ყველაზე სასარგებლო კერძი
ნუ გეგონებათ, რომ მისი მომზადება ყველამ იცის - მასში ხომ შენარჩუნებული უნდა იყოს ყველა კომპონენტის სასარგებლო თვისებები. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.
- რატომ უნდა მივირთვათ სადილად სუპი?
- ვკითხოთ ჩვენს თავს - "ხშირად გვაქვს სუპი სადილად?" მრავალი თქვენგანი გულახდილად გვიპასუხებს, რომ არა. უფროსი თაობის ყოველდღიური რაციონი კი აუცილებლად შეიცავდა წვნიანს. ოჯახი, სადაც სადილობისას სუფრასთან პირველ თავ კერძად სუპი არ მოჰქონდათ, ხელმოკლედ ითვლებოდა.
წვნიანის სასარგებლო თვისებებზე საუბარი დავიწყოთ იმით, რომ იგი ნაკლებკალორიულია, ვიდრე, თუნდაც, ყველასთვის საყვარელი ხორციანი მაკარონი. მართალია, არსებობს საკმაოდ კალორიული სუპებიც, მაგალითად, სუპ-ხარჩო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა აქვს კერძის არა მხოლოდ შემადგენლობას, არამედ სახეობასაც.
ამერიკაში ასეთი გამოკვლევა ჩაატარეს: ადამიანებს აძლევდნენ ერთსა და იმავე საკვებს, ოღონდ სხვადასხვანაირად მომზადებულს (მაგალითად, წვნიანი მაკარონითა და ხორცით და ხორციანი მაკარონი). ის, ვინც წვნიანს მიირთმევდა, 27 კალორიით ნაკლებს იღებდა, ვიდრე ის, ვინც იმავე ინგრედიენტებისგან მომზადებულ მშრალ კერძს გეახლებოდათ. პირველ შემთხვევაში სიმაძღრის შეგრძნება უფრო მალე იჩენს თავს და ადამიანიც უფრო მცირე ულუფას სჯერდება. გარდა ამისა, წვნიანს აქვს სამკურნალო მნიშვნელობაც. მაგალითად, თუ კუჭი გაწუხებთ (სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა, დაბალი მჟავიანობა), იგი ძალზე სასარგებლოა. ბოსტნეულის წვნიანი საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, ხოლო უხორცო სუპი არაჟნით აძლიერებს კუჭში ცილების დამშლელი ფერმენტების წარმოქმნას.
დაბოლოს, ყოველგვარი სუპი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, კუჭის ფერმენტულ აქტიურობას, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საკვების უკეთ მონელებას.
მეცნიერები ვარაუდობენ, - და ამისთვის საკმაო საფუძველი აქვთ, - რომ ყოველდღიურ რაციონში სუპის შეტანა ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. დადგენილია, რომ ქათმის უცხიმო ბულიონი უხდება სისხლძარღვებს - ხელს უშლის მათი კედლის გასქელებას (სკლეროზულ ცვლილებებს). წვნიანს სასარგებლო თვისებებს სძენს სანელებლებიც. მაგალითად, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, ოხრახუში, ნიახური, კამა აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების აქტიურობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ბურღულით მომზადებული სუპი. ბურღული მდიდარია ბოჭკოთი; მასში შემავალ პექტინს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები, ხოლო უჯრედისი ქოლესტერინის სისხლში შეწოვას უშლის ხელს. ასე რომ, სუპი უნდა მიირთვათ და არა მხოლოდ სადილად, არამედ ვახშმადაც და, რაც მთავარია, შვილები პატარაობიდანვე შეაჩვიოთ წვნიანის ჭამას პირადი მაგალითით.
- რომელი წვნიანია ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო?
- ამის თაობაზე, უმჯობესია, თქვენს პედიატრს გაესაუბროთ - ის, ბავშვის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად შეგირჩევთ რაციონს. ძალიან სასარგებლოა ბოსტნეულის სუპი, ქათმის ნაკლებად ცხიმიანი ბულიონი, თევზის სუპი.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც თევზის ძალიან გემრიელ და სასარგებლო წვნიანს მოამზადებთ. დაგჭირდებათ:
- 100 გ თევზის ფილე;
- 1 თავი ხახვი;
- 1 ცალი სტაფილო;
- 400 მლ წყალი;
- 3 ს. კ. რძე;
- ერთი ნაჭერი (15გ) თეთრი პური;
- 1 ჩ. კ. ნაღების კარაქი;
- 1 ცალი კვერცხი;
- მწიკვი მარილი;
- რამდენიმე ღერი კამა და ოხრახუში.
თევზი მოხარშეთ ხახვთან, სტაფილოსა და მწვანილთან ერთად. როდესაც გაცივდება, გაატარეთ წინასწარ რძეში დამბალ პურთან ერთად, დაუმატეთ კარაქი, ათქვეფილი კვერცხი, გემოვნებით - მარილი, ხელით მიეცით ბურთების ფორმა და ჩაუშვით თევზის ნახარშში. ადუღეთ 10-15 წუთი.
- როგორ მოვამზადოთ სუპი ისე, რომ მის ინგრედიენტებს სასარგებლო თვისებები შევუნარჩუნოთ?
- ყველა დიასახლისს აქვს კერძის მომზადების საკუთარი საიდუმლო, მაგრამ ხორცმა და ბოსტნეულმა სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:
- სუპი არ უნდა ვადუღოთ დიდხანს - ასე იკარგება ვიტამინები და მცირდება მისი კვებითი ღირებულება.
- სტაფილო უმჯობესია გავხეხოთ - ასე მას ორგანიზმი უკეთესად აითვისებს კერძის ცხიმთან ერთად, თანაც გახეხილი სტაფილო კერძს სასიამოვნო შეფერილობას აძლევს.
- ხარშვის დროს წვნიანს ვურიოთ ხის კოვზით, ნელა, ერთი მიმართულებით, რომ ბოსტნეული არ დაიშალოს.
- უმჯობესია, მოამზადოთ ერთი დღის სამყოფი წვნიანი - მაცივარში შენახული კერძი გაცხელებისას კარგავს ყველა წყალში გახსნილ ვიტამინს, პირველ რიგში კი ასკორბინმჟავას - C ვიტამინს. გამონაკლისია მჟაუნას სუპი და სხვა მჟავე წვიანები, რომლებიც მეორე დღეს უფრო გემრიელია.
- პარკოსნებისგან (ლობიო, სოია) მომზადებული წვნიანი კალორიულობთ ხორციანს არ ჩამოუვარდება. მათთვის, ვისაც ნაწლავები აწუხებს, ასეთი კერძების ხშირად მიღება არ არის რეკომენდებული.
- ბოსტნეული ნაწილ-ნაწილ ჩაუშვით ადუღებულ წყალში, იმისდა მიხედვით, რომელ მათგანს უფრო მეტხანს სჭირდება ხარშვა. მაგალითად, კომბოსტო ყველაზე გვიან იხარშება, ამიტომ ქვაბში ჯერ ის ჩაუშვით, მერე - კარტოფილი, სტაფილო და ხახვი, მწვანილი კი მომზადებამდე 5-7 წუთით ადრე ჩაამატეთ. პომიდორი და ბულგარული წიწაკა, ჯობს, სულ 1-2 წუთი იხარშოს, ჭარხლისა და მჟაუნას ფოთლები - 5 წუთამდე.
- ხორციანი წვნიანის მომზადებისას ქვაბს მიეცით მაღალი ცეცხლი, ბულიონისთვის კი დაბალიც საკმარისია - ასე უფრო გამჭვირვალე და გემრიელი გამოდის. თუ ძლიერ ცეცხლზე დიდხანს ადუღეთ, ბულიონი აიმღვრევა.
- თუ ბულიონი საკმარისი არ გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ ადუღებული ცხელი წყალი. გაითვალისწინეთ: მხოლოდ და მხოლოდ ცხელი! ცივი წყალი მას გემოს უცვლის.
- ბოსტნეულის, ასევე - სოკოს სუპს მარილი ბოლოს ჩაამატეთ, თევზის სუპს - თავიდანვე, ხორციან წვნიანს - ხარშვის დასრულებამდე 30 წუთით ადრე.
- მწვანილი და სხვა სანელებლები წვნიანს ხარშვის დასრულებამდე 5-7 წუთით ადრე ჩაამატეთ - არც გემოს დაკარგავს და წვნიანიც უფრო მიმზიდველი გამოვა.