როგორ გავზომოთ სითხის მოცულობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავზომოთ სითხის მოცულობა?

1 ჩაის ჭიქა - 200 მლ.

1 და 1/4 ჩაის ჭიქა - 250 მლ.

1 და 1/2 ჩაის ჭიქა - 300 მლ.

2 და 1/2 ჩაის ჭიქა - 500 მლ.

3 ჩაის ჭიქა - 600 მლ.

4 და 1/2 ჩაის ჭიქა - 900 მლ.

5 ჩაის ჭიქა - 1 ლიტრი.

რაც შეეხება პროდუქტებს, ზოგიერთი მათგანი შედარებით მძიმეა, ზოგი კი - მსუბუქი. მაგალითად, 200 მლ-იან ჩაის ჭიქაში თავსდება:

200 მლ წყალი, 200 მლ რძე, 210 მლ ნაღები, 250 მლ შესქელებული რძე, 210 მლ არაჟანი, 210 მლ მაიონეზი, 265 მლ თაფლი, 270 მლ მურაბა, 200 მლ ძმარი, 250 მლ ტომატის პასტა, 180 მლ გამდნარი მარგარინი, 185 მლ გამდნარი კარაქი, 190 მლ ზეთი.

დაბოლოს, პროდუქტების წონისა და ზომის შედარებითი მონაცემები:

1 სუფრის კოვზი - 3 ჩაის კოვზი;

2 სუფრის კოვზი - 1/8 ჩაის ჭიქა;

4 სუფრის კოვზი - 1/4 ჩაის ჭიქა;

8 სუფრის კოვზი - 1/2 ჩაის ჭიქა;

12 სუფრის კოვზი - 3/4 ჩაის ჭიქა;

16 სუფრის კოვზი - 1 ჩაის ჭიქა;

1 ჩაის ჭიქა - 1/4 ლიტრი;

2 ჩაის ჭიქა - 1/2 ლიტრი;

4 ჩაის ჭიქა - 1 ლიტრი.

ცარცი საჭირო ატრიბუტია სამზარეულოში

ამ იაფი და ხელმისაწვდომი საგნით შეგიძლიათ, ბევრი საქმე გაიმარტივოთ:

  • ცხიმიანი ლაქა უკვალოდ გაქრება, თუ ცარცს წაუსვამთ და 10 წუთით ასე დატოვებთ. ამის შემდეგ ნივთი ჩვეულებრივი წესით უნდა გარეცხოთ.
  • ისეთ დელიკატურ მასალაზე, როგორიც ნატია, უცნობი წარმომავლობის ცხიმის ლაქა შეგიძლიათ ცარცის დახმარებით ამოიყვანოთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილს ცარცი და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ლაქას კვალიც აღარ დაგხვდებათ.
  • სანამ პერანგს გარეცხავთ, საყელოზე ცარცი წაუსვით. ეს დეტალი ყველაზე მეტად ჭუჭყიანდება, ცარცი კი მას სიქათქათეს დაუბრუნებს.
  • თუ ჭუჭყიანი თეთრეულით სავსე კალათში ცარცის პატარა ნატეხს მოათავსებთ, ის ყველა ზედმეტ სუნსა და სინესტეს შეიწოვს. მნიშვნელოვანია, რომ კალათში ცარცი თვეში ერთხელ შეცვალოთ.
  • ჭიანჭველები დასანახად ვერ იტანენ ცარცით შემოხაზულ ადგილებს. წაუსვით ცარცი პრობლემურ ადგილებზე და დაივიწყეთ ჭიანჭველების არსებობა.
  • მოათავსეთ ცარცის ნატეხი სუფრის მოწყობილობების შესანახ სამზარეულოს უჯრაში. ცარცი ვერცხლსა და მელქიორს სინესტისგან დაიცავს, ამით კი თქვენი დანა-ჩანგალი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ბზინვარებას.
  • ზოგჯერ გასაღები ბუდეში იჭედება და მისი გადატრიალება ჭირს. ასეთ დროს გასაღებს ცარცი წაუსვით და კიდევ სცადეთ. ცარცი ზედმეტ სინესტეს შეიწოვს და საკეტი კვლავ გამართულად იმუშავებს.
  • ცარცი რკინის ნივთებს დაჟანგვისგან იცავს. ამიტომ მოათავსეთ ცარცის ნატეხი ინსტრუმენტების ყუთში და დაივიწყეთ ჟანგის არსებობა.

ბურღურეული და მათი დალბობის წესი

მარცვლეული და ბურღულეული პროდუქტები ფიტინის მჟავას შეიცავენ. კვლევებით კი დამტკიცებულია, რომ ფიტინის მჟავა ბლოკავს ორგანიზმის მიერ მაგნიუმის, კალციუმის, რკინისა და ცინკის ათვისებას და ანემიისა და ალერგიულობის გამომწვევ მიზეზად გვევლინება. ისიც დადასტურებულია, რომ რაქიტისა და ოსტეოპოროზის გამომწვევი მიზეზი კალციუმის უკმარისობაა, რასაც საკვებში ფიტინის მჟავას სიჭარბე იწვევს. საბედნიეროდ, საშიში მჟავას გარდა, მარცვლეული და ბურღული სასარგებლო ფერმენტებსაც შეიცავს. მაგალითად, ფერმენტ ფიტაზას, რომელიც პროდუქტის დალბობის დროს აქტიურდება და საშიში ფიტინის მჟავას დაშლას იწვევს.

სხვათა შორის, ჩვენი ბებიები ბურღულეულს მოხარშვის წინ აუცილებლად ალბობდნენ. შესაძლოა, მათ არაფერი იცოდნენ კონკრეტულად ფიტინის მჟავას შესახებ და რაღაც გამოცდილებაზე დაყრდნობით იქცეოდნენ ასე, თუმცა ჩვენთვის ხომ უკვე ცნობილია. ამიტომ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა დაულბობელი ბურღულეულის მოხმარება მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ან საერთოდ ამოიღონ რაციონიდან.

როგორ დავალბოთ ბურღული?

დალბობის პროცესისთვის მხოლოდ თბილი წყალი და ნატურალური სიმჟავე (ვაშლის ძმარი, ლიმონის წვენი, მაწონი ან კეფირი) დაგჭირდებათ.

ჭურჭელი, რომელშიც ბურღულს დაალბობთ, პლასტიკატის არ უნდა იყოს. ბურღულს იმდენი წყალი დაასხით, რომ მთლიანად დაიფაროს.

ყოველ ერთ ჭიქა წყალზე შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი. ჭურჭელს თავზე დააფარეთ და თბილ ადგილას დადგით.

გაითვალისწინეთ, რომ ფიტაზას ფერმენტის აქტივაციისთვის საჭიროა 12-დან 18 საათამდე.

ზოგიერთი სახეობის ბრინჯი, წიწიბურა და ხორბალი დიდი რაოდენობით ფიტინის მჟავას არ შეიცავს, ამიტომ მათი დალბობა 7-9 საათითაც შეიძლება. სამაგიეროდ, დიდი რაოდენობის მჟავას შეიცავს ქატო, ამიტომ მისი გამოყენება ხანგრძლივი დალბობის გარეშე რეკომენდებული არ არის.

დალბობის შემდეგ ბურღული კარგად უნდა გარეცხოთ და მოსახარშად დადგათ. გაითვალისწინეთ, რომ ასე დამუშავებული ბურღული გაცილებით სწრაფად იხარშება.

დალბობის პროცესის შედეგად ბურღულეული ვიტამინებით, მინერალებით და ფერმენტებით მდიდრდება და ორგანიზმი პროდუქტს სამჯერ უფრო სწრაფად გადაამუშავებს.

რომელ პროდუქტს რამდენი დრო სჭირდება დასალბობად?

  • შვრია/შვრიის ფანტელი - 8-12 საათი;
  • ყავისფერი ბრინჯი - 12 საათი;
  • თეთრი ბრინჯი - 9 საათი;
  • ქერი - 6 საათი;
  • წიწიბურა - 5 საათი;
  • ფეტვი - 5 საათი.

გაითვალისწინეთ, რომ დალბობას საჭიროებს აბსოლუტურად ყველა ბურღული და მარცვლეული. ამას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება, უბრალოდ, კერძის მომზადება ერთი დღით ადრე უნდა დაგეგმოთ. დანარჩენს, თქვენს ნაცვლად, დრო გააკეთებს.

ნიორი და მისი შენახვის წესები

ნიორი ძვირფასი სანელებელი მცენარეა, რომლის გარეშე გემრიელი კერძის მომზადება წარმოუდგენელია. ზამთრის პერიოდში 1 კილოგრამი ნივრის ფასი 8-დან 12 ლარამდე მერყეობს, ამიტომ დიასახლისებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შენახვა დანაკარგების გარეშე მოახერხონ. არასწორად შენახული ნიორი ხშირად შრება ან, პირიქით, ღივდება. ორივე შემთხვევაში კი საკვებად გამოუსადეგარია.

1. ნივრის შენახვის უძველესი მეთოდია ღეროების დაწნა და წნულების მშრალ, გრილ სათავსში ჩამოკიდება.

2. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დიდ ადგილს არ მოითხოვს, ნივრის თავების ბადურაში მოთავსება და ბადურას მშრალ ადგილზე ჩამოკიდებაა. პერიოდულად ბადურა ჩამოხსენით და ნიორი გადაარჩიეთ. ამ მეთოდით შესაძლოა შესანახი ადგილის ეკონომია მოახერხოთ, თუმცა ნიორს გაღივებისა და გამოშრობისგან ვერ დაიცავთ.

3. ნივრის გამოშრობისა და გაღივებისგან დაცვის საუკეთესო მეთოდი მარილში შენახვაა. ნახვრეტებიანი ფიცრის ყუთის ან მინის ქილის ძირი მარილის სქელი ფენით დაფარეთ. მოაწყვეთ ნიორი და ფენებს შორის სიცარიელე მარილით შეავსეთ. გახსოვდეთ, რომ ჭურჭლის ძირში და თავზე მარილი დაახლოებით 2-3 სანტიმეტრის სისქეზე უნდა იყოს.

4. ნიორი საუკეთესოდ ინახება ფქვილშიც, რადგან ფქვილი ნესტს კარგად იწოვს. ქვაბის, ქილის ან ნებისმიერი სხვა ჭურჭლის ძირი ფქვილის სქელი ფენით დაფარეთ. ნივრის თავები ფქვილში კარგად ამოავლეთ და ჭურჭელში ჩააწყვეთ. თავზე ფქვილი მოაყარეთ და თავსახური დაახურეთ. ასე შენახული ნიორი გაზაფხულამდე უდანაკარგოდ გაგყვებათ.

5. ანალოგიური მეთოდით შეიძლება ნივრის შენახვა, თუ მარილისა და ფქვილის ნაცვლად ნაცარს ან ხახვის ფურცლებს გამოიყენებთ. ჩაყარეთ ხახვის ფურცლები ნაჭრის ტომარაში ან მუყაოს ყუთში. მოალაგეთ ნიორი და ყოველ ფენას ხახვის ფურცლები ჩააყოლეთ.

6. ნივრის საიმედოდ შენახვის კიდევ ერთი მეთოდი თითოეული თავის პოლიეთილენის პარკში მჭიდროდ გადახვევაა. პოლიეთილენი კარგად იცავს ნიორს გამოშრობისგან, ამიტომ ორ ფენად შემოახვიეთ და ჭურჭელში ჩაალაგეთ.

7. ნივრის შენახვის კიდევ ერთი მეთოდი გამდნარ პარაფინში ამოვლებაა. პარაფინის სანთლები წყლის აბაზანაზე გაადნეთ. სათითაოდ ჩაუშვით ნივრის თავები და გააშრეთ. პარაფინი ნივრის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის, რომელიც ნიორს გამოშრობისა და დაავადების მატარებელი მიკრობებისგან დაიცავს.

8. შეგიძლიათ, ნივრის თავები წინასწარ გასტერილებულ და გამშრალ ქილებში შეინახოთ. გამოცდილი დიასახლისები ამტკიცებენ, რომ ქილაში მოთავსებული და მჭიდროდ თავდახურული ნიორი ყოველგვარი დანამატების (მარილი, ფქვილი და ა.შ.) გარეშეც კარგად ინახება და არ ღივდება.

9. ნივრის შესანახად ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტომარაც გამოდგება. კარგი იქნება, თუ ნივრის თითოეულ თავს წინასწარ ჩაუშვებთ მაღალი კონცენტრაციის მარილწყალში და გააშრობთ. ასეთი დამუშავება ობის სოკოს გაჩენის შანსს მინიმუმამდე ამცირებს. იმავე მარილწყალში დაასველეთ ტომარაც, რომელშიც ნიორი უნდა მოათავსოთ და კარგად გააშრეთ. შემდეგ ჩაყარეთ ნიორი და მშრალ, გრილ ადგილზე შეინახეთ.

10. ნივრის გაღივება რომ თავიდან აიცილოთ, შეძენისთანავე თითოეული ყუნწი ცეცხლის ალზე მოატარეთ.

პური და მაცივარი

არსებობს მოსაზრება, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მაცივარი პურის შესანახად იდეალური ადგილია.

თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ პური ყველაზე უკეთ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, როცა ოთახში ტემპერატურა 15-25°С-ია და ჰაერის ტენიანობა - არა უმეტეს 75%. თუმცა, როგორც ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, სიცხეში ნამდვილად შეიძლება მაცივარში პურის შენახვა, ოღონდ აუცილებლად გარკვეული წესების გათვალისწინებით.

პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიოთ შესაფუთი მასალა:

პოლიეთილენის პაკეტი პურის მხოლოდ ერთჯერადი შენახვისთვის გამოდგება. ამასთანავე, აუცილებელია ასეთი მასალისგან დამზადებულ პარკს ნახვრეტები გაუკეთოთ (მაგ., ნემსით), რათა პოლიეთილენის პარკში არ დაგროვდეს კონდენსატი. თუმცა, თუ პურის საყინულეში მოთავსებას აპირებთ, შეფუთვა სრულად ჰერმეტული უნდა იყოს. გარდა ამისა, პურის შესანახად აუცილებლად პოლიეთილენის ახალი პაკეტი გამოიყენეთ.

ქაღალდის პაკეტი პურის შესაფუთად იდეალური მასალაა, რადგან არ „იკიდებს“ მაცივარში მოთავსებული პროდუქტების სუნს, კარგად ინარჩუნებს პროდუქტის ბუნებრივ ტენიანობას და ამის წყალობით პური დიდხანს არ ხმება.

ქსოვილისგან შეკერილი ტომარა, ასევე, საუკეთესო საშუალებაა მაცივარში პურის შესანახად. დღეს უკვე ბევრგან იყიდება პურის შესანახი სპეციალური ტომრები, რომლებიც სამფენოვანი ქსოვილისგანაა შეკერილი. ასეთი სტრუქტურის წყალობით პროდუქტი დაცულია გახმობისგან, ობის სოკოს გაჩენისა და „უცხო სუნისგან“.

ფოლგა საუკეთესო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ პურს საყინულეში ინახავთ.

შენახვის წესები და ვადა:

მაცივარში პური ქვედა თაროზე ან საყინულეში უნდა შეინახოთ. ყველაზე შეუფერებელი ადგილია ზედა და გვერდითა თაროები.

მაცივრის ქვედა თაროზე პური (შესაფუთი მასალის მიხედვით) 4-14 დღე ინახება. საყინულეში კი - მთელი თვით, ოღონდ თხელ ნაჭრებად დაჭრილი და პოლიეთილენის პაკეტში ან ფოლგაში შეფუთული.

მაცივარში ნუ შეინახავთ ახალ პურს, სანამ ის ჯერ კიდევ თბილია. დაელოდეთ გაციებას.

გაითვალისწინეთ, რომ ჭვავის პური ხორბლის პურისგან განცალკევებით უნდა შეინახოთ, რადგან ჭვავის პურის ტენიანობა უფრო მაღალია და, შესაბამისად, უფრო სწრაფად ობდება.

პრაქტიკამ დაადასტურა, რომ სიცივეში ყველაზე კარგად ხორბლის პროდუქცია ინახება, ჭვავისა კი - ნაკლებად.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ პური რბილი რჩება ერთი დღის განმავლობაში, თუმცა საყინულიდან გამოღებული - რამდენიმე საათი.

თუ მაცივარში მოთავსებული პურის პარკში დოლბანდში გამოკრულ მწიკვ მარილს ჩადებთ, უფრო მეტი გარანტია გექნებათ, რომ პური არ დატენიანდება.

დაბოლოს

დაიმახსოვრეთ: დაძველებულ პურს შეიძლება ობი მოეკიდოს, მაგრამ რბილობი წებოვანი არ უნდა გახდეს. პურის წებოვნება მის დასნებოვნებაზე მიუთითებს!