"ქალური" და "მამაკაცური" პროფესიები

თუ ძველად შრომა ნაკლებად სპეციალიზებული იყო, სოციუმის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო ვიწრო შემოქმედების სფეროები - პროფესიები - გაჩნდა. შრომის დაყოფა საუკუნეების განმავლობაში გენდერული ნიშნით ხდებოდა და ეს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ჩვენს ემანსიპირებულ ეპოქაში დედამიწის ქალთა ნახევარი მზად არის, უფრო ხმამაღლა განაცხადოს თავისი დამოუკიდებლობის შესახებ.
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ძნელად თუ წარმოიდგენდით ქალს ამა თუ იმ, მისთვის უჩვეულო პროფესიულ როლში: იმხანად არ არსებობდა არც ქალი-ზეინკალი, არც ასფალტის დამგები ქალი და წარმოიდგინეთ, არც ქალი-ეკონომისტი... მიუხედავად ამისა, სწორედ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქალთა ემანსიპაციამ აქტიურად წამოყო თავი, ახლა კი უკვე გამართულად დგას ფეხზე.
ჩვენს ძვირფას ქალებს უკვე აღარ სურთ შინ ჯდომა ან მარტივი სამუშაოს შესრულება. ისინი აქტიურად ითვისებენ სხვადასხვა პროფესიას, ისიც კი არ აჩერებთ, რომ მრავალი პროფესია მამაკაცისაა. პირიქით, ზოგჯერ ავიწროებენ და ჩაგრავენ კიდეც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ახლა კი მეოცე საუკუნის შუა ხანები გავიხსენოთ, დიდი სამამულო ომის წლები. მამაკაცები ფრონტზე წავიდნენ, ქალებს კი ყველა საქმის საკუთარი მხრებით ზიდვა მოუწიათ - მამაკაცისაც და ქალისაც. ომის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა: ფრონტიდან შინ მამაკაცების მცირე ნაწილი დაბრუნდა, მათ შორისაც ბევრი დასახიჩრებული გახლდათ. მოკლედ, ქალები უღელში შეებნენ და მიეჩვივნენ კიდეც ამას. ან იქნებ მათ სწორედ ემანსიპაციის იდეა არ ასვენებთ, აღარ სურთ იყვნენ მეორეხარისხოვანი ადამიანები და ცდილობენ კიდეც, დაუმტკიცონ საკუთარ თავს, მამაკაცებს და მთელ სამყაროს, რომ მათ ყველაფერი ძალუძთ. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ქალებს ხშირად შეხვდებით პოლიციასა თუ პროკურატურაში, კომერციულ თუ ბიზნესსტრუქტურებში და სხვა.
რატომ არ სურთ მამაკაცებს ქალურ სამუშაოზე მუშაობა
მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდებათ. ფიზიკური შრომისა მათ არ ეშინიათ, აი, ანაზღაურება კი შესაბამისი სურთ. გარდა ამისა, საქმე პრესტიჟსა და უკვე გამყარებულ სტერეოტიპებშიც არის. მამაკაცი, რომელიც ქალზე ნაკლებს გამოიმუშავებს ან მამაკაცური თვალსაზრისით არაპრესტიჟული პროფესია აქვს, მამაკაცურ წრეებში, და საკუთარ თვალშიც, არასრულფასოვანი, არამამაკაცურია. სწორედ ამიტომ მამაკაცი მიისწრაფვის, ისევე როგორც წინათ, აირჩიოს ისეთი პროფესია, რომ არ დაკარგოს მარჩენალის, მომპოვებლის და ოჯახის უფროსის ფუნქცია.
ქალები აქ არ დაიშვებიან
ბოლო დროს მსოფლიოში გენდერული საზღვრები პრაქტიკულად წაშლილია, ზოგიერთი პროფესია ტიპურად ქალური ან ტიპურად მამაკაცური რჩება, გამონაკლისის პოვნა ძალიან ძნელია, პრაქტიკულად არარეალურია.
დავიწყოთ იმით, რომ პროფესიების ქალურ და მამაკაცურ პროფესიებად დაყოფა მეტად პირობითია. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეგრეთ წოდებულ მამაკაცურ პროფესიებში, პირველ რიგში, საჭიროა ფიზიკური ძალა, არაქალური ამტანობა. გარდა ამისა, ეს პროფესიები უმეტესად სახიფათოა. ეს ეხება მეხანძრეებს, კატასტროფათა ცენტრის, პოლიციისა თუ პროკურატურის თანამშრომლებსა და სხვებს. ასეთი პროფესიების წარმომადგენლებისთვის აუცილებელია არა მარტო სიმამაცე - ცეცხლმოდებულ შენობაში შესვლა ან ნანგრევების ქვეშ ჩასვლა დაჭრილების ამოსაყვანად, არამედ სტრესისადმი მომატებული გამძლეობაც.
მამაკაცს მხრებზე აწევს წესრიგის დამცველის ფუნქციაც, განსაკუთრებით - ქუჩაში მოძრაობის წესების დამცველისა. დიახ, პოლიციის რიგებში ქალებსაც შეხვდებით, მაგრამ იშვიათად თუ გახდებით მოწმე, როგორ აწესრიგებენ ისინი საგზაო მოძრაობას. ნებისმიერ ამინდში რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩაში დგომა, გამონაბოლქვი აირების სუნთქვა, დამრღვევის ან დამნაშავის დაკავება - ქალური საქმე არ არის. მცველისა და პირადი მცველის პროფესიაც უფრო მამაკაცისთვის არის განკუთვნილი. ქალი-პირადი მცველებიც არსებობენ, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ეს მეტად იშვიათი მოვლენაა, ეგზოტიკურ სანახაობად უფრო აღიქმება. მამაკაცი-მცველები უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ - ისინი ხომ აპრიორი დამცველები არიან.
წმინდა მამაკაცურ პროფესიად, რომელიც ძლიერ ფიზიკურ დაძაბულობასა და დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მიიჩნევა ასევე მფრინავობა, მენავთობეობა და მეშახტეობა. ეს ისეთი სფეროებია, სადაც ქალებს ნამდვილად ვერ შეხვდებით.
მიიჩნევა, რომ ფიზიკურ გამძლეობასა და ემოციურ მდგრადობას საჭიროებს ტელე- და ვიდეოოპერატორის პროფესიებიც. ეს ადამიანები მზად უნდა იყვნენ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს სადმე გაემგზავრონ, რათა ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ხანმოკლე რეპორტაჟი ტელეეკრანებზე მოხვდეს. მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ სინამდვილეში ოპერატორები რეპორტიორებთან ერთად მუშაობენ, რომელთა უმრავლესობა ქალია. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც მამაკაცის ფიზიკურ უპირატესობას ენიჭება. ნაზი ქალისთვის ძნელია საათობით იცადოს ყინვაში, სანამ რომელიმე "ვარსკვლავი" თავის საცხოვრებელს დატოვებს, რომ რამდენიმე სენსაციური კადრი გადაიღოს. მისთვის ძნელი იქნება რომელიმე მასობრივ ღონისძიებაზე, პრესკონფერენციაზე ბრბოში გზის გაკვლევა, მით უმეტეს საომარ ზონებში მუშაობა. სწორედ ამიტომ, როცა საუბარია ფოტორეპორტიორობაზე, ოპერატორობაზე არა როგორც ხელოვნებაზე, არამედ ექსტრემალურ პირობებში ხილვადი მასალის მოპოვებაზე, მაშინ ეს პროფესია მამაკაცურიდან ყველაზე მამაკაცურად იქცევა.
პროგრამირება და IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) უზრუნველყოფაც მამაკაცურ პროფესიებს მიეკუთვნება. აქ ქალები თუ მუშაობენ კიდეც, ძირითადად ვებ-დიზაინით არიან დაკავებულნი.