საახალწლო სამზადისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო სამზადისი

ცნობისათვის: იაპონელები ახალი წლის აღნიშვნას სწორედ სახლის დალაგებით იწყებენ, იტალიაში კი ახალი წლის დამდეგს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან ძველ ტანსაცმელს, დამტვრეულ ჭურჭელს, ავეჯს, რადგან სწამთ, რომ თუ ახალი წლის ღამეს გადაყრიან ძველს, მომავალ წელს აუცილებლად შეიძენენ ახალს. იმისთვის, რომ სახლი იოლად და სწრაფად დავალაგოთ, შევადგინოთ მარტივი გეგმა. დალაგების პროცესი დავყოთ მოდულებად ისე, რომ ყოველ მათგანს რამდენიმე საათი დავუთმოთ. დაიწყეთ ფანჯრებით. გაწმინდეთ ჩარჩოები, მოაწესრიგეთ რაფები, გარეცხეთ ფარდები. არ დაგავიწყდეთ გამათბობელი საშუალებების გასუფთავება. დაალაგეთ ტუმბები და კარადები. ვინ იცის, რამდენ დავიწყებულ, მაგრამ საჭირო ნივთს იპოვით... რასაც აღარ იყენებთ, გადაყარეთ. ამის შემდეგ ჩამოწმინდეთ ჭერიდან და კედლებიდან ობობას ქსელები. დაასუფთავეთ სააბაზანო და საპირფარეშო, გაწმინდეთ კაფელი, აბაზანა, ნიჟარა, უნიტაზი და სანტექნიკა. აუცილებლად ჩაატარეთ თაროების რევიზია - იქ ხშირად გროვდება ქილები და ბოთლები კრემის, ლოსიონისა თუ შამპუნის ნარჩენებით, რომლებსაც, როგორც წესი, აღარავინ იყენებს. ეცადეთ, შემოსასვლელში ზედმეტი არაფერი იდოს. ფეხსაცმელი და ზედა ტანსაცმელი კარადაში შეინახეთ. ქოლგებსა და ქუდებსაც მიუჩინეთ თავისი ადგილი. თუ კარადაში იპოვეთ ფეხსაცმელი, რომელიც დიდი ხანია აღარ ჩაგიცვამთ, დროა, თავიდან მოიცილოთ. იგივე შეიძლება ითქვას დახეულ ოთახის ჩუსტებზეც, რომლებიც საოცარი სისწრაფით მრავლდება. მტვერსასრუტით დალაგება ყველას არ უყვარს, თუმცა იმასაც გააჩნია, როგორ აგრეგატს ხმარობთ. თუ მტვერსასრუტი ბინაში დაუბრკოლებლად გადაადგილდება და მტვერს თვალის დახამხამებაში ისრუტავს, პრობლემა თავისთავად გვარდება. ხალიჩების გარდა მტვერსასრუტით დაასუფთავეთ რბილი ავეჯიც. არ დაგავიწყდეთ იატაკის გამოწმენდა კედელსა და დივანს შორის. სულ ბოლოს იატაკი სველი ტილოთი მოწმინდეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ იატაკის საწმენდი სპეციალური საშუალებები. მთავარი საახალწლო სასწაული სამზარეულოში ხდება, ამიტომ იქ იდეალური სისუფთავე და წესრიგი უნდა იყოს. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო საკვების ხარისხი, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაც. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს დალაგება არცთუ ისე მარტივი ამოცანაა, ეს უნდა გავაკეთოთ რეგულარულად და გულდასმით, ამოვიყვანოთ ძნელად მოსაშორებელი ლაქები, მოვაცილოთ ცხიმის გროვები. სამზარეულოში უამრავი კარადა დგას, სადაც აუცილებელ ჭურჭელს ვინახავთ. აუცილებელია მათი სისტემატური დალაგება სველი წესით შესაბამისი საწმენდი საშუალებების გამოყენებით. თავისი ადგილი მიუჩინეთ ქილებს, კოლოფებს, გაიტანეთ სამზარეულოდან ის, რაც ზედმეტად მიგაჩნიათ. ხარისხიან სველ დალაგებას მოითხოვს ჩამაგრებული, შეკიდული თაროები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ მრავალი ღირსება აქვს, მტვრის ბუდეც არის. სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი ადგილია ქურა, რომელიც ასევე რეგულარულად უნდა გავასუფთაოთ. მასთან ერთად უნდა გავწმინდოთ მაცივარი, მიკროტალღოვანი ღუმელი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც დიასახლისს ცხოვრებას უადვილებს. სამზარეულოს დალაგება გულისხმობს აგრეთვე მაგიდის, სკამების და დანარჩენი ავეჯის გულდასმით გაწმენდასა და გასუფთავებას. გენერალური დალაგებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ელექტროქსელის როზეტები და პლინტუსები - მათ ფაქიზად უნდა მოვაცილოთ მტვერი და სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ჭუჭყი. კულინარიული სამზადისის დასრულების შემდეგ უნდა გავასუფთაოთ სამუშაო ზედაპირები და სველი ტილოთი მოვწმინდოთ იატაკი.

საახალწლო მორთულობა

თუ ოჯახში ბავშვები გყავთ, ნაძვის ხის მორთვაში ისინიც ჩართეთ - მათაც გაახარებთ და თქვენც უფრო ხალისიანად შეასრულებთ ამ სასიამოვნო, თუმცა წლების განმავლობაში, ცოტა არ იყოს, მობეზრებულ მოვალეობას. ნაძვის ხის მორთულობა შეიძლება იყოს კლასიკური, ოქროსფერისა და წითლის ტრადიციული შეხამებით. მოდური ტენდენციაა ნაძვის ხეზე უამრავი სხვადასხვა ზომისა და ფორმის სათამაშოს ჩამოკიდება ისე, რომ ნაძვის სიმწვანე აღარც კი ჩანდეს. ნაძვის ხის მორთვა სხვაგვარად, უფრო ორიგინალურადაც შეიძლება.


ამისთვის გამოგადგებათ ყველაფერი, რაც ხელთ გაქვთ: მძივები, ბაფთები, ქსოვილის ნაჭრები, ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული კაკალი და ხილი, თხილის მძივები, ფორთხოლის ქერქისგან დამზადებული გირლანდები... რომელი სტილიც არ უნდა აირჩიოთ, მთავარია, ნაძვის ხე მორთოთ სიყვარულითა და რწმენით, რომ ახალი წელი მხოლოდ წარმატებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას მოგიტანთ. ამიტომ არის, რომ უმეტესობა ახალი წლის დედოფალს რთავს იმ განსაკუთრებული მღელვარებითა და სითბოთი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვობიდან არის ნაცნობი. ბინაც სულ ადვილად შეიძლება ვაქციოთ ზღაპრულ სამყაროდ. სულაც არ არის აუცილებელი უამრავი ფულის გადაყრა ძვირად ღირებული სამშვენისების შესაძენად. დავიწყოთ შემოსასვლელით: ნაძვის ხის ტოტები თუ გვირგვინები, ფერადი ბურთები და დეკორატიული სანთლები თქვენ და თქვენს სტუმრებს დღესასწაულისა და მხიარულების სამყაროში შეგიძღვებათ. კარზე შეიძლება ჩამოვკიდოთ ტრადიციული საახალწლო გვირგვინი, რომელიც სახლს განსაკუთრებულ, საზეიმო იერს სძენს. სამზარეულოს მაგიდას მოუხდება ლარნაკში ჩაწყობილი ნაძვის ტოტები (შეიძლება, ზედ ბრჭყვიალა ბურთებიც ჩამოვკიდოთ), ატლასის წითელი ლენტით მორთული საპურე. კარადებზე, თაროებზე შემოდგით მინის ლარნაკები და შიგ ბრჭყვიალა ბურთები ან გირლანდები მოათავსეთ. ეს ძალიან ეფექტურია.

საახალწლო სუფრა

ახალი წლის ღამეს ყველა დიასახლისი ცდილობს, ოჯახის წევრები მხოლოდ კულინარიული ოსტატობით კი არ გააოცოს, არამედ სუფრას განსაკუთრებული იერიც შესძინოს. გემოვნებით გაწყობილი და გემრიელი კერძებით სავსე სადღესასწაულო სუფრა ხომ ინტერიერის მთავარი დეტალია, რომელიც ტონს აძლევს მთელ ზეიმს და ერთმანეთის მოყვარულ ადამიანებს თავის გარშემო აერთიანებს. თქვენი გადასაწყვეტია, როგორი განწყობით ჩაივლის საახალწლო ვახშამი: რომანტიკის, ხმაურიანი მხიარულებისა თუ ჯადოსნური ზღაპრის, მაგრამ საჭირო ატმოსფერო რომ შეიქმნას, მნიშვნელოვანია, სწორად გავაწყოთ მაგიდა, შევარჩიოთ ზუსტად ის დეტალები, რომლებიც ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრაში დაგვეხმარება. სუფრის მთავარი დეტალია... სუფრა. თეთრი ფერი უნივერსალური ვარიანტია, მაგრამ შეგიძლიათ, საინტერესო დეტალების დამატებით მას უფრო საზეიმო იერი მიანიჭოთ. მაგალითად, მიაკეროთ ოქროსფერი ლენტი, მიამაგროთ სხვადასხვა ფერის ვარსკვლავები ან ფიფქები. თეთრ სუფრას გამოაცოცხლებს ფერადი ჭურჭელი და ხელსახოცები. ზოგიერთს სუფრის კლასიკურ სტილში გაწყობა ურჩევნია: თხელი, ქათქათა ფაიფურის თეფშები ოქროსფერი დეკორით, ბროლის ბოკლები... ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მაგიდაზე აქა-იქ მაღალი სანთლები ჩადგათ - ბროლის ჭიქებზე მათი ათინათის ციმციმი განუმეორებელ განწყობას შექმნის. თუ მაგიდა ფართოა და ჭურჭლით მეტისმეტად არ არის გადატვირთული, შეიძლება მის შუაგულში თაიგულიც ჩადგათ. მოათავსეთ ლარნაკში ნაძვის ტოტები, მორთეთ ხილით და ბრჭყვიალა ლენტებით. სუფრას საზეიმო იერს აძლევს ლამაზად დაკეცილი ხელსახოცები, რომლებსაც, წესისამებრ, თეფშებზე აწყობენ. თუ დაკეცვა არ გეხერხებათ ან საამისოდ ვერ მოიცალეთ, უბრალოდ, მილივით დაახვიეთ, წვიმით შეკარით და თეფშებზე ასე დააწყვეთ. დანები მჭრელი პირით თეფშისკენ დააწყვეთ, ჩანგლები - გამობერილი მხარით ქვევით. სასმისები თეფშის გვერდით უნდა დადგათ ისე, რომ დიდმა არ დაფაროს უფრო პატარა. საპურე მაგიდის რამდენიმე ადგილას ჩადგით, რათა ყველა თავისუფლად მისწვდეს. ასევე რამდენიმე ადგილას უნდა ჩადგათ სასმელები, წვენები და მინერალური წყალი. სამარილე და სხვა სუნელებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი კი ასეთი გაანგარიშებით უნდა დააწყოთ: ერთი კომპლექტი ოთხ კაცზე. ასეთივე გაანგარიშებით უნდა მიიტანოთ სუფრაზე კერძები, რათა სტუმრებს მაგიდის ერთი ბოლოდან მეორისკენ თეფშების გადაწოდება არ მოუხდეთ. არ დაგავიწყდეთ, თითოეულ კერძს დაუდოთ გვერდით გადასაღებად შესაფერისი კოვზი. ხილი, სასურველია, წინასწარ დაჭრათ, რათა სუფრის წევრებმა მოხერხებულად მიირთვან.