დროის მენეჯმენტის რაციონალური ფორმულა
დროის სწორად განაწილება ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ესაა დროის მენეჯმენტის ძირითადი არსი. „დროის მენეჯმენტი“ არის სხვადასხვა მოქმედებისთვის დროის სწორად განაწილებისა და ორგანიზების პროცესი. დროის მენეჯმენტის ცოდნა შესაძლებლობას იძლევა იმუშაო არა უფრო მეტი დატვირთვით, არამედ უფრო ჭკვიანურად. ის გვეხმარება, მძიმე ზეწოლის პირობებშიც კი შევასრულოთ დიდი სამუშაო მცირე დროში. ამას გარდა, დროის მენეჯმენტის დაუფლებას სხვა მრავალი სარგებელიც შეიძლება ჰქონდეს:
1) ერთიორად ზრდის ინდივიდის პროდუქტულობას;
2) ხელს უწყობს პროფესიული რეპუტაციის ამაღლებას;
3) ამცირებს სტრესს;
4) გვისახავს ახალ პერსპექტივებს თვითგანვითარებისთვის;
5) გვაძლევს შესაძლებლობას მივაღწიოთ ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ მიზნებს.
ამის საწინააღმდეგოდ, დროის სწორად განაწილების უუნარობას შეიძლება მრავალი სავალალო შედეგი მოჰყვეს:
1) საბოლოო ვადის გადაცილება;
2) არაპროდუქტიულობა;
3) სამუშაოს შესრულების დაბალი ხარისხი;
4) არასახარბიელო რეპუტაცია;
5) მაღალი სტრესი.
ზემოთ თქმული, ალბათ, დაგარწმუნებთ, რომ დროის სწორად განაწილების უნარს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს წარმატებისათვის. ქვემოთ შემოგთავაზებთ დროის მენეჯმენტის ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ეფექტურად მართოთ დრო და იყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები.
1) აწარმოეთ დღიური
ამა თუ იმ ქმედებისთვის დროის სწორად გასანაწილებლად საჭიროა, ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ რეალურად მთელი დღის განმავლობაში. დღის მანძილზე შესრულებულ ქმედებათა აღრიცხვა გვაძლევს ნათელ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ ვხარჯავთ დროს. მისი ანალიზის საშუალებით შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ დაბალი მნიშნველობის მქონე ქმედებები და შეამციროთ მათზე დახარჯული დრო.
2) შეადგინეთ შესასრულებელი სამუშაოების სია
ეს გახლავთ თანმიმდევრობით ჩამოწერილი დავალებების სია მეტად საპასუხისმგებლოდან ნაკლებ საპასუხისმგებლოსკენ. მსგავსი სიის შედგენა ამარცხებს მეხსიერების შეზღუდვებს. ამასთანავე, დავალებების პრიორიტეტულად ჩამოწერით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელ აქტივობას ესაჭიროება დაუყოვნებლივ შესრულება და რომელი შეიძლება მოიტოვოთ ბოლოსთვის.
3) იყავით მიზანდასახულები
დაისახეთ ნათლად განსაზღვრული მიზნები. ჩამოწერეთ მათ მისაღწევად საჭირო ქმედებები. დაყავით რთული ამოცანები ქვეამოცანებად. მიზნები უნდა იყოს მაქსიმალურად რეალური და მისაღწევი. ნათელი მიზნები მაგნიტივით იზიდავენ ენერგო- თუ მენტალურ რესურსებს.
4) თავი აარიდეთ რამდენიმე სამუშაოს ერთად შესრულებას
როგორც წესი, ბევრი საქმის ერთად კეთება არ ამართლებას, რაც ჩვენი აღქმის სისტემის შეზღუდვებით აიხსნება. უმჯობესია, ჯერ ერთი საქმე მიიყვანოთ ბოლომდე და შემდეგ გადახვიდეთ ახალზე. რამდენიმე სამუშაოს ერთად შესრულებით, შესაძლოა, ყველა დაუსრულებელი დატოვოთ.
5) განსაზღვრეთ თქვენი „პრაიმ-დრო“
„პრაიმ-დრო“ – ეს დღის ის მონაკვეთია, როდესაც ყველაზე ენერგიულად და შემოქმედებითად გრძნობთ თავს. მისი განსაზღვრა დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, დღის რომელ მონაკვეთში უნდა შეასრულოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები. მაგალითად, თუ დილით უფრო ენერგიულად და კრეატიულად გრძნობთ თავს, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეები სწორედ დღის ამ მონაკვეთში უნდა გააკეთოთ, მეილის შემოწმება კი სხვა დროისთვის გადადოთ.
6) გამოყავით დრო შესვენებებისთვის
შესვენებებისთვის კონკრეტული დროის გამოყოფა საშუალებას მოგცემთ თავიდან აირიდოთ დროის უაზროდ ხარჯვა მაშინ, როდესაც რეალურად თქვენი ორგანიზმი თუ ფსიქიკა არ საჭიროებს დასვენებას.
7) შეადგინეთ მთელი დღის გეგმა
ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ იმ დროის განსაზღვრაა, როდესაც მთელი დღის გეგმა უნდა შედგეს. უმჯობესია, ეს ღამით გააკეთოთ, რადგან დაძინებისას გონება არაცნობიერად შეძლებს მთელი დღის გეგმის მოწესრიგებას.
8) მოერიდეთ დისტრაქტორებს
სამუშაოს შესრულებისას უმჯობესია, დაივიწყოთ ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავთ. გამორთეთ ფეისბუკი, იმეილი, ტვიტერი და ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელი, თუ ისინი სამუშაოს შესასრულებლად არ გჭირდებათ.
9) მოაწესრიგეთ თქვენი გარემო
ორგანიზებულობა წარმატების ძირითადი გასაღებია. ორგანიზაცია სჭირდება არა მხოლოდ თქვენს სამუშაო გარემოსა თუ კაბინეტს, არამედ თქვენს იმეილსა თუ მენტალურ სტრუქტურას.
10) გამოიმუშავეთ ჩვევები
როგორც თმის დავარცხნა, დღეში 25 გვერდის კითხვაც შეიძლება ჩვევად იქცეს. მსგავსი ჩვევები ეხმარება ინდივიდს თვითგანვითარებაში და ორჭოფობაზე დახარჯული დრო მინიმუმამდე დაჰყავს.