ქვეწარმავლები საქართველოში: მითები და რეალობა

ზოგი სიმართლეა, ზოგი ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე - სიმართლეს. ამ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით "ოჯახის მკურნალმა" თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორს, ქვეწარმავლებზე კონტროლის სამსახურის უფროსს ბატონ გურამ წიკლაურს მიმართა.
- ბატონო გურამ, ძირითადად, რა სახეობის ქვეწარმავლებია საქართველოში გავრცელებული?
- საქართველოში გავრცელებულია დაახლოებით ოცდათხუთმეტ სახეობამდე ქვეწარმავალი. მათ სიაში შედის 20-22 სახეობის გველი, დანარჩენი კი სხვადასხვა სახეობის ხვლიკია. საერთოდ, ხვლიკი შხამიანი არ არის. დედამიწის ზურგზე მხოლოდ ორი სახეობის შხამიანი ხვლიკი არსებობს და ისინი ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. რაც შეეხება შხამიან გველებს, საქართველოში გავრცელებულია გიურზა. ის ამიერკავკასიაში ყველაზე შხამიანი გველია და რეალურად ყველაზე საშიშიც ადამიანისათვის. შხამიანებს შორის არის აგრეთვე რამდენიმე სახეობის გველგესლა: კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და სხვა. მათი შხამი სიძლიერით გიურზასას ჩამოუვარდება და ნაკლებად ტოქსიკურია. არადა, შხამის ტიპი - ჰემოლიზური ("ჰემოს" - სისხლი, "ლიზის" - დაშლა) - ორივეს ერთნაირი აქვს. არსებობს კატისებრი გველიც, რომელსაც შხამიანი კბილები პირის სიღრმეში აქვს განლაგებული და მისი სუსტი სპეციფიკური შხამი მხოლოდ ხვლიკებზე მოქმედებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- მიუხედავად იმისა, რომ შეშინებული ადამიანისათვის ძალიან ძნელი იქნება ერთმანეთისგან გაარჩიოს შხამიანი და უშხამო გველი, მაინც მაინტერესებს, რა განსხვავებაა მათ აგებულებაში?
- პანიკაში ჩავარდნილი ადამიანისათვის გველების ერთმანეთისაგან გარჩევა მართლაც ძნელია. თუმცა იმასაც მოგახსენებთ, რომ გველის დანახვისას პანიკა საჭირო არ არის. საკმარისია, ორი ნაბიჯი უკან ფრთხილად გადადგათ, რომ თქვენ ქვეწარმავლისგან უსაფრთხო მანძილზე აღმოჩნდებით. განმასხვავებელ ნიშნებს რაც შეეხება, შხამიან გველებს - გველგესლებს (გიურზაც გველგესლების ოჯახს მიეკუთვნება) შედარებით უფრო გამოკვეთილი სამკუთხედი თავი აქვთ. თუმცა არსებობს უშხამო გველიც - ნაირფეროვანი მცურავი, რომელსაც ასევე სამკუთხა თავი აქვს და ამიტომ შეიძლება ადამიანს ის შხამიანებში აერიოს. არსებობს კიდევ ერთი რეალურად განმასხვავებელი ნიშანი, რომლითაც გაცილებით უფრო ზუსტად შეიძლება გაარჩიო შხამიანი ქვეწარმავალი უშხამოსგან, თუმცა ამ განმასხვავებელი ნიშნის დასანახად მას თვალებში უნდა ჩახედო (იღიმება). მოკლედ, ჩვენთან - საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ყველა არაშხამიან გველს აქვს მრგვალი გუგა, შხამიანს კი - ვერტიკალური. ეს არის მკვეთრი განსხვავება მათ შორის, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისათვის ეს განმასხვავებელი ნიშანი პრაქტიკულად არაფრის მომცემია, რადგან ამ ყველაფრის დასანახად ქვეწარმავალი უნდა დაიჭირო და თვალებში ჩახედო. განსხვავება კბენის შემთხვევაშიც შეიძლება. თუ ნაკბენის ადგილზე ორ ნაჩხვლეტს ხედავთ, მაშინ ეს შხამიანი გველის ნაკბენია, მაგრამ, თუ ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს რამდენიმე - ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი, როგორც წესი, ეს უშხამო გველის ნამოქმედარია.
- მაინტერესებს, წელს რა მონაცემები გაქვთ, შეიმჩნევა თუ არა გველების რაოდენობის ზრდა?
- ყოველ წელს სიტუაცია ერთი და იგივეა - სითბოს დადგომასთან ერთად პანიკა იწყება. გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში, როცა ადამიანის გველთან კონტაქტის შემთხვევები მატულობს, ვრცელდება ხმები, რომ ქვეწარმავლების რაოდენობამ მოიმატა. სინამდვილეში წლების განმავლობაში სიტუაცია თითქმის ერთნაირია. წელს ივნისი საკმაოდ რთული იყო, - ქალაქში ასი გამოძახება გვქონდა და ორმოცზე მეტი გველი დავიჭირეთ. როგორც წესი, ნაკლებია, მაგრამ მე ამას იმას ვაბრალებ, რომ წელს ძალიან გრილი და, შეიძლება ითქვას, ცივი გაზაფხული იყო. სწრაფი დათბობის გამო ყველა ქვეწარმავალი ერთდროულად გამოვიდა და მათი სიმრავლე უფრო შესამჩნევი გახდა. ივლისში კი მხოლოდ ორმოცდაათამდე გამოძახება გვქონდა.
- ძალიან დიდი ხანია, საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ კახეთში არსებული გველთსაშენი გაუქმდა თუ დაინგრა და გველები გამოუშვეს თუ გამოექცათ... რა შეგიძლიათ ამის შესახებ უთხრათ საზოგადოებას?
- დასამშვიდებლად ერთ რამეს მოგახსენებთ, ყველა გველთსაშენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა, ან ჩემი იყო, ან იქ ვმუშაობდი, ასე რომ ყველა მათგანის ისტორია თავიდან ბოლომდე ზუსტად ვიცი. ზღაპარია, როცა ამბობენ, რომ ვიღაცას საიდანღაც გველები გაექცა ან რომ სპეციალურად გამოუშვეს. მოგონილია ის ამბავიც, თითქოს თურქეთიდან თუ რომელიღაც სხვა ქვეყნიდან ტრაილერებით შემოჰყავდათ გველები და ალაგ-ალაგ უშვებდნენ. ეს ისტორიები სინამდვილეს არ შეესაბამება.
- რა პროფილაქტიკურ საშუალებებს უნდა მიმართოს ადამიანმა, რომ თავიდან აიცილოს ქვეწარმავლებთან შეხვედრა?
- იმ მომენტიდან, როცა ადამიანი გველს დაინახავს, ეს უკანასკნელი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მისთვის. დაინახე ქვეწარმავალი? ორი ნაბიჯი უკან გადადგი და ისიც თავის გზაზე მშვიდობიანად წავა და შენც. არც ერთი გველი არ ერჩის ადამიანს, პირიქით, ერიდება, ცდილობს, რომ დაემალოს მას. გიურზა აგრესიულია? არა, ბატონო. ახლოს თუ მიხვედი... იცით, ნებისმიერ გველს აქვს ე. წ. უსაფრთხოების მანძილი. თუ ახლოს მიხვალ და ამ ზღვარს გადაკვეთ, ის თვლის, რომ შენ ესხმი თავს და ამიტომ თავს იცავს. საერთოდ, მერწმუნეთ, არც გიურზა და არც ერთი სხვა გველი აგრესიული არ არის და ადამიანს არ დასდევს. უსაფრთხოების მეორე და ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ზომაა სოფლებში, აგარაკებზე, ნაკვეთებზე ბალახის გათიბვა. ზაფხულში მაღალი ბალახი გველების თავშესაფარია. არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ბალახი სოფელში იქნება თუ ვაკესა და საბურთალოზე. ამიტომ კორპუსების ეზოებში, მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელია ბალახის გათიბვა. სადაც მღრღნელები ჩნდება, იქ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდება გველიც. ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა, ნაგვის ბუნკერების დროული დაცლა, მღრღნელებთან ბრძოლა...
- თბილისის რომელ უბანში აქვს ადამიანს ქვეწარმავლებთან შეხვედრის უფრო მეტი შანსი?
- ქვეწარმავალთან შეხვედრის უფრო მეტი შანსი აქვთ: ნუცუბიძის პლატოს, ვარკეთილის, გლდანის, ვაზისუბნის, ვაკის ზედა მხარის (მთისპირა) ქუჩების მოსახლეობას. პრინციპში, ნებისმიერ ადგილას შეიძლება გამოჩნდეს გველი, მაგრამ თბილისში შხამიანი გველის გამოჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია, გარდა ერთი უბნისა - ეს გახლავთ ორთაჭალის ბოლო, იქ, სადაც თბილისი მთავრდება. ეს ტერიტორია კრწანისიდან იწყება და აღმოსავლეთისკენ, რუსთავისკენ და კიდევ უფრო იქით გრძელდება. ეს გიურზას საბინადრო ადგილებია. ეს ქვეწარმავალი, გარდა ჩამოთვლილისა, კახეთსა და ქვემო ქართლშიც არის გავრცელებული.
- ალბათ, საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ფლობთ ინფორმაციას...
- დასავლეთ საქართველოში შხამიანი ჯიშებიდან კავკასიური გველგესლა შეიძლება შეგხვდეთ ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთში და საერთოდ, კოლხეთის დაბლობის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მთაში (განსაკუთრებით, რაჭაში) კი გვხვდება ველის გველგესლა. მართალია, ის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანისათვის, თუმცა ეს მაინც შხამიანი გველია და მისი ნაკბენი არც სასიამოვნოა და არც სასურველი. სხვა (უშხამო) გველებიდან გავრცელებულია ორი სახეობის ანკარა, რამდენიმე სახეობის მცურავი, კატისებრი გველი და სხვა.