სმენის დაქვეითება და მისი კორექციის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სმენის დაქვეითება და მისი კორექციის მეთოდები

- სმენის დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მოგეხსენებათ, ადამიანი იბადება, იზრდება და ბერდება. სამწუხაროდ, სხვა ორგანოებთან ერთად სმენის აპარატიც ჩართულია ფიზიოლოგიური დაბერების პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ ასაკთან ერთად სმენაც თანდათანობით ქვეითდება. შესაბამისად, სმენის დაქვეითების ერთ-ერთი ძირითადი და ბუნებრივი მიზეზია ასაკი. დღეს, საერთოდ, ძნელია მსოფლიო გააკვირვო სმენის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხებით, თუმცა ჩვენ სპეციალურად შევისწავლეთ სმენის დაქვეითების გენდერული თავისებურება და მეტად საინტერესო რამ დავასკვენით: აღმოჩნდა, რომ მამაკაცებში სმენის დაქვეითება ფიზიოლოგიურად უფრო ადრე იწყება და შედარებით ნელა პროგრესირებს, ქალებში კი, პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გვიან იწყება, სწრაფად ვითარდება. კიდევ უფრო კონკრეტულად თუ შევეხებით ამ საკითხს, 60-70 წლის ქალბატონებში მამაკაცებთან შედარებით სმენა ბევრად უფრო დაქვეითებულია, მაშინ როცა დაახლოებით 40 წლის ადამიანებს შორის სმენადაქვეითებული მამაკაცები სტატისტიკურად ბევრად სჭარბობენ ქალებს.

- სმენის ანალიზატორის რომელი ნაწილი განიცდის ყველაზე ინტესიურად ფიზიოლოგიურ დაბერებას?

- როგორც წესი, სმენის დაქვეითების ძირითადი მიზეზი პერიფერიაზეა. შიგნითა ყურში მოთავსებულია რეცეპტორული აპარატი, რომელიც ასაკთან ერთად ერთგვარ დეგენერაციას განიცდის. მაგალითად, თუ, ჩვეულებრივ, არსებობს რეცეპტორების განსაზღვრული რაოდენობა, ასაკისა და სხვა მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ, დეგენერაციის შედეგად მათი მცირე ნაწილი რჩება. რეცეპტორების დეგენერაციას ნერვული ბოჭკოების დეგენერაცია მოჰყვება, რაც საბოლოო ჯამში სმენის დაქვეითებით სრულდება. სამწუხაროდ, არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც აძლიერებს ამ ფიზიოლოგიური დაბერების პროცესს და აჩქარებს სმენის დაქვეითებას. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი, რაც მთავარია, საქართველოსთვის მეტად ტიპური, სიგარეტის მოწევაა! შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე აუდიოგრამის მიხედვით ყოველთვის ვხვდები, მწეველია პაციენტი თუ არა. გამოკვლევაზე მოსულ არამწეველებს ხშირად ვაქებ ხოლმე: "რა კარგია, რომ არ ეწევით!" უნდა ნახოთ მათი გაკვირვება! "როგორ მიხვდით, რომ არ ვეწევით?" - განცვიფრებულები მეკითხებიან. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალზე იშვიათად ვცდები. მართალია, ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ სასქესო ორგანოებსა და პოტენციაზე უფრო მეტად მოქმედებს თამბაქოს წევა, ვიდრე სმენაზე, მაგრამ ასე არ არის. მოწევა სმენაზე უფრო მავნე ზემოქმედებას ახდენს. მე დიდი მორალისტი არ ვარ, მაგრამ გეტყვით - ქართველ მამაკაცებს არაფერი აქვთ სატრაბახო, ჰარიქა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრებიო. საქართველო ხომ მწეველთა რაოდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

- გამოდის, რომ ცხვირ-ხახიდან სასმენ ლულაში მოხვედრილი კვამლი ყურის შესაბამის ნაწილებსაც მძიმედ აზიანებს...

- არა, ჩვეულებრივი ინტოქსიკაცია ხდება. თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებები - ნიკოტინი, კუპრი, ბენზპირენი და სხვა ტოქსინები, ცალკეულ ორგანოთა მსგავსად, სმენის აპარატსაც სისხლით მიეწოდება. ისინი დამღუპველად მოქმედებენ სმენის ნატიფ რეცეპტორებზე, აზიანებენ მათ და აჩქარებენ მათ დეგენერაცია-გადაგვარებას. კვების ფაქტორის მნიშვნელობა საფუძვლიანად ჯერ არავის შეუსწავლია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ როლს სმენის დაქვეითებაში ძალზე ცხარე და მლაშე საკვების მიღებაც ასრულებს. საქართველოში ასეთი კვება ტიპურია. ამიტომაც არის ჩვენში სმენის დაქვეითება ასე აქტუალური. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამ პრობლემის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.

- ყურსასმენებით ხმამაღალი მუსიკის მოსმენასა და ზოგადად, მაღალი ბგერებით ყურის უშუალო გაღიზიანებაზე რას იტყვით, არ უწყობს ეს ხელს სმენის დაქვეითებას?

- მაღალ ბგერებს, შეძლებისდაგვარად, მართლაც უნდა ვერიდოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონადირეობა და ის პროფესიები, რომლებიც მძიმე მრეწველობას უკავშირდება. ჩვენ ევროპელობამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. ევროპაშიც ბევრი მონადირეა, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, იქ ყველა მონადირეს აქვს ე. წ. ჰანტერ პლაგი - ყურის სხმული (მარტივად - ყურის დამცავი), რომელიც თოფის გასროლის ხმის ინტენსივობას აქვეითებს და, შესაბამისად, ყურს სმენის დაქვეითებისაგან იცავს. ჩვენთან რატომღაც ეს კულტურა არ არსებობს. ცალკე მინდა აღვნიშნო დისკოთეკების შესახებ, სადაც, მოგეხსენებათ, მუსიკა ძალზე ხმამაღლა ჟღერს. რამდენიმე წლის წინ ევროპამ მსოფლიო ლიტერატურის რეზიუმეს გაკეთება დამიკვეთა იმის შესახებ, რა მდგომარეობაში აქვთ სმენა ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად დადიან დისკოთეკებზე. რა თქმა უნდა, გავაკეთე. დისკოთეკების მოყვარულები სმენის დაქვეითების თვალსაზრისით მეტად სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან. ხმამაღალ მუსიკას, განსაკუთრებით კი დარტყმით ბგერებს, აუცილებლად უნდა ვერიდოთ. არ შემიძლია არ შევეხო ვირუსული დაავადებების როლს. გრიპს, პარაგრიპს, წითელას, ადენოვირუსულ ინფექციას, მართალია, ყველა შემთხვევაში არ მოჰყვება სმენის დაქვეითება, მაგრამ არსებობს მსოფლიო სტატისტიკა, რომლითაც აღნიშნული სახის გართულება დასტურდება. ამიტომაც ყველანაირად უნდა ვერიდოთ ვირუსული ინფექციით დაავადებას. მორიდება კი იმას ნიშნავს, რომ ევროპულ ცხოვრების წესს უნდა მივდიოთ - არ არის საჭირო ამდენი ხვევნა, კოცნა, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი, ჭურჭელი და ლოგინი. შესაბამისად, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ვირუსული დაავადება დაემართა, სხვას ნაკლებად გადაედება.


- ყურის ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესი (მაგალითად, მოცურავეებში) თუ არის საფუძველი სმენის დაქვეითებისა? შეიძლება, ამ ფონზე ერთ მშვენიერ დღეს ადამიანმა უცაბედად სმენა დაკარგოს?

- რა თქმა უნდა, ქრონიკული ანთება გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა სმენის დაქვეითების საფუძველი გახდეს. ამიტომაც ყველა შემთხვევაში საჭიროა გარეთა ან შუა ყურის ანთების მკურნალობა, რათა პათოლოგიური პროცესი შიგნითა ყურზე არ გადავიდეს. თუმცა უეცარი სიყრუის მიზეზი ძირითადად სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, სისხლძარღვის შევიწროებით ან სხვა მიზეზით გამოწვეული. თუ ამ შემთხვევაში სათანადო მკურნალობა დროულად დაიწყო, დიდია შანსი, სმენა სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აღდგეს. არსებობს სპეციალური მკურნალობა ბელგიური მეთოდით, რომელიც დანერგილია და ძალიან კარგი ეფექტიც აქვს, მით უფრო - დროულად დაწყების შემთხვევაში. ფაქტობრივად, ეს არის ინტრავენური ინფუზიები (გადასხმები) სხვადასხვა ნივთიერებისა, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ნეიროტრანსმიტერების ფუნქციას. თუმცა ამ მკურნალობას მხოლოდ პირველივე დღეებში, პირველივე კვირას აქვს შედეგი, ამიტომაც სმენის დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა დროულად მივაკითხოთ ექიმ სპეციალისტს, ნაცვლად იმისა, რომ თვეობით, მით უფრო წლობით ვიცადოთ - ამით პათოლოგიური პროცესი მხოლოდ ღრმავდება. ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებებიც. გერმანიაში ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში, მახსოვს, დრეზდენის ოტოლარინგოლოგიური კლინიკიდან ერთადერთხელ წავედით რომელიღაც სოფელში, რომ გენტამიცინით გამოწვეული სმენაჩლუნგობა გვენახა და დაგვეფიქსირებინა, მაშინ როცა საქართველოში ეს მოვლენა ძალზე ხშირია. გული მტკივა, რომ ჩვენი პედიატრები ასე ხელაღებით და ადვილად ნიშნავენ კანამიცინს, გენტამიცინს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც აზიანებს სმენის აპარატს. მართალია, არსებობს ანტიბიოტიკები, რომლებიც კარგად მოქმედებს ფილტვებზე, კუჭსა და სხვა ორგანოებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სმენის აპარატზე მათი მავნე და დამღუპველი ზემოქმედება. ეს პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, აუცილებლად ოტოლოგთან შეთანხმებით, რათა შედეგად მძიმე გართულება არ მივიღოთ.

- თანდაყოლილ სიყრუეზე რას გვეტყვით, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

- თანდაყოლილი სიყრუე შეიძლება იყოს გენეტიკური - მშობლებს ჰქონდეთ სმენის დაქვეითება და შვილსაც გადაეცეს. საერთოდ, როცა გენეტიკა დატვირთულია - ბაბუას ან იმის ბაბუას ჰქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემა, როდის, რომელ თაობაში იჩენს ის თავს, არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს მუცლადყოფნის პერიოდში შეძენილი სიყრუე. მაგალითად, ორსული გადაიტანს რომელიღაც დაავადებას, გრიპს ან კიდევ ციტომეგალოვირუსულ ინფექციას და თითქოს საგანგაშო არაფერია, არაფერს უჩივის, არც არაფერი აღენიშება, ბავშვი კი სმენადაქვეითებული იბადება. საყურადღებოა, რომ როდესაც ამერიკასა და ევროპის მოწინავე ქვეყნებში ბავშვი იბადება, მას არა მხოლოდ ზომავენ და წონიან, არამედ სმენასაც უმოწმებენ. მიხარია, რომ ჩვენ კარგად ვართ ინტეგრირებული მსოფლიო პრაქტიკაში და დღეს ეს ჩვენთანაც ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, არსებული პროგრამით თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი გადის აღნიშნულ შემოწმებას. მე მინდა, რომ ეს მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდეს. ამაზე აუდიოლოგიის ცენტრი აქტიურად მუშაობს. მთავარი პრობლემა ძვირადღირებული სკრინინგის აპარატების სიმცირეა. ის ათი აპარატიც, რომლებიც სამშობიარო სახლებს გადავეცით, გერმანელებმა და ჰოლანდიელებმა გვაჩუქეს. როგორც მოგახსენეთ, ახალშობილთა სკრინინგში აუდიოლოგიის ცენტრი აქტიურად არის ჩართული. სმენადაქვეითებული ბავშვები აღრიცხვაზე აგვყავს, მერე მეორეულ სკრინინგს ვუტარებთ, დიაგნოზს ვაზუსტებთ და შესაბამისად ვმკურნალობთ. სმენის დაქვეითებას რაც შეიძლება ადრე უნდა მივხედოთ, რადგან თუ სასმენმა აპარატმა ან კოხლეარულმა იმპლანტაციამ დაიგვიანა, მაგალითად, 5 ან 7, მით უფრო 10 წლიდან ჩაერთო, სათანადო ეფექტს ვეღარ მოახდენს და სასურველ შედეგს არ გამოიღებს. სმენის კორექცია იმ პერიოდში უნდა მოხდეს, როდესაც მეტყველება იწყება (დაახლოებით 2-3 წლიდან). ახალშობილთა სკრინინგი აუცილებელია, რადგან ჩვილს მშობელი, როგორ წესი, ვერ ატყობს სმენის დაქვეითებას. ამას, ჩვეულებრივ, 2 წლისთვის ამჩნევენ - ეძახიან ბავშვს და ის არ რეაგირებს, არ აქვს საპასუხო რეაქცია ხმაურზე და ასე შემდეგ. ასეთ დროს საჭიროა სმენის გამოკვლევა. ინდივიდს აწვდიან ბგერას და ეკითხებიან, გაიგო თუ არა. ბუნებრივია, 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს მეთოდი შედეგიანი არ არის, ამიტომაც ტარდება ობიექტური აუდიომეტრია. ეს უკანასკნელი გამოსაკვლევი პირის ნება-სურვილზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ეფუძნება იმ რეაქციას, რომელსაც ბგერა იწვევს. გამოწვეული პოტენციალები კომპიუტერულად, გასაშუალების მეთოდით იწერება. მძინარე (ან ანესთეზიით დაძინებულ) ბავშვს მიეწოდება სხვადასხვა სიხშირის ბგერა. თუ მიიღება გამოწვეული პოტენციალები, ესე იგი, სმენა შენარჩუნებულია, თუ არადა - არა. აუდიოგრამის საფუძველზე ხდება სმენის დაქვეითების, მისი ხარისხისა და სიმძიმის დადგენა, შესაბამისად, შეირჩევა სასმენი აპარატი ან დაისმის კოხლეარული იმპლანტაციის საკითხი. სასმენი აპარატის დროულად გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვმა გაიგოს ბგერები და, შესაბამისად, ჩამოუყალიბდეს მეტყველება, არამედ იმისთვისაც, რომ სმენის დარჩენილი რეცეპტორები მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს. თუ დარჩენილმა რეცეპტორებმა არ იფუნქცია, რეტროგრადულად მათი ფუნქციური დეგენერაციაც მოხდება. მე ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი: როდესაც მიმდინარეობს კუნთის ატროფია, ნევროლოგები პაციენტებს მოძრაობას და რაც შეიძლება მეტ დატვირთვას ურჩევენ, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს კუნთისა და მისი მამოძრავებელი ნერვის ფუნქცია. ასევეა ყურის შემთხვევაში. ყური იქნება ეს, კუნთი თუ ტვინი, ყველაფერს დატვირთვა და მუშაობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ატროფირდება, ფუნქციურ დეგენერაციას განიცდის. სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმისაგან გაიგონებთ: "რა საჭიროა სასმენი აპარატი, ნუ გავაზარმაცებთ ყურს". ეს არასწორი მიდგომაა, მეტიც, მე ზოგადად ვერიდები კატეგორიულ და მკვახე გამოთქმებს, მაგრამ ამ შემთხვევაში თამამად განვაცხადებ, რომ ეს დანაშაულიცაა! რას ნიშნავს "ნუ გავაზარმაცებთ ყურს"? პირიქით, სწორედ რომ მაქსიმალურად უნდა დავტვირთოთ, რათა არ გაზარმაცდნენ.

- ტოტალური სიყრუე თუ არსებობს, როდესაც ადამიანს არანაირი სიხშირის ბგერები არ ესმის?

- რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ძალზე იშვიათია. ჩვეულებრივ, ამა თუ იმ სიხშირის ბგერების აღქმას ყური ყოველთვის ინარჩუნებს. როცა სამეტყველო სიხშირეები გამოვარდნილია, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სასმენი აპარატი. საერთოდ, რეცეპტორული აპარატის დაზიანებისას, როგორც წესი, იწყება განსაკუთრებულად მაღალი სიხშირის ბგერების გამოვარდნა, ეს კი უკვე იმის მინიშნებაა, რომ მდგომარეობა მკურნალობასა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მოითხოვს, რათა სმენა უფრო მეტად არ დაქვეითდეს. მოგვიანებით, პათოლოგიური პროცესი სამეტყველო ბგერებზე გადადის, ანუ სამეტყველო სიხშირეების გამოვარდნაც ხდება. მაღალი სიხშირის ბგერების გამოვარდნას ყურადღებას არ აქცევენ. განგაშის ზარი მაშინ რეკს, როდესაც სამეტყველო ბგერები აღარ ესმით, ამ დროს კი ხშირად უკვე დაგვიანებულია. ამიტომაც სმენის ორგანოს დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

- რას გულისხმობს სმენის დაქვეითების კორექცია? რა პრინციპს ეფუძნება სასმენი აპარატების გამოყენება?

- არ ვიცი, ვინ შემოიტანა სათვალე საქართველოში, მაგრამ მეამაყება, რომ სასმენი აპარატები ჩვენ შემოვიტანეთ და დავნერგეთ. არსებობს ასეთი ფირმა - "კინტი". ეს გვარია ძალიან ცნობილი ადამიანისა - მარტინ კინტისა, რომლის წყალობითაც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი დიდი საქმე გაკეთდა. მე წლების განმავლობაში ვიმუშავე გერმანიაში. 120 საერთაშორისო ნაშრომი მაქვს შესრულებული გერმანელებთან ერთად, რასაც ისინი განსაკუთრებულად აფასებენ. არ მინდა ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა, რომ მარტინ კინტმა განაცხადა: მე მაქვს ამბიცია, შევიტანო საქართველოში სასმენი აპარატები, არა იმისთვის, რომ აქედან შემოსავალი მივიღო, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას რეალურად დავეხმაროო. არ დაიჯერებთ და სასმენი აპარატები ჩვენთან 4-5-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე თვით გერმანიაში. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. მარტინ კინტმა არ გატეხა სიტყვა და ჩვენთან აპარატებს იმ ფასად აგზავნის, რაც თავად უჯდება. მე დიდი მადლობელი ვარ მამა-შვილი კინტებისა (ამ საქმიანობაშია ჩართული მარტინის შვილი, ალექსანდრე კინტიც). აქვე დიდი გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ ამ უდიდესი საქმის შემდეგ ჩვენთან, პრესაში, ასეთი რამ დაიბეჭდა - მამა-შვილმა ქევანიშვილებმა (ჩემი შვილიც ამ საქმეშია ჩართული) სასმენი აპარატებით ფული გააკეთესო, და საერთოდ, რა საჭიროა ეს აპარატები, ხელები ხომ გვაქვს და კომუნიკაციაც ხელებით როგორმე მოხერხდებაო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან გულსატკენია. ბევრისათვის მართალაც დაუჯერებელია, რომ ამერიკაში 2000 ევროდ ღირებული სასმენი აპარატები საქართველოში 300-400 დოლარი ღირს. ერთმა ადამიანმა ისიც კი მკითხა, ჩვენთან უხარისხო პროდუქცია ხომ არ შემოდის, ასე იაფი რომ ღირსო? ვერ წარმოუდგენიათ, რომ მრავალწლიან ურთიერთობას, მეგობრულ კავშირებს მეცნიერებს შორის, ორ ქვეყანას შორის ხშირად ასეთი სასიკეთო ნაბიჯები მოჰყვება. გერმანელებთან ჩვენ დიდი მეგობრობა და მრავალწლიანი მუშაობა გვაკავშირებს. ჯერ კიდევ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ საქართველოში მეცნიერები. მოგეხსენებათ, მათ საბჭოთა კავშირის გარდა სხვაგან არ შეეძლოთ წასვლა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ძალზე საინტერესო საკითხებზე, მით უფრო, რომ ბატონი ხეჩინაშვილი საუკეთესო აპარატურით გვამარაგებდა. გამოწვეული პოტენციალების ჩამწერი კომპიუტერული აპარატი იმ პერიოდში საქართველოში უკვე გვქონდა. ამ ურთიერთობებმა, უდიდესმა მეგობრობამ და პატივისცემამ განაპირობა ეს სიკეთე... ხოლო ის, რომ აპარატები საჭირო არ არის, ინფორმაციის გაცვლისათვის ხელებიც აქვს ადამიანს და საკმარისიაო - სრული უმეცრება და სიბრიყვეა.


- როგორია სასმენი აპარატის მოქმედების პრინციპი?

- სასმენი აპარატი არის ბგერების გამაძლიერებელი. ის იმ ბგერებს აძლიერებს, რომლებიც აღსაქმელად სუსტია და რომელთა გაძლიერებაც კონკრეტულ პაციენტს სჭირდება. ზოგიერთ ადამიანს სმენის დაქვეითების ერთი ფორმა აქვს, ზოგს - მეორე და ა. შ. სწორედ ამის საფუძველზე ხდება სასმენი აპარატის ინდივიდუალური შერჩევა და, რაც მთავარია, ყოველი პაციენტისთვის აუდიოგრამის მიხედვით მისი დარეგულირება. სასმენ აპარატს წარმოუდგენლად ნატიფი დარეგულირება სჭირდება. სამწუხაროდ, თანხის უქონლობის გამო ჩვენთან სასმენ აპარატს ხშირად მხოლოდ ერთ ყურში ხმარობენ. ეს სწორი არ არის. ღმერთმა ორი ყური იმისთვის მოგვცა, რომ ორივეთი უნდა გვესმოდეს. მაგალითად, გერმანიაში მე არ მინახავს ადამიანი ერთ ყურში სასმენი აპარატით. იქ, როგორც წესი, აპარატს ორივე ყურში იდგამენ.

- არ ხდება ისე, რომ სმენა ცალმხრივად, მხოლოდ ერთ ყურში იყოს დაქვეითებული?

- რა თქმა უნდა, არსებობს სმენის მონორული დარღვევაც, მაგრამ, ჩვეულებრივ, სმენა ორივე ყურში ქვეითდება. მართალია არათანაბრად, სხვადასხვა სიხშირეთა გამოვარდნით, მაგრამ ორივე ყურში, ვინაიდან დამაზიანებელი ფაქტორები - გენტამიცინი, ნიკოტინი, ვირუსული ინფექცია - როგორც წესი, ორივე ყურზე მოქმედებს. ისიც გასაგებია, რომ ფინანსების უქონლობის გამო ადამიანები ერთი აპარატის შეძენას ძლივს ახერხებენ. მინიმუმ, ერთი ყურით მაინც უნდა დავიწყოთ კორექცია, შემდგომ კი სასურველია აპარატი ორივე ყურზე გამოვიყენოთ. სმენის სრული დაქვეითების შემთხვევაში კოხლეარული იმპლანტაცია ტარდება. ამ ოპერაციის დანერგვით, თამამად შეიძლება ითქვას, ოტოლოგიაში რევოლუცია მოხდა. კოხლეარული იმპლანტაციის წყალობით დღეს შესაძლებელია ადამიანი ყრუმუნჯობას გადავარჩინოთ. გერმანიაში დაბადებულ ყველა ბავშვს, რომელსაც სმენის სრული დაქვეითება აღენიშნება, ცალ ყურში უფასოდ უტარებენ კოხლეარულ იმპლანტაციას, მეორე ყურში კი მოგვიანებით საკუთარი ხარჯებით უკეთებენ პატრონები. ძალიან მიხარია, რომ საქართველოშიც მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სმენადაქვეითებული ბავშვი უფასოდ იღებს სასმენ აპარატს. თუ კოხლეარული იმპლანტაცია ესაჭიროება, პროგრამის ფარგლებში ისიც უფასოდ ტარდება. ისე კი ამგვარი ოპერაცია ძალიან ძვირი ჯდება: გერმანიაში - 20 000 ევრო, საქართველოში - 22-24 ათასი დოლარი. ოპერაციის არსი ასეთია: შიგნითა ყურში არსებულ ლოკოკინაში ინერგება ელექტროდები, რომლებიც ბგერებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და ნერვულ ბოჭკოებს აწვდის. კოხლეარული იმპლანტაცია ასაკოვნებშიც ტარდება. ამის შედეგად სმენის პრობლემა მათში სწრაფად აღმოიფხვრება. ბავშვებში კი რეაბილიტაციას გარკვეული ხანი სჭირდება. მეტყველების პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა კვალიფიციური ლოგოპედიური სამსახურის ჩართვა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვებს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები მოეხსნათ, რომ მათ შეძლონ ჩვეულებრივ სკოლებში სწავლა, საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად ინტეგრაცია.

- რა გართულებები ახლავს თან კოხლეარულ იმპლანტაციას და რა პრობლემები ექმნებათ ადამიანებს, რომლებიც სასმენი აპარატით სარგებლობენ?

- კოხლეარული იმპლანტაცია უმაღლესი კატეგორიის, უნატიფესი ოპერაციაა. მისი ჩატარება მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალს შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ოპერაციების მსგავსად, მასაც შეიძლება გართულებები მოჰყვეს - ელექტროდის ჩანერგვისას სისხლძარღვი დაზიანდეს, ჩანერგილი ელექტროდები ამოვარდეს და სხვა. ყოველივე ეს ოპერაციის წმინდად ტექნიკური მხარეა. სასმენი აპარატების გამოყენებას გართულებები იშვიათად ახლავს თან. მთავარი პრობლემა მათთან შეგუებაა. ადამიანები, ჩვეულებრივ, სასმენ აპარატს სწრაფად ვერ ეგუებიან. ამისათვის გარკვეული დრო სჭირდებათ. წარმოიდგინეთ, თუ პაციენტი 70 წლისაა და 40 წლიდან დაეწყო სმენის დაქვეითება, აპარატს ჩაიდგამს და უცბად ყველაფერი ესმის, ერთბაშად ყველა ბგერას აღიქვამს, რაც აქამდე არ ესმოდა. ეს სერიოზულDდისკომფორტს, ზოგჯერ ნევროზულობასაც კი იწვევს. ეს დაახლოებით იმის მსგავსია, გამოქვაბულში გამოკეტილი ადამიანი ერთბაშად მზეზე რომ გამოიყვანო. შესაბამისად, სასმენი აპარატები ეტაპობრივ ადაპტაციას მოითხოვს. მათი მოხმარება თავდაპირველად 2-3 საათით უნდა დაიწყოს, შემდეგ დრო 5-7 საათამდე გაიზარდოს, მერე კი უკვე მათი მუდმივად ტარებაც შეიძლება. საბედნიეროდ, თანამედროვე ციფრული (დიგიტალური) აპარატები სრულყოფილია. ისინი მხოლოდ დაბალი სიხშირის ბგერებს აძლიერებენ. სპეციალისტთან რეგულარული კავშირითა და აპარატის მუდმივი რეგულირების წყალობით ადაპტაციის პერიოდი დღეს გაცილებით მოკლეა. ისიც აღსანიშნავია, რომ, უფროსებისაგან განსხვავებით, ბავშვები ბევრად უფრო უკეთესად ეგუებიან სასმენ აპარატებს, სმენის გაუმჯობესება ძალიან სიამოვნებთ და შვებას გრძნობენ.