მსოფლიოს ცნობილი დაბალი და მაღალი ადამიანები

ბოლო დრომდე მსგავსი ინფორმაცია მეცნიერებში ღიმილს იწვევდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ გაკეთებულმა აღმოჩენამ ისინი საგონებელში ჩააგდო - არქეოლოგებმა ზედიზედ აღმოაჩინეს ადამიანის ბარძაყისა და წვივის ძვლები, რომელთა პატრონები არანაკლებ ორმეტრნახევარი მაინც უნდა ყოფილიყვნენ... მსოფლიოში მრავალი ერი არსებობს, და ისინი ერთმანეთისაგან კულტურით, თვალსაწიერით და გარეგნული ანთროპოლოგიური ნიშნებით განსხვავდებიან.
ერთ-ერთ ძირითად ანთროპომორფულ განსხვავებად ადამიანის სიმაღლე ითვლება. არსებობენ მეტისმეტად დაბლები და მეტისმეტად მაღლები - ისინი იბადებოდნენ სხვადასხვა დროში პლანეტის სხვადასხვა ადგილზე. მათი ეშინოდათ, ზოგჯერ ეზიზღებოდათ კიდეც, მაგრამ ისინი ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებდნენ. მათი უმრავლესობა საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო და არის, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი გაგაცნობთ იმ ერებს, რომელთა წარმომადგენლებიც მაღალ თუ დაბალ ადამიანებად არიან აღიარებულნი, და იმ ცალკეულ პიროვნებებს, რომლებიც თავიანთი სიმაღლის წყალობით სამუდამოდ დარჩნენ თუ დარჩებიან ისტორიაში. ძველ ისტორიებს აღარ შევეხებით, რადგან მსგავსი ადამიანების სიმრავლე მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეშიც კი საკმაოდ თვალშისაცემია.
სად ცხოვრობენ ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ადამიანები?
ყველაზე მაღალი ადამიანები დედამიწაზე - ტუტსის ტომში არიან. ამ ეთნიკური ჯგუფის ზრდასრული მამაკაცის საშუალო სიმაღლე 185 სანტიმეტრია. ეს გოლიათები აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობენ. მაღალ ადამიანთა ჯგუფები (170 სანტიმეტრი და მეტი) ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე და არგენტინაშიც (პატაგონიელები) ცხოვრობენ.
ევროპაში ყველაზე მაღალი ადამიანები კონტინენტის ჩრდილოეთით ბინადრობენ. ესენი არიან ნორვეგიელები, შვედები, დანიელები და შოტლანდიელები. თუმცა ევროპელთა შორის რეკორდი მაინც ჩერნოგორიელებს ეკუთვნით: ქვეყანაში მამაკაცის საშუალო სიმაღლე - 177 სანტიმეტრია, ხოლო ქალაქ ტრებინაში - 183 სანტიმეტრი.
დაკვირვებულ მკითხველს ეს რიცხვები არც ისე დიდად მოეჩვენება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ სადღეისოდ მსოფლიოში მოზრდილი მამაკაცის საშუალო სიმაღლე სულ რაღაც 166 სანტიმეტრია, ქალბატონებისა კი - 154 სანტიმეტრი. სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვადასხვა ხალხში 8-12 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.
ყველაზე დაბალი ადამიანები დედამიწაზე - მბუტის ტომის პიგმეები არიან. მამაკაცის საშუალო სიმაღლე ამ ტომში დაახლოებით 140, ხოლო ქალების - 120-130 სანტიმეტრია. ისინი ეკვატორულ აფრიკაში ცხოვრობენ მდინარე კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძნელად მისადგომ ტყიან ადგილებში. პიგმეები - "მუშტისოდენა ადამიანები", ასე ითარგმნება ეს სიტყვა.
ძალიან დაბალ ადამიანებს შეიძლება შეხვდეთ ეკვატორის ახლოს მდებარე ბევრ ადგილზე. ეს გახლავთ ფილიპინებში მცხოვრები აეტის ტომის, მალაკის ნახევარკუნძულის ბინადარი სემანგების ტომის ადამიანები. დაბალი ტანი ასევე დამახასიათებელია ევროპის, აზიისა და ამერიკის უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანებისთვისაც (ლოპარები, მანსები, ჰანტები, ესკიმოსები).
სიმაღლის რეკორდსმენები
გასულ წელს ისტორიული შეხვედრა მოხდა, რომელსაც ასობით ფოტოგრაფი იღებდა. ერთმანეთს შეხვდა ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი: მსოფლიოში ყველაზე მაღალმა თურქმა სულთან კოსენმა ხელი ჩამოართვა პლანეტის ყველაზე დაბალ ადამიანს - ჩინელ ხე პინპინს. სულთანის სიმაღლე 2 მეტრი და 46,5 სანტიმეტრია. პატარა, 73 სანტიმეტრი სიმაღლის (წონა - 7 კილოგრამი).
პინპინი ძლივს სწვდებოდა გოლიათს მუხლამდე. მიუხედავად ამისა მათ ერთმანეთს მშვენივრად გაუგეს. თუმცა, როგორც შემდეგში გამოტყდა სულთან კოსენი, ის ძალიან ღელავდა იმის გამო, რომ არ უნდოდა შემთხვევით პინპინისთვის ტკივილი მიეყენებინა. ეს შეხვედრა სტამბოლში შედგა, გინესის ახალი წიგნის გამოცემის აღსანიშნავად.
ყველაზე მაღალი ადამიანის წოდება თურქს 2009 წლის სექტემბერში მიანიჭეს, მას შემდეგ, რაც წინა გიგანტმა-რეკორდსმენმა უკრაინელმა ლეონიდ სტადნიუკმა (სიმაღლე - 2,53 მეტრი) ტიტული დაკარგა იმის გამო, რომ უარი თქვა განმეორებით გაზომვაზე. მისი სიტყვებით, ის ადამიანების მუდმივი ყურადღების გამო გადაიღალა. ამ შეხვედრიდან ორიოდე თვის შემდეგ ოცი წლის ხე პინპინი იტალიაში გარდაიცვალა. მან ერთ-ერთი ტელეგადაცემის ჩაწერისას შეუძლოდ იგრძნო თავი. სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს.
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, თურქი კოსენი ერთ-ერთია იმ 10 ადამიანს შორის, რომელთა სიმაღლეც 244 სანტიმეტრს აჭარბებს. მის შემთხვევაში ასეთი არაჩვეულებრივი სიმაღლის მიზეზი - ტვინის სიმსივნეა, რომელიც ხელს უწყობდა ზრდის ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფას. სიმსივნე ერთი წლის წინ ამოუღეს, ასე რომ გიგანტიც, ალბათ, ზრდას შეწყვეტს. შეხვედრაზე მან თქვა, რომ იმედი აქვს, ეს ტიტული მას საყვარელი ადამიანის მოძებნაში დაეხმარება. "აქამდე ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ერთი მშვიდი და წყნარი გოგონას მოძებნა, - ამბობდა ის, - მეგობარი გოგონა არასდროს მყოლია, რადგან მათ ეშინოდათ ჩემი. იმედი მაქვს, რომ ახლა, როცა პოპულარული გავხდი, შემეძლება ბევრ სხვადასხვა ქალბატონთან შეხვედრა. ძალიან მინდა შევქმნა ოჯახი".