ოთახის მცენარეები
მუდმივ მზრუნველობას, ყურადღებასა და კარგ მოვლას ითხოვენ. ყოველ მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, თუმცა ზოგადი წესებიც არსებობს.
1. სწორი განლაგება
გარემოს შეცვლამ შესაძლოა ადამიანის განწყობასა და მის ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედოს, ასევე არიან მცენარეებიც. დარწმუნდით, რომ მცენარეს სწორი ადგილი მიუჩინეთ. ოთახში კარგი ბუნებრივი განათება და ვენტილაცია უნდა იყოს. აარიდეთ მას პირდაპირი მზის სხივები. სწორად შერჩეული ადგილის წყალობით მცენარე ტენიანობას შეინარჩუნებს და სწრაფადაც გაიზრდება.
2. სწორი მორწყვა
გადამეტებული მზრუნველობით ოთახის მცენარეებს შეიძლება ავნოთ. როგორც წყლის ნაკლებობამ, ასევე სიჭარბემ ის შეიძლება დაღუპოს. ჭარბი მორწყვა დაუშვებელია. სასურველია, მცენარეები მორწყვის სიხშირის მიხედვით დააჯგუფოთ, ასე უფრო გაგიმარტივდებათ მათი მოვლა. თუ გულმავიწყი ხართ, ეცადეთ ისეთი მცენარეები შეარჩიოთ, რომლებიც ხშირ მორწყვას არ საჭიროებენ, მაგალითად, კაქტუსები.
3. სწორად შერჩეული ქოთანი
ოთახის მცენარე უქოთნოდ წარმოუდგენელია, სწორად შერჩეული ქოთანი კი ძალიან მნიშვნელოვანია. ის არც დიდი უნდა იყოს და არც ძალიან პატარა. მცენარის მოყვარულები ხშირად მცენარეს პლასტიკური ქოთნითვე ლამაზ ქოთანში ათავსებენ, ასე მისი გადარგვა უფრო ადვილია. არსებობს ჭკვიანი ქოთნები, რომლებიც მორწყვის პროცესს თვითონ არეგულირებენ.
4. პატარა ლარნაკები
მართალია, დიდი საყვავილე ლამაზი და მდიდრულია, მაგრამ პატარა ლარნაკები გადასაადგილებლად ძალზე მოსახერხებელია. ეს გაგიადვილებთ მცენარის განიავებას, მათ აივანზე გატანას, შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციით მათი განლაგებაც.
5. პალმა და ფიკუსი
თუ პალმის ან ფიკუსის ქონა გადაწყვიტეთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მათ სათანადო პირობები სჭირდება. შინ საკმარისი სივრცე და რამდენიმე წელზე გათვლილი დიდი ზომის ქოთანი უნდა გქონდეთ.
6. სისუფთავე
უდიდესი მნიშვნელობა აქვს მცენარის სისუფთავეს. ფოთლებზე მტვერი მნიშვნელოვნად აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს. საზოგადოდ, ამ პრობლემას მცენარეებს წვიმის წყალი უგვარებს, სახლის პირობებში კი ფოთლები სუფთა სველი ტილოთი გაწმინდეთ. ეს პროცედურა დაახლოებით თვეში ერთხელ უნდა ჩაატაროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება თქვენს მცენარეს ხასხასა, პრიალა და ჯანმრთელი ფოთლები.
7. სასუქი და ნიადაგის განოყიერება
მცენარეებს პერიოდულად ნიადაგის განოყიერება სჭირდება. ოთახის მცენარეებს მოსარწყავ წყალში დაუმატეთ მაღალი ხარისხის სასუქი. განსაზღვრეთ სასუქის ვარგისიანობის ვადა.
8. გაანიავეთ მცენარეები
მცენარეებსაც სჭირდებათ სუფთა ჰაერი. ამიტომ კარგ ამინდში გარეთ გაიტანეთ ისინი. გაითვალისწინეთ, რომ მცენარე არც უნდა გაიყინოს და არც მზის სხივებმა დაწვას.
მარკეტში ნაყიდი ფ ინიკისგან შეიძლება პალმა გაზარდოთ
ტროპიკულ და ძალიან გემრიელ ფინიკს საქართველოში ბევრი მოყვარული ჰყავს. სუპერმარკეტებში მისი შეძენა ყველას შეუძლია. შეძენის შემდეგ ბევრი დაინტერესებულა, შეიძლება თუ არა ფინიკის კურკისგან ნამდვილი ფინიკის პალმის გამოზრდა.
რატომაც არა. მიირთვით გემრიელი ფინიკი, კურკა კი დაგრჩათ? რატომ არ უნდა გამოიყენოთ ის ეგზოტიკური მცენარის გასაზრდელად? თანაც მცენარე განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, თქვენს ინტერიერს კი გაალამაზებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სახლში გამოზრდილი პალმა ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. ის ნელა იზრდება, მაგრამ 5 წლის შემდეგ შეიძლება ოთახშიც ვეღარ დაატიოთ.
აი, დეტალური ინსტრუქცია:
კურკა იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ თერმული დამუშავება არ გაუვლია. ამ მიზნისთვის გამოგადგებათ ცოცხალი ან ჩირის კურკა.
1. კურკა საგულდაგულოდ გაასუფთავეთ აპკისგან, მიწაში მოხვედრისას ლპობა რომ არ დაიწყოს. გარეცხილი კურკა წყალში 24 საათი უნდა გააჩეროთ;
2. ფინიკის კურკა საკმაოდ უხეშია. ზოგიერთი მას კაწრავს, რათა შიგნით სწრაფად შეაღწიოს წყალმა. თუ გსურთ კურკამ სწრაფად გამოიღოს ნაყოფი, ცხელი წყალი დაასხით;
3. კურკა ბამბადაფენილ კონტეინერზე მოათავსეთ (ბამბა ზემოდანაც დააფარეთ) და სითბოში, თუნდაც რადიატორზე დადგით. ბამბა მუდამ სველი უნდა იყოს;
4. როცა კურკა გაიბერება, ის მიწაში უნდა გადაირგოს. მისი ნიადაგიც მუდამ ტენიანი უნდა იყოს;
5. თავდაპირველად კურკა პატარა მოცულობის ქოთანში (10სმ დიამეტრის) ჩარგეთ და ტენიანი ნიადაგი შეუნარჩუნეთ;
6. დრენაჟისთვის ძირზე არ დაგავიწყდეთ კენჭების ჩაყრა. მიწა უმჯობესია სკვერიდან ან ტყიდან მოიტანოთ. ქოთანში მიწა ასე უნდა ჩაიყაროს: 2 წილი მიწა, 1 წილი ტორფი, 1 წილი სილა, 1 წილი გამომწვარი ნაკელი;
7. პატარა პალმა ყოველწლიურად ახალ ქოთანში უნდა გადაირგოს;
8. ოთახში, სადაც პალმის ქოთანი გიდგათ, 16-20 გრადუსი უნდა იყოს. არ დადგათ გათბობასთან - ასე მოკლავთ მცენარეს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსაც, სინათლე კი არ მოაკლოთ, ფოთლები გაუგრძელდება და დაემტვრევა;
9. ზაფხულში მცენარე ინტენსიურად მორწყეთ (არ უნდა გამოშრეს ნიადაგში) და ხშირად დაუნამეთ ფოთლები;
10. მარტი-სექტემბრის პერიოდში მინერალური და ორგანული სასუქის დამატება სჭირდება.