღე-ღამის განმავლობაში ციკლურად იცვლება, ამიტომ კვლევის შედეგები ყველაზე ინფორმაციულია ანალიზის დილით, 9 საათამდე ჩაბარებისას.
- ინსულინისა და ჩ-პეპტიდის გამოსაკვლევად სისხლის ჩაბარება ხდება მხოლოდ დილის საათებში.
- გასტრინ 17, სტიმულირებული გასტრინ 17, პეპსინოგენ I, პეპსინოგენ II 12-საათიანი შიმშილობის შემდეგ მხოლოდ უზმოზე აღებულ სისხლში განისაზღვრება. გამოკვლევამდე ერთი კვირით ადრე იკრძალება კუჭის სეკრეციაზე მოქმედი პრეპარატების მიღება, ერთი დღით ადრე კი - მარილმჟავას გამანეიტრალებელი საშუალებების დალევა. სისხლის ჩაბარებამდე სამი საათის განმავლობაში არ შეიძლება თამბაქოს მოწევა.
- პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრისათვის სისხლის ჩაბარება უნდა მოხდეს წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ბიოფსიიდან და მისი მასაჟიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ, ამ მაჩვენებლის პოსტქირურგიული დონის შესაფასებლად კი ანალიზი ქირურგიული ჩარევიდან 6 კვირის შემდეგ ტარდება.
ვირუსული ჰეპატიტების გამოკვლევისას
სისხლის ჩაბარებამდე 1-2 დღით ადრე სასურველია მაღალცხიმიან პროდუქტებზე უარის თქმა. გარდა ამისა, რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ციტრუსები, ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული. საზოგადოდ, ამა თუ იმ ინფექციის გამოსავლენად ჩატარებული ანალიზის შედეგები დამოკიდებულია ინფიცირების პერიოდსა და ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, ანალიზის უარყოფითი პასუხი ყოველთვის არ გამორიცხავს ინფექციას. დაავადების ადრეულ სტადიაში ხდება სეროკონვერსია ანუ მწვავე პერიოდში ანტისხეულები არ ვლინდება, ამიტომ საეჭვო შემთხვევაში მიზანშეწონილია ანალიზის განმეორებით ჩატარება 3-5 დღის შემდეგ.