კავკასიელი ქალები ყველაზე ადრე ბერდებიან?
პროფესორის მოსაზრება დამაფიქრებელია. როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ სიბერეს ქართველი ქალები და შეინარჩუნონ სილამაზე, რომელსაც გარდასულ საუკუნეებში ხოტბას ასხამდნენ ევროპელი მოგზაურები? სწორედ ამაზე გვესაუბრება ჩვენი თანამემამულე, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი, ევროპისა და მსოფლიო პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის წევრი, 2008 წლის პრემია "გრაციას" ლაურეატი, პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია.
-
ქალბატონო ციცინო, ეთანხმებით ბატონ ნერობეევს, რომ კავკასიელი ქალები ყველაზე ადრე ბერდებიან?
- ეს მოსაზრება სიმართლესთან ახლოს დგას. მიზეზად უნდა მივიჩნიოთ აქტიური მზე, რომელიც სიბერის დამაჩქარებელ ფაქტორებს მიეკუთვნება. თუ ჩვენი ქალები მუდმივად მზეზე ყოფნას ცხოვრების წესად არ აქცევენ, ამ პროცესის პროფილაქტიკა შეიძლება. ქართველებს გვაქვს ქალის სილამაზის გამომხატველი არაჩვეულებრივი სიტყვა - "მზეთუნახავი". ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი. უბრალოდ, საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ნებისყოფა და თავის კონტროლი.
-
რა ასაკში უნდა დაიწყოს ქალმა სიბერესთან ბრძოლა?
- დაბერების პროცესი ინდივიდუალურია და სხვადასხვა ასაკში იწყება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გენეტიკაა. თუ გსურთ გაიგოთ, როგორი სისწრაფით დაბერდებით (რა თქმა უნდა, როდესაც არავითარ პროფილაქტიკურ საშუალებას არ იყენებთ), ჩაიხედეთ საოჯახო ალბომში და ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ამა თუ იმ ასაკში თქვენი წინაპრები.
თუმცა არსებობს ფაქტორებიც, რომლებიც დაბერებას აჩქარებს: სტრესი, მავნე ჩვევები (მოწევა, სმა), ქრონიკული სისტემური დაავადებები, წონის მერყეობა (ხშირი გახდომა და მერე გასუქება) და, რაც მთავარია, მზეზე ხშირად ყოფნა.
საქმე ის არის, რომ ულტრაიისფერი სხივები ორგანიზმიდან (ამ შემთხვევაში - სახის კანიდან) გამოათავისუფლებენ კოლაგენის დამშლელ თავისუფალ რადიკალებს, კოლაგენი კი ის ნივთიერებაა, რომელიც კანს სიმკვრივეს ანიჭებს და ახალგაზრდობას უნარჩუნებს. გარდა ამისა, კოლაგენის ბოჭკოები ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს კანსა და კუნთებს. თუ კოლაგენი დაიშალა, კანი კუნთებთან კავშირს კარგავს და დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით დაბლა იწევს. ამის შედეგად ჩნდება ე.წ. გრავიტაციული ნაოჭები და ბოლოს - ღარები (ნაოჭი და ღარი სხვადასხვა რამ არის - დაბერების პროცესის კვალდაკვალ ცხვირ-ტუჩის ნაოჭი გრძელდება და საბოლოოდ ყალიბდება ცხვირ-ტუჩის ღარი). ქუთუთოების ირგვლივ ე.წ. ბატის ნაფეხურები ჩნდება, ქუთუთოების ქვეშ - თიაქრები, ნიკაპის ქვეშ - ღაბაბი, ყელზე - ვერტიკალური ნაოჭები, წარბებს შორის კი - ვერტიკალური და ჰორიზონტალური ღარები. სახის კანი თხელდება და მუქი პიგმენტით იფარება. ამ ყველაფერმა შესაძლოა სხვადასხვა ასაკში იჩინოს თავი, ასე რომ, ბიოლოგიური ასაკი სიბერის პროფილაქტიკის დაწყების ზუსტი მაჩვენებელი არ არის. საზოგადოდ, დღეს პროფილაქტიკას ახალგაზრდობიდანვე იწყებენ.
-
მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ეს ნიშნები უკვე გამოგვაჩნდა და გაახალგაზრდავება გვსურს?
- ამ დროს ჩვენს წინაშე ორი ამოცანა დგას: დავაბრუნოთ კანი თავის ადგილას და შევავსოთ მისი დაკარგული სტრუქტურები. ამისთვის უნდა მივმართოთ პლასტიკურ ქირურგს და დერმატოკო-სმეტოლოგს. სახის გაახალგაზრდავების ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად მიმაჩნია კონსერვატორული მეთოდი - მეზოთერაპია.
-
რა არის მეზოთერაპია და რა განაპირობებს მის პოპულარობას?
- როგორც ცნობილია, ადამიანის კანი ბარიერის ფუნქციას ასრულებს და ორგანიზმში არსებულ სითხეს აკავებს. მისი 2/3-ის დამწვრობა სასიკვდილოა. კოსმეტიკური მალამოების უმეტესობა ვერ აღწევს კანის ღრმა შრეებს, ამიტომ მსოფლიოს უდიდესი ბრენდების ლაბორატორიებში განუწყვეტლივ მუშაობენ მალამოების კანში შეღწევის უნარის გასაუმჯობესებლად. მეზოთერაპია კი ამ პრობლემას ჭრის - ამ გზით კანისთვის საჭირო ნივთიერებების ყველა შრეში შეყვანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მას მეორე უპირატესობაც აქვს: ყოველი ჩხვლეტის დროს წარმოიქმნება მინი ნაწიბური, სადაც თავს იყრის კოლაგენი. არსებობს უამრავი მეზოთერაპიული პრეპარატი, რომლებიც ეფექტურად მოქმედებს კანზე.
-
როდის იყენებენ ბოტოქსს ნაოჭების გასასწორებლად?
- აღვნიშნავ, რომ ტექნოლოგია კარგია, საქმე მისი გამოყენების ცოდნაა. ყველამ იცის, რომ ბოტოქსით შეიძლება წარბებსა და თვალებს შუა არსებული ღარების ამოვსება, თუმცა ამ პრეპარატს გაცილებით ფართო შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ბოტოქსის საღეჭ კუნთებში შეყვანით შესაძლებელია სახის მოცულობის შემცირება, თუმცა ეს პროცედურა დიდ ცოდნასა და ოსტატობას მოითხოვს, თორემ შესაძლოა, სახის ნერვი დაზიანდეს. ბოტოქსის საშუალებით შეიძლება აიწიოს პირის კუთხეები და გაქრეს ე.წ. ინდაურის ყელი.
-
მაგრამ ხშირად ახსენებენ გართულებებს, რომლებიც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს...
- თუ პროცედურას არაპროფესიონალი ჩაატარებს, შეიძლება მივიღოთ ზედა ქუთუთოს სრული ან ნაწილობრივი ფტოზი ან სახის რომელიმე ნაწილის დამბლა, მაგრამ, გავიმეორებ, თუ კარგ სპეციალისტს მიმართავთ, ეს ყოველივე გამორიცხულია.
-
არის თუ არა ლაზერული ლიფტინგი გარღვევა პლასტიკურ ქირურგიაში? ასე ხშირად რატომ მიმართავენ სასამართლოს ამ მეთოდის შემდეგ შედეგით უკმაყოფილო პაციენტები?
- პირადად მე ლაზერული ფეისლიფტინგი სენსაციურ მეთოდად არ მიმაჩნია. როგორც ექსპერტს, ხშირად მიმიცია დასკვნა ამ მეთოდის მსხვერპლისთვის, რომელმაც ოპერაციაში 28 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა და, ტრავმასა და მორალურ ზიანზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვერავითარი შედეგი ვერ მიიღო. სახის დაჭიმვის ოპერაციის მიზანია პაციენტის გაახალგაზრდავება 10-15 წლით, შედეგის შენარჩუნება 8-10 წლის განმავლობაში, ინდივიდუალური იერის შენარჩუნება და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების გამორიცხვა. ამის საშუალებას იძლევა შMAშ-დაჭიმვა, რომლის შედეგი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე კანის ზედაპირული დაჭიმვისა. ოპერაცია საკმაოდ სერიოზულია და დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ამ ოპერაციის ჩატარებას ბევრი სპეციალისტი გაურბის, თუმცა რეკლამებში და კონსულტაციებზე მსურველებს სწორედ ამ თანამედროვე ელიტურ მეთოდს ჰპირდებიან. მინდა, ყველა პოტენციური პაციენტი გავაფრთხილო: წინასწარ მოითხოვონ ოპერაციის მსვლელობის ვიდეოჩანაწერი, რათა გართულების შემთხვევაში ექსპერტსაც და პაციენტსაც ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეთ ოპერაციის ჩატარების სისწორეზე.
-
შედეგი რომ რეალური იყოს, როგორ შევარჩიოთ სპეციალისტი და ყველაზე ოპტიმალური მეთოდი?
- ნუ ენდობით რეკლამებს და კომპიუტერში ნანახ ფოტოსურათებს. პირადად გაარკვიეთ ექიმის ბაზური განათლებისა და პროფესიონალიზმის საკითხი, შეიტყვეთ, როგორია მის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგები, შეხვდით მათ, ვისაც ამ ექიმმა გაუკეთა ოპერაცია და დაწვრ¬ილებით გამოკითხეთ. წინასწარ მოითხოვეთ ამომწურავი პასუხი შეკითხვებზე, როგორი იქნება ოპერაციის შედეგი და რამდენ ხანს გაგრძელდება რეაბილიტაცია.
-
დაბოლოს, ქალბატონო ციცინო, თუ საიდუმლო არ არის, თქვენ თვითონ თუ გაგიკეთებიათ პლასტიკური ოპერაცია ან მეზოთერაპია? უნდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით...
- პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული მაქვს და არც ვმალავ. მე, როგორც პიროვნებას, განმიცდია ყველაფერი, რასაც ჩემი პაციენტები განიცდიან. ასე რომ, კარგად მესმის მათი და ყოველთვის სწორად შევაფასებ მათ სურვილებს.