ფერთა სამყარო
ადამიანი მგრძნობიარე არსებაა, თუმცა ფერთა შეგრძნება ქალებს მართლაც რამდენადმე უფრო მძაფრი აქვთ. იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და სტრესი თავიდან აიცილოს, ადამიანმა თავის გარშემო "სწორად" უნდა შეარჩიოს ფერები და ფერთა თერაპიის სეანსიც ჩაიტაროს.
ჯერ კიდევ გოეთემ შეამჩნია და თავის თავზე ექსპერიმენტულადაც შეისწავლა ადამიანის გუნება-განწყობილებაზე სპექტრულ ფერთა აღქმის გავლენა. მანვე შემოიღო "ცივი" და "თბილი" ფერების ცნება, რომელსაც დღეს იყენებენ მხატვრები, დიზაინერები და სხვა.
გოეთემ პირველმა დაადგინა, რომ თბილი ფერები - წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი - ადამიანს აღაგზნებს, გამოაცოცხლებს, ახალისებს, ცივი - ლურჯი და იისფერი - ასევდიანებს, ხოლო ამ ორ ჯგუფს შორის არსებული ფერები - მწვანე და ცისფერი - ამშვიდებს. მისი დაკვირვება დადასტურდა და დღეს ამ კანონზომიერებას ფსიქიატრიულ პრაქტიკაშიც კი იყენებენ: საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში დეპრესიულ ავადმყოფებს ნარინჯისფრად განათებულ ოთახში ათავსებენ, ხოლო მეტისმეტად აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფებს - ცისფრად განათებულში.
განათების ფერი მხოლოდ ემოციების წყარო როდია; ექსპერიმენტულად არის დამტკიცებული მისი გავლენა ადამიანის მოძრაობის ბუნებრივ ტემპზე. მაგალითად, წითელი განათების დროს ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე ლურჯის დროს. ფერი გავლენას ახდენს ადამიანის კუნთურ ძალაზეც: თბილი განათების პირობებში დინამომეტრის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ცივი ფერებით განათებისას.
ნაირფერი ინტერიერი
თუ ბინაში რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, კედლები ფერთა თერაპიის სპეციალისტთა რეკომენდაციების შესაბამისად შეღებოთ.
- ცივი, ბაცი ტონები, ცისფრის ან ბაცი იისფერის ტიპისა, შეესატყვისება დასვენებას, მოდუნებას, ასეთი ფერები მიზანშეწონილია საწოლი ოთახისთვის.
- ბაცი ყვითელი ადამიანს ყურადღების კონცენტრირებასა და გონების მოკრებაში ეხმარება. ასეთი ფერით კარგი იქნება კაბინეტის, ასევე ბავშვის ოთახის შეღებვა. უკიდურეს შემთხვევაში, იმ კუთხისა მაინც, სადაც ბავშვი მეცადინეობს.
- გარგარისფერი ხსნის დაძაბულობას და ქმნის კომფორტის, უსაფრთხოების განცდას. ის იდეალურია სასტუმრო ოთახისთვის.
- შეღებეთ ნარინჯისფრად სამზარეულო და თქვენთვის ყოველი დილა მზიანი და ნათელი იქნება.
დღესასწაული იქნება!
წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი... რაც უფრო მეტია ფერი, მით უფრო მხიარული იქნება დღესასწაული. ალბათ, ეს თქვენც შეგიმჩნევიათ. ამიტომ როცა თქვენი ან ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების დღე მოვა, მორთეთ ოთახი ფერადი ბუშტებით, ხოლო როცა წვეულება დამთავრდება და სტუმრებს გააცილებთ, დაურიგეთ და თან გაატანეთ, რათა ზეიმი მათთვისაც გაგრძელდეს.
არტთერაპია
გიყვართ ხატვა? მაშინ არტთერაპია ნამდვილად მოგეწონებათ. არის შემთხვევები, როცა უეცრად შფოთვა და პანიკა გიპყრობთ? იმისთვის, რომ ამ არასასიამოვნო გრძნობას თავი დააღწიოთ, არტთერაპიის სეანსი ჩაიტარეთ: აიღეთ ფურცელი, ფერადი ფანქრები ან აკვარელის საღებავები, დახუჭეთ თვალები, ეცადეთ წარმოიდგინოთ, რა ფერისაა თქვენი განწყობილება. დაინახეთ? მაშინვე აიღეთ ამ ფერის ფანქარი ან ჩააწეთ ფუნჯი ასეთივე ფერის საღებავში და დახატეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ: ლაქები, გეომეტრიული ფიგურები, ადამიანები - მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდეთ.
ფერადი სუნთქვა
ტიბეტში მკურნალობის ერთ-ერთი სახეა "ფერადი მედიტაცია". შეგიძლიათ, თქვენც სცადოთ:
- იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, წარმოიდგინეთ, რომ ჩაისუნთქეთ ნარინჯისფერი სურნელი, ხოლო ამოისუნთქეთ ლურჯი.
- თვითშეფასების ასამაღლებლად "ჩაისუნთქეთ" იისფერი სურნელი და "ამოისუნთქეთ" ყვითელი.
მედიტაცია შეიძლება არომათერაპიას შეუთავსოთ. ამისთვის საჭიროა მოწყვიტოთ ყვავილი, უყუროთ მას და ჩაისუნთქოთ მისი სურნელი. ხშირად ადამიანები იძენენ ეგზოტიკურ ფრინველებს - თუთიყუშებს, იადონებს - ან თევზებს და მათი მრავალფეროვნებით ტკბებიან. ესეც ერთგვარი ფერთა თერაპიაა.