როგორ გავირუჯოთ ჯანმრთელობის დაუზიანებლად
როგორ ირუჯება კანი
მუქი ფერი ჩნდება კანში მელანოციტების გამო. ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით ეს უჯრედები წარმოქმნიან მელანინს, პიგმენტს, რომელიც ამუქებს ეპიდერმისს. ის შთანთქავს სინათლეს და იცავს კანს დამწვრობისგან. ამიტომ პირველ დღეებში ყველაზე ადვილია დაწვა, როცა კანი თოვლივით თეთრია და მეტი მოვლა სჭირდება.
მზე საშიშია?
ულტრაიისფერი სხივებისგან სრულად დაცვა რთულია: ის აირეკლება წყლის, თოვლისა და ქვიშისგან. მზის სხივები ღრმად აღწევს, შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი დაბერება და უჯრედების დნმ-ს დაზიანება. გადაჭარბებული ექსპოზიციის შემდეგ მელანოციტებს ნამდვილად შეუძლიათ მელანომად გადაქცევა. ღია ფერისა და მგრძნობიარე კანის ადამიანები რისკის ჯგუფში არიან, განსაკუთრებით ბავშვები.
უნდა გამოიყენოთ მაღალი SPF კრემი?
ამერიკის დერმატოლოგთა აკადემია გვირჩევს წავისვათ მზისგან დამცავი კრემი, სულ მცირე, შPF 30-ით, ყოველ ჯერზე, როცა ვგეგმავთ გარეთ 20 წუთზე მეტხანს ყოფნას. თუ ცურვას აპირებთ, პროდუქტი წყლისადმი მდგრადი უნდა იყოს. თუმცა კრემი, საშუალოდ, ყოველ ორ საათში ერთხელ ან უფრო ხშირად უნდა წაისვათ. მზისგან დამცავი საშუალება არ იცავს 100%-ით: SPF 50-იც კი ულტრაიისფერი გამოსხივების 98%-ს ბლოკავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზაფხულის სეზონზე უმაღლესი ხარისხის დამცავი კოსმეტიკაც კი ვერ ჩაანაცვლებს მზეზე მოქმედების წესებს.
როდის შეიძლება ჩრდილიდან გამოსვლა
არ არის საჭირო მზის ჩასვლამდე სახლში ყოფნა, ულტრაიისფერი სხივები გონივრული დოზებით სასარგებლოა: ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას და აუმჯობესებს განწყობას. მზის თბილი ინფრაწითელი სხივები ააქტიურებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს, ზრდის სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ენერგიას. მზეს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამცირებს აკნეს წარმოქმნას.
მზის აბაზანების მიღება თანდათანობით უნდა დავიწყოთ. დროთა განმავლობაში გავზარდოთ მზეზე ყოფნის ინტერვალები 10-15 წუთიდან ნახევარ საათამდე, ყოველ ჯერზე ათი წუთის დამატებით. მზეზე ყოფნა სჯობს დაბალი აქტივობის პერიოდში – 10 საათამდე და 16 საათის შემდეგ. ეს წესი ვრცელდება მოღრუბლულ დღეებზეც: ულტრაიისფერი სხივები აღწევს ღრუბლებში და ირეკლება ზედაპირებიდან, რაც ნიშნავს, რომ ის ჩრდილშიც ზემოქმედებს.
რა ვჭამოთ და ჩავიცვათ
დღის განმავლობაში უნდა დავიხუროთ ფართოფარფლებიანი ქუდი (ქუდი გადახურებისგანაც დაგიცავთ), გავიკეთოთ მზის სათვალე და ჩავიცვათ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი. სხვათა შორის, არა მხოლოდ გარეგანი, შინაგანი დაცვაც საჭიროა. ექიმები გვირჩევენ ანტიოქსიდანტების შემცველი საკვების მიღებას, რომელიც ხელს უშლის სხეულის უჯრედების განადგურებას, ასეთია – სტაფილოსფერი და წითელი ბოსტნეული, ხილი, შავი შოკოლადი, მწვანილი (ოხრახუში, ისპანახი, როზმარინი), ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზი, ღვიძლი, შავი და მწვანე ჩაი.
როგორ მივიღოთ ლამაზი რუჯი
მელანინის დაგროვების დასაჩქარებლად კანი კარგად უნდა გაიწმინდოს. მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ სკრაბის გამოყენება არ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ სანაპიროზე დიდხანს ჯდომას აზრი არ აქვს: მელანინის გამომუშავება მთავრდება ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსიური ზემოქმედების დაწყებიდან საშუალოდ 2-4 საათის შემდეგ. ფერი არ გახდება მუქი და შეიძლება კანი დაზიანდეს, მიიღოს დამწვრობა და ორგანიზმი გადახურდეს. რუჯის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ლოსიონები და კრემები. ჭარბი მელანინი კანის გამოშრობას იწვევს, დროული დაცვის გარეშე ის დაიწყებს აქერცვლას.
როგორ გავირუჯოთ მზის გარეშე
ზოგიერთი ამ მიზნისთვის სოლარიუმს იყენებს. ბევრ ქვეყანაში აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირებისთვის სოლარიუმში შესვლა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სოლარიუმში ვიზიტი მელანომის განვითარების რისკს 75%-ით ზრდის. მაგრამ თუ მას მიაკითხავთ, მნიშვნელოვანია სპეციალისტების ინსტრუქციების დაცვა და დამცავი კრემების, სათვალისა და ქუდის გამოყენება.
მზეზე ყოფნისას აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
1. ქუჩაში ყოფნის ხანგრძლივობის განსაზღვრა სასურველია მიმდინარე ულტრაიისფერი ინდექსის (UVI) შესაბამისად, რაც უფრო მაღალია, მით უფრო მეტადაა საჭირო დაცვა. ყველაზე კომფორტული UVღ მნიშვნელობა 4-ზე ნაკლებია. როგორც წესი, ეს შეესაბამება დილის და საღამოს საათებს.
2. აუცილებელია ფიზიკური დაცვის საშუალებების გამოყენება, ეს შეიძლება იყოს ნატურალური მასალისგან დამზადებული მსუბუქი ტანსაცმელი, ნებისმიერი სახის თავსაბურავი, მზის სათვალე.
3. კანის ღია უბნებზე წაისვით პროდუქტები, რომლებსაც შემადგენლობაში აქვთ UV დაცვის ფაქტორი (შPF, შუნ Pროტეცტიონ Fაცტორ) – რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია, მით მეტია დაცვის ხარისხი და უფრო დიდხანს შეგიძლიათ მზეზე ყოფნა. ზაფხულში რეკომენდებულია სულ მცირე 30 შPF-ის მქონე პროდუქტები, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალური დაცვის მისაღწევად, მზისგან დამცავი ნებისმიერი საშუალება კანზე უნდა წაისვათ გარეთ გასვლამდე 15-20 წუთით ადრე მაინც.
გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ „ბაზისური“ რუჯის მიღება ამცირებს კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. ყოველთვის ატარეთ მზისგან დამცავი საშუალება მზეზე ყოფნისას.
ყველა ეს წესი აქტუალურია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კანის მგრძნობელობა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ დამოკიდებულია ჰორმონულ პროფილზე, მაგალითად, ქალის კანი ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში უფრო მგრძნობიარეა დაზიანების მიმართ. გარდა ამისა, ზოგიერთი მედიკამენტი მოქმედებს როგორც ეგრეთ წოდებული ფოტოსენსიბილიზატორი, ე. ი. ზრდის სინათლის მიმართ მგრძნობელობას.
რა მოხდება ამ წესების უგულებელყოფისას?
ყველაზე გავრცელებული პრობლემებია: კანის ნაადრევი დაბერება, ადგილობრივი პიგმენტაციის დარღვევები ჰიპერ- და დეპიგმენტაციის კერების სახით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, კოსმეტიკური დეფექტებია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კანის ავთვისებიანი ნეოპლაზმები – მელანომა და კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო, რომელთა ძირითადი მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებაა. კანის ნებისმიერი ცვლილებისთვის აუცილებელია სპეციალისტთან (დერმატოლოგი, ონკოლოგი, კოსმეტოლოგი) კონსულტაცია, რადგან სხვადასხვა დაავადება მოითხოვს სრულიად განსხვავებულ მიდგომას დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მონიტორინგის კუთხით.