მარხვის შემდეგ
მარხვის საშუალებით ადამიანი ვნებებისგან თავის შეკავებას სწავლობს. ერთ-ერთი ვნებაა ნაყროვანება, რომელსაც, სულიერთან ერთად ფიზიკური ზიანიც მოაქვს: არღვევს ნივთიერებათა ცვლას, იწვევს ჭარბ წონას, შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტონიულ დაავადებას, ათეროსკლეროზს, ინსულტს, ინფარქტს, რაც ნაადრევად აბერებს და სიცოცხლეს უსწრაფებს ადამიანს.
ასე რომ, მარხვის საშუალებით ვმართავთ და ვარეგულირებთ ჩვენს სასიცოცხლო მოთხოვნილებებს და ამით სიცოცხლეს ვიხანგრძლივებთ.
გთავაზობთ პასუხს რამდენიმე აქტუალურ კითხვაზე
შეიძლება თუ არა მარხვისა და ავადმყოფობის ერთმანეთთან შეთავსება?
- ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე - ანემიისა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც აუცილებელია კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა, ადამიანს მოძღვრისგან ეძლევა კურთხევა, მიიღოს ის საკვები, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვისაა უმჯობესი. მარხვა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მდგომარეობაა. ადამიანი კი მიირთმევს იმ არასამარხვო საკვებს, რომლის კურთხევაც აქვს, მაგრამ სულიერ მარხვას განაგრძობს და იმ ლოცვებსა და კანონებს, რომლებიც მარხვის დროს ეძლევა, აღასრულებს.
იფიტება თუ არა მარხვის დროს ორგანიზმი ცილებისა თუ ცხიმებისაგან და არსებობს თუ არა ამ დროს დაავადების საშიშროება?
- მარხვა არც შიმშილობაა და არც დიეტა. მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა, რომელსაც ხელს უწყობს ცხოველური პროდუქტებისგან თავის შეკავება. ცხოველურ პროდუქტებში შედის: ხორცეული, რძის ნაწარმი, კვერცხი, თევზეული... თუმცა ზოგიერთ მარხვაში თევზი ნებადართულია. მარხვის დროს სხვადასხვა დაშვებას ინდივიდუალურად წყვეტს ეკლესია.
ქართული გენი მარხვას შეჩვეულია. მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მარხვა არათუ არ ვნებს ჯანმრთელობას, არამედ რგებს კიდეც. მართალია, ჩვენ არ ვიღებთ ხორცეულს და ამის გამო გვაქვს პროტეინებისა და ამინონჟავების ერთგვარი დეფიციტი, მაგრამ მისი შევსება მცენარეული ცილების საშუალებითაც შეიძლება. მაგალითად, პარკოსნები (სოია, ლობიო, მუხუდო), არაქისი, თხილი, კაკალი მდიდარია ამინომჟავებით, მიკროელემენტებით, ვიტამინებით, რომლებიც სავსებით აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას ცილოვან პროდუქტებზე. ახლა - რაც შეეხება პურს. ის ადამიანისთვის ღვთისგან კურთხეული უნიკალური საკვებია, რომელშიც შედის ჩვენი ორგანიზმისათვის საჭირო ფაქტობრივად ყველა ცილოვანი ნივთიერება. პური ერთადერთი საკვებია, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე ვიღებთ და არასოდეს გვბეზრდება. მისი მიღება ჩვენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. თუნდაც ის რად ღირს, რომ მაცხოვარმა სწორედ პურს უწოდა თავისი სხეული. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს უფრო მეტ პურს ჭამენ, ვიდრე წინათ, რადგან დღევანდელი პური დამზადებულია უხარისხო ხორბლისგან, არ გააჩნია სრულფასოვანი ცილოვანი შემადგენლობა, გამოფიტულია და ათასნაირი დანამატით არის გაჟღენთილი. ხორბლის ტრადიციული ქართული ჯიშები კი მდიდარი ცილოვანი შემადგენლობით გამოირჩეოდა. ამიტომაც იყო წინათ პური ყუათიანი.
როგორ დავუბრუნდეთ მარხვის შემდეგ კვების ჩვეულებრივ რეჟიმს?
_ ორგანიზმისთვის რთულია როგორც მარხვის დაწყება, ისე მისი დასრულება, განსაკუთებით მაშინ, თუ ის თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ პერიოდში ორგანიზმი ასწრებს გარდაქმნას და იწყებს აუცილებელი კომპონენტების შეძლებისდაგვარად სინთეზირებას. მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან ვერაფერი შეცვლის ცხოველური წარმოშობის ცილებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის უჯრედების შენებისთვის.
მარხვის დასრულება რთული და მეტად მნიშვნელოვანი პროცესია. ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული საადაპტაციო პერიოდი, რასაც რიგი ფაქტორი განაპირობებს.
ხანგრძლივი მარხვის პერიოდში ჩვენი ორგანიზმი ეჩვევა განსაზღვრულ, უმთავრესად ნახშირწყლოვან საკვებს და გამოიმუშავებს მხოლოდ ისეთ ფერმენტებს, რომლებიც შლის სახამებელს, შაქრებს, უჯრედისს, ცოტაოდენ მცენარეულ ცილასა და ცხიმს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა შედარებით ნაკლები ნახშირწყლოვანი საკვებისა და მეტი ცხოველური სურსათის მომნელებელი ფერმენტები რომ გამოიმუშაოს, საჭიროა დრო, თანაც მით უფრო მეტი, რაც უფრო მეტად არის დასუსტებული ნამარხულევი ადამიანი.
მარხვის პერიოდში კუჭის წვენი ცვლილებას განიცდის, ამიტომ საამისოდ განკუთვნილი დროის განმავლობაში ცხოველური საკვების სათანადოდ გადამუშავებას ვერ ასწრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკვები კუჭში ყოვნდება, ნაწილს კი კუჭი გადაუმუშავებელს ტოვებს, რაც ზრდის ნაწლავებში აირების დაგროვებისა და ლპობითი პროცესების განვითარების ალბათობას.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოსახლეობაში ძალიან არის გავრცელებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. მაშასადამე, ორგანიზმის ამ სისტემის რეზერვები არც ისე დიდია და ნებისმიერი სტრესული ფაქტორის ზემოქმედებისას ადვილად იფიტება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის რეზერვები პირველ რიგში საჭმლის მომნელებელი ფერმენტებია, რომელთა ოდენობაც დაავადების დროს მცირდება.
ზოგიერთი ჩვენგანი მარხვის დასრულებისთანავე ერთბაშად იღებს გემრიელ და ცხიმიან საკვებს, რითაც საკუთარ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს სერიოზულ გამოცდას უწყობს. ჩვეულებრივ კვებაზე უეცარი გადასვლა ხშირად იქცევა გასტრიტის, დუოდენიტის, წყლულოვანი დაავადების, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჰემოროიდული დაავადების გამწვავების მიზეზად.
როგორ მოვიქცეთ?
რეკომენდებულია, ცხოველური პროდუქტების ოდენობა ჩვენს რაციონში ნელ-ნელა გავზარდოთ. ამგვარად ორგანიზმი თანდათანობით შეეგუება კვების ახალ პირობებს.
თავდაპირველად რაციონი ხორცისა და თევზის ხარჯზე გააფართოეთ. ხორცი გვაძლევს ცილას, რომლისგანაც წარმოიქმნება საჭირო ფერმენტები. სანელებლები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების გამომუშავებას და თავადაც შეიცავენ რამდენიმე მზა ფერმენტს, რომლებიც საკვების დაშლაში გვეხმარება. ხორცი პირველ დღეებში უნდა იყოს მჭლე, არა შემწვარი, არამედ დაქუცმაცებული, მოხარშული, ჩაშუშული ან გამომცხვარი. გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ კომბოსტო, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, მჟავე კენკრა - შტოში, წითელი მოცვი. ხორცის მიღება არ შეიძლება მაკარონსა და ბურღულის ფაფასთან ერთად.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სერიოზული პრობლემების არსებობისას შეგიძლიათ ჭამამდე მიიღოთ ავშანის ან გვიმრის ნაყენი ან გადაყლაპოთ 2-3 მწიკვი ამ მცენარეთა გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები.
სასურველი არ არის მარხვის დასრულებისთანავე ისეთი მძიმე საკვების მიღება, როგორიცაა ხინკალი, ხორციანი ღვეზელი, ხაჭაპური, მწვადი, ცხიმიანი ღორის ხორცი, ნაღები, ყველი. არასასურველია - ძნელი მოსანელებელია - ხორცისა და სოკოს ან ხორცისა და პარკოსნების კომბინაცია.
ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ, მეორე დღიდანვე ჩართონ რაციონში რძის პროდუქტები, ხოლო კუჭ-ნაწლავის პათოლოგიის მქონეებმა - ოდნავ მოგვიანებით. დაიწყეთ რძემჟავა პროდუქტებით - მაწვნით, კეფირით, იოგურტით, შემდეგ თანდათან გადადით რძეზე, ხაჭოზე, ნაღებზე, კარაქზე, ყველზე.
ამ პერიოდში დაუშვებელია რაციონიდან მცენარეული პროდუქტების ამოღება, აქაოდა მარხვაში ორგანიზმმა მცენარეული კომპონენტები საკმაოდ მიიღოო.
მარხვის შემდეგ საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს. მცენარეული და ცხოველური პროდუქტების ოპტიმალური თანაფარდობაა 3:1.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვების მიღების დროსა და ულუფას. საკვების 5-6-ჯერადი მიღება მცირე ულუფებით - ასეთია ოპტიმალური რეჟიმი. რასაკვირველია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი ულუფა დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე უნდა მივირთვათ.
თავისთავად ცხადია, რომ მარხვიდან გამოსვლის შემდეგ მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის მომარაგება ვიტამინებითა და მინერალებით. შესანიშნავი იქნება, თუ ორგანიზმი მათ ხილ-ბოსტნეულიდან და სხვა პროდუქტებიდან მიიღებს.
ამრიგად, არა მარტო მარხვა, არამედ გახსნილებაც საკმაოდ საპასუხისმგებლო მოვლენაა, მოითხოვს ცოდნას, თავშეკავებას, გონივრულ მოქმედებას.
გახსოვდეთ:
- მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით - ყოველ ტრაპეზზე მიიღეთ არა უმეტეს თითო ცხოველური პროდუქტისა.
- პირველი ორი დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ მჟავე საკვებს.
- ერიდეთ ნაყროვანებას.
მაშ ასე, გაიჯანსაღეთ სხეული და განკურნეთ სული ცოდვებისაგან, რათა ბედნიერები შეხვდეთ ქრისტეშობას.