ყლაპვის ინფანტილური ტიპი
თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლების შემთხვევაშიც ეს, ერთი შეხედვით, მარტივი აქტი, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, არასწორად ხდება და მათ ყლაპვას ინფანტილური ტიპის ყლაპვა ჰქვია.
დაბადებიდან ასე ვყლაპავთ
ახალშობილი ყლაპვის კარგად განვითარებული მექანიზმით იბადება. ენის, ბაგეებისა და ლოყების კუნთების შეკუმშვისას პირის ღრუში უარყოფითი წნევა იქმნება, რის გამოც რძე ხვდება პირში და უკბილო ღრძილებს შუა მდებარე ენა მას საყლაპავისკენ აგზავნის - ეს ინფანტილური ტიპის ყლაპვაა და კბილების ამოჭრამდე იგი ფიზიოლოგიურად ნორმაა.
კბილების ამოჭრის შემდგომ წოვას ღეჭვა ცვლის, ინფანტილური ტიპის ყლაპვას კი - სომატური.
სომატური ყლაპვისას ენა იკავებს მაგარი სასის წინა მესამედს, მისი ზურგი კი საკვებს საყლაპავისკენ გზავნის.
ბავშვებისა და მოზრდილების ინფანტილური ტიპის ყლაპვა გარეგნულადაც შესამჩნევია: არასწორი ყლაპვისას ენა იკავებს ზედა-ქვედა გვერდით კბილებს შორის სივრცეებს, შესაძლოა ასეთი მდებარეობაც: ენა კბილებს შორის კი არა, ქვედა საჭრელ კბილებს ებჯინება.
ინფანტილური ყლაპვის მიზეზებია:
- საწოვარას ხანგრძლივი წოვა;
- ხელოვნური კვება;
- ენის მოკლე ლაგამი;
- თითის წოვის ჩვევა დიდი ხნის მანძილზე;
- რაციონში თხიერი საკვების დომინირება;
- პირით სუნთქვა;
- ყველაფერი, რაც ენას დიდი ხნით პირის ღრუს ფსკერზე აკავებს.
თავის მხრივ, ენის არასწორი მდებარეობა იწვევს არახელსაყრელ ორთოდონტულ მდგომარეობას პირის ღრუში და ვითარდება:
- თანკბილვის დარღვევა: დისტალური, წინა და გვერდითი, ღია ტიპის;
- ზედა ყბის განუვითარებლობა;
- ქვედა ყბის უპირატესი ზრდა - პროგენია;
- მაგარი სასის შევიწროვება, გამოწვეული ენის მიერ საყრდენი ფუნქციის უქონლობით.
ორთოდონტის მიერ ყლაპვის ინფანტილური ტიპის დადგენის შემდგომ, მიზანშეწონილია პაციენტის მეტყველების თერაპევტთან გადამისამართება, რათა ენის ფუნქციური პარამეტრები შეფასდეს.
ხშირად პაციენტები, რომლებიც გარკვეული ორთოდონტული პრობლემებით მიმართავენ სტომატოლოგს, გაკვირვებას ვერ მალავენ, რატომ საჭიროებენ მეტყველების თერაპევტს მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის ყლაპვა მათთვის ჩვეული რამაა.
რეალურად კი ინფანტილური ტიპის ყლაპვა ხელს უშლის ორთოდონტულ მკურნალობას, აფუჭებს უკვე მიღწეულ შედეგს, რამდენადაც ენა საკმაოდ ძლიერი კუნთოვანი ორგანოა, ამიტომ მეტყველებისას მისი არასწორი პოზიციონირების შედეგი თვალსაჩინო ხდება მკურნალობიდან 1-2, შესაძლოა 3 წლის შემდგომაც კი და ასეთი დიდი ძალისხმევით გასწორებული თანკბილვა, შესაძლოა, ხელახლა დაირღვეს.
არასწორი ყლაპვისას ზიანდება ღეჭვის პროცესიც. პაციენტი უჩივის ტკივილებს ხერხემლის კისრის ნაწილში, კეფის, საფეთქლისა და შუბლის წილის ტვივილებს.
როგორ ვიქცევით?
ვცვლით ინფანტილურ ტიპს სომატურზე, ამაში კი მეტყველების თერაპევტი გვეხმარება.
იგი ყოველივეს ახორციელებს სპეციალური საარტიკულაციო ვარჯიშთა კომპლექსის დახმარებით, რომელიც შეირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის თავისებურებათა გათვალისწინებით.
ვარჯიშები ტარდება როგორც ორთოდონტულ მკურნალობამდე, ისე მის დროს და მას შემდგომაც. კარგია, თუ მას ორთოდონტული აპარატის ჩადგმამდე ჩავიტარებთ.
რთული კლინიკური ფორმისას ვარჯიშები ტარდება 10-15 წუთით, ყოველდღიურად, 1,5-2 თვის მანძილზე.
გეგმიურ სესიებზე მეტყველების თერაპევტი პაციენტს უტარებს ენის მასაჟსაც.
ვარჯიშთა კომპლექსი კი ასეთია
ყველა ვარჯიში ტარდება სარკის წინ, თავი გვიჭირავს სწორად, მხრები მსუბუქად გაწეულია უკან და დაშვებული, გულმკერდი გამოწეულია, მუცელი დაჭიმული, მუხლის სახსრები მოხრილია, ტერფები ერთმანეთთან მიდგმული.
ვარჯიშები ტარდება ნელ ტემპში, თვლაზე 1, 2, 3, 4, 5-დან - 30-მდე ყოველდღიურად.
იმ შემთხვევაში, თუ ინფანტილურ ყლაპვას თან დაერთვის პირით სუნთქვა და ცხვირით სუნთქვის გაძნელება, საჭიროა სავარჯიშო კომპლექსში ჩავრთოთ სუნთქვითი ვარჯიშებიც.
მოვახდინოთ ნაცნობი მოძრაობების იმიტირება:
1. თითქოს ამოხველება გვინდა;
2. თითქოს ვამთქნარებთ, ვეცადოთ, ძლიერ დიდზე გააღოს პაციენტმა პირი;
3. თითქოს დასტვენა გვინდა, ვეცადოთ ძლიერ დაიჭიმოს პირის ღრუ;
4. ძლიერი, აქცენტით წარმოვთქვათ ბგერები ა და ი გავიმეოროთ 8-10-ჯერ;
5. ენა გამოვწიოთ გარეთ და ვეცადოთ, ისე წარმოვთქვათ ბგერა გ, ქ, კ;
6. მოვკუმოთ ტუჩები და რამდენზეც გვეყოფა სუნთქვა, იმდენზე ვეცადოთ წარმოვთქვათ ბგერა მ;
7. ხორხზე თითის დაჭერით და დარტყმით ერთ ამოსუნთქვაზე პაციენტს ვთხოვთ გაიმეოროს ბგერა ი და ამავდროულად, ხან ერთ ნაწილზე ვახდენთ პალპაციას, ხან მეორეზე;
8. 5-5-ჯერ გავამეორებინოთ თითოეული ხმოვანი, ისე, რომ ი-ს დროს ტუჩები იყოს ღიმილში, ე-ს დროს პირი ფართოდ გაღებული, ა-ს დროს შოშიასავით დაღებული, უ-ს დროს სპილოსავით ხორთუმისებურად, ხოლო ო-ს დროს რგოლში;
9. ტუჩების მოგროვება და გაშლა 5-5-ჯერ. ჯერ მოვაგროვებინოთ, თითქოს კოცნა უნდა და შემდეგ გავაშლევინოთ, მონაცვლეობით ჩავატარებინოთ ეს მოძრაობანი.
10. დასკვნითი ვარჯიშია სანთლის ალის შებერვა და საპნის ბუშტების გაშვება.
თერაპევტის არსენალში მოიძებნება შემდეგი ტიპის სავრჯიშოებიც:
ვამთქნარებთ, ვღეჭავთ, ვყლაპავთ გადაწეული თავით ვიმიტირებთ ღეჭვით, ყლაპვით და მთქნარებით მოძრაობებს, ამ დროს ენა მდებარეობს ზედა კბილების უკან.
ფეხბურთი
დახურული პირით, ენის დაჭიმული წვერით მიაწექით ჯერ ერთ ლოყას, შემდეგ მეორეს, ისე რომ ლოყა გამოიბეროს.
ფანქრები
დაიჭირე ფანქარი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წინა კბილებით, ენის წვერი კი ამოძრავეთ ხან ფანქრის ზევით, ხან ფანქრის ქვევით.
რვიანები
ენის წვერით მაგარ სასაზე მოხაზეთ რვიანები 15-30-ჯერ.
ციფრები
ენის წვერით მაგარ სასაზე მოხაზეთ ციფრები 1, 2, 3, ისე, რომ ენა არ მოაცილოთ სასას, ვიდრე სამივე ციფრს არ დაწერთ. გაიმეორეთ ვარჯიში 15-25-ჯერ.
ვსწავლობთ ყლაპვას
აწიეთ ენა ზევით და მიაჭირეთ მაგარი სასის წინა ნაწილს, შეკარით კრიჭა, ტუჩები მოკუმეთ - ეს ვარჯიშის საწყისი მდგომარეობაა.
ეცადეთ ამ მდგომარეობაში ნერწყვი ჩაყლაპოთ ისე, რომ ენის მდგომარეობა არ შეცვალოთ. თუ ენა კბილთაშუაა, ვარჯიშს არასწორად ასრულებთ.
ვარჯიში მეორდება პირველ დღეს 5-6-ჯერ, მეორე დღეს 2-ჯერ, დილა საღამოს 5-6-ჯერ, მესამე დღეს 3-ჯერ 10-12-ჯერ.
პროცესის სრული ავტომატიზაციისთვის სწორი ყლაპვისას გამოიყენება იგივე საწყისი მდგომარეობა, მაგრამ ამ დროს ენას ვაჩერებთ 5 წუთის მანძილზე, ხოლო მომდევნო დღეებში ვარჯიშის შესრულების დრო 10 წუთამდე იზრდება.