კულინარიული ჩანართი
წვნიანები მდიდარია ვიტამინებით, ნოყიერია და გემრიელი. სასურველია, სადილი ყოველთვის წვნიანით იწყებოდეს.
გთავაზობთ რამდენიმე არაორდინარული წვნიანის რეცეპტს:
კარტოფილისა და პარკოსნების წვნიანი
საჭიროა:
- 200 გ კარტოფილი;
- 100 გ ლობიო ან მუხუდო;
- 2 სტაფილო;
- 1 კონა ოხრახუში;
- 1 თავი ხახვი;
- 2 ს.კ. კარაქი;
- მარილი.
ლობიო ან მუხუდო გარეცხეთ და დაასხით 250 გ ცივი წყალი, ქვაბს დაახურეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში. დაჭერით სტაფილო, ოხრახუში და ხახვი, მოშუშეთ ცხიმში, წვნიანს დაამატეთ კარტოფილი. მოშუშეთ და ბოსტნეული ხარშეთ 15-20 წუთი. მოაყარეთ მარილი.
კომბოსტოს, მუხუდოსა და ძეხვის წვნიანი
საჭიროა:
- 1/4 თავი კომბოსტო;
- 3 ცალი კარტოფილი;
- 1 ცალი წითელი წიწაკა;
- სტაფილო;
- ხახვი;
- 250 გ მოხარშული ძეხვი;
- დაკონსერვებული მუხუდო.
სამლიტრიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით ქურაზე. ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი. დაჭერით კომბოსტო, წიწაკა, ძეხვი კუბებად. გახეხეთ სტაფილო და დაჭრილ ხახვთან ერთად შეწვით. მას შემდეგ, რაც კარტოფილი 10-15 წუთი იდუღებს, დაამატეთ კომბოსტო, წიწაკა, მარილი. ხარშეთ კომბოსტოს დარბილებამდე. ჩაამატეთ მოშუშული სტაფილო, ხახვი, მუხუდო, ძეხვი და ადუღეთ 15 წუთი.
წვნიანი ბრინჯითა და ძეხვით
საჭიროა:
- 2 ცალი კარტოფილი;
- 2 გრძელი შებოლილი ძეხვი;
- 100 გ მდნარი ყველი;
- 1 თავი საშუალო ზომის ხახვი;
- 1 მუჭა (1/2ჭ) ბრინჯი;
- 1 კონა მწვანილი;
- 1 კბილი ნიორი;
- მარილი;
- სუნელები.
სამლიტრიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე, ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ბრინჯი. სანამ ადუღდება, გახეხეთ სტაფილო, ხახვი წვრილად დაჭერით, ძეხვი კი - მრგვალად. მშრალ ტაფაზე შეწვით ყველი, ხოლო მის ცხიმში - ხახვი და სტაფილო. დაჭერით ყველი, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ურიეთ გადნობამდე. დაამატეთ ძეხვი და ბოსტნეული, საჭიროების შემთხვევაში მოაყარეთ მარილი, წვნიანი მანამდე ხარშეთ, ვიდრე კარტოფილი და ბრინჯი მომზადდება. ბოლოს დაამატეთ სუნელები, წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილი. გადმოიღეთ ქურიდან და გააცივეთ.
ხამანწკების წვნიანი
საჭიროა:
- 200 გ ხამანწკები;
- 2 ცალი სტაფილო;
- 50 გ დაკონსერვებული მუხუდო;
- 4 ცალი კარტოფილი;
- 1,5 ლ წყალი;
- 150 გ ბრიუსელის კომბოსტო;
- 1 ს.კ. შაქარი;
- 3 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში;
- მარილი.
გათალეთ კარტოფილი, სტაფილო და დაჭერით კუბებად. დადგით წყალი ცეცხლზე, დუღილს რომ დაიწყებს, ჩაყარეთ შაქარი, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მუხუდო, კომბოსტო, სტაფილო და კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და ხარშეთ 15-20 წუთი, დროდადრო ურიეთ. გარეცხეთ ხამანწკები და ჩაყარეთ ბულიონში, ხარშეთ ათი წუთის განმავლობაში, მოაყარეთ ოხრახუში.