რატომ არ მოქმედებს ანტიბიოტიკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ მოქმედებს ანტიბიოტიკი

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა ბავშვებში, რადგან პედიატრები გაციების დროს ათიდან 6 შემთხვევაში ანტიბიოტიკებს უმართებულოდ უნიშნავენ. ხშირად ბავშვებს რეზისტენტობა მშობლებისგან გენეტიკურადაც გადაეცემათ.

ჯანმოს კვლევებმა ცხადყო, რომ 20 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა მიკროორგანიზმი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გახდება.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დღითი დღე იზრდება იმ მიკრობთა რიცხვი, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე სახის ანტიბიოტიკისადმი ამჟღავნებენ შეუვალობას.

რეზისტენტობის ისტორიიდან

რეზისტენტობის შემთხვევები პირველად 1950-1954 წლებში გამოვლინდა: მთელ მსოფლიოში, უმთავრესად კი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებში, აღმოაჩინეს ოქროსფერი სტაფილოკოკის ვარიაცია, რომელზეც არ მოქმედებდა იმხანად ცნობილი არც ერთი ანტიბიოტიკი. მსოფლიოს მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა სრულიად ახალი პრეპარატი, რომელიც სტაფილოკოკის ახალი შტამისადმი გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა. ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ვანკომიცინი გახლდათ.

ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი მიკრობების აღმოჩენამ ისე შეაშფოთა მედიკოსები, რომ ვანკომიცინის შემქმნელმა ჯგუფმა ახალი სინთეზური ანტიბიოტიკის სერიულ გამოშვებაზე უარიც კი თქვა. დაამზადეს განსაზღვრული რაოდენობის პრეპარატი, რომელსაც რეზისტენტობის შიშით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყენებდნენ.

მოგვიანებით ამავე მიზეზით შეიქმნა სრულიად ახალი, მთლიანად სინთეზური ანტიბიოტიკი ციპრო.

მომდევნო წლებში ანტიბიოტიკრეზისტენტობის მიზეზების დადგენაც მოხერხდა: გაირკვა, რომ ანტიბიოტიკებისადმი მიკრობების შეჩვევის პირველი მიზეზი ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში ცხოველთა საკვებში ანტიბიოტიკების დამატება იყო. თურმე ფერმერები ცხოველებს ინფექციებისგან დასაცავად ანტიბიოტიკების შემცველ საკვებს აძლევდნენ. ისინი მიკრობების 90 პროცენტს ანადგურებდა, დანარჩენი ათი კი მათდამი გამძლეობას იძენდა. ნაწილი ხორცთან ერთად ვრცელდებოდა, ნაწილი ცხოველთა ფეკალიებსა და გამონაყოფებთან ერთად ხვდებოდა ნიადაგსა და წყალში, ნაწილი კი ხილსა და ბოსტნეულშიც აღწევდა.

ამის შემდეგ დაიწყო მსოფლიო სამომხმარებლო ქსელში გასული ხორცპროდუქტების შემოწმება, რომელმაც გამაოგნებელი შედეგი აჩვენა: 2001 წელს მეგა და სუპერმარკეტებში გასაყიდი ხორცპროდუქტების 20 პროცენტი დაბინძურებული აღმოჩნდა სალმონელებით, რომელთა 84% ერთი ტიპის ანტიბიოტიკების მიმართ ამჟღავნებდა რეზისტენტობას, 53 პროცენტი _ სამისა და მეტის, 27 პროცენტი კი 6 ტიპის მიმართ.

ჯვარედინი რეზისტენტობა

რეზისტენტობა ხშირად ჯვარედინი ხასიათისაა: ერთი ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი მიკროორგანიზმი იმავდროულად მდგრადია სხვა, მოქმედების მექანიზმით მსგავსი ჯგუფის პრეპარატების მიმართ. ჯვარედინი რეზისტენტობა ყველაზე ხშირია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფებს შორის.

უკანასკნელ ხანს ჯვარედინი რეზისტენტობა ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული ქიმიური სტრუქტურის მქონე ანტიბიოტიკებს (მაგალითად, ერითრომიცინსა და ლინკომიცინს) შორისაც გვხვდება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

რეზისტენტობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • შეცდომები, რომლებიც თან ახლავს რესპირაციული ინფექციების დროს ჩატარებულ ანტიბიოტიკოთერაპიას;
  • ანტიბიოტიკების ხელმისაწვდომობა, რეცეპტის გარეშე მათი თავისუფლად შეძენის საშუალება;
  • ანტიბიოტიკის მიღება დაავადების ბაქტერიული წარმოშობის დადგენის გარეშე;
  • დანიშნულების მიცემისას რეზისტენტობის ადგილობრივი სიტუაციის გაუთვალისწინებლობა;
  • პაციენტის მიერ სიცოცხლის განმავლობაში მიღებულ ანტიბიოტიკებზე კონტროლის არარსებობა;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება პრეპარატის მცირე დოზით;
  • მიკრობიოლოგიური კვლევისთვის საჭირო სინჯების არაადეკვატური აღება;
  • ინფექციის სიმძიმის არასათანადო შეფასება;
  • ანტიბიოტიკის გაუმართლებელი შეცვლა;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროზე ხანგრძლივი ან ხანმოკლე კურსი;
  • ანტიბიოტიკის მოქმედების გვერდითი ეფექტების გაუთვალისწინებლობა;
  • იმ ანტიბიოტიკების გამოყენება, რომელთაც არ შეუძლიათ ქსოვილებში საკმარისად შეღწევა;
  • ანტიბიოტიკის არასწორი შერჩევა;
  • ანტიბიოტიკის დოზის არასწორი დანიშვნა.

რეზისტენტობის  სახეები

არსებობს ორგვარი მდგრადობა: პირველადი, ანუ ჭეშმარიტი ბუნებრივი რეზისტენტობა და მეორეული, ანუ შეძენილი ფორმა.

პირველადი რეზისტენტობის შემთხვევაში მიკროორგანიზმს საერთოდ არ გააჩნია ანტიბიოტიკის სამიზნე ანუ სტრუქტურა, რომლითაც იგი ანტიბიოტიკისთვის მისაწვდომი იქნება.

მეორეული რეზისტენტობა გულისხმობს გამძლეობას, რომელსაც ამჟღავნებს მიკროორგანიზმის ზოგიერთი შტამი (ერთი სახეობის შტამები ხშირად კომპლექსური მოქმედებით, ტოქსინების წარმოქმნით და სხვა თვისებებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან). შესაძლოა, ერთი და იგივე ანტიბიოტიკი მიკრობის ზოგიერთ შტამს ერეოდეს, ზოგიერთს კი ვერა.

შეძენილი რეზისტენტობა ვითარდება მაშინაც, როცა მიკრობთა მცირე ნაწილი ანტიბიოტიკების განსაზღვრული დოზით ზემოქმედების შემდეგ ცოცხალი რჩება.

სწორედ მეორეული რეზისტენტობის განვითარება ხდის ანტიბიოტიკს უეფექტოს და კლინიკურად გამოუსადეგარს.


 

როგორ ყალიბდება რეზისტენტობა

პირველადი ფორმა. ანტიბიოტიკების მოქმედების ძირითადი თერაპიული ეფექტი ემყარება დაავადების გამომწვევის ცხოველქმედების დათრგუნვას, რაც ანტიბიოტიკის მიკრობის სამიზნესთან დაკავშირებით და მისი შებოჭვით ხდება. პირველადი ფორმის შემთხვევაში მიკროორგანიზმს მოცემული ანტიბიოტიკისადმი ბუნებრივი, თანდაყოლილი მდგრადობა აქვს. ეს მიკროორგანიზმის მუდმივი სახეობრივი ნიშანია და ადვილად პროგნოზირდება.

მეორეული, შეძენილი ფორმა ყოველთვის ემყარება მიკროორგანიზმის გენეტიკურ ცვლილებას და მისი გენების მუტაციას, რის შედეგადაც იგი ახალი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ხდება.

ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მეორეული მდგრადობა შემდეგი მექანიზმებით ვითარდება:

  • იცვლება, ქვეითდება მიკრობის უჯრედულ კედელში პრეპარატის შეღწევადობის უნარი;
  • მიკროორგანიზმებში გამომუშავდება ანტიმიკრობული წამლის დამშლელი, განმაიარაღებელი ფერმენტები;
  • ხდება იმ სამიზნის მოდიფიკაცია, რომელზეც უწინ ანტიბიოტიკი გავლენას ახდენდა, იცვლება უჯრედული რეცეპტორები, ანუ მიკროორგანიზმს აღარ გააჩნია სტრუქტურა, რომელზეც
  • დამღუპველად უნდა იმოქმედოს ანტიბიოტიკმა;

    ვითარდება მეტაბოლური შუნტები -ახალი მეტაბოლური არხები მიკროორგანიზმებში იმ გზების გვერდის ავლით შენდება, რომლებსაც უწინ ანტიმიკრობული პრეპარატი ბლოკავდა;

  • ვითარდება რეფლუქსი - მიკრობული უჯრედი იძენს ახალ თვისებებს, რომლებიც მას სხეულში შეღწეული ანტიმიკრობული საშუალების უკან გამოდევნის საშუალებას აძლევს.

 

ანტიბიოტიკრეზისტენტობა  და დაავადებები

ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის პრობლემა ყველაზე მწვავედ ტუბერკულოზის მკურნალობაზე აისახება.

ტუბერკულოზის მიმდინარეობის თავისებურებები, მისი ფარული მიმდინარეობა, გამოვლინებათა მრავალფეროვნება ხშირად ანტიტუბერკულოზური პრეპარატებისადმი რეზისტენტობის მიზეზად იქცევა.

დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია ადვილად განიცდის ქრომოსომულ და გენურ მუტაციებს, იცვლის უჯრედული გარსის ფერმენტულ შედგენილობას, კოდირებულ სამიზნეს და მის წინააღმდეგ მოქმედი პრეპარატისათვის მიუწვდომელი ხდება.

ანტიტუბერკულოზური პრეპარატებისადმი რეზისტენტობა ათიდან ცხრა შემთხვევაში არასწორად ჩატარებული ან დაგვიანებული მკურნალობის შედეგია. დანარჩენ ათ პროცენტში მიზეზის დადგენა უბრალოდ ვერ ხერხდება.

ამჟამად დაავადებას პირველი და მეორე რიგის ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით მკურნალობენ.

პირველი რიგის პრეპარატები იაფია და ხელმისაწვდომია მოსახლეობის ფართო ფენისთვის. მათ ხშირად ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სვამენ, არღვევენ პრეპარატების მიღების რეჟიმსა და დოზირებას. ასეთ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს, ხოლო მოგვიანებით, როცა პაციენტს კვალიფიციური მკურნალობა უტარდება, დაავადება ამ პრეპარატებს აღარ ემორჩილება.

მეორე რიგის პრეპარატები კი საკმაოდ ძვირად ღირებულია, ყოველთვის არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამიდან და მრავალი ჩვენი თანამემამულისთვის მიუწვდომელია, ასე რომ, არასწორად ჩატარებულ ანტიტუბერკულოზურ თერაპიას ხშირად დამღუპველი შედეგი მოაქვს.

ხდება ისეც, რომ პაციენტები იმთავითვე რეზისტენტული მიკობაქტერიით ავადდებიან და თავიდანვე მეორე რიგის პრეპარატებით მკურნალობა ესაჭიროებათ. გამოკვლევის გარეშე პირველი რიგის პრეპარატების სმა სრულიად უშედეგოა და კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

ყოველივე ამის გამო ტუბერკულოზზე ეჭვის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ კვალიფიციურ სამკურნალო დაწესებულებას. არავითარი თვითმკურნალობა! საჭიროა გამოკვლევები და სათანადო ანტიტუბერკულოზური მკურნალობა, რომელიც დღეს საქართველოში უფასოა.

კატეგორიულად აკრძალულია ანტიტუბერკულოზური ანტიბიოტიკების მიღება ნებისმიერი სხვა დაავადების დროს.

ხშირია ანტიბიოტიკრეზისტენტობა სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპროტოზოული პრეპარატებისადმი. პირველს ორი მიზეზი აქვს: იმ მეთოდების არასაკმარისი სტანდარტიზება, რომლებმაც უნდა გამოავლინოს, დაადგინოს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მგრძნობელობა და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების არასწორი შერჩევა. მეორე შემთხვევაში გამძლეობა მალარიის გლობალური ლიკვიდაციის მიზნით ანტიპროტოზოული პრეპარატების მასობრივ გამოყენებას უკავშირდება. ზოგიერთ რაიონში ანტიპროტოზოული პრეპარატებისადმი რეზისტენტობა 70%-საც კი აღწევს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი მიკროორგანიზმები ორმაგად საშიშნი არიან, თანაც არა მხოლოდ ავადმყოფი ან მატარებელი, არამედ სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც.