ბავშვი და ახალი წელი
თუმცა საახალწლო განწყობა მას მშობლებმა უნდა შეუქმნან.
მაშ, როგორ მოვემზადოთ ახალი წლისთვის, რომ ბავშვს დიდხანს გაჰყვეს სასიამოვნო მოგონება? გვესაუბრება პოლიკლინიკის "შუა ქალაქში" პედიატრი ხათუნა ხასია.
- ახალ წელს საჩუქრის მიღება ყველას უხარია, მაგრამ პატარები მას განსაკუთრებულად ელიან. როგორ შევურჩიოთ საჩუქარი ბავშვს?
- საჩუქარი ისეთი უნდა იყოს, რომ მალე არ მობეზრდეს პატარას და მისი განვითარებისთვისაც სასარგებლო იყოს. მოზრდილი ბავშვები თვითონვე იჭერენ თადარიგს და თოვლის პაპას სწერენ, რის მიღება სურთ საჩუქრად. ახალი წლის ღამეს ბავშვი თითქოს ზღაპრულ სამყაროში ხვდება: გარშემო ყველაფერი იცვლება - ნაძვის ხის ტოტებზე ციმციმებენ ნათურები, ბრჭყვიალებენ სათამაშოები; სამზარეულოდან მადის აღმძვრელი სურნელი მოდის, სუფრა ივსება ნაირ-ნაირი ხორაგით, ტკბილეულით; ირგვლივ ყველა იღიმება, ყველა ცდილობს, ერთმანეთს ასიამოვნოს... პატარას სჯერა, რომ ამ ჯადოსნურ ღამეს ოცნება აუხდება - თოვლის პაპა მოუტანს იმ საჩუქარს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა.
მშობლებო, გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა და რა უსარგებლოც უნდა მოგეჩვენოთ თქვენი შვილის სურვილი, მაინც სცადეთ, "თოვლის პაპას" მიაწვდინოთ - ახალი წლის ღამეს ხომ ყველა ნატვრა უნდა ახდეს! სასარგებლო ნივთი კი შეგიძლიათ დამატებით აჩუქოთ. პრაქტიკულობა, მშობლებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ბავშვისთვის არაფერს ნიშნავს, ამიტომ პატარა თქვენი საჩუქრით რომ დააინტერესოთ, შეგიძლიათ, ის "თოვლის პაპას" საჩუქარს ამოუდოთ ქვეშ.
- რა არის ყველაზე სასარგებლო საჩუქარი ბავშვისთვის?
- საჩუქრის შერჩევისას, უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო საჩუქარია ზღაპრების წიგნი, საუკეთესო კი ხალხური ზღაპრებია. ხალხური ზღაპრები საუკუნეების განმავლობაში იფილტრებოდა ყოველივე ზედმეტისაგან და იტოვებდა მხოლოდ იმას, რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას. ისინი ასწავლიან პატარას კეთილისა და ბოროტის გარჩევას. თანაც იმგვარად, რომ ბავშვს სწორი არჩევანის გაკეთება გაუადვილდეს. გარდა ამისა, შეიცნობს რა ზღაპრის სამყაროს, ბავშვი ივითარებს წარმოსახვას, თავს ზღაპრის გმირად წარმოადგენს, სხვა გმირებთან ერთად იბრძვის სიკეთისთვის და ამარცხებს ბოროტს.
რაც შეეხება სათამაშოებს, სულ პატარებისთვის საუკეთესოა რბილი სათამაშო, მაგრამ არა უბრალო ქსოვილისა, არამედ ტყავისა. ტყავი ადამიანის კანს ჰგავს და დედის სხეულის ასოციაციას ბადებს, ყველაზე ძვირფასი კი ბავშვისთვის სწორედ დედის თბილი სხეულია. ამიტომ ტყავის სათამაშოები პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ.
მოზრდილი ბავშვისთვის მიმზიდველია ფერადი კუბები, მოზაიკა, ასაწყობი სათამაშოები - ყველაფერი ის, რისი მეშვეობითაც შეუძლია ააშენოს საკუთარი სამყარო.
- ოჯახში სადღესასწაულო სამზადისია. ამ დროს ბავშვები ხშირად უმეთვალყურეოდ რჩებიან. როგორ მოვიქცეთ, რომ პატარამ რამე არ დაიშავოს და დღესასწაული ცრემლით არ დაგვისველდეს?
- ბავშვის უსაფრთხოებისთვის თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. საახალწლო სამზადისის დაწყებამდე ყურადღებით დაათვალიერეთ ბინა. ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე შეინახეთ მჩხვლეტი და მჭრელი საგნები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტელეფონისა თუ ელექტროხელსაწყოების სადენები ისე დააწყვეთ, რომ ბავშვმა ფეხი არ წამოჰკრას.
საახალწლო ნაძვის ხის მორთვისას კარგად შეამოწმეთ, მყარად დგას თუ არა იგი. პატარა ბავშვს ხიბლავს ნაძვის ხის ფერად-ფერადი სათამაშოებით, გირლანდებით დახუნძლული ტოტები, უჩნდება სურვილი, ყველაფერს შეეხოს, შეიგრძნოს, მერე კი გემოსაც უსინჯავს... ასე ხვდება უცხო სხეული პირში, იქიდან კი საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ზოგიერთი, უფრო მდიდარი ფანტაზიის მქონე პატარა პატარა ნივთებს ყურში ან ცხვირში იტენის... განსაკუთრებით საშიშია შუშის სათამაშოები - ისინი არათუ "ჩაკბეჩის", არამედ ხელის მოჭერის დროსაც კი შეიძლება დაიმსხვრეს და პატარა დაჭრას. ასე რომ არ მოხდეს, უმჯობესია, ნაძვის ხის მოსართავად პლასტიკის ან ქაღალდის სათამაშოები გამოიყენოთ.
საახალწლო ნაძვის ხე კიდევ ერთ საფრთხეს გვიქადის - ეს გახლავთ ელექტროტრავმა: შესაძლოა, ბავშვმა ციმციმა ნათურებს ან სადენებს ხელი წაატანოს და დენმა დაარტყას. დაზიანებულმა სადენმა შეიძლება ხანძარიც გააჩინოს. სხვათა შორის, ხანძრის მიზეზი მხოლოდ ნაძვის ხე როდია; საახალწლო სამზადისის დროს სახლში ერთდროულად მუშაობს მრავალი ელექტროხელსაწყო. შესაძლოა, ელექტროგაყვანილობამ ამას ვერ გაუძლოს და ნაპერწკალი გაჩნდეს.
ახალი წელი წარმოუდგენელია ბენგალური შუშხუნებისა და მაშხალების გარეშე. არავითარ შემთხვევაში არ დართოთ ბავშვს ნება, თვითონვე გაუშვას მაშხალა, ვინაიდან ყოველთვის არსებობს რისკი, ის ხელში აუფეთქდეს. ეცადეთ, შეიძინოთ ხარისხიანი და უსაფრთხო პიროტექნიკა.
თორმეტი საათის მოახლოებისას ქუჩაში წამდაუწუმ "ფეთქდება" რაღაც, ისვრიან თოფებს... ზოგიერთ ბავშვს ხმაური აშინებს, ამიტომ ეცადეთ, ამ დროს შინ დარჩეთ, ბავშვს კი აუხსენით, რომ ეს საახალწლო ზეიმის ნაწილია და დაამშვიდეთ. გარდა ამისა, აუხსენთ პატარებს, რომ არ უნდა მიუახლოვდნენ ანთებულ ქურას, ღუმელს, ხელი არ მოჰკიდონ მასზე შემოდგმულ ცხელ ქვაბს, არ ჩართონ უფროსების გარეშე ნაძვის ხის ნათურები, არ ითამაშონ ნაძვის ხის ძირას. ეცადეთ, ესაუბროთ როგორც თანატოლს, აუხსნათ, რა საფრთხე ელის, თუ არ დაგიჯერებთ. ბავშვი აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს გაფრთხილებას.
- როგორ მოვიქცეთ დამწვრობის დროს, სანამ ბავშვს ექიმთან მივიყვანთ?
- უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოვაცილოთ დამაზიანებელი ფაქტორი ანუ დამწვრობის მიზეზი.
პირველი დახმარება თერმული დამწვრობისას
რაც უფრო მაღალია დამაზიანებელი ფაქტორის (წყლის, გახურებული ნივთის) ტემპერატურა, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო დაზანების გამოსავლენად. მაგალითად, თუ წყლის ტემპერატურა 70 გრადუსია, საკმარისია ერთი წამი, რომ ბავშვს III ხარისხის დამწვრობა განუვითარდეს.
თუ დაზიანებული უბნები დაფარულია ტანსაცმლით, სწრაფად, მაგრამ ფრთხილად უნდა გავხადოთ.
თუ დამწვრობა მშრალი სიცხით (ცეცხლის ალით) მოხდა, ტანსაცმელი ცივი წყლით უნდა დაასველოთ და ისე გავხადოთ. თუ ტანსაცმელი სხეულს მიეკრო, ჯობს, ხელი არ ვახლოთ, რომ კანი უფრო მეტად არ დავაზიანოთ. საჭირო პროცედურებს ექიმი ჩაუტარებს.
კანის დაზიანებული უბანი უნდა გავაგრილოთ. ამისთვის ის ან ცივ წყალში უნდა მოვათავსოთ (თუ, მაგალითად, კიდურია დამწვარი), ან დავადოთ ყინულის პაკეტი. ეს შეამცირებს დაზიანების ხარისხს და შეასუსტებს ტკივილს.
სითბური ენერგიის ქსოვილთა სიღრმისკენ გადაცემა რომ შევაჩეროთ, გაგრილება 15-20 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. იმავე დროს, ეცადეთ არ გადააჭარბოთ - თუ გაგრილება 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოა მოხდეს სისხლძარღვოვანი სპაზმი და დაზიანებული უბნის სისხლით მომარაგება უფრო მეტად დაირღვეს.
პირველი დახმარება ელექტროდამწვრობის დროს
ელექტროდამწვრობა დამწვრობის მძიმე ფორმაა - მას თან ახლავს ელექტროტრავმაც. სიმძიმე დამოკიდებულია ელექტროდენის ძაბვასა და სიძლიერეზე, დაზიანებული ადგილის ფართობზე, ორგანიზმში გამავალი დენის მიმართულებაზე. საფრთხე ყველაზე დიდი მაშინ არის, როცა დენი გულის ან ტვინის მიმართულებით გაივლის. პირველი დახმარება გულისხმობს დამაზიანებელი ფაქტორის მოშორებას. იგი ან უნდა გამოვრთოთ დენის წყაროდან, ან ხის ჯოხის საშუალებით მოვაშოროთ ბავშვს. ხელზე აუცილებლად უნდა გვეცვას რეზინის ხელთათმანი ან მჭიდროდ შემოვიხვიოთ მშრალი ქსოვილი.
დენის გამორთვამდე შიშველი ხელით შეხება არ შეიძლება. ამის შემდეგ დაშავებულს დამწვარ ადგილას უნდა დავაფაროთ მშრალი სტერილური სახვევი და რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ სტაციონარში, სასურველია რეანიმობილით.
პირველი დახმარება ქიმიური დმაწვრობის დროს
დაზიანებული უბანი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვბანოთ ცივი გამდინარე წყლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დამწვრობა გოგირდმჟავათია გამოწვეული - ასეთ დროს წყალი დმაწვრობას უფრო მეტად გააღრმავებს. თუ ქიმიური ნივთიერება სამოსზე მოხვდა, სწრაფად უნდა გავხადოთ.
პირის ღრუს, საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობისას ქიმიური ნივთიერების ნეიტრალზიაცია უკუნაჩვენებია. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ სანთლების სახით, უკანა ტანიდან შეყვანით. თუ უახლოესი რამდენიმე საათის განმვლობაში ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, გადააყლაპეთ უმი კვერცხის ცილა ან დაალევინეთ ცივი რძე (არა უმეტეს 1 ჭიქისა). ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოთ სპეციალიზებულ საავადმყოფოში.
- საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს პატარასთვის რამის აკრძალვა სისასტიკეა... როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ალერგიულია?
- თუ ბავშვი ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგია გამოიწვიოს. ჩვილებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა. თუ პატარა ძუძუს წოვს, დედის მიერ მიღებულმა რძემაც კი შეიძლება აწყინოს.
ძროხის რძეს მოსდევს ფრინველის კვერცხი. მისი ცილაც ალერგენია. ის შეიცავს ნივთიერება ოკომუკოიდს, რომელიც ნაწლავებში დიდხანს ინარჩუნებს ანტიგენურ თვისებებს და ფერმენტ ტრიფსინს ბოჭავს.
კვერცხის გულს ცილასთან შედარებით სუსტი ალერგიული თვისებები აქვს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი, ჩვილებს მოხარშული კვერცხის გული მივცეთ და არა ცილა.
არცთუ იშვიათად ქათმის კვერცხის აუტანლობას ქათმის ხორცისა და ბულიონის აუტანლობაც ერთვის.
თევზი ალერგიული დაავადებების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მიიჩნევა, ამიტომ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კვებითი ალერგიის ნიშნები აქვთ, მას არ აძლევენ. თევზის ალერგენები თერმოსტაბილურია და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. ზღვის თევზის მიმართ ალერგია უფრო ხშირია, ვიდრე მდინარის თევზის მიმართ. ამასთანავე, თევზის ცილისადმი სენსიბილიზაცია ასაკის მატებასთან ერთად არ მცირდება და მოწიფულ ასაკშიც ნარჩუნდება.
გარდა თევზისა, ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ხიზილალამ, კიბორჩხალამ და ზღვის სხვა პროდუქტებმა, ასევე - თევზის სუნმა.
წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა კვებითი ალერგენების მიმართ. შეინიშნება ჯვარედინი რეაქციებიც. ჯვარედინს უწოდებენ ალერგიულ რეაქციებს, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი პროდუქტები იწვევს. მათი ცოდნა აუცილებელია. მაგალითად, თუ ბავშვს ალერგიული რეაქცია აქვს სტაფილოზე, ჯვარედინ ალერგიულ რეაქციას გამოიწვევს ოხრახუში, ნიახური, A ვიტამინის, ბეტა-კაროტინის შემცველი სხვა პროდუქტები.
ყურადღებით გაეცანით ალერგიისა და ჯვარედინი რეაქციების გამომწვევი პროდუქტების ნუსხას:
- მარწყვი - მაყვალი, მოცხარი, ჟოლო;
- კაკალი - ნებისმიერი ჯიშის თხილი, მანგო;
- მზესუმზირა - მზესუმზირას ზეთი, ჰალვა, თაფლი, საზამთრო, ნესვი;
- შოკოლადი - კოკა-კოლა, კაკაო;
- ნებისმიერი ციტრუსი - გრეიპფრუტი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი;
- ჭარხალი - შაქრის ჭარხალი, ისპანახი;
- ატამი, გარგარი, ქლიავი, კენკრა - ასპირინი, ამიდოპირინი.
- ცნობილია, რომ ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვებდანამატებიც - საღებავები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები. ამ დანამატების გარეშე მომზადებულ პროდუქტს დღეს ალბათ ვერც ვიპოვით. რომელი მათგანია ყველაზე ძლიერი ალერგენი?
- საღებავებიდან შეიძლება გამოვყოთ ტარტრაზინი 102, რომელიც საკვებს მოყვითალო-ფორთოხლისფერს აძლევს. მას უმთავრესად შეიცავს ხილის წვენი, ლიმონათი, იოგურტი, ჯემი, საღეჭი რეზინი, კარამელი, დრაჟე, ბურბუშელა, საკონდიტრო ნაწარმი.
ნატრიუმისა და კალიუმის ნაერთებს (E221-227), კონსერვანტებს (E210-219) და ანტიმჟანგავებს შეიცავს ხორცის პროდუქტები - ძეხვი, სოსისი და სხვა, ასევე - ხმელი ხილი, ლიმონისა და ფორთოხლის კანის ცუკატი, ჟელატინი.
ბანანს, ვაშლს, ფორთოხალს, პომიდორს დამწიფების დასაჩქარებლად ზოგჯერ ნავთობპროდუქტებით ამუშავებენ. ალერგია ასეთმა პროდუქტმაც შეიძლება გამოიწვიოს.
ზოგიერთ ნივთიერებას, რომელსაც სურსათი ბუნებრივად შეიცავს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს ალერგია. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰისტამინს ბუნებრივად, თანაც საკმაო რაოდენობით შეიცავს. ასეთია ყველი, ტომატი, ისპანახი, მოხარშული ლორი, ძროხის სოსისი, მჟავე კომბოსტო, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი.
თირამინი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ჰისტამინის წარმოქმნას. მას შეიცავს ლუდის საფუარი, დამარილებული ქაშაყი, შოკოლადი, ნუგა, თხილის კრემი, ციტრუსები, ძეხვი.
სეროტონინი, ალერგიული რეაქციების მედიატორი, შედის ბანანის, ავოკადოს, კაკლის შემადგენლობაში.
სალიცილატებს ბუნებრივი სახით შეიცავს ხმელი ხილი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კენკრა, ანანასი, გარგარი, ნუში, სოიის სოუსი. ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი - ბევრია ციტრუსებსა და მათ წვენებში, მჟაუნმჟავა - ტომატში, ისპანახში.
ამრიგად, თქვენ უკვე იცით, რომელი პროდუქტია სახიფათო ალერგიისადმი მიდრეკილი პატარებისთვის. გირჩევთ, საახალწლო სუფრაზე ბავშვისთვის განკუთვნილი საკვებიც დააწყოთ - ეს საკვებს სადღესასწაულო იერს მისცემს. პატარას კი შეექმნება ილუზია, რომ მისი კერძი ოჯახის დანარჩენი წევრების საკვებისგან არ განსხვავდება. რაგინდ დაკავებული იყოთ სადღესასწაულო სამზადისით, ყურადღებას ნუ მოადუნებთ, თვალს ნუ მოაცილებთ პატარებს - ზეიმს ხომ ყველაზე მეტად ჯანმრთელი ბავშვების ლაღი ღიმილი შვენის.