მდოგვი - სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალება
.
მდოგვის ლათინური დასახელება ითარგმნება როგორც "მანათობელი ბალახი". ძველი რომაელები ამ ცხარე სანელებელს მარსის მაგიურ მცენარედ მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ მისი თესლი სიმბოლიზდებოდა ყველაფრის მხილველობასთან. მათ სჯეროდათ, რომ თუ მდოგვს დალევდნენ დიდი რაოდენობით, უფრო გამჭრიახნი და შორსმჭვრეტელნი გახდებოდნენ. ქალები კი მდოგვს სხვა მიზნებისთვის იყენებდნენ - თავიანთ შეყვარებულებს საკვებში ურევდნენ, თუ ისინი მათ მიმართ გულცივნი ხდებოდნენ. შედეგი კი მართლაც საოცარი იყო: ჩამქრალი ვნება და ლტოლვა ახალი ძალით იფეთქებდა და იღვიძებდა ხოლმე.
-
მწველი ფხვნილი
სანელებლებისა და საკმაზის დიდი უმრავლესობის მსგავსად მდოგვი სასარგებლოა საკვების გადამუშავებისათვის, რადგანაც ის აღვიძებს მადას, აძლიერებს ნაღვლის წვენის გამოყოფას და ამაღლებს საკვების შეთვისებას. ეს ცხარე სანელებლები საჭიროა აგრეთვე ხანშიშესული ადამიანებისთვისაც, რადგან არსებითად და ბევრ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასევე ძალიან ეხმარება ყაბზობის პრობლემით შეწუხებულ ადამიანებს.
ძველ რუსეთში მდოგვს სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ იყენებდნენ. მაგალითად, სურავანდის, ქოშინის...
თავის ტკივილის დროს 3 ჩაის კოვზ მდოგვის ფხვნილს ურევდნენ წყალს, ღებულობდნენ სქელ მასას, აჩერებდნენ 5 წუთს, შემდეგ გადაჰქონდათ ქსოვილის პატარა ნაჭერზე და იდებდნენ კეფიდან ოდნავ ქვემოთ 5 წუთის განმავლობაში.
კბილის ტკივილის დროს ღეჭავდნენ მდოგვის თესლებს.
ასთმის და ანგინის დროს მდოგვის ნახარშით აკეთებდნენ სავლებს, ივლებდნენ ყელში.
მდოგვის თესლიდან გამომუშავებული ცხიმი უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა სახსრებში შესაზელად, რაც აუმჯობესებდა მოძრაობას, ასევე შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც.
-
მდოგვის სახვევები გამოიგონა ავიცენამ
უძველესი დროის ამ დიდმა მკურნალმა პირველმა მისცა რეკომენდაცია ადამიანებს, გაეკეთებინათ მდოგვისგან სამკურნალო სახვევები ასთმის, სახსრებში ტკივილის, საჯდომი ნერვის ანთების დროს.
ავიცენა ასევე ურჩევდა, მდოგვის სახვევები გაეკეთებინათ თავზე იმ ავადმყოფებისათვის, ვინც ლეთარგიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო მდოგვის ბალახის წვენი ჩაეშვათ ყურში ტკივილის დროს და დაეწვეთებინათ მტკივნეულ კბილებზე.
-
მდოგვის საფენები დღეს
დღეს მდოგვის საფენებს ხშირად იყენებენ გაციების, ფილტვების ანთების, პლევრიტის, მიოზიტის, ნევრიტის, რადიკულიტის, რევმატიზმების დროს. სითბოს ზემოქმედებით ქსოვილებში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, რისი წყალობითაც ანთებითი პროცესები გაივლის.
ბრონქიტისა და პნევმონიის დროს მდოგვის საფენებს ადებენ ზურგზე, ლარინგიტის დროს - კისრის წინა და ზედა ნაწილში, ტრაქეიტის დროს - მკერდზე.
ჰიპერტონიით გამოწვეული თავის ტკივილისას მდოგვის საფენებს კისერზე ადებენ.
-
მდოგვის საფენების დამზადება
მდოგვის საფენების დამზადება ადვილად შეიძლება შინაურ პირობებშიც. ამისთვის სჭიროა, მდოგვის ფხვნილს შევურიოთ თბილი წყალი. იმისათვის, რომ მდოგვის სიცხარემ, მისმა სიმწვავემ არ დააზიანოს კანი, უნდა დავუმატოთ ფქვილი ან სახამებელი თანაბარი პროპორციით. ფქვილისებრი ნარევი უნდა დადოთ ქაღალდზე, დააფაროთ დოლბანდი და გააშროთ.
წყალი უნდა გაათბოთ 40 გრადუსამდე - სწორედ ასეთ ტემპერატურაზე მდოგვის ფხვნილისგან გამოიყოფა ეთეროვანი ზეთი.
-
მდოგვის აბაზანები
მდოგვის აბაზანები (ფეხებისთვის) სასარგებლოა გაციებისას, სახსრებში ტკივილის დროს, არტერიული წნევის მკვეთრი აწევისას, ძლიერი მოყინვისას. 1-2 კოვზ მდოგვის ფხვნილს უნდა დაესხას ცხელი წყალი (მაგრამ არა მდუღარე, თორემ მდოგვი დაკარგავს თავის ძალას). ფეხების დაორთქვლა უნდა გაგრძელდეს ნახევარი საათი. შემდგომ უნდა ჩაიცვათ თბილი წინდები და ჩაწვეთ საწოლში. სურდოს თავიდან ასაცილებლად მშრალი მდოგვი 1-2 საათით უნდა ჩავიყაროთ წინდებში.
მდოგვის გამოყენება შეიძლება ქერტლის საწინააღმდეგოდ. მას იყენებენ კოსმეტიკური მიზნებისთვისაც. ამ მწვავე, ცხარე მცენარის თესლისგან მიღებული ფხვნილით შეიძლება თავის დაბანა. ის კარგად მოქმედებს თმაზე - შესანიშნავად ასუფთავებს თავის კანს და ებრძვის ქერტლს. ძალიან სასარგებლოა მდოგვის აბაზანები ხელის მტევნებისთვის, ის ხელის კანს რბილსა და ნაზს ხდის.