ფიზიოლოგიურ მახასიათებელთა და ორგანოთა ზომების ნორმირება

ამ მაჩვენებლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან თითოეული მათგანის ნორმიდან მცირედი გადახრაც კი ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე მიგვითითებს.
არტერიული წნევა
გული, ორგანიზმის ბიოლოგიური ტუმბო, მთელი სიცოცხლის განმავლობაში განუწყვეტლივ რიტმულად იკუმშება, მოძრაობაში მოჰყავს სისხლძარღვებში გამდინარე სისხლი და უზრუნველყოფს მის სათანადო მოძრაობას. სისხლძარღვებში მოძრაობისას სისხლი მათ კედლებს აწვება და ამ ზეწოლით წარმოქმნის არტერიულ წნევას, რომელსაც ორი მაჩვენებელი აქვს. ისინი ვერცხლისწყლის სვეტით მილიმეტრებში იზომება. ზედა (პირველი რიცხვი) სისტოლურ წნევას გამოსახავს, ქვედა (მეორე რიცხვი) კი დიასტოლურს. არტერიული წნევა ორგანიზმის ყველაზე სწრაფად და ხშირად ცვლადი ფიზიოლოგიური მაჩვენებელია. ასაკის მიხედვით მისი ნორმები ასეთია:
- 16-20 წელი: სისტოლური - 100-120, დიასტოლური - 70-80 მმ.ვწყ.სვ;
- 0-40 წელი: სისტოლური - 120-130, დიასტოლური - 70-80 მმ.ვწყ.სვ;
- 40-60 წელი: სისტოლური - 140-მდე, დიასტოლური - 90-მდე მმ.ვწყ.სვ;
- 60 წლის შემდეგ: სისტოლური - 150, დიასტოლური - 90 მმ.ვწყ.სვ.
ჯანმოს რეკომენდაციათა თანახმად, არტერიული წნევის ოპტიმალური მაჩვენებელი 120/80-ზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო ნორმის ზედა ზღვარი - 150/85.
ფარისებრი ჯირკვალი
ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ყველაზე დიდი ენდოკრინული ორგანოა, რომელსაც 2,5 სმ X 2,5 სმ ზომის ოთხკუთხა ფირფიტის ფორმა აქვს. მისი სისქე 6-8 მმ-ია. ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის წონა 1-3 გ-ია, ერთი წლის ბავშვისა - 3,0 გ, 12-16 წლის ასაკში იგი ინტენსიურად იზრდება და მოწიფულ ასაკში უკვე 30-60 გრამს იწონის. ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი მთავარ ფუნქციას იოდის დაგროვება და მისი ცვლის რეგულირებაა. ორგანიზმში მოხვედრილი იოდის 60-80% ფარისებრ ჯირკვალშია ლოკალიზებული, ანუ სხეულში აკუმულირებული 20-დან 50 მგ-მდე იოდიდან კუნთებში 10-15 მგ გროვდება, ფარისებრ ჯირკვალში კი 15-25 მგ. იოდი ორგანიზმისთვის აუცილებელ იმ მიკროელემენტთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა გარეშეც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობა წარმოუდგენელია. ადამიანი გასაოცარი მუდმივობით ინარჩუნებს სისხლში იოდის მუდმივ კონცენტრაციას. ამ ელემენტის საშუალო დღეღამური მოთხოვნილება სხეულის მასის 1 კგ-ზე 3 მკგ-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი იზრდება ორსულობის, ორგანიზმის გაძლიერებული ზრდისა და გადაციების დროს. ორგანიზმის იოდზე მოთხოვნილება ასაკის მიხედვითაც იცვლება: ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 100-200 მკგ-მდე იოდი სჭირდება, წლამდე ასაკის პატარას - ნაკლები, 40-50 მკგ, 1-3 წლისას -70 მკგ, 4-6 წლისას - 90 მკგ, 6-დან 12 წლამდე - 120 მკგ, 12 წლამდე ასაკის მოზარდისთვის კი 150 მკგ-მდე ეს მიკროელემენტია საჭირო. მამაკაცებისთვის იოდის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობა 150 მკგ-ია. ამდენივე სჭირდებათ 50 წლამდე ასაკის ქალბატონებს, 50 წლის შემდეგ კი 175-200 მკგ-ია საჭირო. გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები და მეძუძური დედები - მათ დღე-ღამეში აუცილებლად უნდა მიიღონ 250 მკგ იოდი. ორსულობისას იოდის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ფარისებრ ჯირკვალში არსებული იოდის თითქმის მთელი ოდენობა (99%) მის ჰორმონთა შემადგენლობაში შედის, მხოლოდ 1%-ია წარმოდგენილი არაორგანული იოდის სახით. ჰორმონი, რომლის სინთეზშიც იოდი მონაწილეობს, სამია: თიროქსინი ანუ ტეტრაიოდთირონინი, ტრიიოდთირონინი და თირეოკალციტონინი. თიროქსინი და ტრიიოდთირონინი სხეულის ზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის, გულისა და სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციობისთვის, მათ გარეშე წარმოუდგენელია ნივთიერებათა ცვლის საჭირო ინტენსივობით წარმართვა. მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა თერმორეგულაციურ რეაქციათა გააქტიურებაც, რის მეშვეობითაც უჯრედების მიერ სითბოს გამომუშავება რეგულირდება.
თირეოკალციტონინის ძირითადი ფუნქცია კალციუმის ცვლის რეგულირებაა. სისხლში მისი საჭირო ოდენობით არსებობისას გაძვალების პროცესები და კბილების ფორმირება ნორმალურად მიმდინარეობს. ამიტომაც აქვს ამ ჰორმონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჩონჩხის ჩამოყალიბების, ზრდისა და განვითარების პერიოდში, როდესაც სისხლში მის კონცენტრაციაზე უშუალოდ არის დამოკიდებული ჩონჩხის ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირება. იოდის სიმცირისას საჭიროზე ნაკლები ოდენობის ჰორმონები წარმოიქმნება და ორგანიზმში ვითარდება ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობანი, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას.
სხეულის ტემპერატურა
სხეულის ტემპერატურა ადამიანის ორგანიზმის თბური მდგომარეობის კომპლექსური მაჩვენებელია, რომელიც ასახავს სხვადასხვა ორგანოსა თუ ქსოვილის მიერ სითბოს გამომუშავებასა და თბურ ცვლასთან დაკავშირებულ პროცესთა მიმდინარეობას. ეგზოთერმული რეაქციებისა და დამცავი მექანიზმების წყალობით, რომლებიც სხეულიდან ჭარბ სითბოს გამოყოფს, ადამიანის სხეულის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 36,5-დან 37,2-მდე მერყეობს. როცა სხეულის ტემპერატურა 32 გრადუსამდე ეცემა, ადამიანს კანკალს აწყებინებს, 27 გრადუსზე კომაში ვარდება, 25-ის ქვევით კი კრიტიკული ტემპერატურაა.