I(O) ჯგუფის სისხლი და კუჭის წყლული
არცთუ დიდი ხნის წინ ამ დაავადების განვითარების თავისებურებებსა და გენეტიკურ ფაქტორებთან მის კავშირზე ინფორმაციას აგროვებდნენ და დასკვნები გამოჰქონდათ პაციენტებზე უშუალო დაკვირვებით და მათი ახლობლების მიერ მოწოდებულ ანამნეზურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ყოველთვის საიმედო და ზუსტი არც იყო.
კუჭის წყლული პოლიეტიოლოგიური, გენეტიკურად და პათოგენეტიკურად არაერთგვაროვანი დაავადებაა. არახელსაყრელ პრემორბიდულ ფაქტორებს შორის, რომლებიც ზრდის კუჭის წყლულის განვითარების რისკს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მემკვიდრეობა. მემკვიდრეობს არა თვით დაავადება, არამედ მისდამი გენეტიკური განწყობა. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ბავშვების 20-70%-ს იმ ოჯახებიდან, სადაც მშობლებს ან უახლოეს ნათესავებს კუჭის წყლული ჰქონდათ, იგივე დაავადება ემართება. ამასთან, დამძიმებული ოჯახური ანამნეზის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ ე.წ. წინსწრების სინდრომი, ანუ, როგორც წესი, ავადდებიან უფრო ადრე, ვიდრე მათი მშობლები და ახლო ნათესავები.
გენეტიკურ ფაქტორებს შორის, რომლებიც ხელს უწყობს კუჭის წყლულის განვითარებას, უპირველესად, უნდა დავასახელოთ:
- სისხლის სეროლოგიური მარკერები - სისხლის I(O) ჯგუფი და დადებითი რეზუსფაქტორი (Rh+);
- ჰისტოშეთავსების მემკვიდრეობითი მარკერები (HLA);
- ანტიტრიფსინის თანდაყოლილი დეფიციტი;
- კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტში H ანტიგენის სეკრეციის დეფიციტი და სხვ.
ეს მემკვიდრეობითი მიდრეკილებები რეალიზდება არახელსაყრელი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების (თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების მავნე ჩვევა, ფსიქოემოციური სტრესი, კვების უხეში დარღვევები, სხვადასხვა მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება, სტეროიდული ჰორმონების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვ.) ზემოქმედებით.
რა კავშირი აქვს სისხლის ჯგუფსა და H ანტიგენს კუჭის წყლულის განვითარებასთან?
პრაქტიკოსმა ექიმებმა და გენეტიკოსებმა დიდი ხანია იციან, რომ კუჭის წყლული უმეტესად ემართება მათ, ვისაც I(O) ჯგუფის სისხლი აქვთ. ამ შემთხვევაში დაავადების განვითარების რისკი 1,3-1,4- ჯერ იმატებს. სისხლის ჯგუფები მეცნიერმა კ. ლანდშტაინერმა აღმოაჩინა. სადღეისოდ ისინი კარგადაა შესწავლილი.
სისხლის ABO სისტემის ანტიგენები ერითროციტებზე ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე წარმოიშობა, თუმცა მათი საბოლოო ჩამოყალიბება ხდება დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. სისხლის ჯგუფის ლოკუსი მოთავსებულია მე-9 ქრომოსომაზე და აკოდირებს ერითროციტის ზედაპირზე, კერძოდ, მემბრანაზე მოთავსებული ორი ანტიგენის - A-სა და B-ს - სინთეზს. მათ გარდა ერითროციტებზე მოთავსებულია H ანტიგენიც. იგი არ შედის ABO ანტიგენურ სისტემაში. მისი ლოკუსი მე-19 ქრომოსომაზე მდებარეობს. იგი A და B ანტიგენების ქიმიური წინამორბედია.
A, B და H ანტიგენები აღმოჩენილია არა მარტო ერითროციტებზე, არამედ ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილსა და სეკრეტშიც: ნერწყვში, კუჭის წვენში, სპერმაში, ნაღველში, სანაყოფე სითხეში, დედის რძეში, ოვარულ კისტაში, მცირე რაოდენობით - ცრემლსა და შარდში.
ABO(H) ანტიგენები ბიოქიმიური ბუნებით გლიკოპროტეიდებს წარმოადგენს. სამივე დეტერმინანტს, A-ს, B-სა და H-ს, ძირითადად ერთნაირი ბიოქიმიური შედგენილობა აქვს, განსხვავება მხოლოდ გლიკოპროტეიდის მოლეკულის გრძელი ჯაჭვის ტერმინალურ უბანზე მიმაგრებულ რგოლშია. ჯგუფური ანტიგენები ადამიანის ორგანიზმის უჯრედთა მემბრანის შემადგენელი ნაწილია. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთა ქსოვილებსა და სეკრეტებში ეს ანტიგენები არ მოიპოვება.
ABO(H) ანტიგენებს შესწევთ უნარი, გაიხსნან წყალში და სეკრეტებად გარდაიქმნან. ადამიანთა 78%-ს აქვს ABH ანტიგენების წყალში ხსნადი ფორმები, ამიტომ ისინი მათი ორგანიზმის სხვადასხვა სეკრეტორულ სითხეში ხვდება. ასეთ ინდივიდებს სეკრეტორებს უწოდებენ. ადამიანთა 22%-ს კი ამის უნარი არ გააჩნია. მათ არასეკრეტორებს უწოდებენ. ადამიანი იბადება უკვე განსაზღვრული სეკრეტორული ტიპით, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს.
ევროპის, აზიის და აფრიკის მოსახლეობაში არასეკრეტორი საშუალოდ 15-30%-ია, ცალკეულ პოპულაციებში - ოდნავ მეტი, მაგრამ არც ერთ ჯგუფში არ არის აღმოჩენილი არასეკრეტორების 100%-იანი რაოდენობა. არასეკრეტორები საერთოდ არ არიან ესკიმოსებს, ავსტრალიის აბორიგენებსა და ამერიკის ინდიელებს შორის.
მონოზიგოტურ და დიზიგოტურ ტყუპებსა და მათ მშობლებში ABO(H) ანტიგენთა სეკრეციის ტიპების შესწავლისას გაირკვა, რომ სეკრეციის უნარი მემკვიდრეობითი ნიშანია, რომელსაც დომინანტური ბუნების გენი განსაზღვრავს, ხოლო არასეკრეტორობა - რეცესიული. აქედან გამომდინარე, თუ სეკრეციის გენის ალელებს აღვნიშნავთ შე-თი და სე-თი, მაშინ სეკრეტორები, ამ გენთა ვარიანტების მიხედვით, დომინანტი ჰომოზიგოტები ანუ შესე ან ჰეტეროზიგოტები ანუ შესე გენოტიპის მატარებლები უნდა იყვნენ. მაშინ არასეკრეტორები რეცესიული ჰომოზიგოტები და სესე გენოტიპის მატარებლები იქნებიან.
სეკრეტორი გენები მოქმედებენ A და B ანტიგენების პოლისაქარიდული კავშირების დაშლის გზით, რის შედეგადაც პოლისაქარიდული ჯაჭვის ნაწილი ქსოვილურ სითხეში თავისუფლდება.
გავიხსენოთ ABO სისხლის ABO ჯგუფთა სისტემა და მათში A და B ანტიგენების განაწილება:
- II ჯგუფის სისხლის მქონე ინდივიდების ერითროციტებზე მხოლოდ A ანტიგენია;
- III ჯგუფის სისხლის მქონე ინდივიდების ერითროციტებზე მხოლოდ B ანტიგენია;
- IV ჯგუფის სისხლის მქონე ინდივიდის ერითროციტებზე ორივე, A და B ანტიგენია;
- I ჯგუფის სისხლის მქონე ინდივიდის ერითროციტებზე არც ერთი ანტიგენი არ არის, ამიტომ ისინი არასეკრეტორებს მიეკუთვნებიან.
H ანტიგენი, როგორც უკვე ითქვა, A და B ანტიგენების წინამორბედია. როდესაც ინდივიდს აქვს HH და Hh გენოტიპი, წინამორბედი ნივთიერება წარმოიქმნება; როცა ინდივიდის გენოტიპია HH - არა.
ორგანიზმის სეკრეტებსა და სითხეებში ანტიგენების როლი ბოლომდე შეუსწავლელია, თუმცა გამოთქმულია მოსაზრება მათი დამცველობითი ფუნქციის შესახებ. 1954 წელს ივარაუდეს, რომ ანტიგენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დამცველობით ფუნქციას ასრულებდა, კერძოდ, მათი ბიოლოგიური როლი საკვებში არსებული მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებათა ლექტინების განეიტრალება იყო. ლექტინები ის ნივთიერებებია, რომლებსაც უნარი შესწევთ, შერჩევით დაუკავშირდნენ უჯრედის ზედაპირზე გლიკოპროტეინების, პოლისაქარიდებისა და გლიკოლიპიდების სახით განლაგებულ ნახშირწყლებს ისე, რომ მათ სტრუქტურა არ შეუცვალონ.
ლექტინებს ძალუძთ, მრავალგვარი ნახშირწყლოვანი სტრუქტურიდან ამოირჩიონ მხოლოდ განსაზღვრული ტიპისა და ამ გზით აღიქვან ინფორმაცია, რომელიც ამ სტრუქტურაში დევს. ნახშირწყლოვან რეცეპტორთან ლექტინის დაკავშირება ამ ბიოლოგიურ სისტემაში სიგნალთა შეცვლას იწვევს. ზოგიერთი პათოგენური მიკროორგანიზმი ლექტინებს მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებზე მისამაგრებლად და დასაინფიცირებლად იყენებს. ლექტინების ტოქსიკურობა შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობის დარღვევის მიზეზი იყოს. ზოგიერთი მცენარეული ლექტინი აძლიერებს ნაწლავებში ლორწოს გამოყოფას, რითაც ხელს უშლის საკვების შეთვისებას, ამიტომ მათ განეიტრალებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
დღეს პრაქტიკულად დადგენილია კავშირი კუჭის წყლულსა და I(O) ჯგუფის სისხლს შორის და სტატისტიკურად დასაბუთებულია არასეკრეტორულ ფუნქციასთან მათი კავშირიც.