ხილის კომპოტები, მურაბები
-
ალუბალი
შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჟავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლნაკლულობისას, გაციებისას.
კომპოტი: კარგად გარჩეული, გარეცხილი ალუბალი იხარშება შაქრის სიროფში (1ლ წყალს ემატება 200 გ შაქარი). სიროფი ცივი უნდა იყოს. შემდეგ ხილით სავსე ქილებს ათავსებენ წყლიან ქვაბში და ასტერილებენ - 40 წუთის განმავლობაში ადუღებენ. ბოლოს ქილებს ახურავენ თუნუქის თავსახურს და სპეციალური მოსახუფი ხელსაწყოთი მჭიდროდ ხუფავენ.
მურაბა (1 კგ ალუბალი, 1 კგ შაქარი, 1 ჩაის ჭიქა წყალი): ალუბალი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, სურვილისამებრ, დავაცალოთ კურკა. სამურაბე ტაშტში ჩავასხათ წყალი, წამოდუღებისთანავე ჩავყაროთ შიგ შაქარი, ადუღდება თუ არა, ჩავამატოთ ალუბალი, ვხარშოთ და თან ქაფი მოვხადოთ. როცა მზად იქნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევაგრილოთ, ჩავასხათ წინასწარ გარეცხილ და გასტერილებულ ქილებში და მჭიდროდ დავახუროთ თავსახურები.
მურაბა (მეორენაირად): ალუბალი გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, სამურაბე თასში ფენებად ჩავაწყოთ და ფენა-ფენა მოვაყაროთ შაქარი. გავაჩეროთ რამდენიმე საათი, შევდგათ ცეცხლზე და უწყლოდ მოვხარშოთ. როცა ვაჟინი გასქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ.
-
ატამი
შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებს და სხვა.
კომპოტი (1 კგ ატამი, 1,5 კგ შაქარი): ატამი ორი-სამი წუთით ჩაყარეთ ცხელ წყალში, ე.ი. გათუთქეთ, მერე ამოალაგეთ, გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. ქვაბში ჩაყარეთ შაქრის ფხვნილი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და გაადნეთ, მერე ჩაყარეთ შიგ ატამი და ადუღეთ.
მურაბა (1 კგ დაჭრილი ატამი, 1 კგ შაქარი, 1 ჩ/ჭ წყალი): ატამი გაფცქვენით და დაჭერით ფართო ნაჭრებად, დაასხით ცივი წყალი და რამდენიმე საათი გააჩერეთ, შემდეგ მოადუღეთ სიროფი, გააცივეთ და ჩაყარეთ შიგ ცივი წყლიდან ამოღებული ატამი. შედგით ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათი, გადმოდგით და გააჩერეთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ისევ შედგით ცეცხლზე და ბოლომდე მოხარშეთ. ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი.
მთელი ატმის მურაბა: ოდნავ შემწიფებული ატამი გაფცქვენით და ხის ჩხირით რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ. ჩაყარეთ შესაფერის ჭურჭელში, დააყარეთ შაქრის ფხვნილი, გააჩერეთ სიგრილეში სამი-ოთხი საათი, მერე შედგით ცეცხლზე და უწყლოდ მოხარშეთ.
-
მსხალი
მსხალი გაცილებით მარგებელია, ვიდრე გვგონია. ის გაჯერებულია ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C, B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის იოდით), ნახშირწყლებით, ამასთან, მართალია, ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, მაგრამ შაქარი მასში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში. ანტიბიოტიკი არბუტინი მსხლის წვენს ანტიბაქტერიულ თვისებას სძენს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემები აქვს.
კომპოტი: 400 გ შაქრის ფხვნილი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 4 ჩაის ჭიქა წყალი, აადუღეთ. მერე ჩაყარეთ შიგ გაფცქვნილი და დაჭრილი მსხალი. რომ მოიხარშება, გემოვნებისამებრ დაუმატეთ ვანილი და ღვინო, წამოადუღეთ და გააცივეთ (ასევე მზადდება ვაშლისა და ქლიავის კომპოტიც).
მურაბა (1 კგ მსხალი, 1 კგ შაქარი, 1,5 ჩაის ჭიქა მსხლის ნახარში წვენი): მაგარი მსხალი გათალეთ, დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ფარავდეს და დარბილებამდე ხარშეთ. სამურაბე ტაშტში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით მსხლის ნახარში და აადუღეთ. ცხელ სიროფში ჩაყარეთ მსხალი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ.
-
კომში
კომში სავსეა ვიტამინებით, ნახშირწყლებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. მისი ნახარში, კომპოტი და მურაბის წვენი კარგია ხველების დროს.
მურაბა (1 კგ კომში, 1 კგ შაქარი, 1,5 ჩაის ჭიქა კომშის ნახარში): კომში გარეცხეთ, მოაცილეთ კანი და დაჭერით. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში დაჭრილი კომში და ხარშეთ, სანამ ოდნავ არ შერბილდება. შემდეგ ქაფქირით ამოალაგეთ ლანგარზე. კომშის ნახარში გადაწურეთ, ჩაასხით შესაფერის ჭურჭელში, დაამატეთ შაქარი და აადუღეთ, მდუღარე სიროფში ჩაყარეთ კომში და ნელ ცეცხლზე ხარშეთ.