კარტოფილი - საკვებიც და სამკურნალოც
კარტოფილი უძველესი ბოსტნეული კულტურაა. მას ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინათ იყენებდნენ ძველი ინდიელები, თანაც არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. დღეს ყველამ იცის, რომ კარტოფილის შემადგენლობაში შემავალ ცილას (2%-მდე) მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ამინმჟავას შეიცავს. პოლისაქარიდებიდან მის შემადგენლობაში შედის სახამებელი, პექტინები, უჯრედისი, მონო- და ოლიგოსაქარიდები - ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა; მინერალური მარილებიდან ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის შემცველი ნაერთები; მიკრო- და მაკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, იოდი, მანგანუმი. კარტოფილის ქიმიური შემადგენლობა XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში გაიშიფრა, თუმცა ადამიანმა მისი სასარგებლო თვისებები გაცილებით ადრე შეამჩნია და სამკურნალოდ გამოყენება დაიწყო. ტუბერკულოზით დაავადებულებს ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ურჩევდნენ კარტოფილით კვებას. რეკომენდაციას უწევდნენ ამ ბოსტნეულს შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც. მის თხელ ანათალს დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის დასაამებლად. ამჟამად ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონისას, ვაშლისას და სხვ.), ვიტამინებს. ბევრს ის მხოლოდ ნახშირწყლების წყარო ჰგონია. სინამდვილეში კარტოფილი მდიდარია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U ვიტამინებით. სახამებელი, რომელსაც კარტოფილისგან იღებენ, გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველი საშუალება. ფარმაცევტულ წარმოებაში ის მრავალი ტაბლეტისა და ფხვნილის დანამატი თუ ძირითადი კომპონენტია. ყველამ იცის, რომ კარტოფილი ძალიან უხდება ზედა სასუნთქი გზების კატარს. მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია სასარგებლოა მშრალი ხველის დროს. უმი კარტოფილის საფენები რეკომენდებულია არა მხოლოდ ეგზემის (კანის ანთებითი არაგადამდები დაავადებაა), არამედ თავის ტკივილის დროსაც (შუბლზე აპლიკაციის სახით). კარტოფილს იყენებენ აგრეთვე გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. მომატებული სიმჟავითა და გულძმარვით შეწუხებულ ავადმყოფებს ურჩევენ, დღეში ორჯერ, ჭამის წინ, მიიღონ 50-150 გრამი კარტოფილის წვენი. უმი კარტოფილის შემცველი სანთლები წარმატებით გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. მოხარშული კარტოფილის დიეტა ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის - ჰიპერტონიული დაავადების, დროსაც. კალიუმის უხვი შემცველობის გამო კარტოფილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.
კარტოფილი კოსმეტოლოგიაში
დიდია კარტოფილის როლი კოსმეტოლოგიაშიც. მოხარშული კარტოფილის, კვერცხის გულისა და რძის ნარევი სახის კანის მკვებავი უნიკალური ნიღაბია. ამ ნარევის მასა 15-20 წუთს უნდა გაიჩეროთ სახეზე, ჩამოიბანოთ ცხელი წყლით, მერე კი ცივი წყალი ისხუროთ. ამ პროცედურის შემდეგ კანი გლუვი, ნაზი და დრეკადი ხდება, ნაოჭები სწორდება. მზით დამწვრობისა თუ კანის სხვა ანთებითი დაავადებების დროს კარგია უმი, გახეხილი კარტოფილის კომპრესები - მათ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ. თუ ხელებზე კანი გამოგიშრათ და გექერცლებათ, გირჩევთ, აიღოთ ახალმოხარშული კარტოფილი, გაგლისოთ ცხელ რძეში და ფაფა, რაც შეიძლება ცხელი (რამდენსაც გაუძლებთ), ხელებზე წაისვათ, შეიფუთოთ და გაცივებამდე დაიტოვოთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგი თავადვე გაგაოცებთ! დასასრულ, დაიხსომეთ: კარტოფილის ქერქი და მწვანე ნაწილები შეიცავს ტოქსიკურ სტეროიდს - ალკალოიდ სოლანინს, ამიტომ ის სიბნელეში უნდა შეინახოთ. თუ მაინც სინათლეზე დაგრჩათ და გაგიმწვანდათ, აუცილებლად ჩამოაჭერით და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საკვებად გამწვანებული ნაწილები!