კეთილთვალება სათბურიანი მასაჟორი: იპოთერაპიის შესაძლებლობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კეთილთვალება სათბურიანი მასაჟორი: იპოთერაპიის შესაძლებლობები

ცხენთან ურთიერთობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჰარმონიის მიღწევაში გვეხმარება. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ურჩევდა ჯირითით გატაცებას მელანქოლიკებს, რადგან მიაჩნდა, რომ ცხენით ნავარდი, ნელი სვლა თუ ჩორთით სიარული ძალიან სასარგებლო იყო აზროვნებისა და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად, ფრანგმა ფილოსოფოსმა დენი დიდრომ კი ცხენოსნობას მთელი ტრაქტატი მიუძღვნა და ყველაზე სასარგებლო ფიზიკურ ვარჯიშად მიიჩნია.

მაინც რითია სასარგებლო რაიტთერაპია?

ცხენი მხედარს გადასცემს წუთში 100-ზე მეტ რხევას: ზევით-ქვევით, წინ-უკან, ერთი გვერდიდან მეორისკენ და ა.შ., - რაც ადამიანის სხეულს საკუთარ მოძრაობათა ფიზიოლოგიურ კორექტირებას აიძულებს. ჯირითის დროს მუშაობაში ერთვება ყველა ძირითადი ჯგუფის კუნთი. ცხენიდან რომ არ გადმოვარდეს, მხედარი იძულებულია, მთელი სხეულით შეასრულოს სხვადასხვა მოძრაობა. სხვა სახის ვარჯიშით ასეთი ეფექტის მიღწევა შეუძლებელია. ამასთან, უნაგირზე წონასწორობის შესანარჩუნებლად ორგანიზმი აქტიურად ამუშავებს როგორც ჯანმრთელ, ისე დაზიანებულ კუნთებს და, რაც მთავარია, ეს რეფლექსურ დონეზე ხდება - თავად მოჯირითე თავისი სხეულის ამ ურთულეს მუშაობას ვერ ამჩნევს. უბრალოდ, მოძრაობითა და გონიერ ცხოველთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას იღებს. ცხენოსნობა განსაკუთრებით ძლიერ სამკურნალო ეფექტს ახდენს ბავშვებზე. ცხენთან კონტაქტი ბავშვს დადებითი ემოციით ავსებს, ხელს უწყობს თავისუფალ პიროვნებად მის ჩამოყალიბებას. ცხენთან ბავშვის მეგობრობა გამორიცხავს ადამიანთა სოციუმისთვის დამახასიათებელ კონკურენციას და არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას, პირიქით, გულწრფელ სიყვარულსა და ერთგულებას ემყარება. ცხენთან ურთიერთობისას საკმარისია ჟესტების ენა. ცხენი აღიქვამს ადამიანს, რეაგირებს მის მოძრაობაზე, ინტონაციაზე, სუნზე, სხეულის ტემპერატურაზეც კი.


რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ზოგჯერ მას ადამიანზე უკეთ ესმის მხედრის. ცხენთან ურთიერთობის წყალობით ბავშვები უმკლავდებიან ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. გარდა ამისა, ცხენოსნობა ყოველმხრივ ავითარებს ბავშვს, მატებს გამბედაობას, სიმარდეს, ამტანობას, საზრიანობას, აჩვევს დამოუკიდებლობას, შეუპოვრობას, აუმჯობესებს გარემოსთან მისი ადაპტაციის უნარს. ამრიგად:

  • ცხენთან ურთიერთობისას ბავშვი იმუხტება დადებითი ენერგიით, არ განიცდის შიშსა და ტკივილს.
  • ცხენზე ჯდომისას მუშაობს კუნთების ყველა ჯგუფი, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
  • იმატებს კუნთებისა და სისხლძარღვების ტონუსი.
  • ძლიერდება სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემები.
  • ვითარდება წონასწორობა, მოძრაობის კოორდინაცია, ტანდეგობა.
  • უმჯობესდება მამოძრავებელი რეფლექსები.

იპოთერაპია შეიძლება იყოს მკურნალობის როგორც ძირითადი, ისე დამხმარე ელემენტი. ცხენის სხეულის ტემპერატურა ადამიანისაზე 1,5-2°С-ით მეტია, ამიტომ ეს კეთილშობილი ცხოველი ერთდროულად "ცოცხალი ტრენაჟორიც" არის და "სათბურიანი მასაჟორიც". ის ძალიან სასარგებლოა პროსტატისა და გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას. იპოთერაპია განსაკუთრებით უხდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებს, მათ შორის - სკოლიოზს, ართროზს. ოპტიმალური დატვირთვისას ხერხემლის ირგვლივ იქმნება ძლიერი კუნთოვანი კორსეტი, მალათაშორის დისკოებში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, წესრიგდება ნივთიერებათა ცვლა. ჯირითი შინაგანი ორგანოების ფუნქციასაც ააქტიურებს, ამიტომ იპოთერაპია ეფექტურია საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების დროსაც. დიაბეტის შემთხვევაში რეგულარული ჯირითი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შესანიშნავი საშუალებაა ჭარბი წონის სამკურნალოდაც. რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ იპოთერაპიას, მით უკეთესი. წინათ ქვედა ასაკობრივ ზღვრად 3 წელი მიიჩნეოდა, რაც იმით აიხსნებოდა, რომ ამ ასაკის ბავშვთან შესაძლებელია ვერბალური კონტაქტის დამყარება, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაიტთერაპიის დაწყება პრაქტიკულად წლინახევრიდანაა შესაძლებელი.

უკუჩვენება

როგორც მკურნალობისა და რეაბილიტაციის ნებისმიერ მეთოდს, იპოთერაპიასაც აქვს უკუჩვენებები. მისი ეფექტი მრავალმხრივია, მაგრამ მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობას ყოველ პაციენტთან მკურნალი ექიმი ადგენს. განასხვავებენ იპოთერაპიის აბსოლუტურ და შედარებით უკუჩვენებებს. აბსოლუტური უკუჩვენების არსებობისას იპოთერაპია კატეგორიულად იკრძალება, შედარებითის შემთხვევაში კი განსაზღვრული პირობების დაცვით ამ მეთოდის გამოყენება ნებადართულია. აბსოლუტური უკუჩვენებებია:

  • ჰემოფილია;
  • ლობშტაინ-ფროლიკის დაავადება (ოსტეოპოროზი, ძვლების სიმყიფე);
  • მწვავე დაავადებები, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ტრავმა;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ტრავმული და ანთებითი დაავადებები;
  • ხერხემლის კისრისა და წელის ქვედა მესამედის ნაწილის დაზიანება და თანდაყოლილი ანომალია;
  • ავთვისებიანი წარმონაქმნი.

შედარებითი უკუჩვენებებია:

  • ეპისინდრომი - ვარჯიში ნებადართულია კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების მუდმივი გამოყენების ფონზე;
  • თირკმლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები - ვარჯიში ნებადართულია რემისიის სტადიაში;
  • შაქრიანი დიაბეტი - ნებადართულია, როდესაც სისხლში შაქრის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.

გასათვალისწინებელია რამდენიმე ნიუანსი:

  • იპოთერაპიის სეანსის წინ აუცილებელია შარდის ბუშტის დაცლა;
  • სასურველია, მეცადინეობა წარიმართოს რბილ უნაგირზე.

მკურნალობის წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ორი ცოცხალი არსების - ცხენისა და პაციენტის - ურთიერთობაზე. რეაბილიტაციის პროცესში ამ კუთხით შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას, ამიტომ პაციენტი-ცხენის წყვილის შერჩევა თანამედროვე იპოთერაპიული თეორიის აქტუალურ საკითხად მიიჩნევა. იპოთერაპიის კურსი და ხანგრძლივობა დიაგნოზზე, ჩვენებასა და მიზნებზეა დამოკიდებული, თუმცა ცხენთან ურთიერთობა ხანგრძლივია და მიზნის მიღწევის შემდეგაც გრძელდება, რადგან პაციენტთა უმრავლესობისთვის ეს კეთილშობილი არსება სამუდამოდ საუკეთესო მეგობრად რჩება.