როგორ შევინახოთ პროდუქტები ზაფხულში
ამიტომ რძის ნაწარმი მხოლოდ იმ მაღაზიებში უნდა შევიძინოთ, სადაც სამაცივრე მოწყობილობები აქვთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უვარგის პროდუქტს ასეთ მაღაზიაში ვერ წააწყდებით. სამწუხაროდ, ყველა სავაჭრო პუნქტი როდი ეკიდება პასუხისმგებლობით სურსათის შენახვის წესებს, ამიტომ მალფუჭებადი პროდუქციის შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ წარმოების თარიღი და შენახვის ვადა, ეცადეთ, რაც შეიძლება ახალი ნაწარმი შეიძინოთ. თუ არ გსურთ, საკუთარ თავზე გამოსცადოთ მოწამვლის მთელი ხიბლი, ზაფხულის ცხელ დღეებში ერიდეთ აუდუღარ რძესა და სოფლის კვერცხს, რომელსაც ბაზარში მცხუნვარე მზის გულზე ყიდიან - რაც არ უნდა ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა იყოს, აშკარაა, რომ მაღალი ტემპერატურა დააჩქარებს მათში მავნე ბაქტერიების გამრავლებას. არავითარ შემთხვევაში არ შესთავაზოთ ბავშვს მოჭიქული ყველეული, ვიდრე თავად არ გასინჯავთ. სიცხეში სიფრთხილით მიირთვით ხორცის ნაწარმიც - ისიც სწრაფად ფუჭდება და მძიმე მოწამვლას იწვევს. თუ ხორცს შეიძენთ, აუცილებლად გაარკვიეთ, როგორ ტემპერატურაზე ინახებოდა იგი. საზოგადოდ, უმჯობესია, ზაფხულში მეტწილად მცენარეული საკვები - ხილი და ბოსტნეული მიირთვათ, თუმცა დაუდევრობა არც აქ გამოგადგებათ. არ უნდა დაგავიწყდეთ ჭამამდე მათი გულდასმით გარეცხვა გამდინარე წყლით. ბევრს მიაჩნია, რომ ბაღსა და ბოსტანში დაკრეფილი ხილ-ბოსტნეული უფრო გემრიელია, ვიდრე თეფშიდან აღებული. მათ ავიწყდებათ, რომ დიზენტერიის გამომწვევი ბაქტერია შიგელა სწორედ მიწაში ცხოვრობს და ორგანიზმში დაბინძურებული პროდუქტისა და ხელების მეშვეობით ხვდება. ამ მეტად უსიამოვნო დაავადებისგან თავის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მარტივი წესის დაცვით: კარგად უნდა დაიბანოთ ხელები ჭამის წინ და კარგად გარეცხოთ ის, რის ჭამასაც აპირებთ. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, არამც და არამც არ დათანხმდეთ გამყიდველს, თუ დახლიდან ხილის გასინჯვას შემოგთავაზებთ - ჯობს, ნაყიდი პროდუქტის გემო არ მოგვეწონოს, ვიდრე მოწამვლითა და მისი შედეგებით დავიტანჯოთ. ნუ შეჭამთ მკვახე პომიდორს. ბადრიჯანი და ყაბაყი უმჯობესია გათალოთ და ისე მოამზადოთ, რადგან სწორედ კანში გროვდება სოლანინის გლიკოზიდი, რომელიც შეიძლება მოწამვლის მიზეზად იქცეს. რაც უფრო მწიფეა ნაყოფი, მით უფრო მეტია მასში ეს ნივთიერება. პომიდორში, პირიქით, სოლანინი დამწიფებისას იშლება. ახლა სურსათის შენახვის წესები გავიხსენოთ. მალფუჭებადი სურსათის შენახვას ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ასეთია ხორცი, თევზი, ფრინველი, ყველი, კვერცხი, ხილი, კენკრა და მწვანილი. ისინი სათანადო ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. ახალი ხორცისა და თევზის შენახვა არა უმეტეს 8 გრადუსი ტემპერატურის პირობებში 48 საათის განმავლობაში შეიძლება, სპეციალურ საყინულეში კი ისინი გაცილებით მეტხანს ინახება, წელიწადსაც კი. ქათმის და მწყრის კვერცხიც აუცილებლად მაცივარში შეინახეთ - ოთახის ტემპერატურაზე ისინი მალე კარგავენ სასარგებლო თვისებებსა და ხარისხს. ქათმის კვერცხის მაცივარში შენახვა საშუალოდ 3-4 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა უმჯობესია, შეძენიდან 1 კვირის განმავლობაში გამოვიყენოთ. არასოდეს არაფერი გაყინოთ ხელმეორედ! თუ გაყინულმა ხორცმა ან ფარშმა ლღობა დაიწყო, ის ან უნდა მოამზადოთ, ან გადააგდოთ. ბევრს მიაჩნია, რომ გაყინული სურსათი შეიძლება შევინახოთ, რამდენ ხანსაც გვინდა, მაგრამ ასე არ არის. გაეცანით გაყინული პროდუქტის შენახვის ვადას და არამც და არამც აღარ მიირთვათ ამ ვადის გასვლის შემდეგ.
როგორ ამოვიცნოთ გაფუჭებული სურსათი?
- ფერით: კვერცხი იმღვრევა, ხორცი იღებს არასასიამოვნო მომწვანო ელფერს, ბოსტნეული იწყებს გამუქებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლპობის პროცესი დაიწყო.
- სუნით: ყველა პროდუქტი, განსაკუთრებით - ხორცი და კვერცხი, გაფუჭებისას იღებს სპეციფიკურ სუნს.
- თუ საკვებმა ფერი და სუნი არ იცვალა, მაგრამ არ მოგეწონათ მისი გემო, ნუ შეჭამთ - ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმმა სიგნალი მოგცათ საფრთხის თაობაზე.
- ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის სტრუქტურასა და კონსისტენციას. ნებისმიერი ცვლილება იძლევა ეჭვის საფუძველს. გაფუჭების ნიშანია, როდესაც ხორცი ფაშრდება, კვერცხი ლაყლაყებს, ხოლო ბოსტნეული დარბილებულია.
პროფესიული რჩევები
- რძე, რომელიც მაღაზიაში იყიდება, პასტერიზაციას გადის. ეს პროცედურა გამორიცხავს რძეში ბაქტერიების არსებობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი სამ დღეზე მეტხანს შენახვა არ არის რეკომენდებული, ხოლო გახსნის შემდეგ - 24 საათზე მეტხანს. დუღილი ხოცავს მიკრობებს და ზრდის რძის შენახვის ვადას. შინ რძე უმჯობესია შევინახოთ მაცივარში, მინის ჭურჭლით. თუ ხარისხმა დაგაეჭვათ, ხელახლა წამოადუღეთ ან საერთოდ გადაღვარეთ.
- ხორცი დიდხანს რომ არ გაფუჭდეს, ჯობს, საკვებ პერგამენტში გავახვიოთ. ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც იცავს გამოშრობისაგან, იწოვს ზედმეტ ცხიმსა და ნესტს.
- ხორცის დიდი ნაჭრები უფრო მეტხანს ინახება, ვიდრე პატარა.
- ასევე უფრო მეტხანს ინახება ძვლებგამოცლილი ხორცი, რადგან ძვალი მიკრობებისა და ბაქტერიების გამტარია.
- არ შეიძლება უმი ხორცის გვერდით თერმულად დამუშავებულის შენახვა - ორივე გაფუჭდება.
- პიკნიკის შემდეგ ნუ დაუბრუნდებით გაშლილ სუფრას, რადგან მზეზე დიდხანს ნადები საკვები ჯანმრთელობისთვის საშიშია.
- კვერცხმა მეტხანს რომ გაძლოს, ცალ-ცალკე უნდა გაახვიოთ ძმარმჟავას ხსნარში დასველებულ ნაჭერში.
- ნაღების კარაქი ადვილად ფუჭდება. დიდხანს შესანახად ის უნდა გავახვიოთ პერგამენტში და ცივ მარილწყალში მოვათავსოთ.
- სიცხე ბოსტნეულსაც ვნებს. მწვანილი და მხალეული სიცხეში სწრაფად ჭკნება, კარგავს გემოსა და სასარგებლო ნივთიერებებს. მწვანილი შეიძლება შეინახოთ ცივ მარილწყალში. ასევე შეიძლება ყაბაყის შენახვაც.
- სიცხისგან სურსათის დასაცავად შეიძლება ვისარგებლოთ თერმოპაკეტით - ის გაცივებულ საკვებს ორი საათის განმავლობაში შეუნარჩუნებს ტემპერატურას. თერმოპაკეტის თვისებები შეიძლება გავაძლიეროთ მასში ყინულიანი ბოთლის მოთავსებით. სიცხეში ხანგრძლივი მოგზაურობისას შეიძლება გამოვიყენოთ ჩანთა-მაცივარი.
დაბოლოს, ერიდეთ სიცხეში კრემიან ნამცხვრებსა და მაიონეზით შეზავებულ კერძებს - ეს პროდუქტები შესანიშნავი გარემოა მავნე ბაქტერიების სწრაფი გამრავლებისთვის.