კვებითი ტოქსიკოინფექცია
იწყება: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი. ზოგჯერ სხეულის ტემპერატურაც იმატებს, ადამიანს ეუფლება სისუსტე, ამცივნებს, ეხვევა თავბრუ. ეს სიმპტომები იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ორგანიზმში ავადმყოფობის გამომწვევმა მიკრობმა: პროტეუსმა, ენტეროკოკმა, კლოსტრიდიამ, ფსევდომონამ - დაიდო ბინა.ზაფხულობით ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება - მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები წლის ამ დროს ხშირად ირღვევა, ამიტომ კვებითი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი მიკრობები შეუფერებლად მრავლდებიან.
ზოგჯერ მოწამვლას იწვევს საკვებში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები (პესტიციდები), მძიმე ლითონების (თუთიის, სპილენძის, ტყვიის) მარილები, პროდუქტის ბუნებრივი შხამი (შხამასოკოები, ზოგიერთი ჯიშის თევზი). ეს კვებითი ინტოქსიკაცია არ არის. კვებით ინტოქსიკაციად არც უმწიფარი ნაყოფით ან რაციონალური კვების წესების დარღვევით (დიდი ოდენობით ცხიმიანი პროდუქტის, მჟავე რძის, ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების) მოხმარებით გამოწვეული დისპეფსიური მოვლენები მიიჩნევა. აქვე დავძენთ, რომ მარწყვით, კვერცხით და სხვა ამგვარი პროდუქტებით გამოწვეული "მოწამვლა" ხშირად ამ პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქციით არის განპირობებული.
-
ინფიცირების გზები
ჯანმრთელობისთვის მავნე თვისებებს საკვები სხვადასხვა დროს: წარმოებისას, ტრანსპორტირებისას, შენახვისა და რეალიზაციისას იძენს. განსაკუთრებით საშიშია ფარშისგან მომზადებული კერძები, პაშტეტი, მაიონეზი. მათში მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდება. ეს და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი შენახულ უნდა იქნეს მცირე ხნით და დაბალ ტემპერატურაზე. კატლეტის თუ პელმენის შეთბობა უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის - მიკრობები, რომლებიც პროდუქტის სიღრმეში ბინადრობენ, შესაძლოა, სიცოცხლისუნარიანნი დარჩნენ. მათი უვნებელყოფისთვის ინტენსიური სითბური დამუშავებაა საჭირო.
კვებითი ინტოქსიკაციის ერთ-ერთი სახეა სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია. ის ვითარდება სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის შემცველი საკვების მოხმარებისას (ამ დროს, შესაძლოა, პროდუქტი გამომწვევს არ შეიცავდეს). ენტეროტოქსინი სითბოგამძლეა. მისი უვნებელყოფისთვის საჭიროა 1-2-საათიანი დუღილი. სტაფილოკოკურ ტოქსიკოინფექციას ხშირად იწვევს კრემიანი საკონდიტრი ნაწარმი, ტკბილი ხაჭო, რძე, კარაქი. საკვებს სტაფილოკოკით აბინძურებს ადამიანი (მზარეული, კონდიტერი), რომელსაც აქვს ფურუნკულოზი, პიოდერმია და სხვა ჩირქოვანი დაავადება. საფრთხეს წარმოადგენს ანგინით, სურდოთი, ლარინგიტით, ბრონქიტით დაავადებული ადამიანიც. რძე ბინძურდება, თუ ძროხას აქვს სარძევე ჯირკვლის ანთება (მასტიტი).
-
როგორ ვლინდება კვებითი ტოქსიკოინფექცია
ნიშნები თავს იჩენს ინფიცირებული საკვების მიღებიდან 2-48 საათის შემდეგ.
წამყვანი სიმპტომებია:
- გულისრევა;
- ღებინება;
- კუჭის აშლილობა;
- მუცლის ტკივილი;
- ტემპერატურა ზოგჯერ ნორმალური რჩება, ზოგჯერ 38-390C-მდე იმატებს.
ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, 1-დან 3 დღემდე გასტანს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ვითარება რთულდება. სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია გამოირჩევა ხანმოკლე საინკუბაციო პერიოდით, რომელიც 2-4 საათს არ აღემატება. დაავადება ვლინდება კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებით, მკერდის ძვლის ქვეშ მზარდი ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით. მსუბუქი ინტოქსიკაცია ნორმალური ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. გამოჯანსაღებისთვის უმეტესად 1-2 დღეა საჭირო. იშვიათად ავადმყოფობა უფრო მეტხანსაც გასტანს. საბედნიეროდ, კუჭ-ნაწლავის ამ ტიპის აშლილობა ჯანმრთელობას იშვიათად უქმნის საფრთხეს და რამდენიმე დღეში უკვალოდ გაივლის. ასეთ შემთხვევებში ექიმებს თვითმკურნალობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მთავარია სწორი მიდგომა.
-
როგორ მოვაგვაროთ პრობლემა
ღებინება ორგანიზმს ყველაზე სწრაფად და სრულყოფილად ათავისუფლებს ენტეროტოქსინითა და მისი წარმომქმნელი მიკრობით დაბინძურებული საკვებისგან. ამოირეცხეთ კუჭი კალიუმის პერმანგანატის ბაცი ვარდისფერი ხსნარით, სუფრის მარილის ან სოდის წყალხსნარით (1 სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე). დასაშვებია უბრალო ანადუღარი წყლის გამოყენებაც. სასურველია 2 ლიტრამდე სითხის მიღება. თუ ღებინება არ განვითარდა, მექანიკურად გამოიწვიეთ - დააწექით ენის ძირს ორი (სუფთა) თითით ან კოვზით. პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
გამოიჩინეთ ნებისყოფა და როგორც არ უნდა შეგაწუხოთ შიმშილმა, უახლოესი 24 საათის განმავლობაში (უმჯობესია, ცოტა მეტხანსაც) ნურაფერს შეჭამთ, სითხის მიღება კი განუსაზღვრელი ოდენობით შეგიძლიათ. ყველაფერს სჯობს თბილი უშაქრო ჩაი ან სუფთა ანადუღარი წყალი. სვით თითო ჭიქა საათში ერთხელ, ყლუპობით. ღებინებისა და კუჭის აშლილობის დროს ორგანიზმი სითხესთან ერთად ნატრიუმსა და ქლორს კარგავს. ამ დანაკარგის შევსება შეიძლება ანადუღარ წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. სუფრისმარილით, კარტოფილისა და სტაფილოს ნახარშით.
- 2-3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი ან სტაფილო გახეხეთ მსხვილად, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ, ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ და გაწურეთ. დალევის წინ დაამატეთ ცოტაოდენი მარილი.
შეიძლება გარგარის ჩირისგან, ქიშმიშისა და ბანან ისგან მომზადებული უშაქრო კომპოტიც. ყველა ეს პროდუქტი მდიდარია კალიუმით. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ თვითონ ხილი. როცა სამკურნალო შიმშილის პერიოდი ჩაივლის, გადადით 3-4 საათში ერთხელ მცირე ულუფებით კვებაზე.
პირველ დღეს დასჯერდით კეფირს (ნაწლავის მიკროფლორას ყველაზე უკეთ აღადგენს ბიფიდოკეფირი, საბავშვო აციდოფილინი, ბიფილინი), თეთრი პურის ორცხობილა, ბრინჯის ან შვრიის წყალში მოხარშული თხელი ფაფა.
მეორე დღეს მიირთვით რძიანი ფაფა, თოხლო კვერცხი, მესამე დღეს - მოხარშული ხორცი, თევზი, კარტოფილის ან სტაფილოს ფაფა. უმი ბოსტნეული, ხილი, წვენები (განსაკუთრებით - მჟავე: ფორთოხლისა, გრეიპფრუტისა, პომიდვრის) შეგიძლიათ გამოჯანმრთელების შემდეგაც მიიღოთ.
-
თუ ღებინება გაგრძელდა
თუ კუჭი შიგთავსისგან დაცლილია, მაგრამ ღებინება მაინც გრძელდება, დაწექით, მოდუნდით, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და პირში ყინულის ნატეხი ჩაიდეთ. უმჯობესია, ეს იყოს არა უბრალოდ ანადუღარი წყლის, არამედ პიტნის ჩაის ყინული (2 ჩაის კოვზ ხმელ პიტნას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 5 წუთს გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ). კარგია ნახევარი ლიტრი პიტნის ნახარშის თბილი ოყნაც. უსიამოვნო შეგრძნების გაქრობამდე საათში ერთხელ ყლუპობით სვით პიტნის ჩაი.
თუ გრძნობთ, რომ თავბრუ გეხვევათ და გული მიგდით, ვალერიანის წვეთებით დაასველეთ დოლბანდის ნაჭერი და მორიგეობით ისუნთქეთ ორივე ნესტოთი, მეორეზე ამ დროს ხელი მიიჭირეთ. მუცლის ტკივილის შესამცირებლად პერიოდულად საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით მსუბუქად ისვით ხელი. შემდეგ მუცელი შალის ქსოვილით დაითბუნეთ. გაღიზიანებულ კუჭ-ნაწლავს აწყნარებს ბარამბოს, გვირილისა და თავშავას ნაყენი. ეს მცენარეები თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 30-40 წუთს. სვით თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
-
თუ აშლილობას ხანგრძლივი შეკრულობა მოჰყვა
როდესაც შეკრულობა 48 საათზე მეტხანს გრძელდება, ნაწლავის კედლიდან სისხლში გადადის ლპობისა და დუღილის მოლეკულები, რაც კვლავ ინტოქსიკაციას ნიშნავს, ეს კი იწვევს თავის ტკივილს, ღებინების შეგრძნებას და უსიამოვნო განწყობას. ამ დროს კარგია საფაღარათოს მიღება, მაგრამ მცირე ხნით - მისი ხანგრძლივი გამოყენება შეჩვევას იწვევს და დოზის გაზრდა ხდება საჭირო, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა.
თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, კვებაში კორექტივები უნდა შევიტანოთ: რაციონში გავზარდოთ მცენარეული ბოჭკოს - ხილისა და ბოსტნეულის წილი. კარგია შავი ქლიავი, ვაშლის პიურე, გახეხილი ჭარხალი. ისინი შეიცავს პექტინებს, რომლებიც ნაწლავში იჯირჯვება და მის დაცლას აადვილებს. თუ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, რაციონში ჩართეთ ბალასტური ნივთიერებები - ბურღული, რომელსაც კვებითი ღირებულება არ აქვს, მაგრამ ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას და ხელს უწყობს მის გადაადგილებას. მიიღეთ დღეში 3-4 სუფრის კოვზი კეფირთან, ფაფასთან ან პიურესთან ერთად.
მსუბუქი მოწამვლისას მედიკამენტის მიღება არ ღირს. გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი დისფუნქცია რამდენიმე დღეში თავისთავად ნორმალიზდება. ზემოხსენებულ საშუალებებთან ერთად სასარგებლოა კრაზანასა და მუხის ქერქისგან დამზადებული სადეზინფექციო ნაყენები. ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით მდუღარე, 15 წუთს გააჩერეთ ორთქლზე, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
-
როდის მივმართოთ ექიმს
- როცა მუცლის ტკივილი გვაფიქრებინებს ბრმა ნაწლავის შეტევას ან სხვა მწვავე დაავადებას, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში წუთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
- მუცლის ტკივილმა და ტემპერატურამ (38,50ჩ და მეტი) 2-3 დღეში არ გაიარა;
- თვალის სკლერა, კანი გაყვითლდა, შარდი გამუქდა;
- ღებინება მომდევნო დღეებშიც განმეორდა, პირნაღები მასა ყავის ნალექს ჰგავს ან ამონაღებში სისხლი შეამჩნიეთ;
- კუჭის მოქმედება ხშირია (10 და მეტი დღეში), ნაწლავებიდან გამოსული მასა ბევრია ან მასში შეინიშნება სისხლის მინარევი, ლორწო და ჩირქი.
- თვალები ჩაცვენილია, პირი - მშრალი, ნერწყვი - სქელი და წებოვანი, მიღებული სითხე არ ჩერდება ორგანიზმში ან ავადმყოფს არ შეუძლია წყლის მოსმა. მოზარდებისთვის ეს მდგომარეობა სახიფათოა, როცა გრძელდება 10-12 საათს, 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 10 საათს, 2-დან 5 წლამდე ასაკის პატარებისთვის - 8 საათს, 2 წლამდე ასაკის პატარებისთვის - 6 საათს.