ორგანიზმის ფუნქციობა ღამით

- ღვიძლი - ღამის 01.00-დან 03.00-მდე;
- ნაღვლის ბუშტი - ღამის 23.00-დან 01.00-მდე;
- ფილტვები - ღამის 03.00-დან დილის 05.00-მდე;
- კუჭი - დილის 07.00-დან 09.00-მდე;
- მსხვილი ნაწლავი - დილის 05.00-დან 07.00-მდე;
- წვრილი ნაწლავი - დღის 13.00-დან 15.00-მდე;
- ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი - დილის 09.00-დან 11.00-მდე;
- გული - დილის 11.00-დან 13.00-მდე;
- შარდის ბუშტი - დღის 15.00-დან 17.00-მდე;
- თირკმელები - საღამოს 17.00-დან 19.00-მდე;
- სისხლძარღვები, სასქესო ორგანოები - საღამოს 19.00-დან 21.00-მდე;
- სითბოს წარმომქმნელი ორგანოები - ღამის 21.00-დან 23.00-მდე.
ბიოლოგიური საათი
ბიოლოგიური საათი ორგანიზმში ჩადგმული მექანიზმია, რომელიც მის წიაღში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ პროცესთა ხანგრძლივობას, მათ მონაცვლეობას და მუდმივობას განსაზღვრავს. ბიოლოგიური საათი ადამიანის დაბადებისთანავე "იქოქება". იგი ორგანიზმის ფუნქციობის ერთ-ერთი ყველაზე უცვლელი მახასიათებელია, რადგან ასაკზე, სქესზე, ეთნიკურ წარმომავლობასა თუ სხვა ფაქტორებზე დამოკიდებული არ არის.
ბიოლოგიური საათის მთავარი "ელემენტი" მელატონინია, ჰორმონი, რომელიც მის მწყობრ მუშაობაზე აგებს პასუხს, იმაზე, თუ როგორ უნდა შეენაცვლოს ერთმანეთს ორგანიზმში ბიოლოგიური რიტმები. მელატონინის სინთეზისთვის აუცილებელია დღის სინათლე, მზის სხივები. შებინდებისას სისხლში მისი კონცენტრაცია მცირდება, დღისით კი ისევ იზრდება.
საღამოს ჰორმონის დონის შემცირებას ორგანიზმი ზოგიერთი "საწარმოს" შეჩერებისა და ზოგიერთის უფრო ინტენსიურად ამუშავების სასტარტო სიგნალად აღიქვამს. დილით მზის სხივების მომატება კვლავ ააქტიურებს მელატონინის სინთეზს. შედეგად იცვლება ორგანოთა სისტემების მუშაობაც: ზოგი აქტიურდება, ზოგი კი მუშაობის პასიურ რეჟიმზე გადადის.
მელატონინის გავლენით დღე-ღამის განმავლობაში ორგანოთა სისტემების ფუნქციური ცვლილებანი წარმოქმნიან 24-საათიან პერიოდს, რომელსაც დღეღამური ბიორიტმი ჰქვია. იგი დღისა და ღამის მონაკვეთებისგან შედგება.
ღამის ბიორიტმი
ღამის ბიორიტმი ღამის განმავლობაში შინაგანი ორგანოების მუშაობის ხანგრძლივობასა და თანმიმდევრობას განსაზღვრავს.
ღამის ბიოლოგიური საათი 21.00-23.00 საათზე ირთვება. ამ დროს ორგანიზმი "ღამის ცვლაში" სამუშაოდ ემზადება.
22.00 საათზე ნელდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ნახშირწყლოვანი და თერმორეგულაციური ცვლის პროცესები, რის შედეგადაც იკლებს სხეულის ტემპერატურა, ორგანიზმის ენერგეტიკული პოტენციალი, ამის საპასუხოდ კი სისხლში უმნიშვნელოდ იმატებს ლეიკოციტების (ღამით მორიგე ჯარისკაცების) დონე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება თერმორეგულაციურ აპარატში, რის შედეგადაც სხეულის ტემპერატურა დღეღამური რიტმის შესაბამისად იცვლება. დილისა და ღამის ტემპერატურის სხვაობა 0,5-1,0 გრადუსს შეადგენს.
საზოგადოდ, სხეულის ტემპერატურა მაქსიმალურია საღამოს 16.00-დან 18.00 საათამდე, 03.00-დან 04.00-მდე კი მინიმალური (ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს ეს მაჩვენებლები პირიქით აქვთ).
23.00 საათი - ორგანიზმი ძილისთვის მზად არის. 24.00-01.00 საათი - ძლიერდება შიმშილი და ზოგადი აგზნება, განსაკუთრებით - იმ ადამიანებში, რომლებსაც ღამით მეტი შრომითი აქტივობა ახასიათებთ - ე. წ. ბუებში. ტოროლებს ამ პერიოდში მხოლოდ ძილი სურთ.
01.00-05.00 საათი - ორგანიზმში "დასუფთავებითი" სამუშაოები მიმდინარეობს. სრული დატვირთვით მუშაობენ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ისინი ორგანიზმს დღის განმავლობაში დაგროვილი ტოქსინებისგან ათავისუფლებენ და ახალი დღისთვის ამზადებენ.
01.00 საათი - სხეულის ტემპერატურის დაქვეითება გრძელდება, მცირდება არტერიული წნევა და იზრდება ტკივილისადმი მგრძნობელობა. სწორედ ამ პერიოდში ხდება დღის განმავლობაში ასე თუ ისე მოსათმენი ტკივილი აუტანელი და გაუსაძლისი.
02.00 საათი - ვიწროვდება კაპილარული სისხლძარღვები, რის გამოც ნელდება სუნთქვა და მაჯისცემა.
03.00 საათი - არტერიული წნევა და შაქრის შემცველობა სისხლში უკვე ნორმის ქვედა ზღვარს უახლოვდება.
04.00 საათი - ერთობ კრიტიკული პერიოდია, მხოლოდ ღვიძლი განაგრძობს გამწმენდ სამუშაოებს. ამ დროს პულსი მეტისმეტად სუსტია, ტვინი სისხლით მინიმალურად მარაგდება, ამიტომ ქრონიკულად მძიმედ მოავადე ადამიანებისთვის ეს მეტად სარისკო დროა.
05.00 საათი - არტერიული წნევა ნელ-ნელა იმატებს, სმენა მახვილდება და ადამიანი უკვე მცირე და საშუალო ძალის ხმაურზეც რეაგირებს.
06.00 საათი - ფილტვები მთელი დატვირთვით მუშაობს, ძლიერდება ტვინის ჟანგბადით მომარაგება და ჟანგვა-აღდგენითი პროცესები.
06.00-07.00 საათი - სხეული იღვიძებს, ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, არტერიული წნევის მაჩვენებელი, გულისცემა ძლიერდება, პულსი იმატებს.
07.00 საათი - ჟანგვა-აღდგენითი პროცესები აქტიურდება, ძლიერდება ორგანიზმის თავდაცვითი ძალები, იმუნური სისტემის აქტივობა მაქსიმუმს აღწევს.
ღამის განმავლობაში ცალკეულ სისტემათა მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადასვლას უპირატესად ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე ცვლილებები განსაზღვრავს, ვინაიდან სწორედ ეს სისტემები წარმოადგენს ყველა სხვა ორგანოს ფუნქციათა მარეგულირებელ აპარატს.