როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამვლის დროს
. განურჩევლად იმისა, რამდენი დროა გასული მოწამვლის შემდეგ, ავადმყოფს უნდა ამოვურეცხოთ კუჭი, დავალევინოთ აქტივირებული ნახშირი და აუცილებლად გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
კუჭ-ნაწლავის ამორეცხვა უნდა ჩაუტარდეს ყველას, ვინც კი შხამიანი სოკო მიიღო, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მოწამვლის ნიშნები.
მოწამვლიდან 48 საათის განმავლობაში აუცილებელია შეწოვილი შხამის ორგანიზმიდან გამოტანა ფორსირებული დიურეზით, ჰემოსორბციით, პლაზმაფერეზით. დროულად ჩატარებული ჰემოსორბცია თავიდან აგვაცილებს ჰეპატორენული უკმარისობის განვითარებას.
კომპლექსურ თერაპიაში აუცილებლად უნდა ჩაირთოს ჰეპატოპროტექტორები, ანტიბიოტიკები, E და B ჯგუფის ვიტამინები, ასკორბინის მჟავა.
სოკოთი მოწამვლას ამოიცნობთ კუჭის ტკივილით, პირის გაშრობით, ღებინებით, ფაღარათით, გონების დაკარგვით, ხელ-ფეხის გაცივებით, ნევროლოგიური დარღვევებით, კრუნჩხვით.
მოწამვლას იწვევს როგორც შხამიანი, ასევე პირობითად შხამიანი სოკოები. ინტოქსიკაცია შესაძლოა განვითარდეს არასწორი ან არასრული კულინარიული დამუშავების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, სოკოს ხშირად ეტმასნებიან მწერები და ჭიები, რომლებიც შხამიან ნივთიერებებს გამოყოფენ.
სოკოთი მოწამვლის დიაგნოსტიკა უპირატესად კლინიკურ და ანამნეზურ მონაცემებს ემყარება.
განასხვავებენ ხანმოკლე - 3 საათამდე - და ხანგრძლივი უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოებს. ხანმოკლე უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოთი მოწამვლა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რაც უფრო ხანგრძლივია სოკოთი მოწამვლის უსიმპტომო პერიოდი, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. განსაკურებით საშიშია ფალოიდური სინდრომი. ამ კუთხით სახიფათოა როგორც შემწვარი, ისე მოხარშული სოკო, ვინაიდან ამ დაავადების გამომწვევი ტოქსინები თერმოსტაბილურია. ისინი უძლებს გამოშრობასაც, რაც განსაკუთრებით სახფათოა, ვინაიდან ხმელი სოკოს გარჩევა სახეობის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოწამვლის უსიმპტომო პერიოდში ფალოიდები გამოიყოფა რძით, რაც შეიძლება ძუძუთა ბავშვის მოწამვლის მიზეზად იქცეს.
გამოყოფენ დაავადების ორ სტადიას. პირველი, ტოქსიკოგენური სტადია იწყება გასტროენტერიტის მოვლენებით: მუცლის ტკივილით, ღებინებით და სხვადასხვა სიხშირის დიარეით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფაღარათი ძლიერდება და ქოლერას ემსგავსება: სიხშირე დღე-ღამეში 20-30-ს აღწევს, განავალი ბრინჯის ნახარშისებურია, ხშირად - სისხლიანი. ეს მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე ვითარდება. მათ თან სდევს სისუსტე, ოლიგურია, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.
მსუბუქ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიში სიმპტომების ჩაცხრობის შემდეგ სინდრომი უკუვითარდება, მაგრამ ტოვებს ხანგრძლივ ჰეპატოპათიას. მიზანშეწონილია ამიაკის, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის, პროთრომბინის, შარდოვანას და კრეატინინის მაჩვენებლის გამოკვლევა.
ზოგჯერ (განსაკუთრებით - ბავშვებში) ინტოქსიკაცია ცენტრალური ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. მოთენთილობას მოჰყვება აგზნება, კრუნჩხვები, შემდეგ კი სოპორი (ღრმა ძილი) და კომა.
გამოჯანმრთელების შემთხვევაში დიდხანს შენარჩუნდება ტოქსიური ჰეპატიტისა და ნეფროპათიის მოვლენები თირკმელების ფუნქციის უკმარისობით.
მეორე სტადია სომატოგენურია. ამ დროს დაზიანებას შესაძლოა წინ უძღოდეს ერთ-ორდღიანი მოჩვენებითი გამოკეთების სინდრომი, რომლის დროსაც ენტეროკოლიტის მოვლენები ცხრება, თუმცა მძიმე მოწამვლის შემთხვევაში მეორე სტადია ნათელი შუალედის გარეშე იწყება. ამ სტადიაში გულთან, ნაწლავებსა და თირკმელებთან ერთად ზიანდება ღვიძლი. დაზიანება იწყება ტოქსიკური ჰეპატიტით, ირღვევა პიგმენტური ცვლა, მდგომარეობა სწრაფად გადაიზრდება ცხიმოვან დისტროფიაში და მწვავე ნეკროზით სრულდება. ვითარდება ჰემორაგიული სინდრომი. უმეტესად ირღვევა თირკმელების ფუნქცია. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ღვიძლის კომა. შესაძლოა, ამას დაერთოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაც.
სოკოთი მოწამვლის მსუბუქი ფორმები ზოგჯერ ამოუცნობი რჩება და მათ უწყინარ საკვებისმიერ ინტოქსიკაციად მიიჩნევენ. დიაგნოსტიკას აადვილებს ერთი ოჯახის ან მეზობლების ერთდროული მოწამვლა ზაფხულში ან შემოდგომაზე.