სასარგებლო და მავნებელი
ეჭვი და მუდმივი შიში მრავალ ჩვენგანში არასწორ დამოკიდებულებას იწვევს ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის მიმართ. ზოგჯერ მღელვარება უსაფუძვლოა, თუმცა ზოგი რამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ.
1. ყურსასმენები სმენას აქვეითებს
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ბევრი ახალგაზრდა ქუჩაში ყურსასმენებით დადის - მუსიკას უსმენს. მათ მიუთითებენ, რომ შესაძლოა, სმენა დაუქვეითდეთ. მართალია ეს თუ არა?
ბრიტანელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ სმენის გაუარესება მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს ყურსასმენები დღეში 4 საათზე მეტხანს უკეთია, ხოლო ბგერის სიმძლავრე 90 დეციბელს აღემატება. ასე რომ, სასურველია, შევინარჩუნოთ ზომიერება და მედიკოსთა მითითება გავითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მითი შესაძლოა რეალობად იქცეს.
2. მობილური ტელეფონები ასხივებს
მობილური ტელეფონების მავნებლობაზეც ბევრს საუბრობენ. მათი დება ქურთუკის, პერანგისა თუ შარვლის ჯიბეებში, ამა თუ იმ ორგანოს სიახლოვეს, ზიანს აყენებს ამ ორგანოთა ფუნქციას.
ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ადამიანი მობილური ტელეფონის გარეშე. ბავშვები პირველი კლასიდანვე არიან შეიარაღებულნი ტექნიკის ამ მიღწევით. ისინი საათობით ერთობიან ტელეფონში ჩაწერილი თამაშებით. არ შეიძლება, ეს ზიანს არ აყენებდეს მათ მხედველობას, არ ღლიდეს ფსიქიკას ან არ ვნებდეს სხეულის სხვა ნაწილებს - ტელეფონი ხომ მუდმივად მათ სიახლოვესაა. მობილური ტელეფონით გამოწვეული ზიანი უშუალოდ არის დამოკიდებული მის სიხშირულ მახასიათებლებზე, თუმცა ყოველ ჩვენგანს შეუძლია თავიდან აიცილოს მობილური ტელეფონის მავნე ზემოქმედება, თუ ნაკლებს ილაპარაკებს.
3. არომატული ზეთები ალერგიას იწვევს
ესეც, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ დოზის გადაჭარბებამ. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ არომატული ზეთების სუფთა სახით კანზე წასმა არ შეიძლება, ხოლო ორსულებისთვის, ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით - ასთმით დაავადებულთათვის, ასეთი ზეთების გამოყენება საერთოდ არ არის რეკომენდებული. სასურველია მოვარიდოთ ასევე არომატული ზეთებისგან დამზადებულ დეკორატიულ სანთლებს.
4. თავის ხშირად ბანა მავნებელია
შხაპის ყოველდღიური მიღება და, საზოგადოდ, ჰიგიენა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა ხშირად ამბობენ, რომ ყოველდღიური ბანა აშრობს თავის კანს, აზიანებს თმას, უკარგავს ბზინვარებას, ასუსტებს.
სინამდვილეში თავი უნდა დავიბანოთ მაშინ, როცა თმა ჭუჭყიანდება, რა თქმა უნდა, ხარისხიანი შამპუნით და არა საპნით, როგორც ამას "ყოვლისმცოდნენი" გვირჩევენ ხოლმე. შამპუნი, ისევე როგორც თმის მოვლის სხვა საშუალებები, თმის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს.
5. ნიტრატები ბოსტნეულში
ბევრს იმის გაფიქრებაც კი აძრწუნებს, რომ ხილსა და ბოსტნეულთან ერთად მათ ორგანიზმში ნიტრატებიც ხვდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნიტრატები მეტია ხილისა და ბოსტნეულის პირველ მოსავალში. მაგალითად, ივნისის კარტოფილში მათი შემცველობაა 800 მგ კილოგრამში, ხოლო სექტემბერში 150 მგ-მდე მცირდება.
ჩვეულებრივ, შენახვისას ბოსტნეულში ამ ნივთიერებების რაოდენობა თანდათან იკლებს.
6. შეიძლება, ტყის სოკოთი მოვიწამლოთ?
როცა საუბარია სოკოთი მოწამვლაზე სოკოთი მოწამვლა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობენ სოკოს, რომელიც გზატკეცილების, აეროდრომებისა და სამხედრო პოლიგონების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ტყეებში იზრდება, თუმცა სხვა ტერიტორიებზე მოკრეფილი სოკოს მიმართაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. სოკო აუცილებლად ისეთმა ადამიანმა უნდა მოკრიფოს, ვინც კარგად იცნობს ამ მცენარეს და შხამიანისა და უშხამოს გარჩევა შეუძლია.
არსებობს ერთი ხერხი შხამიანი სოკოს ამოსაცნობად: ხარშვის დროს ქვაბში უნდა ჩააგდოთ ხახვი. თუ მას მონაცრისფრო ან მოშავო ფერი მიეცა, უმჯობესია, სოკოს ჭამისგან თავი შეიკავოთ.
7. კიტრს მცირე კვებითი ღირებულება აქვს
კიტრის შესახებ ასეთ რამეს ხშირად გაიგონებთ, თუმცა ეს ბოსტნეული არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი კვებითი ღირებულება არც ისე მაღალია (მისი 96% წყალია), მასში საკმაოდ არის კალიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, იოდი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.
ყველაზე ფართო გამოყენება კიტრმა კოსმეტოლოგიაში პოვა. მისი წვენი აქრობს გამონაყარს, ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს. სპეციალისტები გვირჩევენ, ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურების პარალელურად სახე დროდადრო უმი კიტრის ნაჭრებით გავიწმინდოთ.
კიტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების გადამუშავებაში, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების სწრაფ შეწოვა-ათვისებას და ორგანიზმიდან ჭარბი წყლის გამოძევებას. განსაკუთრებით კარგია კიტრი შეკრულობის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს.
პაროდონტოზს, თმის ცვენას, ნერვულ გადაძაბვასა და ათეროსკლეროზს უხდება კიტრის ახალგამოწურული წვენი, რომელიც მდიდარია სამკურნალო ნივთიერებებით.
მიიღეთ კიტრის წვენი ყოველდღიურად არანაკლებ 100 მლ-ისა. ეფექტი კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ კიტრის წვენს შეურევთ მოცხარის, ვაშლისა და გრეიპფრუტის წვენებს, თანაფარდობით 2:2:1:1.
მაღალი სიცხე გაქვთ? შეურიეთ კიტრის წვენს თაფლი და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.