ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდგომი დიეტა
საკმაოდ დიდი გამოწვევაა ორგანიზმისთვის, რადგან ის საჭმლის მომნელებელ სისტემას სრულიად ახალ და განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს. სამკურნალო კვება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის პირველივე დღიდან ორგანიზმის ახალ პირობებთან შეგუების ხელშემწყობად უნდა იქცეს, რათა სხეული ადვილად ადაპტირდეს ორგანოს დაკარგვის შემდეგ საჭმლის მონელების განსხვავებულ პირობებთან. სწორი კვების შერჩევა ამ შემთხვევაში გასტროენტეროლოგის პრეროგატივაა და ჩვენც თემაზე სასაუბროდ ექიმ ოლეგ ღონღაძეს მივმართეთ:
– უპირველესად, საინტერესოა, რა იცვლება ორგანიზმში ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდგომ.
– ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდგომ, ბუნებრივია, რეზერვუარის ფუნქცია აღარ სრულდება, თუმცა ღვიძლი ჩვეულებრივ აგრძელებს ნაღვლის გამოყოფას და სეკრეტი მუდმივად გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში.
ნაღვლის ბუნებრივი რეზერვუარის უქონლობა საჭმლის მონელების პროცესში კოლოსალურ ძვრებს იწვევს, რომელთა გაუთვალისწინებლობაც, შესაძლოა, საკმაოდ უსიამოვნო გართულებების მიზეზად იქცეს.
ყოველდღიურად ღვიძლი 2 ლიტრამდე სეკრეტს გამოიმუშავებს, რომელიც ნაღვლის გამომტანი სადინარებით პირდაპირ თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება, ეს ხდება ქაოსურად და უკონტროლოდ, ვიდრე ღვიძლი ოპერაციის შემდგომ საჭირო დროს საჭირო ულუფებით ნაღვლის გამომუშავებას არ „ისწავლის“, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ასეთი ცვლილებები ვითარდება:
- ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება მაშინაც კი, როდესაც იქ საკვების გუნდა არ არის და ამით მნიშვნელოვნად აზიანებს თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს.
- ნაღვლის ბუშტის ფუნქციას, რეზერვუარის გარდა, ტოქსიკური ნაღვლის მჟავების უვნებელ შენაერთებად გარდაქმნაა, ოპერაციული მკურნალობის შემდგომ ამგვარი დაცვის გარეშე რჩება ღვიძლი, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსები.
- ნაწლავში მოხვედრილი ღვიძლისმიერი ნაღველი, რომელსაც ნაღვლის ბუშტში „სპეციალური მომზადება“ არ გაუვლია, იწვევს მის დაზიანებას, რაც, უპირატესად, ხშირი დიარეით ვლინდება.
- ოპერაციის შემდგომ ირღვევა ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციაც.
- უარესდება ცხიმების დაშლისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის პროცესი.
ღვიძლის ადაპტაციას საშუალოდ ერთი წელი სჭირდება, შესაბამისად, საჭირო რაციონიც სწორედ ამ ვადის გათვალისწინებით ხდება.
– რამდენადაც ცნობილია, პირველ ხანებში სამკურნალო კვების წესების დაუცველობა იწვევს პოსტქოლეცისტექტომიურ ანუ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთისშემდგომ სინდრომს. რა ნიშნებით ვლინდება იგი?
– ნაღვლის ბუშტის ამოკვეთისშემდგომი სინდრომისთვის დამახასიათებელია შეტევისმაგვარი, ყრუ და ხანგრძლივი ტკივილები მარჯვენაფერდქვეშა არეში, ღებინება და ბოყინი, ნაწლავებში აირების წარმოქმნის გაძლიერება – მეტეორიზმი, მადის გაუარესება, ხშირი დეფეკაცია თხელი განავლით, თუმცა ეს ყველაფერი როდია.
დიეტა მხოლოდ სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის არ გვჭირდება, წარმოვიდგინოთ, რომ ის ერთგვარი წამალია, რომლის დახმარებითაც მწყობრიდან გამოსული საჭმლის მონელების პროცესის დარეგულირება და გაკონტროლებაა შესაძლებელი, ამიტომ მისი დაუცველობით ასეთი მოცემულობის წინაშე ვდგებით: ვიშორებთ ნაღვლის ბუშტს ნაღვლკენჭოვანი დაავადების ან სხვა პათოლოგიის გამო, სამაგიეროდ, სხვა, არანაკლებ მტკივნეული და საშიში დაავადების შეძენით ვრისკავთ, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია:
- პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი ღვიძლის, მისი სადინარებისა და სფინქტერების დისფუნქციით.
- ნაწლავებში ჭარბი ბაქტერიული ფლორის ზრდა, რომელიც იწვევს დიარეას, შეკრულობას.
- ანტისეპტიკურ ფუნქციას მოკლებული ნაღვლის გამო ნაწლავებში მიკროფლორის დისბალანსი და დისბაქტერიოზის განვითარება.
- ნაწლავური პროცესების მოშლის შედეგად დისპეფსიად წოდებული მდგომარეობა: გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით, გულძმარვით, პირში უსიამოვნო გემოთი და ფერმენტული აქტივობის უკმარისობით გამოწვეული სიმძიმით მარჯვენა ფერდქვეშა არეში.
- მოსალოდნელია მეორეული საშიში დაავადების განვითარება – ახალი ქვების წარმოქმნით.
- ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდგომ დიეტის დაუცველობა იწვევს ნაღვლისგამომტან გზებში შეგუბებით პროცესებს. მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც კენჭები ვითარდება, ქოლეცისტექტომიის შემდგომ ხომ არ ქრება? ამიტომ მოსალოდნელია კონკრემენტების სადინარებში განვითარება, რაც არა მხოლოდ ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
– როგორია დიეტა სტაციონარის პირობებში?
– ოპერაციის შემდგომ პირველი დღეები, ბუნებრივია, პაციენტი რჩება ექიმების მეთვალყურეობით სტაციონაში, რამდენ დღეს გასტანს ეს პერიოდი, ინდივიდიუალურია და მას ოპერაციული ჩარევის მეთოდი განსაზღვრავს.
ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომიის შემდეგ სტაციონარული მკურნალობა არ აღემატება 2-3 დღეს, ღია მეთოდის გამოყენებისას კი 10 დღემდე გრძელდება.
ოპერაციის შემდგომ, პირველ საათებში, კვება საერთოდ იკრძალება, პირველ დღეს შესაძლებელია წყლის ან ასკილის ნახარშის დალევა პატარა ულუფებით, მცირე ყლუპებით, დღეღამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 ლიტრს, შემდგომ დიეტა ითვალისწინებს ნაღვლის შეგუბების პროფილაქტიკას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დოზირებულ დატვირთვას.
მეორე დღეს შესაძლებელია ჩირისგან დამზადებული კისელი, დაბალი ცხიმიანობის კეფირი, ღია ფერის მწვანე ჩაი, სითხის მიღება დაშვებულია ყოველ 3 საათში ერთხელ, დღეღამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ლიტრს.
ამოკვეთიდან ორი დღის შემდგომ რაციონს თანდათან ემატება რძემჟავა პროდუქტები: უცხიმო იოგურტი, ხაჭო და მაწონი, ბოსტნეულის სუფ-პიურეები, წყალზე მოხარშული წიწიბურა, შვრია, ჩაშუშული სტაფილო, ქათმისა და საქონლის ხორცის პიურე, მოხარშული ხილი.
დღიური დიეტის ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 კკალ-ს.
– რას ურჩევთ პაციენტებს, რომელი წესების დაცვით უნდა იკვებონ შინ გაწერის შემდგომ ისე, რომ ორგანიზმს ახალი პირობებისადმი სწრაფად ადაპტაციის შესაძლებლობა მისცენ?
– ამ შემთხვევაში სამკურნალო კვების ძირითადი პრინციპები არცთუ რთულია, ისინი არ ითვალისწინებენ ძლიერ მკაცრ შეზღუდვებს, გამონაკლისია პოსტოპერაციული პერიოდის პირველი რამდენიმე დღე, პირველ ყოვლისა, აუცილებელია რაციონი შედგეს ისე, რომ მთელი მოცულობის ნახევარს შეადგენდეს მცენარეული ცხიმები და სრულფასოვანი ცილები, მეორე ნახევარს კი – რთული ნახშირწყლები.
- კვება უნდა იყოს დანაწევრებული, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტი უნდა იკვებოს ხშირად, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით.
- ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 200-250 მლ-ს, კვებათა შორის შუალედი უმჯობესია, იყოს 3-4 საათი, ღამე 8-საათიანი შესვენებით.
- კონკრემენტების ხელახალი წარმოქმნის პროვოცირების ასარიდებლად რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ქოლესტერინის შემცველი პროდუქტები.
- საკვები უნდა იყოს თერმულად დამუშავებული, დაშვებულია ორთქლზე მოხარშული, გამომცხვარი, იშვიათად კი ჩაშუშულიც, არ შეიძლება დიდი რაოდენობით ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის მიღება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, მეტეორიზმი, მეორე მხრივ კი, მყარი ყაბზობის მიზეზად იქცეს.
- აკრძალულია შემწვარი, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტები, საჭმლის მომნელებელ ორგანოებს ოპერაციის შემდგომ, უბრალოდ, არ შესწევთ მათი მონელების ძალა.
- საკვები აუცილებლად უნდა იყოს თბილი, ძალიან ცხელი ან ცივი საკვები იწვევს ნაღვლის გამომტანი სადინარების სპაზმსა და ტკივილს, დისპეფსიურ მოშლილობებს.
- არ უნდა დავივიწყოთ წყლის შესახებაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შინ გაწერის შემდგომ, შეგვიძლია მივიღოთ სასმელი წყალი, ნაკლებად ტკბილი ჩაი, ასკილის ნახარში, კომპოტი.
- უკუჩვენებათა უქონლობის შემთხვევაში დასაშვებია დღეში 1,5ლ-მდე სითხის მიღება – სასმელი წყლის ოპტიმალური რეჟიმი აადვილებს საჭმლის მონელებას და ნაწლავის ნორმალურ მოტორიკას უწყობს ხელს.
- პაციენტებს ყოველთვის ვუხსნით, რომ პროდუქტები და სადილები, რომლითაც იკვებებიან, უნდა იყოს ახალი, შესაბამისად, სასურველია, თუ მათ უშუალოდ კვების წინ მოვამზადებთ.
- რაც შეეხება საკვების კონსისტენციას, უნდა იყოს კარგად მოხარშული, ხორცი და მცენარეული საკვები – წვრილად დაჭრილი ან გახეხილი.
- სუფრის მარილი უნდა შეიზღუდოს, დღეღამური რაოდენობა არ უნდა აღემატებდეს 10 გრამს. ეს ბალანსი რომ არ დაირღვეს, სასურველია მარილი დავუმატოთ უკვე მომზადებულ საკვებს, უმჯობესია მცენარეული ცხიმის დამატებაც მომზადების შემდეგ, რათა მისი სასარგებლო თვისებები არ დაიკარგოს.
– მოდი, ჩვენს მკირთხველს ის კონკრეტული პროდუქტებიც გავაცნოთ, რომლებიც დაშვებულია ოპერაციის შემდგომ სამკურნალო კვების რაციონში.
– ოპერაციის შემდგომ სამკურნალო დიეტის შედგენისას უნდა გავამდიდროთ რაციონი ამ პროდუქტებით:
- წიწიბურა, შვრიის ფაფა.
- პურის ნაწარმი ხორბლის ნამტვრევებით.
- მყარი სახეობის ხორბლისგან დამზადებული პასტა და სპაგეტი.
- ცხიმის მინიმალური შემცველობით ქათმის, კურდღლის, საქონლისა და ინდაურის ხორცი.
- უცხიმო მოხარშული თევზი.
- რძემჟავა ნაწარმი – უცხიმო კეფირი, ხაჭო, ყველი, მაწონი, ნატურალური შემადგენლობის იოგურტები.
- ორცხობილები სანელებლების გარეშე, მარილი, შაქარი, მშრალი ბისკვიტები, უსაფუვრო ნამცხვარი.
- მოტკბო ხილი, ვაშლი, ბანანი.
- ბოსტნეული, რომლებიც ეთერზეთებს არ შეიცავს: სტაფილო, კიტრი, ყაბაყი, გოგრა, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი.
- დესერტიდან დაშვებულია ზეფირი, მარმელადი, მზა ხილის ჟელე, თაფლი.
- ფაფები უნდა იყოს კარგად მოხარშული, სალათები წვრილად დაჭრილი, საკვები საგულდაგულოდ უნდა ვღეჭოთ, განსაკუთრებით – ხორცი და მცენარეული საკვები.
– ბუნებრივია, არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელთა მიღებაც ოპერაციის შემდგომ არ შეიძლება. როგორია აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი?
– იმის მიუხედავად, რომელი ქირურგიული მეთოდით მოცილდა ორგანო, აკრძალული პროდუქტების სია ასე გამოიყურება:
- კატეგორიულად იკრძალება ხორცის, სოკოს, თევზის ბულიონები და ნახარშები.
- ახალმოწველილი რძე, ახალამოყვანილი ყველი, ნაღების კარაქი, ცხოველური, ძნელად მოსანელები ცხიმებით მდიდარი საკვები.
- ოპერაციის შემდგომ პირველი წელი ორგანიზმი რთულად ინელებს ნაყინს, შოკოლადს, კაკაოს და მასზე დამზადებულ სასმელებს.
- აკრძალულია ასევე საფუვრიანი ცომისგან დამზადებული ფუნთუშები, ტორტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი.
- ცხვრის, ღორის, ბატის, იხვის და ცხიმიანი საქონლის ხორცი.
- აკრძალულია ახალგამომცხვარი პური.
- ნაღვლის გაძლიერებულ სეკრეციას იწვევს მჟავე კენკრა და ხილი: კივი, ჟოლო, მოცხარი, ფორთოხალი და სხვა.
- ბოსტნეული: თალგამი, ბოლოკი, ისპანახი, მჟაუნა, ნიორი, მწვანილი, კომბოსტო.
- ცხარე სანელებლები, სოუსები, კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი, პირშუშხა, წითელი და შავი წიწაკა, სხვადასხვა სანელებელი.
- აკრძალულია კვერცხი, როგორც მაგრად მოხარშული, ისე შემწვარი.
- პოსტოპერაციული დიეტა ითვალისწინებს რაციონიდან პარკოსნების გამორიცხვასაც, ბარდა, ლობიო, სოიო, ისინი აძლიერებენ აირების წარმოქმნას, ხელს უწყობენ დუღილის პროცესებს.
- ამავე მოსაზრებით იკრძალება გაზიანი სასმელები, შავი ყავა, მუქი ჩაი, კონცენტრირებული მჟავე წვენები, განსაკუთრებული აკრძალვა ვრცელდება ალკოჰოლურ სასმელებზე.
- არც ტუტოვანი მინერალური წყლით გატაცებას გირჩევთ, ისინი აძლიერებენ ნაღვლის წარმოქმნასა და გამოყოფას, რაც პოსტქოლეცისტექტომიისას განსაკუთრებით არასასურველია.
– მოსახლეობაში ფართოდ არის გავრცელებული სამკურნალო მცენარეთა რეცეპტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების და სანაღვლე გზების სხვადასხვა პათოლოგიის მკურნლობა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და საზოგადოდ, რა როლი ეკისრება ფიტოთერაპიას ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობაში?
– თუ კენჭები დიდი ზომისაა, მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა, ასეთი კონკრემენტების დაშლა სამკურნალო მცენარეებით შეუძლებელია, ამ შემთხვევაში შესაძლოა იცადოს მათი დაშლა ულტრაბგერით ან მათი მოცილება ორგანოს ამოკვეთის გარეშე.
სამკურნალო მცენარეებით მკურნალობა ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე, როდესაც კენჭები მცირე ზომისაა, ე.წ. რბილია და შესაძლებელია მათი ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოსვლა. ფიტოთერაპია კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვისაც.
ფიტოთერაპიულ საშუალებათა სამკურნალო ეფექტი ასეთია:
- დუნდება ნაღვლის ბუშტის მუსკულატურა და კუნთოვანი სფინქტერი, რაც ხსნის და ამცირებს შეტევის თანმდევ ტკივილებს.
- უმჯობესდება ნაღვლის გადინება მისი სფინქტერის მოდუნების შემდგომ, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ნაღვლის შეგუბებას და კენჭების წარმოქმნას.
- ქვეითდება ბილირუბინის კონცენტრაცია – მისი მომატებისას ხომ ნაღველში კონკრემენტების წარმოქნის რისკი იზრდება.
- ღვიძლის ან ნაღვლკენჭოვანი დაავადებებისადმი დადებითად განწყობილთათვის, სხვა რისკფაქტორების არსებობისას ასევე რეკომენდებულია ფიტოპრეპარატებით პროფილაქტიკური კურსის გავლა, რომელიც კენჭების წარმოქმნას თავიდან აგვაცილებს.
სამკურნალო მცენარეებით მკურნალობის პარალელურად საჭიროა სწორი კვება, მავნე ჩვევების უკუგდება და მეტი მოძრაობა.
- სამკურნალო მცენარეებს აქვთ მსუბუქი ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და დამამშვიდებელი ეფექტიც.
- ხელს უწყობენ ქოლესტერინული ცვლის ნორმალიზიებას, აუმჯობესებენ ნაღველგამომტანი სისტემის მუშაობას, ასუფთავებენ ღვიძლს, ნაღვლის სადინარებს, ნაღვლის ბუშტს, აწესრიგებენ ნაწლავის ფუნქციობას.
- მათი მკურნალობის ვადა დაახლოებით 2 კვირიდან რამდენიმე თვეს გრძელდება.
- ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ისეთი მცენარები, როგორებიცაა: ქრისტესისხლა, მუმიო, პიტნა, ლიმონი, ზეითუნის ზეთი, თაფლი, ბოლოკის წვენი, წითელი ჭარხალი, მწვანე ჩაი და სხვა.
- ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით, მხოლოდ ერთი კომპონენტი გამოიყენება, ზოგიერთი კი რამდენიმე მათგანის ერთდროულ ან ცალ-ცალკე გამოყენებას ითვალისწინებს, თუ მათ ცალ-ცალკე იყენებთ, მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს არა უმცირეს 15-30 წუთისა.
- დაბოლოს, გაითვალისწინეთ! ხალხური მედიცინის ნებისმიერი ტიპის რეცეპტის მიხედვით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია, გაიაროთ კონსულტაცია და მისი გამოყენების ნებართვა თქვენი მკურნალი ექიმისგან მიიღოთ!