ქსოვილთა გადანერგვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქსოვილთა გადანერგვა

შეიძლება ითქვას, რომ ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაცია ორგანიზმის "რემონტის" შესახებ ადამიანის ოცნების ხორცშესხმაა. ამ სფეროში დიდი წინსვლის მიუხედავად, ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. წინ გველის უამრავი აღმოჩენა, რომლებიც გადანერგვის ურთულეს საკითხებს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის.

მცირე ისტორიული ექსკურსი

ისტორიული ცნობებით, ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის პირველ ოპერაციებს ძველი ინდუსები აკეთებდნენ. ისინი ბატონებს უნერგავდნენ მონის ცხვირს, ანდა ცხვირის ან ყურის დაზიანებულ ქსოვილს კანის გადანერგვით უბრუნებდნენ ადრინდელ სახეს. ზოგი ოპერაცია წარმატებით მთავრდებოდა, ზოგი - წარუმატებლად, თუმცა მთავარი ის არის, რომ ამ ტიპის ოპერაციები ტარდებოდა.

ვარაუდობენ, რომ ძველად ასე თუ ისე იცნობდნენ ძვლების გადანერგვის პრინციპებსაც. მოგეხსენებათ, ეგვიპტეში მრავალი საუკუნის წინ კეთდებოდა თავის ქალას ტრეპანაცია. ალბათ, მაშინდელი მკურნალებიც ფიქრობდნენ ნაოპერაციევი მიდამოს, თავის ქალაში არსებული დეფექტის დახურვაზე, და მიაგნეს კიდეც შესაბამის მეთოდს. ეს მეთოდი - ქალას ნახვრეტის ძვლით დაფარვა - დღესაც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. სხვათა შორის, ტრეპანაციის შემდეგ დეფექტის ძვლით დაფარვის მეთოდი ქართველი სახალხო მკურნალების არსენალშიც მოიპოვებოდა.

მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ინკვიზიციის დევნის მიუხედავად ცალკეული მეცნიერები მაინც ცდილობდნენ ქსოვილთა გადანერგვისა და მათი განდევნის საიდუმლოს ამოცნობას. მეცნიერული ცოდნა ნელ-ნელა გროვდებოდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ახალმა მეცნიერებებმა, იმუნოლოგიამ და ჰემატოლოგიამ, მრავალ საიდუმლოს ახადა ფარდა. აღმოაჩინეს სისხლის ჯგუფები, სპეციფიკური ცილები, ანტისხეულები და სხვა ისეთი ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებლადაც ორგანოებისა თუ ქსოვილების გადანერგვა წარუმატებლად დამთავრდებოდა. ისწავლეს ადამიანის იმუნური სისტემის მართვა, უფრო სწორად, სპეციალური პრეპარატებით დათრგუნვა, რათა მას არ მოეშორებინა, არ განედევნა სხვა ადამიანის სხეულიდან გადმონერგილი ორგანო.

სადღეისოდ ტრანსპლანტოლოგები წარმატებით ახერხებენ თმის, ტვინის უჯრედების, ბროლისა და რქოვანას, ძვლისა და ძვლის ტვინის, გულის სარქვლების, კანის, სისხლის, სისხლძარღვებისა და ნერვების, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის, გულის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ენდოკრინული ჯირკვლებისა და ნაწლავების გადანერგვას.

თმის, კანის, ბროლისა და რქოვანას, ძვლისა და ძვლის ტვინის, გულის სარქვლების, კანის, სისხლის, სისხლძარღვების, თირკმლისა თუ გულის გადანერგვის ოპერაციები დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვა უწინდებურად ურთულეს საქმედ ითვლება. ორიოდე სიტყვით მოგითხრობთ გადანერგვის იმ სახეებზე, რომლებიც ჩვენთან, საქართველოშიც არის დანერგილი.

კანის გადანერგვა

კანის გადანერგვა ხდება იმ პათოლოგიების დროს, რომლებიც აზიანებს ორგანიზმის საფარის დიდ უბანს, მაგალითად, დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების შემთხვევაში. საქართველოში კანის გადანერგვის პრაქტიკულად ყველა მეთოდია დანერგილი. ხშირად ადამიანს თავისივე კანს უნერგავენ. გადასანერგ კანს ძირითადად ბარძაყის ზედაპირიდან ან ყურის უკანა მხრიდან იღებენ. გადასანერგად იყენებენ როგორც კანის ნაფლეთებს, უფრო სწორად, ძალიან თხელ, სიფრიფანა, გამჭვირვალე ფენას, ასევე მის მთელ სისქეს.

თუ საჭირო გახდა, კანს კუნთოვან ნაფლეთთან ერთად გადანერგავენ. პრაქტიკაში გამოიყენება კანის გადანერგვა კუნძულების სახით. ამ დროს ძალიან დიდი დეფექტის დასაფარად იყენებენ პატარ-პატარა ნაფლეთებს, რომლებსაც ერთმანეთის ახლოს განალაგებენ. ნაფლეთები ნელ-ნელა იზრდება და თანდათანობით ფარავს დაზიანებულ ადგილს.

როცა გადასანერგი კანი საკმარისი არ არის, ზოგჯერ კანის უჯრედებს ხელოვნურ პირობებში გამოზრდიან და ამის შემდეგ უნერგავენ პაციენტს. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და გაჭიანურებული მეთოდია, რომელიც როგორც ექიმის, ასევე პაციენტის დიდ მოთმინებას მოითხოვს, თუმცა შედეგი მართლაც შთამბეჭდავია.

კანის გადანერგვა ერთი ადამიანისგან მეორეზეც შეიძლება. მიმღები ორგანიზმი ადრე თუ გვიან აუცილებლად განდევნის უცხო კანს, მაგრამ მანამდე გადანერგილი კანი თავის ფუნქციას ასრულებს, ანუ ფარავს დაზიანებულ მიდამოს და იცავს მას ბაქტერიებისგან. დაბოლოს, კანის გადანერგვის დროს საჭირო არ არის მკურნალობაში იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატების ჩართვა.

თმის გადანერგვა

გადანერგვის ეს ნაირსახეობა საქართველოში უკვე დიდი ხანია ათვისებულია. თმის გადანერგვა კოსმეტიკური ოპერაციაა, თუმცა გაცილებით დიდია ამ ოპერაციის ფსიქოლოგიური შედეგი. გადანერგვისას თავის შიშველი არე თმის რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულამდე კომპლექსით იფარება. რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანს გადანერგილი თმა სცვივა. შემდეგ გადის გარკვეული ხანი (ორიოდე თვე) და თმა ამოსვლას იწყებს. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ გვერწმუნეთ, საქართველოში უკვე დადიან ადამიანები (მათ შორის რამდენიმე ყველასათვის ცნობილი, პოპულარული ადამიანიც არის), რომლებმაც ამ სერვისით უკვე ისარგებლეს და კმაყოფილებიც არიან.


ძვლის გადანერგვა

ძვლის როგორც ქსოვილის გადანერგვა საქართველოში დიდი ხანია დანერგილია. უმეტესად ადამიანის საკუთარ ძვალს ერთი ადგილიდან მეორეზე გადანერგავენ. ეს მიღებული ოპერაციაა რთული მოტეხილობებისა და სხვა პათოლოგიების დროს. შედეგი ხშირად მოლოდინს აჭარბებს. იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენება ამ დროსაც შედარებით იშვიათია. სხვათა შორის, ჩვენთან უკვე მზად არიან ისეთი რთული ოპერაციების ჩასატარებლად, როგორიც არის ხელოვნურად გაზრდილი ძვლით ძვლოვან ქსოვილში არსებული დეფექტების დაფარვა. ეს მეტად რთული და სკრუპულოზური პროცესია.

ახლა კი სრულიად ახალ ინფორმაციას გაგაცნობთ, თუმცა ის გადანერგვასთან ერთად ძვლის პროთეზირებასაც ეხება. საქმე ის არის, რომ ტოკიოს უნივერსიტეტის ქსოვილთა ინჟინერიის ფაკულტეტის მეცნიერებმა კომპანია "Next 21-თან" ერთად სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნიკის გამოყენებით შექმნეს ხელოვნური ძვალი. ტექნოლოგიის გამოცდისას, უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მეცნიერებმა ერთ ძაღლს და ათამდე ადამიანს გადაუნერგეს სხვადასხვა სახის ხელოვნური ძვლის სტრუქტურები, ძაღლს თავის ქალას ნაწილი გაუკეთეს, ხოლო ადამიანებს სახის რეკონსტრუქციული ოპერაციები ჩაუტარეს.

კომპიუტერების, რენტგენული და ტომოგრაფიული სურათებისა და პრინტერის მეშვეობით სპეციალური ქიმიური ნივთიერებისგან იქმნება ხელოვნური მსუბუქი, ფოროვანი ძვალი, რომელიც სიმყარითა და სხვა თვისებებით ახლოს დგას ბუნებრივ ძვალთან. იმპლანტაციის შემდეგ ხელოვნური ძვალი მეტ-ნაკლებად ასრულებს თავის ფუნქციას და, რაც მთავარია, თანდათანობით იცვლება ადამიანის ჯანმრთელი ძვლოვანი ქსოვილით, რომელიც იმპლანტანტში ჩაიზრდება.

ის, რომ ხელოვნური ძვალი ეფექტურია და ადვილად ეხორცება ქსოვილს, დამტკიცებულია 18-დან 54 წლამდე ასაკის ადამიანებზე ჩატარებული რამდენიმე ოპერაციით (2006 წლის მარტიდან 2007 წლის ივლისამდე). 70 მოხალისე უკვე ელის ხელოვნურ ძვლებს სახისა და თავის ქალას იმ ძვლების ჩასანაცვლებლად, რომლებიც სხვადასხვა ტრავმის გამო დაზიანდა ან სიმსივნური პროცესების გამო ქირურგიული გზით იქნა მოცილებული. სამწუხაროდ, ამ ტიპის ხელოვნური ძვლები ჯერჯერობით ისე მაგარი არ არის, რომ სხეულის სიმძიმეს გაუძლოს, თუმცა მეცნიერთა მუშაობა ამ კუთხითაც გრძელდება. როგორც ამბობენ, ტექნოლოგია კომერციულად მისაწვდომი მომავალ წელს გახდება. ა

მ ძვლების ძირითადი მომხმარებლები იქნებიან ის პაციენტები, რომელთაც კურდღლის ტუჩისა და მგლის ხახის პრობლემები აწუხებთ, ასევე - ძვლოვანი ქსოვილის სხვადასხვა სახის სიმსივნით დაავადებულნი.

თირკმლის გადანერგვა

თირკმლის გადანერგვა ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. თირკმლის პირველი გადანერგვა 1902 წელს ჩატარდა - ურემიით დაავადებულს ღორის თირკმელი გადაუნერგეს. 1933 წელს პირველად იქნა გადანერგილი გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი, თუმცა ორივე პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილის თირკმლის წარმატებული გადანერგვა პირველად მხოლოდ 1954 წელს მოხერხდა. თირკმელმა რამდენიმე წელი იმუშავა. სწორედ ამ წარმატებული ოპერაციისთვის მიიღო 1990 წელს ჯოზეფ მიურეიმ ნობელის პრემია. მიურეის ნაშრომები თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიის საფუძვლად ითვლება.

თირკმლის გადანერგვა გაცილებით მეტად გავრცელდა იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამაქვეითებელი) პრეპარატის - აზატიოპრინის - გაჩენის შემდეგ, რომლებმაც საგრძნობლად შეასუსტა უცხო თირკმლის განდევნის რეაქცია. მოგვიანებით აზატიოპრინს პრედნიზოლონი და ციკლოსპორინი დაემატა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა ტრანსპლანტანტის (გადანერგილი თირკმლის) მოშორების ალბათობა. დღესდღეობით მსოფლიოში თირკმლის გადანერგვის ნახევარ მილიონზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული.

ჩვენს დროში თირკმლის გადანერგვა საშიშ ოპერაციულ ჩარევად აღარ მიიჩნევა და აუცილებლობის შემთხვევაში ადრეული ბავშვებისთვისაც გამოიყენება. ამჟამად გადანერგვისთვის გამოიყენება გარდაცვლილი და ცოცხალი დონორის თირკმელები. საუკეთესო შედეგს იღებენ, როცა თირკმელი პაციენტის დისა ან ძმისაა. მათი შეთავსების საკითხის გარკვევის შემდეგ ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით. გარკვეული ანატომიური მოსაზრების გამო დონორის მარჯვენა თირკმელი მარცხნივ ინერგება, ხოლო მარცხენა - მარჯვნივ. ხშირად დონორის თირკმელი თეძოს ფოსოში თავსდება, კეთდება სისხლძარღვების ანასტომოზები (თირკმლის ვენა და არტერია სხვა ვენებსა და არტერიებს უერთდება), შარდსადენი შარდის ბუშტში ინერგება.

ჯანმრთელი დონორული თირკმელი ოპერაციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მასში სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე, შარდის გამოყოფას იწყებს. თუ ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულებების გარეშე წარიმართა, ცოცხალი დონორისგან აღებული თირკმელი 5 დღის შემდეგ ნორმალურად იწყებს ფუნქციობას.

თუ თირკმელი გვამიდან არის აღებული, მაშინ მისი ფუნქცია სრულად აღდგება ორი კვირის შემდეგ. თირკმლის განდევნის პროფილაქტიკის მიზნით იწყება იმუნოსუპრესიული თერაპია, პაციენტს უნიშნავენ თირკმლის სისხლის მომარაგების გასაუმჯობესებლად საჭირო და თრომბების ჩამოყალიბების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

ტრანსპლანტანტების ნახევარზე მეტი 5 წელზე მეტხანს მუშაობს. დისა და ძმისგან გადანერგილი თირკმლის შემთხვევაში სიკვდილიანობა ნული პროცენტია. აი, მოკლედ გადანერგვის იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში ტარდება.

ახლა კი რამდენიმე ფაქტი გადანარგვის ისტორიიდან, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მკითხველს ძალიან დააინტერესებს:

  • გულის გადანერგვის ოპერაცია პირველად 1967 წლის 3 დეკემბერს განახორციელა დოქტორმა კრისტიან ნიტლინგ ბარნარდმა ქალაქ კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). მისი პაციენტი, 55 წლის ლუი ბაშკანსკი, ოპერაციიდან 18 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
  • თირკმლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდი ჯოან ლეანორე რემპელს (ქ. რედ-დირა, კანადა) ეკუთვნის. მას თირკმელი 1960 წლის 28 დეკემბერს გადაუნერგეს ქალაქ ბოსტონში (აშშ).
  • აშშ-ში ორ ჩვილს ორგანოების დომინო-გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა. ოთხი თვის ბიჭუნას ჯეისონ ვოლფს გადაუნერგეს კომპლექსი "გული-ფილტვები", ხოლო მისი ჯანმრთელი გული - სამი თვის გოგონას კაილი რიჩარდსონს.

დომინო-გადანერგვა, რომლის დროსაც პაციენტი ორგანოებს იღებს ერთი დონორისგან და ამავე დროს თავად ხდება სხვა ავადმყოფისთვის ორგანოს დონორი, მსოფლიოში ძალიან იშვიათად ტარდება, ასეთ მცირეწლოვან ბავშვებში კი მსგავსი ოპერაცია ადრე არ გაკეთებულა. 12-საათიანი ოპერაცია შარშან, ნოემბრის დასაწყისში ჩატარდა. ჯეისონს (მას ფილტვის უკურნებელი დაავადება ჰქონდა) მკვდარი დონორის გული და ფილტვები გადაუნერგეს, ხოლო ბიჭუნას ჯანმრთელი გული გულით დაავადებულ გოგონას ერგო. მკურნალი ექიმიები აცხადებენ, რომ ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა სპეციალისტები ჯერ არ არიან მზად ისაუბრონ შორეული შედეგების შესახებ.

მოკლედ, ვერაფერს იტყვი, ტექნიკა წინ კი აღარ მიდის, მიფრინავს. მთავარია, დაეწიო მას, უფრო სწორად, მის მხარდამხარ სიარული მოახერხო.