რეპროდუქციული ფუნქციის გენეტიკურად განპირობებული დარღვევები მოზარდ ასაკში

მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად მიიჩნევა. როგორია სქესის ჩამოყალიბების გენეტიკური მექანიზმი, რომელი გენეტიკური ანომალიებია ცნობილი და როგორ შეიძლება მათი გამოვლენა და დიაგნოსტირება? ამ კითხვებით პედიატრ ელზა მაზმიშვილს მივმართეთ.
- სქესის განსაზღვრის რა გენეტიკური მექანიზმი არსებობს?
- რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბებისა და განვითარების გენეტიკური მექანიზმი დღეისთვის კარგად არის შესწავლილი, თუმცა ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ გარკვევას მოითხოვს. ცნობილია, რომ ადამიანის სასქესო ქრომოსომები წარმოადგენენ იმ გენთა მატარებლებს, რომლებიც ამ პროცესთა წარმართვაზე არიან პასუხისმგებელნი. სწორედ ისინი აკონტროლებენ სქესის ჩამოყალიბების პროცესს ემბრიოგენეზის ადრეული სტადიებიდან: ემბრიონი მდედრობითი სქესისა განვითარდება, თუ იგი 46, XX ქრომოსომული კომპლექტის მატარებელია, და მამრობითისა - თუ 46, XY ქრომოსომულ კომპლექტს ატარებს.
სქესის ჩამოყალიბებისათვის მზადება უკვე მე-5 კვირას შეიმჩნევა, ხოლო 6-7 კვირის ემბრიონებს შორის უკვე შესაძლებელია მამრობითი და მდედრობითი სქესისათვის დამახასიათებელი მორფოლოგიური განსხვავების პოვნა.
მდედრობითი სქესის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ორი X ქრომოსომის არსებობა, რადგან იმ პაციენტებს, რომლებიც ერთ X ქრომოსომას ატარებენ, საკვერცხე არ უვითარდებათ - მის ადგილზე მხოლოდ შემაერთებელი ქსოვილია.
მამრობითი ემბრიონის განვითარების შემთხვევაში ემბრიოგენეზის მე-5-6 კვირას აქტიურდება Y ქრომოსომაზე მოთავსებული გენი. მას SRY-ს უწოდებენ. იგი წამყვან როლს ასრულებს მამრობითი სქესის ჩამოყალიბებაში. ემბრიოგენეზის მე-9 კვირას, ანუ მუცლადყოფნის პერიოდშივე, მამრობითი ემბრიონის ლეიდიგის უჯრედები მამრობითი სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავებას იწყებენ. ამ ჰორმონის გავლენით ემბრიოგენეზის 22-ე კვირას წარმოიქმნება პირველადი სასქესო უჯრედები - სპერმატოგონიები. შემდგომ მათგან სპერმატოზოიდები ყალიბდება.Aასე რომ, Y ქრომოსომას და მასზე მოთავსებულ გენებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ამ პროცესებში.
- მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების დანერგვამ საშუალება მისცა მეცნიერებს, უკეთ შეესწავლათ Y ქრომოსომა და მასზე მოთავსებულ გენთა ფუნქციები. რა უახლეს ინფორმაციას ფლობენ მეცნიერები Y ქრომოსომის გენების შესახებ?
- Y ქრომოსომაზე ცნობილ გენთა რაოდენობა 86-ს აღწევს. ისინი შეგვიძლია პირობითად 2 ჯგუფად დავყოთ: გენთა ერთი ჯგუფი პასუხისმგებელია მამაკაცის ფენოტიპის ჩამოყალიბებაზე, მეორე ჯგუფი კი სპერმატოგენეზის ნორმალურ მიმდინარეობაზე აგებს პასუხს.
- მრავალი წლის მანძილზე დიდ ინტერესს იწვევდა 46, XX-მამაკაცების ფენომენი. ეს ინდივიდები გარეგნულად მამაკაცები არიან, მაგრამ ქალის კარიოტიპს ატარებენ...
- ამ პათოლოგიის მიზეზის დადგენა მხოლოდ მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის შედეგად გახდა შესაძლებელი. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტთა კარიოტიპში ერთ-ერთ X ქრომოსომაზე სრულიად შემთხვევით მოთავსებულია Y ქრომოსომის SRY გენი, რომელიც მამაკაცის ფენოტიპის ჩამოყალიბებაზე აგებს პასუხს. ასეთი მამაკაცების გამოვლენა შესაძლებელია პუბერტატულ პერიოდში, რადგან მეორეული სასქესო ნიშნები სუსტად აქვთ გამოხატული ან უფრო მოგვიანებით, როდესაც უშვილობის გამო რეპროდუქციულ კლინიკებს მიმართავენ და აზოოსპერმიას უდგენენ. ასეთი გენეტიკური ანომალიით 20 000 ახალშობილი ვაჟიდან ერთი იბადება. ისინი ფენოტიპურად ძალიან ჰგვანან კლაინ-ფელტერის სინდრომით დაავადებულებს, ოღონდ ნორმალური სიმაღლითა და ინტელექტით გამოირჩევიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობენ 46, XY ქალებიც. მათ კარიოტიპში Y ქრომოსომა დაუზიანებლად გამოიყურება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ქრომოსომაში ან დაკარგულია, ან დაზიანებულია SRY გენი.
- რა არის კლაინ-ფელტერის სინდრომი და როგორ შეიძლება მისი დიაგნოსტირება?
- კლაინ-ფელტერის სინდრომით დაავადებული ახალშობილი სხვებისგან არაფრით გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები მხოლოდ პუბერტატულ პერიოდში ვლინდება. ამ ნიშნებიდან კი ყველაზე დამახასიათებელია სხეულის ევნუქოიდური აღნაგობა, ვიწრო ბეჭები, გრძელი კიდურები. ხანდახან შეიმჩნევა ცხიმის დაგროვება თეძოებზე, მკერდზე და მუცლის ქვედა მხარეს. მეორეული სასქესო ნიშნები სუსტად არის გამოხატული, ხშირია გინეკომასტია. უშვილობის გამო ისინი რეპროდუქციული კლინიკების პაციენტები არიან. მათი უშვილობა გამოწვეულია აზოოსპერმიით ან ოლიგოზოოსპერმიის მძიმე ფორმით. მათი კარიოტიპია 47, XXY, ზედმეტია X ქრომოსომა, რომელსაც დისბალანსი შემოაქვს.
კლაინ-ფელტერის სინდრომის მქონე ახალშობილთა დაბადების სიხშირე საკმაოდ მაღალია - 1000-იდან 2. იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ახასიათებთ, ეს სინდრომი 2%-ს აღენიშნება, ხოლო უშვილო მამაკაცთა შორის მათი რაოდენობა 10-15%-ია.