ცხოვრების წესი და დაავადებები
ყოველწლიურად ცხოვრების არაჯანსაღი წესით გამოწვეულ დაავადებებს იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი ეწირება, ვიდრე კატასტროფებით, ტრავმებითა და ინფექციებით გამოწვეულს.
„კაცობრიობის მთავარი მკვლელი“, „ცივილიზაციის დაავადებები“, „ცხოვრების წესის დაავადებები“ – მათ ყველას ერთი მიზეზი აქვს: არაჯანსაღი ყოველდღიური ჩვევები.
- გულის იშემიური დაავადება;
- ჰიპერტონია;
- ინსულტი;
- ფილტვის კიბო;
- დიაბეტი;
- გაცხიმოვნება;
- ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები – აი, იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენი არაჯანსაღი ყოველდღიურობის გამო საკმაოდ ნელა, ვერაგულად გვეპარება და პრაქტიკულად შეუმჩნევლად გვაავადებს.
არაჯანსაღი ცხოვრების წესი
ცხოვრების არაჯანსაღი წესი გულისხმობს:
- ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების რეგულარულ გამოყენებას – თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებანი;
- ცხოვრების ნაკლებმოძრავ წესს – ჰიპოდინამია, რომლის პირდაპირი შედეგიცაა ჰიპერტონიული დაავადება, ადამიანები მასთან ერთად საკმაოდ რთულად ეგუებიან ნებისმიერი ტიპის დატვირთვებს;
- არაჯანსაღ საკვებს, კვების დაუბალანსებელ რაციონსა და რეჟიმს – ამ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, ზიანდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და ვითარდება ერთ შემთხვევაში გაცხიმოვნება, მეორე შემთხვევაში კი – კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები. არაჯანსაღი კვება ზოგჯერ ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს მოწევაზე მავნებელია.
ნეგატიურად ისახება ჯანმრთელობაზე სხვა ფაქტორებიც: მტვრით დაბინძურებული ჰაერი, წყალი. სტრესი, საოფისე სამსახური და არასრულფასოვანი ძილი.
ზოგადი სტატისტიკა
ცნობილია, რომ დედამიწის მოსახლეობის:
- 60% – არ იცავს კვების რეჟიმს;
- 70% – არ ვარჯიშობს დილით;
- 35% – თამბაქოს მწეველია და მათგან 45% დღეში 11-დან 20 და მეტ ღერს ეწევა;
- 60-65% რეგულარულად იღებს ალკოჰოლურ სასმელებს და მათგან 45-50% ირჩევს არაყს, კონიაკს და სხვა მაგარ სასმელებს.
მანუგეშებელია ის, რომ ადამიანთა 90% აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.
ცხოვრების წესით გამოწვეულ დაავადებათა ათეული კი ასე გამოიყურება:
I – ოსტეოქონდროზი;
II – გულის იშემიური დაავადება და არტერიული ჰიპერტენზია;
III – ართრიტი;
IV – ქოლეცისტიტი;
V – ბრონქიტი;
VI – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;
VII – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
VIII – თირკმელკენჭოვანი დაავადება;
IX – დიაბეტი;
X – ბრონქული ასთმა.
არსებობს კიდევ სხვა დაავადებანიც, რომლებიც ყოველდღური წესებითაა პროვოცირებული და ისინი მთელი სტრუქტურის დაახლოებით 17%-ს მოიცავს.
ყველაზე საშიში დაავადება
ცხოვრების არაჯანსაღ წესთან დაკავშირებით პირველად ყველაზე საშიშ დაავადებად მონათლული არტერიული ჰიპერტენზია გვახსენდება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა მთავარი რისკფაქტორი, პრობლემა, რომელიც მსოფლიო სიკვდილიანობის 19%-ს იწვევს, რადგან რეაგირების გარეშე დატოვებული არტერიული ჰიპერტენზია ინსულტებისა და ინფარქტების წინაპირობაა.
მეორე ადგილს გაცხიმოვნებასა და სისხლში შაქრის მაღალ დონესთან დაკავშირებული დაავადებები იკავებენ.
ინსულტისა და ინფარქტის რისკი გაცილებით დიდია მწეველებსა და დარღვეული ლიპიდური ცვლის მქონეთა შორის. ქოლესტერინული ფოლაქები სისხლძარღვთა შიდა კედელზე არღვევენ მასში სისხლის ნორმალურ დინებას, ამას ათეროსკლეროზი ჰქვია, რის შედეგადაც სისხლძარღვი ვიწროვდება, კარგავს ელასტიკურობას და მთელ სხეულში ირღვევა სისხლის მიმოქცევა.
საკუთრივ გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს ინფარქტს, ხოლო თავის ტვინში – ინსულტს.
დიაბეტი ტიპი II
ტიპი II შაქრიანი დიაბეტის არაინსულდამოკიდებული ფორმაა, რომელიც ვითარდება არასწორი ცხოვრების წესით და უპირველესად, არარაციონალური კვებით.
თუ ადამიანს მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს, ჰიპოდინამიკურია და ამასთან, მისი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ხშირ სტრესს, საკმაოდ დიდი აქვს დიაბეტი ტიპი II-ის განვითარების რისკი.
უწინ მიაჩნდათ, იგი უფრო ხანდაზმულთა პრობლემა იყო, თუმცა ახლა საკმაოდ გაიზარდა გაცხიმოვნების გამო ბავშვთა დიაბეტი ტიპი II-ის შემთხვევები, რისკფაქტორები კი, ისევ და ისევ, ჭაბი წონა და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესია.
კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები
სამწუხაროდ, რამდენიმე ტიპის ავთვისებიანი სიმსივნეც უკავშირდება ცხოვრების არაჯანსაღ წესს, მაგალითად, ფილტვის კიბო, რომელიც განსაკუთრებით მწეველებს ემუქრება, ან კანის კიბო, რომელიც მზეზე გადაჭარბებულად ყოფნის შედეგია.
დადგენილია, რომ მელანომის განვითარების რისკი გაცილებით დიდია მათ შორის, ვინც მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დიდხანს ყოფნას ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში შეეჩვია.
არაჯანსაღი კვება
ზომაზე მეტი საკვების მიღება იწვევს გაცხიმოვნებას იმ შემთხვევაში, თუ მასის ინდექსი 25-ზე მაღალია.
უკანასკნელ ხანს არარაციონალური კვება, ფასთფუდის აქტიური მოხმარება და სხვა მავნე კვებითი ჩვევები, ფიზიკური აქტივობის დაქვეთება იწვევს გაცხიმოვნებას, რაც, თავის მხრივ, ჰიპერტენზიას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და რაც მთავარია, ტიპი II დიაბეტის მთავარ რისკფაქტორს წარმოადგენს.
ჰიპოდინამია – ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი
ბოლოდროინდელი კორონავირუსის პანდემია კიდევ ერთი ნიშნით აღიბეჭდა ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებაზე. პანდემიამდე აქტიურ რეჟიმში მყოფი ადამიანებიც კი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გადავიდნენ დისტანციურ სამსახურზე, რაც თავისთავად მჯდომარე პოზას ითვალისწინებს, თუ ამგვარი მდგომარეობა პანდემიამდე მხოლოდ საოფისე პროფესიების წარმომადგენელთა ხვედრი იყო, პანდემიისას საკუთარი სახლების, დივნებისა და სავარძლების ტყვეებად იქცა ყველა.
მჯდომარე ცხოვრების წესი
რას ნიშნავს მჯდომარე ცხოვრების წესი? – ეს პირველ ყოვლისა, სხეულის მუდმივი მდგომარეობაა ერთ პოზაში: წოლა, ჯდომა, ნახევრად ჯდომა დღეში 2 და მეტი საათის განმავლობაში, სხვაგვარი მოძრაობის გარეშე, ერთგვაროვანი საქმის კეთება, როცა გამორიცხულია დასვენება. ყველაზე კარგად ამ მდგომარეობას ასახავს ტერმინი „ჰიპოდინამია“, რომელიც დაქვეითებულ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს.
ფიზიოლოგიურად ეს ფენომენი თავისთავად იხსნება: დაქვეითებული აქტივობა ნიშნავს ჩვენი ძვალ-კუნთოვანი აპარატისა და ნერვული სისტემის დაქვეითებულ ფუნქციობას, რომელიც იწვევს კუნთების განლევას და ხერხემალზე დატვირთვების 40%-ით გაზრდას. ყოველივე კი იწვევს მის დეფორმაციას, მალებისა და მალათაშუა დისკების პროტრუზიას.
ამას გარდა, უარესდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა, რომელიც შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
ყოველივე ირიბად ისახება გულსა და სისხლძარღვებზე: ქვეითდება პერიფერიული სისხლძარღვების ტონუსი, რომლებიც კუნთოვან სისტემას და საკუთრივ გულის კუნთს ამარაგებენ საკვებითა და ჟანგბადით, ქვეითდება სისხლის მიერ სისხლძარღვოვან კალაპოტში გადასროლილი სისხლის მოცულობა და წნევა, რაც იწვევს შინაგან ორგანოებში სისხლის ნორმალური მიმოქცევის დარღვევას.
ყველა ეს ჩამოთვლილი ფიზიოლოგიური ცვლილება იწვევს კონკრეტულ დაავადებებს, რომელთა შორის საკმაოდ ბევრი არსებითად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ზოგი ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხესაც კი უქმნის.
მათ შორის ყველაზე გვარცელებული პათოლოგიური მდგომარეობებია:
ხერხემლის პრობლემები
მჯდომარე ცხოვრების წესი ხერხემლის სხვადასხვა განყოფილების, კუნთების პრობლემებს იწვევს, ეს დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კარგან ნაცნობი პრობლემაა. დღეს ექიმებმა სპეციალური ტერმინი, „პროგრამისტის კისერიც“ კი დანერგეს იმის აღსაწერად, თუ რა ემართება მჯდომარე პროფესიის წარმომადგენლის ხერხემალს. „პროგრამისტის კისერი“ მუდმივად კომპიუტერის მონიტორთან ჯდომით, ხერხემლის არათანაბარი დატვირთვითაა გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ ესენი უპირატესად ახალგაზრდა ადამიანები არიან.
ხშირია მალათაშუა დისკის პროტრუზია, რაც დღეს ახალგაზრდების ნევროლოგებთან, ნეიროქირურგებთან და ვერტებროლოგებთან მიმართვის მთავარი მიზეზია.
ცერვიკალგია – ხერხემლის კისრის განყოფილებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
ბუასილი
სწორი ნაწლავის ვენური კვანძების პათოლოგიური გაგანიერებაც ხშირია მჯდომარე პროფესიის ადამიანებს შორის, რაც გამწვავების სტადიაზე შრომის უნარის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს.
ვარიკოზული დაავადება
ქვედა კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება არის ქვედა კიდურების კუნთების ტონუსისა და საკუთრივ ვენების კედლის ტონუსის დაქვეითების შედეგი.
ვიზუალურად ეს ცვლილებები ვლინდება მათი გაგანიერებით, კიდურებზე კანქვეშა ვენების ნახატის დეფორმაციით და მათი გამკვრივებით, ზოგჯერ ანთება წყლულებითა და სისხლდენითაც კი სრულდება.
მეტაბოლური სინდრომი
მეტაბოლური სინდრომისთვის დამახასიათებელია ჭარბი წონის, გაცხიმოვნების, არტერიული წნევის მატების, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის მატების ერთობლიობა.
კონკრეტულად იმის თქმა, თუ რომლით იწყება სინდრომი, ძნელია, ყველა ჩამოთვლილი მდგომარეობა ერთმანეთს უკავშირდება და ერთს მეორის განვითარება შეუძლია.
მაგალითად, ჭარბი წონა იწვევს სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის მატებას, შაქრიან დიაბეტ ტიპ II-ს, სისხლძარღვის დაზიანებასა და არტერიული წნევის მატებას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადები ამ სინდრომისას საკმაოდ სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით საშიშია მათ შორის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება, ქრონიკული კორონარული სინდრომი, მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი.
ნაწლავის დაავადებები
ვითარდება ნაწლავის, როგორც ფუნქციური ხასიათის, ისე ანთებითი და ონკოლოგიური დაავადებები. დასაწყისში ყველაფერი იწყება მუცლის კუნთების ტონუსის დაქვეითებით, რაც იწვევს ნაწლავის მოტორიკის დაქვეითებას, უფრო ზუსტად კი მისი კედლის კუნთოვანი შრის მოტორულ დისფუნქციას, ნაწლავის შიგთავსის შეგუბებას, სასარგებლო ნივთიერებების შეწოვის დაქვეითებას და მასში ბაქტერიული მიკროფლორის უკონტროლო ზრდას.
ძარითადად ვითარდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და დადებითად განწყობილთა ნაწლავის სიმსივნეები.
ფილტვების დაავადებები
ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო ფილტვების ობსტრუქციული დაავადების განვითარების მექანიზმია ჰიპოდინამიით დიაფრაგმისა და ნეკნთაშორის კუნთების ტონუსის დაქვეითება, რომლებიც სუნთქვით მოძრაობებს: ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას – განსაზღვრავენ. ქვეითდება ფილტვების მოცულობა და ფილტვის ვენტილაცია, უარესდება ფილტვის ქსოვილში აირთა ცვლა და იზღუდება ფილტვის ქსოვილის მოძრაობის უნარი.
თავდაპირველად კლინიკურად ვლინდება ფიზიკური დატვირთვისას სუნთქვის გაძნელებითა და ქოშინით, მოგვიანებით კი – მოსვენების დროსაც. ასეთ დროს საჭიროა პულმონოლოგთან ვიზიტი და სპირომეტრია – ფილტვის სასუნთქი მოცულობის გაზომვა.
უძილობა
უძილობა – ჩვენ გარშემო არსებულ გამღიზიანებლებზე ორგანიზმის ადაპტაციური უნარების დაქვეითების ნიშანია, თანამედროვე ადამიანის ტვინი მიეჩვია საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებას, რომელიც არა მხოლოდ სამსახურს, გარესამყაროსაც ეხება, რაც მათ მიმართ ადაპტაციას გვიადვილებს.
ტვინს უყვარს განსხვავებული ინფორმაციის დამუშავება, სამსახურთან ერთად ის აანალიზებს ამინდს, არომატებს, ადამიანთა სახეებსა და გარეგნობას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ა.შ. ერთგვარი ინფორმაციული ნაკადის მიწოდებისას ტვინი მის განსხვავებულ დამუშავებას იწყებს, რაც მას თრგუნავს, ქვეითდება პროდუქტიულობა, ვითარდება აპათია, გაღიზიანება, მომატებულია შფოთვა, ტაქიკარდიის შეტევები და სუნთქვის გაძნელების ეპიზოდები.
ამ მდგომარეობის მსუბუქი გამოვლენისას დამხმარედ ფსიქოლოგები გვევლინებიან, მისი დამძიმებისას – ფსიქოთერაპევტები, ხოლო თუ საქმე ჰალუცინაციებსა და ფსიქოზებამდე მივიდა, ფსიქიატრთან ვიზიტის დროა.
საბედნიეროდ, ცხოვრების წესის შეცვლა ზოგჯერ სავსებით საკმარისია ამ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, უკვე არსებულის სამართავად.
80%-ში შესაძლებელია გავრცელებული მომაკვდინებელი დაავადებების თავიდან აცილება წონის კონტროლით, რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით, რაციონალური კვების რეჟიმის დაცვით და მავნე ჩვევების უკუგდებით.