კულინარიული ჩანართი
ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ გრძელ ღერებად. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ ბადრიჯანი და შევდგათ ღუმელში, ვშუშოთ 200-220 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში. დროდადრო ვურიოთ. სპეციალურ კორეულ სახეხზე ან უბრალოდ მსხვილად გახეხილ სტაფილოს დავამატოთ ზეთში მოხრაკული ხახვი, მოშუშული ბადრიჯანი, შევაზავოთ მარილით, ძმრით, დაჭყლეტილი ნივრითა და სანელებლებით. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ახალმომზადებული, თბილი, ისე ცივი, მას შემდეგ, რაც სანელებლები კარგად გაუჯდება.
ნიგვზიანი წვნიანი
საჭიროა:
- 1 ცალი მოზრდილი კიტრი;
- 60 გრამი მოხალული ნიგოზი;
- 15 გრამი ოხრახუში;
- 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი;
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
- 4 ს.კ. წყალი;
- 1 ლიმონის წვენი;
- 200 გრამი სამარხვო მაიონეზი;
- შავი პილპილი, მარილი;
- პიტნის ფოთლები.
კიტრი გავთალოთ, ამოვაჭრათ გული და დარჩენილი ნაწილი დავჭრათ წვრილად. დაჭრილი კიტრი გავყოთ ორად. ნახევარს დავამატოთ ნიგოზი, ნიორი, ზეთი, ოხრახუში და ავთქვიფოთ ბლენდერში. მიღებული პიურე გადმოვიღოთ ჯამში და დავამატოთ დარჩენილი კიტრის ნაჭრები. მოვასხათ ლიმონის წვენი და ავურიოთ. დავამატოთ მაიონეზი და კვლავ ავურიოთ. შევაზავოთ პილპილით, მარილით, პიტნის ფოთლებით, დავახუროთ თავზე და 30 წუთით შევდგათ მაცივარში.
სოკოს წვნიანი პურში
საჭიროა:
- 450 გრამი სოკო;
- 25 გრამი მარგარინი;
- 100 გრამი სიმინდი;
- 100 გრამი მუხუდო;
- 0,5 ლ მდუღარე წყალი;
- 1 დიდი მრგვალი პური;
- ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, ძირა.
გახურებულ ღუმელში შევდგათ სოკო და მოვშუშოთ მარგარინში. მოშუშულ სოკოს დავამატოთ დანარჩენი ბოსტნეული და ცოტა ხანს კიდევ ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ მდუღარე წყალი და შევანელოთ სუნელებით. ამასობაში პურის ბატონს შუაგულში ამოვაჭრათ ზედა ქერქის მოზრდილი ნაჭერი და ამოვუღოთ გული. ეს “პურის ჭურჭელი” შევდგათ ღუმელში და გამოვაშროთ. კარგად რომ გამოშრება, გამოვიღოთ ღუმლიდან და ჩავასხათ შიგ მომზადებული წვნიანი. სუფრასთან მიტანამდე მოვაყაროთ ქინძი და მწვანე ხახვი.
კარტოფილი სოკოთი
საჭიროა:
- 3-4 ცალი კარტოფილი;
- 400 გრამი სოკო;
- 50-70 გრამი ზეთი;
- 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი გემოვნებით შერჩეული მწვანილი;
- მარილი, ქონდარი.
მრგვალ ფირფიტებად დაჭრილი კარტოფილით დავფაროთ თიხის ქვაბის ძირი, მოვაყაროთ ქონდარი, სოკო, მოვასხათ ცოტა წყალი, მოვაყაროთ მარილი, ჩავასხათ ზეთი და შევდგათ ღუმელში. 10-15 წუთი ვშუშოთ. მზა კერძს მოვაყაროთ მწვანილი.
სოკოს ხიზილალა
საჭიროა:
- 200 გრამი სოკო;
- 5 თავი ხახვი;
- 3 ს.კ. ზეთი;
- მარილი, პილპილი.
მარილწყალში მოხარშული სოკო გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ მოშუშული ხახვი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.