ღვიძლის გადანერგვა საქართველოს რეალობაში
წარმოიდგინეთ ღვიძლის ციროზით დაავადებული უმძიმესი პაციენტი ორგანოს ფუნქციის სრული დეკომპენსაციით, ადამიანი, რომლისთვისაც ერთადერთი ხსნა ღვიძლის გადანერგვაა. სხვა შემთხვევაში ის სასიკვდილოდაა განწირული, დაიღუპება, თანაც ძალიან სწრაფად (შესაძლოა 2-3 თვეშიც კი). ამ ტრაგიკული ბნელეთის ფონზე იმედის ერთადერთი ნაპერწკალი დონორია, პირი, რომელიც პაციენტზე უზომოდ შეყვარებული თავს წირავს მისთვის, თავის ორგანოს უყოფს მას! რამდენი სიცოცხლე გადაურჩენია სიყვარულსა და თავდადებას! ეს ყოველივე ძალიან ამაღელვებელია, თითქოს ქრესტომათიულიც, მაგრამ ამავე დროს რეალური, რადგან საქართველოს პროფესიონალებიც არიან ამის შემოქმედნი, ისინიც იბრძვიან თავდაუზოგავად თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ცალკე ამაღელვებელია და იმავდროულად საამაყოც!
მაინც, როგორ ხდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა), რა პრობლემები ახლავს ამ რეალობას საქართველოში, როგორ იბრძვიან ქართველი ექიმები ადამიანთა გადასარჩენად, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, “ავერსის” კლინიკის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი კობა შანავა. იგი ახალგაზრდა, მაგრამ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალია, უზომოდ შეყვარებული თავის პროფესიაზე, საქმისადმი თავდადებული, იმავდროულად თავმდაბალი და ღირსეული პიროვნება. სტაჟირება გავლილი აქვს უნგრეთში (პეჩის უნივერსიტეტის ქირურგიული ტექნიკისა და კვლევების დეპარტამენტი), გერმანიაში (მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარტამენტი), საფრანგეთსა (პოლ ბრუსის კლინიკა, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის ცენტრი, პარიზი) და სამხრეთ კორეაში (სეულის ნაციონალური უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, ჰეპატო-ბილიარული ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტი). თავის დროზე პეჩის სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (უნგრეთი, პეჩი), 2001 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიპლომით კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიული კათედრის სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიური მოღვაწეობისათვის. კობა შანავა არაერთი სიმპოზიუმის, კონგრესისა თუ კონფერენციის მონაწილეა, რაც მთავარია, ის საქართველოში წარმატებით ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციების ერთ-ერთი უშუალო შემოქმედია.
- ბატონო კობა, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში ღვიძლის გადანერგვის პიონერები თქვენ ხართ?
- ღვიძლის ტრანსპლანტაცია საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა, სამწუხაროდ, წარუმატებლად, რადგან პაციენტი მალევე გარდაიცვალა. 2015 წელს ჩვენც დავიწყეთ ამ ოპერაციის ჩატარება. მანამდე კი ბათუმში გაკეთდა ერთი გადანერგვა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. მთლიანობაში ჩვენ მიერ 2015-2016 წლებში 7 გადანერგვაა განხორციელებული.
გადანერგვის პროგრამისათვის მზადება ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წელს დავიწყეთ. ამისათვის ჩვენი გუნდი (ჯგუფი) მიავლინეს საფრანგეთში, პოლ ბრუსის (პარიზი) კლინიკაში, სადაც მომზადების პირველი ეტაპი გავიარეთ. ამის შემდეგ საგანგებოდ გადაგვამზადეს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. ავერსის კლინიკიდან მივლინებულ ჯგუფში ვიყავით ქირურგები (ჩემთან ერთად ნიკა უბირია, სოსო გელაშვილი, ბადრი ქობალავა), ანესთეზიოლოგი (თინათინ ხუციშვილი), მორფოლოგი (თათა ჯავახიშვილი), მედდები. სეულში ჩვენი მენტორი გახლდათ პროფესორი კვანგ ვონგ ლიი - მსოფლიო ექსპერტი ღვიძლის ქირურგიასა და ტრანსპლანტოლოგიაში. ჩვენმა ჯგუფმა ღვიძლის გადანერგვაში გადამზადების 8-თვიანი კურსი გაიარა, რათა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ღირსეულად და სათანადო დონეზე დაგვეწყო ამ პროგრამის განხორციელება. ჩვენი იდეა არ იყო მხოლოდ ერთი გადანერგვის ჩატარება, ჩვენი მიზანია, საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის დანერგვა როგორც ცოცხალი, ასევე გვამური დონორიდან და მედიცინის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი და ურთულესი დარგის განვითარება.
მოგეხსენებათ, ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც შეიძლება გვამური მასალის გამოყენება გადანერგვისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვინის სიკვდილის დაფიქსირების შემთხვევაში სპეციალისტებს აქვთ გვამიდან შესაბამისი ორგანოს ამოღებისა და გადანერგვისთვის მისი გამოყენების უფლება, თუმცა, ეს სისტემა რეალურად არ არსებობს საქართველოში. ამ ურთულეს პროგრამას აწყობა და ამოქმედება სჭირდება. თუნდაც ის, რომ უნდა არსებობდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც გამოძახების შემთხვევაში მივა კლინიკაში და ტვინის სიკვდილს დააფიქსირებს (ამ კუთხით უკვე დიდი საქმე გააკეთა პროფესორმა გია თომაძემ). ამის გარდა, საჭიროა სხვა ბრიგადა, რომელიც ყველა წესისა და სტანდარტის დაცვით ამოიღებს შესაბამის ორგანოს, შეძლებს მის დროებით კონსერვაციას, შემდეგ კი მიაწვდის იმ კლინიკას, სადაც ორგანოს გადანერგვისთვის გამოიყენებენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს სისტემა არ არსებობს საქართველოში. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსა და ტრანსპლანტოლოგიის ასოციაციის (რომელსაც პროფესორი გია თომაძე ხელმძღვანელობს) მხრიდან გამოითქვა სურვილი და გარკვეული მოქმედებაც შეინიშნება ამ კუთხით, მანამდე კი ერთადერთ ალტერნატივად პაციენტებისათვის ცოცხალი დონორის (ორგანოს გამცემი პირი) გამოყენება რჩება.
- კარგია, თუ ცოცხალი დონორების კუთხით მაინც არ ექმნებათ პაციენტებს საქრთველოში პრობლემა...
- უნდა მოგახსენოთ - პირველ ეტაპზე ჩვენ ნათესაური დონორი გამოვიყენეთ, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონი არანათესაურ დონორთან დაკავშირებით. სადღეისოდ სახელმწიფომ უკვე მიიღო კანონი არანათესაური დონორისგანაც ორგანოს მიღება-გამოყენებაზე, ანუ ეს საკითხიც კანონით რეგულირდება. საზოგადოდ, ეს მარტივი საქმე არ არის - ძალიან მკაცრად უნდა იყოს დაცული იურიდიული საკითხები, არ უნდა გამოვლინდეს ორგანოს დონაციის კომერციული მიზანი, ყოველივე ამას მკაცრი კონტროლი ესაჭიროება. ეს საკითხები, საზოგადოდ, მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალური და პრობლემურია. სადღეისოდ საქართველოში არანათესაური დონორისათვის თანხმობას სასამართლო გასცემს. აქამდე ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებობდა ტრანსპლანტაციის სპეციალური საბჭო, იურისტებით, ექიმებითა და შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული. თუმცა ბოლო პერიოდში ეს ფუნქცია სამინისტრომ სასამართლოს გადააბარა. ბოლო 4 ტრანსპლანტაცია არანათესაური დონორებისგან მიღებული ღვიძლით განვახორციელეთ. ამ შემთხვევებში მეგობრებმა და ახლობლებმა გაიღეს ორგანო პაციენტებისთვის.
- შეუთავსებლობა და ე.წ. მოცილების რეაქცია გასაგებია, ეს პროცესები, ალბათ, ორგანოს ორივე სახის დონორიდან მიღების შეთხვევაში ვითარდება, ამის გარდა, კიდევ რა პრობლემები ექმნება რეციპიენტს (ორგანოს მიმღებ პირს) არანათესაური დონორისგან ღვიძლის მიღებისას?
- იმ შემთხვევაში, თუ დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფობრიობა ემთხვევა, ჩვენ თავისუფლად ვიღებთ არანათესაური დონორის ორგანოს გამოყენების გადაწყვეტილებას. იმუნოსუპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს იმუნურ სისტემას და ასუსტებს გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციას) ყველა შემთხვევაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სჭირდებათ ორგანოგადანერგილ პაციენტებს. ჩვენ ერთ შემთხვევაში შეუთავსებელი დონორის ორგანოც კი გამოვიყენეთ, ანუ დონორსა და რეციპიენტს სხვადასხვა სისხლის ჯგუფები ჰქონდათ. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვქონდა, ავადმყოფს სხვა დონორი არ ჰყავდა, აღენიშნებოდა ღვიძლის უკმარისობის უკიდურესად მძიმე, დეკომპენსირებული, ბოლო სტადია, პაციენტი განწირული იყო და მალევე დაიღუპებოდა. ასეთ დროს შეუთავსებელი დონორის ორგანოს გამოყენებაც დაშვებულია, თანამედროვე იმუნოსუპრესია ამის საშუალებასაც იძლევა, რადგან ძალიან დახვეწილია. სადღეისოდ იმუნოსუპრესიის ბევრი სქემა არსებობს საიმისოდ, რომ პაციენტი არ დაიღუპოს. სამწუხაროდ, ორგანოგადანერგილ პაციენტებს ამ თერაპიის ჩატარება მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ.
- ასაკობრივ ბარიერზე რას გვეტყვით? რა შეზღუდვაა ამ კუთხით დონორისა და რეციპიენტის შემთხვევაში?
- რა თქმა უნდა, ასაკობრივი ბარიერი არსებობს და ტრანსპლანტაცია რეალურად 75 წლამდე ასაკის პაციენტებთან ტარდება. ყველაზე ასაკოვანი პაციენტი, რომელსაც ღვიძლი გადავუნერგეთ, 65 წლისა იყო. დეკემბრის თვეში კი ოპერაცია ჩავუტარეთ 29 წლის გოგონას, რომელსაც ჩ ჰეპატიტის გარდა, ციროზისა და აუტოიმუნური ჰეპატიტის ფონზე განვითარებული ჰქონდა ღვიძლის დეკომპენსირებული უკმარისობა.
რაც შეეხება დონორებს - იდეალურ დონორად მიიჩნევა 45 წლამდე ასაკის პირი, რადგან ყველა ორგანო გარკვეულ ასაკობრივ ცვლილებებს მაინც განიცდის, როგორც ფუნქციურად, ასევე ანატომიურად. ღვიძლის გადანერგვის დროს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანოს ანატომიას. დონორისა და რეციპიენტის ღვიძლები გარკვეულწილად ანატომიურადაც, მათ შორის სისხლძარღვების, კერძოდ, ვენების ანატომიითაც უნდა ემსგავსებოდნენ (ეთავსებოდნენ) ერთმანეთს. როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, შედარებით ასაკოვანი დონორისგანაც ვიღებთ ორგანოს. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში ყველაზე ასაკოვანი დონორი 56 წლისა იყო. მან თავისი ნებით დაუთმო დას ღვიძლის ნაწილი. სხვა გზა, სხვა შანსი არ იყო.
- იქნებ ახსნათ ოპერაციის ძირითადი არსი, გარკვეულწილად აღწეროთ ტექნიკაც, რათა ჩვენმა მკითხველმა გაიგოს, რას ნიშნავს ღვიძლის ტრანსპლანტაცია, როგორ ხდება ერთი ადამიანის ორგანიზმიდან მეორისთვის ორგანოს გადანერგვა...
- ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ერთადერთი ორგანოა, რომელსაც აღდგენის (რეგენერაციის) ძალიან დიდი უნარი აქვს. ეს საშუალებას გვაძლევს დონორის ღვიძლის ერთი წილი მთლიანად გამოვიყენოთ გადანერგვისთვის. საზოგადოდ, ამ ოპერაციის ჩატარების სხვადასხვა მიდგომა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროტოკოლი არსებობს. ჩვენ კონკრეტულად ვიღებთ (მთლიანად ვკვეთთ) ღვიძლის მარჯვენა წილს, რომელიც ორგანოს დაახლოებით 60%-ია. ფაქტობრივად, დონორს რჩება ღვიძლის 40%. ეს მოცულობა სავსებით საკმარისია ორგანოს ნორმალური ფუნქციობისთვის, ანუ პრობლემას არ უქმნის დონორს. ღვიძლის აღდგენის პროცესსა და ფუნქციობას, რა თქმა უნდა, დინამიკაში ვაკვირდებით და საფუძვლიანად შევისწავლით დონორთანაც და რეციპიენტთანაც. საყურადღებოა, რომ ოპერაციიდან დაახლოებით 4 კვირაში ღვიძლი თავის მოცულობას თითქმის სრულად აღიდგენს, მაქსიმუმ 6 თვეში კი სრული ფუნქციით აგრძელებს მუშაობას. როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის ანატომიას, დონორს ორგანოს 40% რჩება, შესაბამისად, მას ღვიძლის უკმარისობის განვითარების დიდი რისკი აქვს. ოპერაციამდე საფუძვლიანად ვიკვლევთ წილების ანატომიას და ფუნქციას, ღვიძლის ვენების სტრუქტურას, რათა ეს გართულება თავიდან ავიცილოთ. გვქონდა შემთხვევა, როდესაც დონორს მარცხენა წილი 40%-ზე ნაკლები ჰქონდა და უარი ვთქვით მისი ორგანოს გამოყენებაზე, რადგან დიდი იყო გართულების სახით ღვიძლის უკმარისობის განვითარების ალბათობა.
- დონორობის თემა, საზოგადოდ, ძალიან ამაღელვებელია. მე მიმაჩნია, რომ დონორობა გმირობის ტოლფასია, რადგან პაციენტისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და მისი დახმარების სურვილის მიუხედავად, დიდ ვაჟკაცობასა და გამბედაობასაც მოითხოვს, ძალიან თავგანწირული ნაბიჯია. და მაინც, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დონორი ოპერაციის შემდეგ, კიდევ რა გართულებები შეიძლება განუვითარდეს მას?
- დონორის მდგომარეობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პაციენტი არ არის, ის ჯანმრთელი ადამიანია, რომელიც თავისი ნება-სურვილით მიდის ამ ნაბიჯზე და საკუთარ ორგანოს უყოფს სხვას. ეს იოლი საქმე არ გახლავთ. ამიტომ დონორის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ფაქიზია, პასუხისმგებლობა კი - გაათმაგებული. ოპერაციამდე მას საფუძვლიანად ვიკვლევთ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ყველა ნიუანსს შევისწავლით და ვაფასებთ, ყველა დეტალს ვითვალისწინებთ და ვაანალიზებთ, როგორც ამბობენ, 100-ჯერ და 1000-ჯერ ვზომავთ და ვწონით, რათა დონორს ოპერაციის შემდეგ რაიმე სახის გართულება არ განუვითარდეს და მისი ჯანმრთელობა პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს. რეალურად გართულებები დონორთან ძალზე შემცირებულია, რადგან ღვიძლის მოკვეთის (რეზექციის) მეთოდი ძალიან დახვეწილია, ვგულისხმობ როგორც ტექნიკურ, ისე ინსტრუმენტულ (აპარატურულ) სრულყოფას. მაგალითად, ღვიძლის რეზექციისათვის გამოიყენება ულტრაბგერითი სკალპელი, ე.წ. კუსა, რომელიც მინიმალურად აზიანებს ღვიძლის ქსოვილს, მისი წყალობით ორგანოს ქსოვილის დაზიანების ფართობი ძალიან შემცირებულია, შესაბამისად, მცირდება ტრავმატიზმი, სისხლდენა და საზოგადოდ, დონორთან რაიმე გართულების განვითარების რისკი.
- დონორის ოპერირებიდან დაახლოებით რა პერიოდში ინერგება ამოღებული ორგანო რეციპიენტთან?
- ოპერაციებისას ჩვენ ვიყენებთ კორეის ნაციონალური უნივერსიტეტის ჰოსპიტალის პროტოკოლს.
- გამოდის, რომ კორეაა წამყვანი ამ დარგში?
- კორეა და იაპონია ის ორი აზიური ქვეყანაა, სადაც ცოცხალი დონაცია ფართოდ გავრცელებულია და ხშირად გამოიყენება. ამერიკასა და ევროპაში არ აქვთ გვამური დონაციის პრობლემა, ამიტომაც იქ იშვიათად ტარდება ცოცხალი დონორის ორგანოს გადანერგვა. იაპონიასა და კორეაში კი გვამურ დონაციასთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია, აღნიშნული სისტემა არც ამ ქვეყნებშია ფართოდ განვითარებული, შესაბამისად, ცოცხალი მასალის გამოყენებას მისდევენ, ოპერაციათა სიხშირის გამო კი ძალიან დახვეწილი აქვთ მეთოდები. ჩვენ მათ გამოცდილებას მივყვებით.
დონორისა და რეციპიენტის ოპერირება პრაქტიკულად პარალელურად მიმდინარეობს. ამოღებული წილი (გრაფტი) ცალკე მაგიდაზე გადმოგვაქვს, სადაც ხდება მისი გასუფთავება-დამუშავება, სპეციალური ხსნარებით გარეცხვა, გაწმენდა ფორმიანი ელემენტებისაგან - იგივე პერფუზია, დროებით კონსერვაცია და გადანერგვისთვის მომზადება. ამოღებული ღვიძლის სისხლძარღვები ხელოვნური სისხლძარღვით (პროთეზით) ერთდება ერთმანეთთან. ყოველივე ამას ცალკე ბრიგადა აკეთებს. ამოღებული ღვიძლი მაქსიმუმ ერთ საათში (ძირითადად 40 წუთში) ინერგება რეციპიენტის მუცლის ღრუში. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ კორეულ ტექნიკას ვიყენებთ. აქამდე ჩვენს მენტორთან ერთად ვაკეთებდით ოპერაციებს (ის ჩამოდის და გვეხმარება ხოლმე), თუმცა ჩვენი ჯგუფი ემზადება ოპერაციების დამოუკიდებლად ჩასატარებლად.
- რეციპიენტთან განვითარებულ გართულებებზე რას გვეტყვით? გასაგებია, რომ ვითარდება “მოცილების რეაქცია”, ისიც, რომ რეციპიენტი უმძიმესი ქრონიკული პაციენტია ორგანიზმში განვითარებული ურთულესი ცვლილებებით, შესაბამისად, მისი ოპერირება მარტივი საქმე არ არის, და მაინც, ხომ შეიძლება, გადანერგილმა ღვიძლმა ელემენტარულად არ იფუნქციოს?
- ყველაზე ხშირი გართულება რეციპიენტთან სისხლძარღვების თრომბოზია (უხშირესად ღვიძლის არტერიის), ზოგჯერ მოცილების განსაკუთრებული რეაქციაც ვითარდება, ამიტომაც აუცილებელია ქვეყანაში გვამური დონაციის სისტემის აწყობა, რათა რეტრანსპლანტაციის (განმეორებითი გადანერგვის) საჭიროების შემთხვევაში ორგანოს დეფიციტის გამო ადამიანი არ დაიღუპოს.
სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბევრ პაციენტს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. ბევრია ისეთიც, რომელსაც საზღვარგარეთ აქვს ორგანო გადანერგილი და მკურნალ ექიმთან სიშორის გამო ვერ იღებს შესაბამის კონსულტაციას, ვერ უკავშირდება მას დროულად ცალკეულ პრობლემათა გადასაჭრელად. არადა, ორგანოგადანერგილ პაციენტებს მუდმივად სჭირდებათ მეთვალყურეობა, პრობლემების შექმნისთანავე მათ დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მანიპულაციები. ეს კი ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო (თანხის გარდა ტრანსპორტირებას ხომ დროც სჭირდება) ხშირად ვერ ხერხდება და პაციენტი იღუპება. გაგვიგია ლეტალურად დასრულებული შემთხვევები იმის გამო, რომ პაციენტმა დროულად ვერ მიიღო თანადგომა და დახმარება საზღვარგარეთ მყოფი მისი მკურნალი ექიმისაგან.
სადღეისოდ ბევრი ისეთი პაციენტიც გვყავს, რომლებსაც საზღვარგარეთ აქვთ ჩატარებული ოპერაცია, მაგრამ გვენდობიან და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ჩვენ ვმართვათ მათ მდგომარეობას. ამგვარად, ღვიძლის ტრანსპლანტაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსთვის მეტად აქტუალურია. ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი.
ინტერვიუ გაგვიგრძელდა, არა მარტო იმიტომ, რომ თემაა საზოგადოდ საინტერესო, აქტუალური და ამაღელვებელი ბევრი ასპექტით, არამედ იმის გამოც, რომ კობა შანავაა საოცარი რესპონდენტი, საინტერესო მოსაუბრე. მისი პროფესიონალიზმი საკითხის ლაკონიურად განმარტების, დახვეწილად გადმოცემის უნარსა და მეტყველების კულტურაშიც კი გამოსჭვივის. ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი გულწრფელობა, საქმის სიყვარული, თავდადება, სურვილი ადამიანთა დახმარებისა. დასასრულ, ასეთი შეკითხვით მივმართე მას:
- ახალგაზრდა ქირურგს, ამ ურთულეს ოპერაციათა შემოქმედს, რა განცდა გაქვთ ხოლმე პაციენტების გადარჩენისას?
- ჩემი პროფესია ჩემთვის ყველაფერია, ყოველდღიური სტიმული, ჩემი ცხოვრების აზრია. მე მიმაჩნია, რომ ტრანსპლანტოლოგია მედიცინის პიკია (იმედია, არ მიწყენენ კოლეგები, ყველას თავისი სპეციალობა უყვარს). ზოგჯერ იმაზეც მიფიქრია, რომ ეს მედიცინის საზღვრებს სცილდება. ბედნიერი ვარ, რომ ამ მწვერვალს ვეჭიდები პროფესიულად!
ჩვენ კი ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ღირსეული და თავდადებული პროფესიონალების ხელშია პაციენტების სიცოცხლე. გვჯერა, ამგვარი ექიმების ძალისხმევით კიდევ ბევრი ღვიძლი გადაინერგება, კიდევ ბევრი ადამიანი გადარჩება და გააგრძელებს ცხოვრებას!