საახალწლო სამზადისი და პატარა ონავრები
როგორ მოვიქცეთ, რომ პატარამ რამე არ დაიშავოს და დღესასწაული ცრემლით არ დაგვისველდეს?
ბავშვის უსაფრთხოებისთვის თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. საახალწლო სამზადისის დაწყებამდე ყურადღებით დაათვალიერეთ ბინა. ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე შეინახეთ მჩხვლეტი და მჭრელი საგნები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტელეფონისა თუ ელექტროხელსაწყოების სადენები ისე დააწყვეთ, რომ ბავშვმა ფეხი არ წამოჰკრას. საახალწლო ნაძვის ხის მორთვისას კარგად შეამოწმეთ, მყარად დგას თუ არა იგი. პატარა ბავშვს ხიბლავს ნაძვის ხის ფერად-ფერადი სათამაშოებით, გირლანდებით დახუნძლული ტოტები, უჩნდება სურვილი, ყველაფერს შეეხოს, შეიგრძნოს, მერე კი გემოსაც უსინჯავს... ასე ხვდება უცხო სხეული პირში, იქიდან კი საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ზოგიერთი, უფრო მდიდარი ფანტაზიის მქონე პატარა პატარა ნივთებს ყურში ან ცხვირში იტენის...
განსაკუთრებით საშიშია შუშის სათამაშოები - ისინი არათუ "ჩაკბეჩის", არამედ ხელის მოჭერის დროსაც კი შეიძლება დაიმსხვრეს და პატარა დაჭრას. ასე რომ არ მოხდეს, უმჯობესია, ნაძვის ხის მოსართავად პლასტიკის ან ქაღალდის სათამაშოები გამოიყენოთ. საახალწლო ნაძვის ხე კიდევ ერთ საფრთხეს გვიქადის - ეს გახლავთ ელექტროტრავმა: შესაძლოა, ბავშვმა ციმციმა ნათურებს ან სადენებს ხელი წაატანოს და დენმა დაარტყას. დაზიანებულმა სადენმა შეიძლება ხანძარიც გააჩინოს. სხვათა შორის, ხანძრის მიზეზი მხოლოდ ნაძვის ხე როდია; საახალწლო სამზადისის დროს სახლში ერთდროულად მუშაობს მრავალი ელექტროხელსაწყო. შესაძლოა, ელექტროგაყვანილობამ ამას ვერ გაუძლოს და ნაპერწკალი გაჩნდეს. ახალი წელი წარმოუდგენელია ბენგალური შუშხუნებისა და მაშხალების გარეშე. არავითარ შემთხვევაში არ დართოთ ბავშვს ნება, თვითონვე გაუშვას მაშხალა, ვინაიდან ყოველთვის არსებობს რისკი, ის ხელში აუფეთქდეს. ეცადეთ, შეიძინოთ ხარისხიანი და უსაფრთხო პიროტექნიკა.
თორმეტი საათის მოახლოებისას ქუჩაში წამდაუწუმ "ფეთქდება" რაღაც, ისვრიან თოფებს... ზოგიერთ ბავშვს ხმაური აშინებს, ამიტომ ეცადეთ, ამ დროს შინ დარჩეთ, ბავშვს კი აუხსენით, რომ ეს საახალწლო ზეიმის ნაწილია და დაამშვიდეთ. გარდა ამისა, აუხსენთ პატარებს, რომ არ უნდა მიუახლოვდნენ ანთებულ ქურას, ღუმელს, ხელი არ მოჰკიდონ მასზე შემოდგმულ ცხელ ქვაბს, არ ჩართონ უფროსების გარეშე ნაძვის ხის ნათურები, არ ითამაშონ ნაძვის ხის ძირას. ეცადეთ, ესაუბროთ როგორც თანატოლს, აუხსნათ, რა საფრთხე ელის, თუ არ დაგიჯერებთ. ბავშვი აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს გაფრთხილებას.