ანტიბიოტიკები

ამ სამკურნალო პრეპარატებს ბაქტერიებით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ.
პირველი ანტიბიოტიკები პენიცილინი და სტრეპტომიცინი გახლდათ. დღეისთვის სხვადასხვა მოქმედების 10000-ამდე ანტიბიოტიკია ცნობილი, რომელთაგან მედიცინაში 3000 გამოიყენება. ანტიბიოტიკებმა მილიონობით ადამიანი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა, მაგრამ ბოლო წლებში ხალხმა მათი გაუმართლებელი და უსაფუძვლო გამოყენება დაიწყო, რამაც სხვა პათოლოგიებს დაუდო სათავე. რას წარმოადგენს ანტიბიოტიკები და როგორ უნდა ჩატარდეს ანტიმიკრობული თერაპია ისე, რომ მხოლოდ სარგებლობა მოგვიტანოს, ამაზე ექიმი-ლაბორანტი თეა აღნიაშვილი გვესაუბრება.
- ქალბატონო თეა, რა მექანიზმით მოქმედებენ ანტიბიოტიკები ბაქტერიულ მიკროორგანიზმებზე?
- ანტიბიოტიკები არღვევენ დაავადების გამომწვევი ორგანიზმის უჯრედულ კედელს, უჯრედის მემბრანებს სრულფასოვან ფუნქციობაში უშლიან ხელს, რის შედეგადაც ირღვევა უჯრედში საკვებ ნივთიერებათა ტრანსპორტი და მისი ნორმალური მუშაობა. გარდა ამისა, ანტიბიოტიკები თრგუნავენ ნუკლეინის მჟავების - დნმ-სა და რნმ-ს, ასევე - პურინებისა და პირიმიდინების, ცილების სინთეზს და ამით ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ანტიბიოტიკების მიღება ადამიანს შეუძლია რამდენიმე გზით: პერორალურად, კუნთში, ინტრავენურად, რექტალურად, ვაგინალურად. ანტიბიოტიკები ხუთივე შემთხვევაში დიდხანს რჩებიან აქტიურნი, რაც სამკურნალო ეფექტის მიღებას ამარტივებს.
- არსებობს ანტიბიოტიკების რამდენიმე კლასიფიკაცია. რომელია მათ შორის ყველაზე მეტად მიღებული?
- წარმოშობის წყაროს მიხედვით განასხვავებენ:
- ბუნებრივ ანტიბიოტიკებს - ეს ის ანტიბიოტიკებია, რომელთაც ცოცხალი ორგანიზმები გამოიმუშავებენ, მაგალითად, ობის სოკოს მიერ სინთეზირებული პენიცილინი;
- ნახევრად სინთეზურ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ბიოლოგიური პროდუქტების მოდიფიკაციით, დამუშავების გზით მიიღება - ამოქსაცილინი, ცეფაზოლინი;
- სინთეზურს ანუ სინთეზური გზით მიღებულ ანტიბიოტიკებს - ასეთებია სულფანილამიდები, ნიტროფურანი.
ბაქტერიულ უჯრედზე ზემოქმედების მიხედვით მათ სამ ჯგუფად ყოფენ:
- ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკების ზემოქმედებით ბაქტერიები ცოცხლები რჩებიან, მაგრამ კარგავენ გამრავლების უნარს (მაკროლიდები, ტეტრაციკლინი, ლინკომიცინი, ქლორამფენიკოლი);
- ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკების ზემოქმედებით ბაქტერიები იღუპებიან, მაგრამ ფიზიკურად რჩებიან საარსებო არეში (პენიცილინი, ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, რიფამპიცინი, პოლიმიქსინები);
- ბაქტერიოლიზისური ანტიბიოტიკები სპობენ ბაქტერიებს, მათ უჯრედთა გარსს კი შლიან.
ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ცნობილია ანტიბიოტიკების შემდეგი ჯგუფები:
- ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები. ეს ჯგუფი, თავის მხრივ, ორ ქვეჯგუფს მოიცავს: პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებსაც გამოიმუშავებს ობის სოკო და ცეფალოსპორინებს, რომლებსაც პენიცილინის მსგავსი სტრუქტურა აქვთ და პენიცილინისადმი გამძლე ბაქტერიების საწინააღმდეგოდ იყენებენ (ამჟამად არსებობს ცეფალოსპორინების 4 თაობა);
- მაკროლიდები - ბაქტერიოსტატიკური მოქმედების, რთული ქიმიური ციკლური ბუნების ნაერთები;
- ტეტრაციკლინი - ბაქტერიოსტატიკური მოქმედების ანტიბიოტიკი, რომლითაც მკურნალობენ სასუნთქი გზებისა და შარდგამომყოფი სისტემის ინფექციებს, განსაკუთრებით საშიშ ციმბირის წყლულს, ტულარემიასა და ბრუცელოზს;
- ამინოგლიკოზიდები - ძალზე ტოქსიკური ბუნების ანტიბიოტიკები, რომლებსაც მძიმე ინფექციათა სამკურნალოდ იყენებენ.
- ანტიბიოტიკების მეტად მნიშვნელოვანი მახასიათებელია მათი ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი. ამ ნიშნის მიხედვით როგორი ფორმები არსებობს?
- ამ ნიშნით 8 ძირითადი ჯგუფია ცნობილი:
1. პრეპარატები, რომლებიც უპირატესად გრამდადებით და გრამუარყოფით კოკებზე (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, მენინგოკოკები, გონოკოკები) და გრამდადებით მიკრობებზე (კორინებაქტერია, კლოსტრიდია) მოქმედებენ. ასეთებია: ბენზილპენიცილინი, ბიცილინები, ოქსაცილინი, პირველი თაობის ცეფალოსპორინები, მაკროლიდები, ლინკომიცინი;
2. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც აქტიურნი არიან როგორც გრამდადებითი, ისე გრამუარყოფითი ჩხირებისადმი: ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი), ბიოსინთეზური ტეტრაციკლინი, ნახევრადსინთეზური ტეტრაციკლინები (მეტაციკლინი, დოქსიციკლინი, მონოციკლინი), ამინოგლიკოზიდები (სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, კანამიცინი, გენტამცინი, ფორტიმიცინი, ტობრამიცინი). მეორე თაობის ცეფალოსპორინები;
3. ანტიბიოტიკები, რომლებიც უპირატესად გრამუარყოფითი ჩხირებისადმი არიან აქტიურნი: პოლიმიქსინები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები;
4. ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც აქტიურნი არიან უპირატესად გრამდადებითი ორგანიზმებისადმი - პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფი; ასევე - მჟავაგამძლე სტაფილოკოკებისადმი აქტიური ანტიბიოტიკები - ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი;
5. ანტიტუბერკულოზური ანტიბიოტიკები: სტრეპტომიცინი, რიფამპიცინი, ფლორიმიცინი, კანამიცინი, ბიომიცინი, ციკლოსერინი;
6. სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები: ნისტატინი, ლევორინი, გრიზეოფულვინი, ამფოტერიცინ B, კეტოკონაზოლი, კანდიცინი, ტრიქოტეცინი, ანკოტილი, დიფლუკანი;
7. ანტისიმსივნური ანტიბიოტიკები: ანტინომიცინ C მიტომიცინ C ოლივომიცინი, ბრუნეომიცინი, რეუმიცინი, ადრიამიცინი (დოქსორუბიცინი), დაუნომიცინი, რუბომიცინი;
8. ანტიამებური ანტიბიოტიკები - ფუმაგილინი.