რაზეა დამოკიდებული ჩვენი ბიორიტმები
ბიორიტმი ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ციკლურად განვითარებადი პროცესია. ადამიანის ორგანიზმში რიტმულად მეორდება 150-მდე ფიზიოლოგიური თუ ბიოქიმიური პროცესი.
-
ფსიქოლოგები ციკლთა სამ ტიპს განასხვავებენ: ფიზიკურს, რომელიც 23 დღეს მოიცავს, ემოციურს, რომელიც 28 დღე გრძელდება და ინტელექტუალურს, რომელიც ოცდაცამეტდღიანია.
თითოეულ მათგანში ორ - დადებით და უარყოფით ფაზას გამოყოფენ, ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლის დღეს კი კრიტიკულ დღედ მიიჩნევენ. კრიტიკულობის დონე პიკს აღწევს და ადამიანი განსაკუთრებით შეუძლოდ გრძნობს თავს მაშინ, როცა ერთმანეთს ემთხვევა ორი ან სამივე ბიორიტმის კრიტიკული გარდატეხა.
ფიზიოლოგები სხვაგვარად ახდენენ ბიორიტმთა კლასიფიკაციას. ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესთა ციკლურ აქტივობას ისინი ხანგრძლივობით განსაზღვრავენ. გამოიყოფა სამი სახის რიტმი:
1. ცირკადული (ლათინურად ცირცა - ახლოს, დიეს - დღე) ანუ ისეთი, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში პერიოდული ცვლილებით ხასიათდება. ასეთია, მაგალითად, ძილისა და ღვიძილის, სხეულის ტემპერატურული მონაცვლეობის, სისხლში ჰორმონების გამოყოფის რიტმები.
2. ინფრადიანული (ინფრა - ნაკლები), რომელიც შედარებით გაიშვიათებული სიხშირით მეორდება. ანუ უფრო ხანგრძლივი ციკლურობა ახასიათებს; ასეთია, მაგალითად, მენსტრუალური ციკლი, სეზონური ცვლილება მთელი რიგი პროცესებისა და სხვა. ჩამოთვლილ ციკლებს ინფრადიანულ რიტმებს უწოდებენ. ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესთა გარკვეული ნაწილი ამ ციკლურობით მეორდება.
3. ულტრადიანური (ულტრა - მეტი) - დღე-ღამის პერიოდში უფრო ხშირად განმეორებადი ციკლებია. ფაქტობრივად, ისინი ყველაზე ხანმოკლე ციკლებია. ამ სახელითაა ცნობილი, მაგალითად, საკვების მიღების, სუნთქვის, გულის მუშაობის, ნერვულ იმპულსთა განმუხტვის და ა. შ.
სწავლულები უძველესი დროიდან ცდილობდნენ, შეესწავლათ ბიოლოგიური რიტმი და ეს ცოდნა დაავადებათა გამწვავების პროგნოზირებისა და პროფილაქტიკისთვის გამოეყენებინათ. ასეულობით წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ დაავადებათა სეზონურობას, ცალკეულ პათოლოგიათა გამწვავება-რემისიის (დროებითი შესუსტების) თანხვედრას ამინდისა თუ წელიწადის დროთა ცვლილებასთან, ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის, გუნება-განწყობისა და სულიერი მდგომარეობის ციკლურ ცვლილებებს.
1729 წელს ფრანგმა ასტრონომმა და გეოლოგმა, დე მერანმა, პირველმა გამოაქვეყნა მცენარეთა ფოთლების დღე-ღამურ რხევებზე დაკვირვების შედეგები. მიუხედავად იმისა, რხევების რიტმი რიტმულად უკავშირდებოდა დღე-ღამის მონაცვლეობას, დე მერანს მიაჩნდა, რომ ცოცხალ სისტემაში მიმდინარე პროცესთა რიტმულობა მხოლოდ ორგანიზმზეა დამოკიდებული და გარეშე ფაქტორები მასზე გავლენას არ ახდენს. ამ მტკიცების საფუძველს ფრანგ სწავლულს მისივე ცდის შედეგები აძლევდა.
დე მერანმა მცენარე მუდმივი ტემპერატურისა და განათების პირობებში მოათავსა და დარწმუნდა, რომ ცხოველმყოფელობის დღეღამური პროცესები იმავე რიტმით უცვლელად გრძელდებოდა.
ბიოლოგებმა მხოლოდ XX სუკუნის 30-იან წლებში მიაქციეს ყურადღება კავშირს ბიორიტმებსა და ფოტოპერიოდულობას (განათების დღეღამურ ცვლილებას) შორის.
ის, რომ ბიორიტმები ორგანიზმში მიმდინარე მთელ რიგ ძვრებთანაა გადაჯაჭვული და განსხვავებულ ბიორიტმს განსხვავებული მექანიზმები განსაზღვრავს, ცხადია, მაგრამ უეჭველია მათი დამოკიდებულება გარეგან ფაქტორებზე.
ამის დასამტკიცებლად იურგენ აშოფმა 1969 წელს კლასიკური ექსპერიმენტი ჩაატარა: ცდისპირი იზოლირებულ კამერაში მოათავსა, სადაც ადამიანს დროში ორიენტირებისთვის არავითარი საშუალება არ ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ ამ ადამიანს ძილ-ღვიძილის 33-საათიანი ციკლი ჩამოუყალიბდა, სხეულის ტემპერატურული ციკლი კი 25 საათის პერიოდულობით უგრძელდებოდა. ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ბიორიტმები მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებით არ განისაზღვრება, რომ მათზე გავლენას ახდენს გარეშე ფაქტორებიც, და ცხადყო, რომ სხვადასხვა ბიორიტმს სხვადასხვა მექანიზმი არეგულირებს.
ექსპერიმენტში გათვალისწინებული ორივე ბიორიტმი ნორმალურ პირობებში დღე-ღამის 24 საათიან ციკლს უკავშირდება, თუმცა, გარეშე ფაქტორთა ზეგავლენით ისინი სხვადასხვაგვარად შეიცვალა.
თანამედროვე ბიორიტმოლოგიის მიზანი არა მხოლოდ ბიორიტმების ურთულესი მექანიზმების შესწავლაა, არამედ ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიურ შესაძლებლობათა შერწყმა ამ ბიორიტმებთან, რაც ადამიანს ჰარმონიული და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.