როცა ყოველი წუთი ძვირფასია
- რა იწვევს ბავშვთა ასაკში კომურ მდგომარეობას, როგორ ამოვიცნოთ მოსალოდნელი კომა და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი კომაში ჩავარდა?
- ჩვილ ასაკში კომური მდგომარეობა მწვავე ინფექციური დაავადებების დროს არცთუ იშვიათია. კომური მდგომარეობა ვითარდება ისეთ ორგანოთა დაავადებისას, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ჰომეოსტაზის რეგულაცია. ეს ორგანოებია ღვიძლი, თირკმელები, პანკრეასი. მათი ფუნქციის მოშლა - ორგანიზმის მოთხოვნებზე შეუსაბამო პასუხი იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მომწამვლელად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და კომური მდგომარეობა ვითარდება.
თითქმის ყველა ასაკის ბავშვებს, ახალშობილებიდან მოზარდებამდე, შესაძლოა განუვითარდეთ კომა, რომელიც არავითარ დაავადებასთან არ არის დაკავშირებული. მას სპონტანური ჰიპოგლიკემიური კომა ეწოდება. მისი კლინიკური სურათი მრავალფეროვანია - სიფითრე, ძლიერი შიმშილის გრძნობა, დაღლილობის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება და ცივი ოფლი, რაც ზოგადი კლინიკური ხასიათის კრუნჩხვებში და საბოლოოდ კომაში გადაიზრდება. კრუნჩხვები ზოგჯერ რომელიმე კიდურში ან სახის კუნთშია ლოკალიზებული. ჰიპოგლიკემიური კომა ზოგჯერ წინამორბედი ნიშნების გარეშე ვითარდება, მეტწილად იწყება დილით, უზმოზე. განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:
- ფიზიოლოგიური ჰიპოგლიკემია ნორმალურ ახალშობილთა შორის - სიცოცხლის პირველ დღეებში შაქრის რაოდენობა სისხლში შესაძლოა 30მგ%-მდე დაეცეს და ასე გაგრძელდეს, ვიდრე დედას რძე საკმარისი ოდენობით არ გამოეყოფა. სუსტი ჰიპოგლიკემია ზოგჯერ შეუმჩნეველია, ზოგჯერ კი იწვევს სიფითრეს, ძლიერ ოფლიანობას, ციანოზს, კრუნჩხვებს.
- ჰიპოგლიკემია დიაბეტით დაავადებულთა ახალშობილებში - მუცლადყოფნის პერიოდში დედის ჰიპერგლიკემია ნაყოფში იწვევს ინსულინური აპარატის ჰიპერპლაზიას ინსულინის გაძლიერებული გამოყოფით. დაბადების შემდეგ შაქრის დახარჯვის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემიის აშკარა სურათი.
- იდიოპათიური ჰიპოგლიკემია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში - ჰიპოგლიკემიის შედეგები მჟღავნდება 1-5 წლამდე, შემდეგ იგი იშვიათდება და ბოლოს სრულიად ქრება.
- ჰიპოგლიკემია ამინომჟავებისადმი ტოლერანტობის დაქვეითებით - უვითარდებათ ჩვილ ბავშვებს ცილით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ.
- ჰიპოგლიკემია ფრუქტოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითებით - ვითარდება დიდი ოდენობით ფრუქტოზის შემცველი საკვების მიღების შედეგად.
- როგორ გამოვიყვანოთ ბავშვი მდგომარეობიდან?
- მსუბუქ შემთხვევაში საკმარისია შაქრის მიცემა ნებისმიერი სახით (ტკბილი წყალი, შაქრის ნატეხი ან ფხვნილი). კომის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ჩარევა - 20%-იანი გლუკოზის ვენაში შეყვანა; მძიმე კომის დროს - გლუკოზის განსაზღვრული დოზის ერთბაშად შეყვანა, შემდეგ კი წვეთოვანი ფორმით, ვიდრე ავადმყოფი კომური მდგომარეობიდან არ გამოვა.
- გაზაფხულზე ჩვილ ბავშვებში იმატებს კრუნჩხვებისადმი განწყობა. რისი ბრალია ეს და როგორ მოვიქცეთ კრუნჩხვის დროს?
- რაქიტოგენული და, საზოგადოდ, ტეტანიისმაგვარი კრუნჩხვები ელექტროლიტების, კერძოდ, ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოშლის ფონზე ვითარდება. ამის მიზეზია ჩვილის არასწორი კვება, ცუდი მოვლა (ჰაერის, მზის სხივების ნაკლებობა), ხშირი ავადმყოფობის (სასუნთქი გზების, კანისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების) შედეგად ორგანიზმში კალციუმის დონის შემცირება. კუნთების აგზნებას, გარდა რაქიტისა, იწვევს ასევე პარათირეოიდული ჯირკვლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავისა და სხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც თან სდევს კალციუმის უკმარისობა, კრუნჩხვებისადმი განწყობას ბადებს. ასეთ ბავშვებს პრაქტიკულად ჯანმრთელ მდგომარეობაშიც კი აქვთ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება. კრუნჩხვა ვითარდება ტემპერატურის აწევის, სუნთქვის გახშირებისა და დიურეზის გაძლიერების დროს. სპაზმოლიზური კრუნჩხვების დროს კრუნჩხვის დაწყებამდე ბავშვის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მენინგოენცეფალური ნიშნები არ შეიმჩნევა, კრუნჩხვის დასრულების შემდეგ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აღდგება. ექიმის მოსვლამდე უნდა გამოვაღოთ ფანჯარა და ბავშვს უწყვეტად მივაწოდოთ ჟანგბადი, გავუსუფთაოთ პირის ღრუ, რათა არ გადასცდეს საკვები, სამედიცინო ჩარევის შემდეგ კი საჭიროა იმ მიზეზის აღმოფხვრა, რომელმაც გამოიწვია კრუნჩხვა.
- ბავშვთა ასაკში არაეპილეფსიური, პაროქსიზმული შეტევა გაცილებით ხშირია, ვიდრე ეპილეფსიური, თუმცა ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც გულის წასვლა, მოტორული აქტივობა (კუნთთა ტონუსის ცვლილება) და სფინქტერების დისფუნქცია (უნებლიე შარდვა და დეფეკაცია) სდევს თან, მაშინვე მიეწერება ეპილეფსიას. როგორ განვასხვაოთ ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთისგან?
- გული ადამიანს მაშინ მისდის, როდესაც თავის ტვინში არ მიედინება სათანადო ოდენობის სისხლი.
გულის წასვლა, სინკოპე, მიზეზის კვალობაზე, რამდენიმე სახისაა:
- კარდიული - გულსისხლძარღვოვანი;
- ფებრილური - მაღალ ტემპერატურაზე განვითარებული;
- იატროგენული - მედიკამენტური;
- ტრავმული - თავის, თვალებისა და ეპიგასტრიუმის ტრავმით, ასევე ელექტროშოკითა და ნახშირჟანგით (CO) მოწამვლით განპირობებული;
- დაძაბვისა - განპირობებულია არასწორი ფიზიკური დატვირთვით, ხშირია გარდატეხის პერიოდში;
- ზოგიერთი დაავადებით - ყივანახველათი, ასთმით და ა.შ. - განპირობებული;
- დიგესტიური - ყლაპვის დროს ცთომილი ნერვის გაღიზიანებით გამოწვეული.
ბავშვების 3-4%-ს აღენიშნება ფებრილური გულყრა. ის უმთავრესად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ. პიკი 18-22 თვეზე მოდის. ფებრილური გულყრა ორნაირია - მარტივი და რთული.
მარტივ ფებრილურ გულყრას ახასიათებს:
- დასაწყისი - 1 წლის შემდეგ
- ბავშვის განვითარება და ნევროლოგიური სტატუსი გულყრამდე ნორმალურია
- გულყრა ფიქსირდება 38,5-ზე მაღალი ტემპერატურის დროს
- გენერალიზებულია
- გრძელდება არა უმეტეს 15-20 წუთისა
- გულყრის შემდეგ გასინჯვისას აღინიშნება ნევროლოგიური ცვლილებები
- 24 საათის განმავლობაში ფიქსირდება გულყრის ერთი შემთხვევა
რთულ ფებრილურ გულყრას ახასიათებს:
- იწყება 1 წლამდე ან 6 წლის შემდეგ
- გულყრამდე ან მის შემდეგ აღინიშნება ნევროლოგიური სტატუსის ცვლილებები ან მენტალური შეფერხება
- გულყრა იწყება შედარებით დაბალ - 38 გრადუსზე ნაკლებ - ტემპერატურაზე
- 24 საათის განმავლობაში აღინიშნება რამდენიმე შეტევა
- შეტევის ხანგრძლივობა 20 წუთზე მეტია
- როგორ ვმართოთ ფებრილური გულყრა?
- სახლში, ექიმის მოსვლამდე, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება: სასუნთქი გზების გათავისუფლება, ჟანგბადის მაქსიმალური მიწოდება. ბავშვი უმეტესად ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე გამოდის მდგომარეობიდან. თუ გულყრა 10 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოთ. ფებრილური გულყრის განმეორების ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება მისი გამოვლენა. 1 წლამდე განვითარებული ფგ-ის განმეორების რისკი 50%-ია, 3 წლის შემდეგ განვითარებულისა - 20%. არსებობს დამოკიდებულება ტემპერატურის მიმართაც. კერძოდ, რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე განვითარდა გულყრა, მით უფრო ნაკლებია მისი განმეორების ალბათობა.
- შესაძლებელია თუ არა ფებრილური გულყრის შემდეგ ეპილეფსიის განვითარება?
- არსებობს ფგ-ის შემდგომ ეპილეფსიის განვითარების რისკფაქტორები. ესენია:
- არანორმალური ნევროლოგიური სტატუსი ან მენტალური შეფერხება ფგ-მდე;
- ოჯახური ანამნეზი კრუნჩხვებისა, რომელიც არ განვითარებულა მაღალი ტემპერატურის ფონზე;
- რთული ფებრილური გულყრები.
- როგორ ავიცილოთ თავიდან განმეორებითი ფებრილური გულყრა?
- ნუ დაუშვებთ სიცხის აწევას მაღალ ციფრებამდე, დროულად მიეცით ბავშვს სიცხის დამწევი საშუალება. შესაძლო გართულების თავიდან აცილების მიზნით უწყვეტი კონტაქტი იქონიეთ ბავშვთა ნევროპათოლოგთან.
- სასუნთქ გზებში უცხო სხეული ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გადასცდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთი რამ მაინც 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. როგორია ტაქტიკა ასეთ დროს?
- სასუნთქ გზებში ხვდება სხვადასხვა სხეული: მზესუმზირა, საზამთროს, გოგრის თესლი, ლობიოს, კაკლის, სიმინდის მარცვლები, საკვების ნაწილაკები... სასკოლო ასაკის ბავშვებში ხშირია საკანცელარიო, ლითონის ნივთების გადაცდენა. ცხადია, ეს სხეულები ქიმიური შემადგენლობითაც განსხვავებულია - ორგანული, არაორგანული, მეტალისა... ამას მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის მეთოდის შერჩევისას. ორგანული წარმოშობის უცხო სხეული იწვევს ქვედა სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებით, ჩირქოვან, ალერგიულ ცვლილებებს, მეტალისა - ლორწოვანის გრანულაციებსა და ნაწოლებს. ლორწოვანის დაზიანების ხასიათი და ხარისხი ასევე დამოკიდებულია უცხო სხეულის ზომაზე. უცხო სხეულის სასუნთქ გზებში მოხვედრისას ერთადერთი სწორი ტაქტიკაა დროული სამედიცინო ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები. ყოფილა შემთხვევები, როცა მშობელს უცხო სხეულის ამოღების მცდელობისას ის უფრო ღრმად და ქვემოთ ჩაუტანია. ასეთ დროს მეტია ლორწოვანის დაზიანების ალბათობაც.
- 5 წლამდე ასაკის ბავშვებს კიდევ ერთი მტერი ჰყავთ - ცრუ კრუპი. რა განსხვავებაა ნამდვილ და ცრუ კრუპს შორის?
- სიტყვა "კრუპი" ნადებს ნიშნავს. ცრუ კრუპი სინდრომს იმიტომ უწოდეს, რომ ნათელი ყოფილიყო განსხვავება მასა და ჭეშმარიტ კრუპს შორის, რომელიც ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების - ხორხის დიფტერიის დროს. მათი სიმპტომები ერთნაირია, მაგრამ გამომწვევი მიზეზია სხვადასხვა. დიფტერიის დროს ამ სიმპტომებს - ხმის ჩახლეჩას, სუნთქვის გაძნელებას, მოხრჩობის შეგრძნებას - იწვევს ფიბრინული ნადები, რომელიც ავიწროებს ხორხის სანათურს. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს. თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, ნადების წარმოქმნა გაგრძელდება და ბავშვი დაიხრჩობა.
ცრუ კრუპის დროს ნადები არ ჩნდება. ხორხის შევიწროების მიზეზი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს.
- რა ვიღონოთ სასწრაფოს მოსვლამდე?
- სუნთქვის გაძნელება პატარას აშინებს, ბავშვი ტირის, ყვირის, ითხოვს შველას, ისტერიკა კი დამატებით სპაზმებს იწვევს და მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, ბავშვი უნდა დაამშვიდოთ. უთხარით: "დედიკო შენ გვერდითაა, ყველაფერი კარგად იქნება". დაარწმუნეთ, რომ როგორც კი ტირილს და ყვირილს შეწყვეტს, სუნთქვა მაშინვე გაუადვილდება.
- ვიდრე დედა ბავშვს ამშვიდებს, ოჯახის სხვა წევრებმა სარკმელი უნდა გამოაღონ, რათა ოთახში სუფთა ჰაერი შემოვიდეს. თუ ზამთარია და ყინავს, ფანჯარა მეორე ოთახში გამოაღეთ. დაიმახსოვრეთ: ცივი ჰაერი თვითონვე იწვევს სპაზმს.
- დაალევინეთ თბილი სითხე. უმჯობესია, ეს იყოს ტუტე ხსნარი - თბილი ბორჯომიანი რძე. თუ ჭიქიდან სმა უჭირს, მიეცით კოვზით.
თუ თქვენი პატარა კრუპის განვითარებისკენ არის მიდრეკილი, ურიგო არ იქნება, თუ ავადმყოფობის პირველ ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი) მიიღებთ შემდეგ ზომებს:
- დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დაატენიანებთ ბავშვის საწოლი ოთახის ჰაერს: ოთახში ელექტროქურაზე აადუღებთ სოდიან წყალს და დაელოდებით, ვიდრე ორთქლი ოთახში კარგად დატრიალდება.
- მოარიდებთ ბავშვს ცივ ჰაერს (არ გაუშვებთ თბილი ოთახიდან აივანზე ან ეზოში) და სითხეს.
- ძილის წინ გაუკეთებთ ფეხის თბილ აბაზანებს.
თუ გამოცდილება უკვე გაქვთ და შეამჩნიეთ კრუპისთვის დამახასიათებელი ტრიადა: მყეფავი, მშრალი ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, - გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან თქვენ თვითონ წაიყვანეთ პატარა სპეციალიზებულ, ინფექციურ საავადმყოფოში.