პირველი დახმარება საკვებით, ალკოჰოლით, მედიკამენტებით, ნარკოტიკებითა და ნახშირჟანგით მოწამვლისას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

პირველი დახმარება საკვებით, ალკოჰოლით, მედიკამენტებით, ნარკოტიკებითა და ნახშირჟანგით მოწამვლისას

პირველი დახმარება საკვებით, ალკოჰოლით, მედიკამენტებით, ნარკოტიკებითა და ნახშირჟანგით მოწამვლისას
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება

 

მისი ამოცნობა?

- მოწამვლა ანუ ინტოქსიკაცია ეწოდება პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ცოცხალი ორგანიზმისა და შხამის ურთიერთქმედების შედეგად ვითარდება. შხამის როლში შესაძლოა მოგვევლინოს ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევა და ამით საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.



ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედება და შედეგი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: შხამის კონცენტრაციაზე, ორგანიზმში მისი მოხვედრის გზაზე, ორგანიზმში შესვლისა და იქიდან გამოსვლის დროზე, მოწამლულის სქესზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კლიმატზე... მავნე ნივთიერება ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს პირის
ღრუდან, სასუნთქი გზებიდან, სისხლის მიმოქცევის სისტემიდან, კანიდან. ყველაზე ხშირად ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმში პირიდან ხვდება. ზოგიერთი მათგანის შეწოვა და სისხლში მოხვედრა პირის ღრუდანვე იწყება. უმთავრესად იწამლებიან ძველი, ვადაგასული სურსათით, უხარისხო სასმლით, კონსერვებით, სოკოთი. მოწამვლის შედეგი სხვადასხვაგვარია, მსუბუქი დისკომფორტით დაწყებული, ინვალიდობითა და სიკვდილით დამთავრებული (ბოტულიზმისა და ალკოჰოლით
მოწამვლის შემთხვევაში). უქეიფობის პირველმა სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს საკვების ან სასმლის მიღებიდან 5-6 ან 12-14 საათის შემდეგ. ისინი ყველასთვის ნაცნობია: ღებინება, ფაღარათი, ძლიერი სისუსტე, მუცლის ტკივილი. საკვებით მოწამვლა განსაკუთრებით ზაფხულობით ხშირდება, რასაც სიცხე და მაღალ ტემპერატურაზე კვების პროდუქტების გაფუჭება განაპირობებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს თითოეულ ჩვენგანს ორმაგი სიფრთხილე მართებს. ვიცით, რომ საკვები გრილ ადგილას უნდა შევინახოთ და დავინტერესდეთ მათი შენახვის პირობებით შეძენის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჯანმრთელობას ზიანი მივაყენოთ.

 


- როგორ ავიცილოთ თავიდან სოკოთი მოწამვლა? როგორ მო­ვიქცეთ მოწამვლის შემთხვევაში?
- მოწამვლას ამოიცნობთ კუჭის ტკივილით, პირის გაშრობით, ღებინებით, ფაღარათით, გონების დაკარგვით, ხელ-ფეხის გაცივებით, ნევროლოგიური დარღვევებით, კრუნჩხვით. მოწამვლის პირველი ნიშნებისთანავე ავადმყოფს დაუყოვნებლივ უნდა ამოვურეცხოთ კუჭი და გავუთავისუფლოთ ნაწლავები, მივცეთ გააქტიურებული ნახშირი და სასწრაფოდ გადავიყვანოთ სტაციონარში.


- რა უნდა ვიცოდეთ ბოტულიზმის შესახებ, რამდენად საშიშია იგი?
- ბოტულიზმი მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ყველაზე ძლიერი ბაქტერიული ტოქსინი - ბოტულოტოქსინი. მას, წესისამებრ, კონსერვები და შაშხი შეიცავს. ბოტულიზმით დაავადების დასაწყისშივე იპყრობს ყურადღებას მხედველობის დარღვევები: ავადმყოფი ბუნდოვნად, გაორებულად ხედავს, თითქოს ბურუსშია, კითხვისას ასოები ეფანტება, თვალების მოძრაობა შეზღუდული აქვს ან საერთოდ არ შეუძლია. მხედველობის მოშლასთან ერთად ირღვევა ყლაპვისა და მეტყველების ფუნქციაც: ავადმყოფი საკვებს ვერ ყლაპავს, უჭირს ენის მოძრაობა, ლაპარაკი, შეცვლილი აქვს ხმა და გაურკვევლად ლუღლუღებს. დაავადების დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე მდგომარეობა ძალიან მძიმდება და ავადმყოფი სუნთქვისა და გულის გაჩერებით იღუპება.


- როგორ ავიცილოთ თავიდან ბოტულიზმი?
- ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, დაკონსერვების წინ პროდუქტები გულდასმით გავრეცხოთ, რათა მთლიანად მოვაცილოთ მიწა და ფეკალ­ური მასები, რომელიც ბოტულიზმის გამომწვევს შეიცავს. საიმედო მეთოდად ითვლება სათანადო სტერილიზაცია მაღალი წნევისა და ტემპერატურის (1200ც) პირ­ობებში, მაგრამ მათი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ქარხნული წესით კონსერვების დამზადებისას, შინაურ პირობებში კი გამომწვევის გამძლე ფორმების (სპორების) მოსპობა თითქმის შეუძლებელია, ამიტომაც არის საჭირო, პროდუქტი დაკონსერვებამდე ზედმიწევნით კარგად გაირეცხოს. გამოყენებამდე დაკონსერვებული პროდუქტი თერმულად უნდა დამუშავდეს - 20-30 წუთის განმავლობაში იდუღოს.


- როგორ მოვიქცეთ, თუ ბოტულიზმი ვიეჭვეთ?
- ბოტულიზმზე ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფს, თუ ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ყლაპვისა და ხველების უნარი, უნდა ამოერეცხოს კუჭი, დაუყოვნებლივ მოთავსდეს საავადმყოფოში და ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა, ხოლო იმ პირებს, რომელთაც ავადმყოფთან ერთად მიიღეს საეჭვო საკვები, უკეთებენ ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატს.


- რა ხდება ალკოჰოლით მოწამვლისას?
- ალკოჰოლის მინიმალური სასიკვდილო დოზა სხვადასხვაა, გააჩნია მინარევს და ინდივიდუალურ მგრძნობელობას. ალკოჰოლის ტოქსიკურმა დოზამ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ეთილის სპირტი (ღვინის სპირტი, არაყი, ჭაჭა და სხვა) მოქმედებს გულზე, სისხლძარღვებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, ყველაზე მეტად კი თავის ტვინზე. ეთანოლი ახდენს ფსიქოტროპულ მოქმედებას, აქვს ნარკოტიკული ეფექტი, იწვევს ფსიქომოტორულ აგზნებას. მძიმე ხარისხის თრობის დროს ადამიანი იძინებს, ძილიდან კი გადადის უგონო მდგომარეობაში - კომაში. ხშირია პირღებინება და პირნაღები მასების სასუნთქ გზებში გადაცდენა, რაც სუნთქვის შეფერხებას და სიკვდილს იწვევს. მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნებია:

  • წამოწითლებული, ციანოზური (მოლურჯო) სახე;
  • ცივი, წებოვანი კანი;
  • უგონო, უკონტაქტო მდგომარეობა;
  • წყვეტილი, ხმაურიანი სუნთქვა;
  • წნევისა და პულსის ცვალებადობა.

თუ მოწამლული უგონოდ არის ან გონება აქვს დაბინდული, დაუყოვნებლივ დააწვინეთ გვერდზე, რათა უზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა. სახე მიქცეული უნდა იყოს ოდნავ ქვემოთ, რათა პირნაღები მასა არ მოხვდეს სასუნთქ გზებში. რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოწამლული უყურადღებოდ არ დატოვოთ. ალკოჰოლი აფართოებს კანის სისხლძარღვებს, ამიტომ ალკოჰოლით გაბრუებული ადამიანი სწრაფად კარგავს სითბოს. ამან შესაძლოა გადაცივება გამოიწვიოს, ამიტომ თბილად დაახურეთ. გარდა ამისა:

თუ მოწამლულს შეუძლია ყლაპვა და ხველება, ამოურეცხეთ კუჭი - მიეცით ცივი სოდიანი წყალი და ენის ძირზე თითის დაჭერით გამოიწვიეთ პირღებინება;

  • ასუნთქეთ ნიშადურის სპირტი;
  • დაალევინეთ აღმგზნები საშუალება (ჩაი, ყავა);
  • მიეცით გააქტიურებული ნახშირი - 2 ტაბლეტი 2 საათში ერთხელ.

თუ მდგომარეობა დამძიმდა, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.


- რას გვეტყვით მედიკამენტებით მოწამვლაზე?
- მოწამვლა შესაძლებელია ნებისმიერი მედიკამენტით, რომელიც კი ჩვენს საოჯახო აფთიაქში მოიძებნება. ყველაზე ხშირია სიცხის დამწევი საშუალებებით, ანტიდეპრესანტებით, ბარბიტურატებით, საძილეებით, წნევის დამწევი საშუალებებით მოწამვლა. მედ­იკამენტებით, რო­გორც წესი, პატარა ბავშვები იწამლებიან, რომლებსაც იზიდავთ ფერადი ტაბლე­ტები, მაგრამ შეიძლება მოიწამლონ უფ­როსებიც, თუ წამალი ექიმის დანიშნულ­ების გარეშე მიიღეს ან თვი­თნებურად გაზარდეს მისი დოზა. მედიკამენტით მოწ­ა­მვლისას კლინიკური სურათი დამოკიდებულია მედიკ­ამენტის სახ­ეობაზე. საძილე და დამამშვიდებელი საშუალებებით მოწა­მვლისას თავს იჩენს მოძრ­აობის შენე­ლება, კოორდინაციის დარღვევა, მოთენთილობა, ძილიანობა, რომ­ელიც შესაძლოა გადაიზარდოს ღრმა ძილსა და უგონო მდგომარეობაშიც, რასაც მოჰყება სუ­ნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მოშლა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებებით (დიგოქსინი, ანაპრილინი, იზოპტინი, კლოფელინი) მოწამვლისას აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, გულის რიტმის დარღვევა, ზოგჯერ გულის გაჩერებაც კი. სიცხის დამწევებით და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (ასპირინი, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, პარაცეტამოლი) მოწამვლისას ვითარდება აგზნებადობა, ეიფორია, თავბრუხვევა, შუილი, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, სუთქვის მოშლა, ბოდვა, კომა, კანქვეშა სისხლჩაქცევები და სხვა სახის სისხლდენები. ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორების (კოფეინი, ამინოფილინი, ეუფილინი) საშიში ზედოზირების ნიშნებია:

  • პანიკა;
  • სიკვდილის შიში;
  • ფსიქომოტორული აგზნება (ადამიანი ადგილს ვერ პოულობს, აქეთ-იქით აწყდება);
  • არტერიული წნევის მატება;
  • გულისცემის გაძლიერება და გახშირება, არითმია;
  • კრუნჩხვა;
  • ძლიერი მოპულსირე თავის ტკ­ივილი;
  • შუილი ყურებში;
  • ტემპერატურის მატება.

ამ ნიშნების შემჩნევისას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თუ მოწამლული გონზეა და საკუთარ მოქმედებას აკონტროლებს, დაალევინეთ 3-4 ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი და გამოიწვიეთ ღებინება. კუჭის ამორეცხვა აუცილებელია 2-3-ჯერ. მოძრაობის კოორდინაციის დარღვევისას ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა დავაწვინოთ. თუ უცებ დაკარგა გონება, თავი გვერდზე უნდა გადავუბრუნოთ, რათა პირნაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადასცდეს. ექიმის მოსვლისას შეძლებისდაგვარად ზუსტად მიუთითეთ პრეპარატის დოზა და მიღების დრო. სუნთქვისა და გულის მუშაობის დარღვევისას აუცილებელია სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება.


- დღეს ხშირია ნარკოტიკებით მოწამვლა და სიკვდილი...
- ნარკოტიკის დოზის გადაჭარბება არღვევს სასიცოცხლო ორგანოების - თავის ტვინის, ღვიძლის, გულის, ფილტვების, თირკმელების მუშაობას. მოსალოდნელია გულის გაჩერება, სუნთქვის შეწყვეტა, გონების დაკარგვა. ნარკოტიკებით მოწამვლის რისკი, უწინარეს ყოვლისა, ნარკოტიკის რაოდენობასა და ხარისხთან არის დაკავშირებული. სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ნარკოტიკების აღრევა - როგორც ერთ შპრიცში რამდენიმე ნარკოტიკის კოქტეილი, ასევე სხვადასხვა საშუალების - ოპიატების, დიმედროლის, ბარბიტურატების, ალკოჰოლის - ერთდროული გამოყენება. ერთმანეთთან კომბინირებისას ნარკოტიკების ტოქსიკური ზემოქმედება ძლიერდება. ოპიატები და ალკოჰოლი მომაკვდინებელი კომბინაციაა. რაც უფრო მეტია ალკოჰოლი ორგანიზმში, მით უფრო ნაკლები ოპიატია საჭირო დოზის გადასაჭარბებლად. ნარკოტიკების ერთ-ერთი თავისებურებაა მიჩვევა. მიჩვევისას ადამიანი იძულებულია, მოსალოდნელი ეფექტის - ეიფორიის, კაიფის მისაღწევად ყოველ ჯერზე გამოიყენოს უფრო და უფრო მეტი დოზა. დოზის უწყვეტი გაზრდა აძლიერებს ნარკოდამოკიდებულებას და ძალიან მალე იწვევს მოწამვლას. შუალედის (მკურნალობა, თავშეკავება, დეტოქსიკაცია და სხვა) შემდეგ ჩვეული დოზის მიღებაც ზრდის მოწამვლის რისკს. ნარკოტიკებით (მორფინი, ოპიუმი, კოდეინი და სხვა) საშიში მოწამვლის ნიშნებია:

  • ნელი, გაიშვიათებული სუნთქვა;
  • არტერიული წნევის დაცემა;
  • გულისცემის გახშირება;
  • გუგების შევიწროება (წერტილოვანი გუგები);
  • ტუჩებისა და თითის წვერების გალურჯება (ციანოზი);
  • კუნთების ჰიპერტონუსი, თვით ტონურ-კლონურ კრუნჩხვებამდეც კი;
  • ცნობიერების დარღვევა (ძილად მივარდნიდან უგონობამდე);
  • მეტყველების დარღვევა (გაუგებარი საუბარი).

თუ მოწამლული გონზეა, ახველებს და შეუძლია ყლაპვა, განურჩევლად ნარკოტიკის მიღების გზისა, მიეცით ნებისმიერი სასაქმებელი საშუალება, შემდეგ კი გააქტიურებული ნახშირი. ძლიერი ღებინების შემდეგ რეკომენდებულია დაალევინოთ 2-4 ჭიქა წყალი. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რადგან ასეთი მდგომარეობა კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. გაარკვიეთ, გონზეა თუ არა მოწამლული: ხმამაღლა ესაუბრეთ და რამდენჯერმე მიმართეთ სახელით; თუ არ რეაგირებს, უჩქმიტეთ ყურის ბიბილოზე - ეს ადგილი საკმაოდ მგრძნობიარეა და თუ ადამიანი გონზეა, აუცილებლად მო­ახდენს რეაგი­რე­ბას. თუ რეაქცია არც ამაზე აქვს, დაუზილეთ ყურ­ები, დაუტრიალეთ ყურის ბიბ­ილოები, ხელისგულები ურტყით ლოყებსა და კის­ერზე, დაასველეთ ბამბა ან ქსოვილი ნიშადურის სპი­რტით და მიუტანეთ ნესტოებთან. შეუხსენით მჭიდროდ შეკრული ტანსაცმელი, რათა მსუბუქად ისუნთქოს. თუ სუნთქვის აღდგენა ვერ მოხერხდა, არ ჩანს გულმკერდის ყაფაზის სუნთქვითი მოძრაობები, გუგები გაფართოებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწამლულის სიცოცხლე საფრთხეშია, მაგრამ მისი გადარჩენა შესაძლებელია. აი რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომლებიც სასწრაფოს მოსვლამდე დაგეხმარებათ:

  • დააწვინეთ მოწამლული მაგარ ზედაპირზე (იატაკზე, ტროტუარზე), არამც და არამც - რბილ საწოლზე.
  • შეუმოწმეთ ზედა სასუნთქი გზების (ცხვირის, პირის, ხახის) გამავლობა. სუნთქვას ხელს უშლის უკან გადავარდნილი ენა (ეს ყველა კუნთის მოდუნების ბრალია) და პირნაღები მასა. თითზე ქსოვილი ან დოლბანდი შემოიხვიეთ და მოწამლულს პირის ღრუ ამოუწმინდეთ.

ენის უკან გადავარდნისას:

  • მოწამლულს ხელი კისრის ქვეშ ამოუდეთ და ნაზად ასწიეთ, მეორე ხელით კი დააწექით შუბლზე. თავი უკან გადაიწევს.
  • გაუღეთ პირი და წამოუწიეთ ქვედა ყბა - მოსინჯეთ ქვედა ყბის კუთხეები (ისინი მდებარეობს სიმეტრიულად, ყურის ბიბილოების ოდნავ ქვემოთ) და ისე გამოსწიეთ წინ, რომ ზედა და ქვედა კბილები ერთ სიბრტყეზე იმყოფებოდეს.

თუ სუნთქვა არ აღდგა, სასწრაფო დახმარება კი ჯერ არ მოსულა, ჩაუტარეთ მოწამლულს ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი. ეს რამდენიმე ხნით შეცვლის ფილტვებისა და გულის ნორმალურ მუშაობას. გვახსოვდეს: ეს ორგანოები ჩვეულებრივ მდგომარეობაში ერთდრულად მუშაობს, ამიტომ გულ-ფილტვის რეანიმაციაც ერთდროულად უნდა ჩატარდეს.

  1. როგორ ჩავატაროთ ხელოვნური სუნთქვა: 
    ღრმად ჩაისუნთქეთ.
  2. გაუღეთ მოწამლულს პირი და ტუჩები მჭიდროდ შემოაჭდეთ მის ტუჩებს (უმჯობესია, გამოიყენოთ ცხვირსახოცი ან რაიმე ქსოვილის ნაჭერი).
  3. თითებით დაუხშეთ ცხვირი (წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერი ცხვირიდან გამოვა).
  4. ამოისუნთქეთ და ჰაერი დაზარალებულის ფილტვებში ჩაუშვით.
  5. აკონტროლეთ სუნთქვის სისწორე - როდესაც თქვენ ამოისუნთქავთ, მოწამლულის გულმკერდის ყაფაზი ზემოთ უნდა აიწიოს. გულმკერდის მოძრაობის არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ჰაერი ფილ­ტვებში არ ჩადის. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ზედა სასუნთქი გზების გამავლობა. აუცილებლობის შემთხვევაში ხელახლა გაწმინდეთ. ზოგჯერ საჭიროა, გაზარდოთ ჩაბერილი ჰაერის მოცულობა. გახსოვდეთ: თქვენ უზრუნველყოფთ მხოლოდ ჩასუნთქვას. ამოსუნთქვა უნდა მოხდეს თქვენი მონაწილეობის გარეშე. არ ეცადოთ ჰაერის ფილტვებიდან ძალით გამოდევნას.
  6. ხელოვნური სუნთქვის სიხშირეა 18-20 ჩასუნთქვა წუთში. ნაკლები სიხშირის შემთხვევაში ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ მიიღებს.

როგორ ჩავატაროთ გულის დახურული მასაჟი:

  • გულის მასაჟი არ დაიწყოთ, თუ მაჯაზე ისინჯება პულსი.

მოხარეთ ხელები იდაყვში. ეს დაგეხმარებათ, ზეწოლისთვის გამოიყენოთ არა მარტო ხელების ძალა, არამედ სხეულის სიმძიმეც. დადექით მუხლებზე უგონოდ მყოფის გვერდით. ხელისგული მოათავსეთ მკერდის ძვა­ლზე განივად, მახვილისებრი მორჩიდან დაახლოებით 3 სმ-ით ზემოთ (ამ ნაზი ძვლის მოტეხვა ძალიან ადვილია). ეცადეთ, ხელი შუა ხაზიდან არ გადაანაცვლოთ, თქვენი თითები არ უნდა ეხებოდეს უგონოდ მყოფის ნეკნებს - ნეკნებზე ზეწოლა ხშირად იწვევს მათ მოტეხილობას. მეორე ხელისგული დაადეთ პირველს ისე, რომ ნეკნების მიმართ შეიქმნას 45-გრადუსიანი კუთხე.
დაიწყეთ მასაჟი: განახორციელეთ რიტმული ზეწოლა; შემდეგ ზეწოლა შეწყვიტეთ, რათა გულმკერდი დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, მაგრამ მტევნები გულმკერდის ყაფაზს არ მოაშოროთ. მასაჟის დროს ზეწოლის სიხშირე უნდა იყოს წუთში დაახლოებით 80-100. თუ დამოუკიდებლად ატარებთ გულის დახურულ მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას, თავდაპირველად გააკეთეთ ორი ხელოვნური ჩასუნთქვა, ამის შემდეგ 15-ჯერ დააწექით გულმკერდის ყაფაზს. გაიმეორეთ ეს მოძრაობები იმავე თანამიმდევრობით. ხელოვნური სუნთქვისა და გულის მასაჟის ჩატარებისას ყოველ 2-5 წუთში ერთხელ რამდენიმე წუთით შეჩერდით, რათა შეამოწმოთ, ხომ არ გაჩნდა პულსი და არ აღდგა დამოუკიდებელი სუნთქვა.

ძალისხმევის ეფექტურობას დაადგენთ შემდეგი ნიშნებით:

  • უგონოდ მყოფი ცდილობს ჩაი­სუნთქოს;
  • საძილე ან ბარძაყის არტერიებზე ჩნდება პულსი;
  • კანს უბრუნდება ფერი;
  • გუგა ვიწროვდება;
  • ხორხი სპონტანურად მოძრაობს.

პულსისა და სუნთქვის აღდგენის შემდეგ უგონოდ მყოფი გადააბრუნეთ გვერდზე და თავქვეშ რამე ამოუდეთ, რომ პირნაღებმა მასებმა არ დაახრჩოს.


- უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა ნახშირჟანგით მოწამვლაც...
-  მხუთავ გაზს არ აქვს ფერი და სუნი, მაგრამ ძალიან ტოქსიკურია. იგი სხვადასხვა საწვავის არასრული წვის პროდუქტია. სისხლში ადვილად უკავშირდება ჰემოგლობინს, რაც ორგანიზმის მწვავე ჟანგბადოვან შიმშილსა და სიკ­ვდილს იწვევს. მოწამვლა დამოკიდებულია მხუთავი გაზის კონცენტრაციაზე, მისი მოქმედების ხანგრძლივობასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მხუთავი აირით მოწამვლა შესაძლებელია:

  • საწარმოში, სადაც მხუთავ აირს სხვადასხვა ორგანული ნივთიერების (აცეტონი, მეთილის სპირტი, ფენოლი) სინთეზისათვის იყენებენ;
  • ცუდი ვენტილაციის მქონე შენობაში, გვირაბში, გზატკეცილზე ან დიდ ავტოსტრადაზე.
  • ბინაში, სადაც გაზქურა, წყალი და ოთახის გამათბობელი გამართულად არ მუშაობს.

განასხვავებენ მხუთავი გაზით მოწამვლის ორ ხარისხს - მსუბუქს და მძიმ­ეს. მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩი­ვის:

  • თავის ძლიერ ტკივილს (თავი თითქოს მარწუხში გაქვთ მოქცეული), ტკივილს შუბლის, საფეთქლების მიდამოში;
  • ყურებში შუილს;
  • თავბრუხვევას;
  • სისუსტეს;
  • გულისცემის გახშირებას;
  • გულისრევასა და პირღებინებას.

ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია.

მძიმე მოწამვლისას შესაძლოა:

  • განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;
  • სახეზე გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები;
  • ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა და კომური მდგომარეობა, კლონურ-ტონური კრუნჩხვები.
  • გუგები მკვეთრად გაფართოებულია;
  • ირღვევა სუნთქვა;
  • მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.

პირველი დახმარების გაწევისას აუცილებელია:

  • დაზარალებული სასწრაფოდ გამოვიყვანოთ სახიფათო ზონიდან, უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება (გავაღოთ სარკმელი, ფანჯარა, კარი);
  • ვასუნთქოთ ჟანგბადი;
  • თუ გონზეა, დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი.
  • გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თუ ადამიანი კომაშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩაუტარეთ სარეანიმაციო ღონისძიებები. თუ ავადმყოფი გონზეა, სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც აუცილებელია.


- როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოვიწამლოთ?
- ამისთვის აუცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების წესები:

  • საწვავზე მომუშავე მოწყობილობების აწყობა, ექსპლუატაცია და შემოწმება უნდა მოხდეს პროფესიონალის მიერ;
  • საკვამური მილი გარეთ უნდა გადიოდეს და კარგად უკავშირდებოდეს შესაბამის მოწყობილობას;
  • არ ვამუშაოთ დიზელის ძრავა დახურულ სივრცეში.

გახსოვდეთ:

  • მოწამლულის გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მომწამლავი ნივთიერებების დროულ აღმოჩენას და მისი მოქმედების შეწყვეტას.
  • დროულად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მაღალმთიან დასახლებებში, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ხანძრისას არა მხოლოდ ღია ცეცხლია საშიში. აალებული მასალების კვამლი ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას
ყველა ჩვენგანს აგვიტანია ტკივილი. ხანდახან, ძალიან დიდხანსაც. მაგრამ არსებობს ტკივილის სახეობა, რომლის მოთმენაც არ შეიძლება, რადგან მათ წარმოშობას სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები აქვს.
მთელს მსოფლიოში 12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო დახმარების აღმოჩენის დღე (World First Aid Day) აღინიშნება. 2000 წლიდან მოყოლებული, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე შაბათს ტარდება.
ბენზინის ზოგიერთ სახეობას ანტიდეტონატორის სახით ამატებენ ეთილის სითხეს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს საკმაოდ მომწამვლელ ტეტრაეთილტყვიას (მეტალოორგანული შენაერთი). ეთილირებული ბენზინი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს.
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად