რჩევები საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით
5 რჩევა მოსწავლეს:
1. ზაფხულის არდადეგებზე, ალბათ, ბევრ საინტერესო წიგნს წაიკითხავ, უყურებ სხვადასხვა ანიმაციას, ესტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ ადგილს. ახალი და საინტერესო სიტყვების აღმოსაჩენად დააკვირდი, როგორ მეტყველებენ პერსონაჟები, ანიმაციის გმირები თუ სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები. ამოიწერე საინტერესო, შენთვის ახალი, უცხო და დიალექტური (კუთხური) სიტყვები. შეეცადე დაადგინო, რას ნიშნავს იგი და იქვე მიუწერო განმარტება. მის დასურათება-ილუსტრირებას თუ შეძლებ, ვფიქრობ, საოცარი ლექსიკონი გამოგივა.
2. წარმოიდგინე, რომ ხარ ტურისტული კომპანიის ოპერატორი, რომლის სახელწოდებაა „ჩემი მხარე“ (სახელი თავადაც შეგიძლია მოიფიქრო). სანდო წყაროებისა და პირადი გამოცდილების საფუძველზე, შეაგროვე ინფორმაცია შენი დასასვენებელი ადგილის მდებარეობის, ღირსშესანიშნაობების, ტრადიციებისა და კერძების შესახებ (გაითვალისწინე, რომ საინტერესოდ უნდა წარმოადგინო იგი). შექმენი კომპანიის სახელწოდებით ფეისბუკგვერდი ან ბლოგი, სადაც განათავსებ მოძიებულ ინფორმაციას და თან დაურთავ ფოტომასალას, თუნდაც შენს გადაღებულს. აქვე შეგიძლია დაამზადო მსგავსი შინაარსის ბუკლეტებიც, რათა დაინტერესებულ პირებსა თუ სანაცნობოს მარტივად წარუდგინო შენი შეგროვებული ინფორმაცია. თუ ინტერნეტმასალას გამოიყენებ, არ დაგავიწყდეს წყაროების მითითება.
3. დაგჭირდება რვეული ან წიგნაკი, რომელსაც საკუთარი ფანტაზიით გააფორმებ. შენ იცი, რომ სიკეთის კეთება ადამიანმა ყოველდღიურ საქმიანობად უნდა აქციოს. ჰოდა, მოდი, დააკვირდი შენს ქცევას. აღმოაჩინე მასში სიკეთე და ყოველი დღის ბოლოს ჩაინიშნე შენ მიერ ჩადენილი ასეთი ამბები. გააფორმე ილუსტრაციითა თუ თემატური საინტერესო დეტალებით. არდადეგების ბოლოს კი ნამდვილად აღმოაჩენ, რაოდენ კარგი საქმეების კეთება შეგძლებია.
4. აირჩიე კონკრეტული ფერი, მაგალითად ყვითელი. მთელი კვირის განმავლობაში დააკვირდი შენ ირგვლივ არსებულ სამყაროს, ბუნებას, ბუნებრივ მოვლენებს, მცენარეებს, ცხოველებს, ადამიანთა ჩაცმულობას და ა.შ. აღმოაჩინე ეს ფერი მათში. გააკეთე ჩანიშვნები წიგნაკში და შექმენი ამ ფერის თავგადასავალი, ნახატებით, ატრიბუტიკით ან თუნდაც ტექსტებით, რომელსაც დაიწყებ სიტყვებით: „ეს მე ვარ, ყვითელი, და მოგიყვებით ჩემს ამბავს“.
5. არდადეგების ბოლოს წარმოიდგინე, რომ ხარ წვეულების ორგანიზატორი (შეგიძლია რამდენიმე მეგობარი ან ოჯახის წევრი დაიხმარო). შექმენი სტრატეგიული გეგმა, სადაც გაწერ წვეულების პროგრამასა და ყველა საჭირო ატრიბუტიკას. იზრუნე მარტივი დეკორაციების მოწყობა/გაფორმებაზე. შეგიძლია შექმნა მოგონებების კედელიც, სადაც ზაფხულის განმავლობაში დაგროვებულ სასიამოვნო და საინტერესო ამბებს გამოაკრავ წერილების, ფოტოების, ნახატების ან სხვადასხვა ნივთის სახით. თუ კომპიუტერულ პროგრამებს კარგად ფლობ, შეგიძლია ზაფხულის დღეთა საინტერესო ვიდეოკოლაჟიც შექმნა და ისე აჩვენო დამსწრე საზოგადოებას. აქვე შეგიძლია რამდენიმე საინტერესო აქტივობა ან შეჯიბრებაც მოიფიქრო. მაგ., შეჯიბრება გამოცანების, მუსიკის, ფილმების, წიგნების ამოცნობაში, ფაზლად დაჭრილი ფოტოების აწყობაში, ფიზიკურ აქტივობაში და ა.შ. არ დაგავიწყდეს, რომ წვეულებას მცირე ფურშეტიც დასჭირდება, რომლის მენიუც თავად შეგიძლია გაწერო, მის მომზადებაში კი სხვებიც დაიხმარო.
5 რჩევა მშობელს:
1. წასაკითხი წიგნები შეარჩიეთ შვილთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენ ურჩიოთ, თუმცა გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. მიჰყევით მის ნებას. თუ დამწყები მკითხველია, იკითხეთ ერთად ან მონაცვლეობით. ასევე სთხოვეთ წაგიკითხოთ მისთვის საინტერესო ეპიზოდი წიგნიდან. ერთად გაიხსენეთ წიგნის შინაარსი თუ პერსონაჟები. ჰკითხეთ მას, რომელი გმირი მოეწონა და რატომ. თუმცა მაგალითს თუ თქვენ მისცემთ, ეს უფრო დიდი სტიმული იქნება მისთვის. არ დააძალოთ კითხვა! რადგან ის ამისგან სიამოვნებას უნდა იღებდეს. თუ ეს ასე არ არის, ე. ი. წიგნი სწორად ვერ შეარჩია ან მისთვის რთული ტექსტია.
2. საინტერესო იქნება ურჩიოთ ისეთი წიგნის წაკითხვაც, რომლის ეკრანიზაციაც არსებობს. წაკითხვის შემდეგ აუცილებლად უყუროს მას და გააკეთოს შედარებითი ანალიზი. აღმოაჩინოს ცვლილებები და შეადაროს თავის წარმოდგენებს პერსონაჟები, მათი ჩაცმულობა, ადგილები თუ მოქმედებები.
3. ერთად შეარჩიეთ საინტერესო ანიმაცია ან მისი ასაკის შესაბამისი ფილმი. კვირის განმავლობაში გამოყავით რამდენიმე საათი სეანსის მოსაწყობად, უყურეთ ერთად, შემდეგ კი აუცილებლად განიხილეთ დეტალები: რა მოეწონა? რას დაიწუნებდა? რომელიმე პერსონაჟში ხომ არ აღმოაჩინა საერთო? რა იყო მისთვის მისაბაძი? ხომ არ გაახსენა ფილმმა თავისი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდი? და ა.შ.
4. უზრუნველყავით შვილები ისეთი საჭირო რესურსით, როგორებიცაა რვეულები, წიგნაკები, ფერადი ფურცლები, ფერადი და ბრჭყვიალა კალმები, ფანქრები, მარკერები, წებოვანი ლენტები, მაკრატელი, წებო, ფერადი ლენტები და ა.შ. ეს ყველაფერი მოაქციეთ ერთ ჩანთაში, რადგან დასასვენებელი ადგილის ცვლილების შემთხვევაში მარტივად შეძლოს მისი გადატანა.
5. დაბოლოს, აჰყევით ყოველგვარ წამოწყებას. ჩაებით მის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში, რათა თქვენში მხარდამჭერს ხედავდეს. აგრძნობინეთ, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია მისი საზაფხულო თავგადასავლები. აღიარეთ მისი შესაძლებლობები და იმხიარულეთ მასთან ერთად.
5 რჩევა მასწავლებელს:
1. ხშირია შემთხვევები, როცა მოსწავლე მასწავლებელს მიმართავს თხოვნით, „იქნებ გვირჩიოთ რა წავიკითხოთ?“ ამისთვის სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ შექმნას ასაკისთვის შესაბამისი წიგნების პოსტერი ან ვიდეოკოლაჟი, სადაც განიხილავს ჟანრსა და შინაარსს იმგვარად, რომ მოსწავლეებს აღუძრას მისი წაკითხვის ინტერესი. კარგი იქნება, თუ რამდენიმე საინტერესო აქტივობასაც შესთავაზებს წიგნის შინაარსის გათვალისწინებით.
2. აირჩიეთ ერთი კონკრეტული თარიღი და დრო (მაგ. ყოველი თვის 30 რიცხვი, საღამოს 6 საათი) და დანიშნეთ მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა. დისტანციური სწავლების პრაქტიკამ ამის ძალიან კარგი შესაძლებლობა გააჩინა. ზოგი შინიდან ჩაგერთვებათ, ზოგი – ჰამაკიდან, ზოგიც – ზღვის სანაპიროდან, თუმცა ეს იმდენად საინტერესო იქნება, რომ შესაძლებელია ერთმანეთთან სასაუბროდ ერთი საათიც არ გეყოთ. კარგი იქნება, თუ სასაუბრო თემატიკას წინასწარ გაწერთ, პრეზენტაციას მოამზადებთ და თავად მისცემთ მაგალითს. მაშინ ისინიც მარტივად აგყვებიან.
3. ზოგჯერ გადაიქეცით მოსწავლედ და თავადაც სცადეთ მათთვის მიცემული საზაფხულო აქტივობების შესრულება. მერე კი შედეგები აჩვენეთ მოსწავლეებს. აუხსენით, რომ ეს თქვენთვისაც შრომატევადი გამოდგა, თუმცა საინტერესო. ამით მოსწავლისთვის მოდელი იქნებით და აღძრავთ მოტივაციას მისი შესრულებისთვის. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ – დავალებები შეასრულეთ ისე, თითქოს თქვენც მათი ასაკის იყოთ.
4. ზოგჯერ მისწერეთ წერილი თითოეულ მოსწავლეს, სადაც ისაუბრებთ თქვენი საზაფხულო თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეთა გაბედნიერება ამ ჟესტით ძალიან მარტივია. გარდა იმისა, რომ ამით მოსწავლეებს წერილის წერის მაგალითს აჩვენებთ, მათში გააჩენთ სურვილს, თავადაც შექმნან საპასუხო შეტყობინება. გარწმუნებთ, ამის შედეგს იმ დღესვე იხილავთ პირად შეტყობინებებში.
5. ყოველ გამოგზავნილ ფოტოსა თუ შეტყობინებას აუცილებლად უპასუხეთ დროულად და სიყვარულით. დაუკავშირდით და გამოხატეთ მადლიერება ჩართულობისთვის როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის მიმართ. ეს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მონდომებით განაწყობს მათ.