ქართველ ექიმთა თავგანწირვა და კიდევ ერთი გადარჩენილი (ამჯერად ჩეჩენი პაციენტის) სიცოცხლე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველ ექიმთა თავგანწირვა და კიდევ ერთი გადარჩენილი (ამჯერად ჩეჩენი პაციენტის) სიცოცხლე

ჩვენი ქართველი პროფესიონალი შეეჭიდა და უმაღლეს დონეზე განახორციელა ის, რაც ვერ გაბედა უამრავმა მისმა კოლეგამ რუსეთის (მოსკოვის, პეტერბურგის, კოსტრომის და სხვა ქალაქების) წამყვანი კლინიკებიდან, მათ შორის ბლოხინის სახ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრისა და ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა.

ცნობისათვის, ჩვენს საამაყო ნეიროქირურგ თამაზ კერძევაძეს კლინიკური ორდინატურა თავის დროზე სწორედ ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის ინსტიტუტში აქვს გავლილი, მას იქ დღესაც კარგად იცნობენ და დიდ პატივს სცემენ როგორც პროფესიონალ და გამოცდილ კოლეგას.

ბატონი თამაზი 1982-1999 წლებში სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე იყო, 2000-2003 წლებში - რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული ცენტრის ნეიროქირურგი, 2003-2012 წლებში - ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური დეპარტამენტის დამფუძნებელი და უფროსი. 2012 წლიდან დღემდე კი თამაზ კერძევაძე საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედისა” და კატასტროფათა მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების გამგეა. იგი 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია. პაციენტებისადმი განსაკუთრებული სითბოთი და გულისხმიერი დამოკიდებულებით, დიდი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ქირურგი, იმავდროულად, უზომო თავმდაბლობითა და სათნოებით შემკული პიროვნებაა. ერთხანს უარს აცხადებდა კიდეც ინტერვიუზე - “მთავარია, რომ საქმე გაკეთდა და კაცი გადარჩა, იქნებ არც ღირს ამის გასაჯაროებაო”, და ეს მაშინ, როცა უნიკალური ოპერაციის ამბავი უკვე მთელმა გროზნომ და რაც მთავარია, რუსეთის წამყვანი კლინიკების სპეციალისტებმა გაიგეს და გაოცებას ვერ მალავენ!

- ბატონო თამაზ, იქნებ დაწვრილებით გვიამბოთ ჩეჩენი პაციენტის ჰემანგიომაზე, რა სირთულეები ახლდა მის პათოლოგიას?

- ჰემანგიომა, საზოგადოდ, სისხლძარღვოვანი გენეზის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხასიათდება არასრულფასოვანი, ასე ვთქვათ, მახინჯი სისხლძარღვების უკონტროლო გამრავლებით. წარმონაქმნის (მით უფრო, დიდი ზომის) ქირურგიულად ამოღება (მოცილება) საკმაოდ დიდი სირთულეა, რადგან ჰემანგიომებს სერიოზული სისხლდენა ახასიათებთ, რის გამოც პაციენტი შესაძლოა დაიღუპოს კიდეც. წარმოიდგინეთ, ოთახში რომ გასკდეს მილი და პრაქტიკულად წყლის გადაკეტვის გარეშე მოგიწიოთ ყველაფრის გარემონტება. განსაკუთრებით რთული და პრობლემურია თავის ტვინის ჰემანგიომების ქირურგიული მკურნალობა, რადგან ქალას ღრუში ადგილი, სივრცე არ არის მანიპულირებისათვის.

პათოლოგია საკმაოდ იშვიათი იყო. ჩემი საექიმო პრაქტიკის მანძილზე სულ 10 შემთხვევა თუ მქონია და საკმაოდ მწარე გამოცდილებაც მაქვს. თანაც, ამას მოგახსენებთ იმ პერიოდზე, როდესაც ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. ჩეჩენ პაციენტთან განვითარებული ჰემანგიომის ანალოგიური საქართველოში ძალიან ცოტა შემთხვევა მინახავს, ალბათ, მეორეა ან მესამე. მისი წარმონაქმნი ძალიან დიდი ხნის და შესაბამისად, შორსწასული იყო. ჰემანგიომა იზრდებოდა საფეთქლის ძვალში, კერძოდ, პირამიდაში, იმდენად ძველი (ხანდაზმული) შემთხვევა იყო (15 წელზე მეტი ხნის), რომ პირამიდა გაცვდა და სიმსივნე წავიდა ტვინისკენ, გამოვიდა გარეთაც, ძალიან დიდი მასა განთავსებული იყო ყურის უკანაც. პაციენტს სახე მთლიანად დამახინჯებული ჰქონდა. ჰემანგიომის ზომის გამო სახეზე კანი აღარ იჭიმებოდა, პერიოდულად იწყებოდა სისხლდენა. ერთ-ერთი სპონტანური სისხლდენის დროს რუსეთის ქალაქ კოსტრომის ერთ-ერთ ონკოლოგიურ ცენტრში იძულებულნი გახდნენ, საძილე არტერია გადაეკვანძათ. პაციენტმა პრაქტიკულად მთელი რუსეთი შემოიარა, პეტერბურგშიც იყო, მოსკოვშიც, ბოლოს ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტსაც მიაკითხა. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ რუსეთში, მსოფლიოში წამყვანი კლინიკაა. იქაც კი უარი უთხრეს, ძალიან დიდია, სისხლდენის შიშით ხელს ვერ ვახლებთ, აზრი არ აქვსო - სრულიად უიმედოდ დატოვეს პაციენტი.

- რა ცერებრული გამოვლინებები ჰქონდა პაციენტს ტვინზე წარმონაქმნის კომპრესიის გამო?

- ტვინზე მაინც და მაინც დიდი ზეწოლა არ ხდებოდა, მაგრამ პირამიდა სრულად ჩაშლილი იყო, შესაბამისად, პირამიდაში გამავალი სახისა და სმენის ნერვები თითქმის განლეული, ატროფირებული იყო, თამამად შეიძლება ითქვას, პაციენტს აღნიშნული ნერვები აღარ ჰქონდა. ამიტომ მარჯვენა მხარეს სმენა გამქრალიყო, მხედველობა - დაქვეითებოდა, სახის ნაწილი კი - პარალიზებული და დამახინჯებული ჰქონდა. პაციენტი ძალიან აღგზნებული, აჟიტირებული იყო, წარმოიდგინეთ აბა, არაფრის იმედი აღარ ჰქონდა. თან ბევრს ჭამდა, შუნტივით უამრავი სისხლი გადიოდა მის სიმსივნურ წარმონაქმნში და ვეებერთელა ჰემანგიომა ინტენსიურად იკვებებოდა. ოპერაციის შემდეგ ყოველმხრივ დასტაბილურდა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევაც აშკარად მოუწესრიგდა და ბევრად უკეთესადაა.

სიმსივნური წარმონაქმნი ზრდისას აზიანებს, ანგრევს მიმდებარე ქსოვილებს, ასეთივე ტემპით ბოლოს ტვინსაც მიადგებოდა. კოსმეტიკურ დეფექტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მთავარ საფრთხეს მოსალოდნელი სისხლდენა ქმნიდა, მოგახსენეთ კიდეც, რომ რამდენჯერმე ჰქონდა პაციენტს ამის შემთხვევა და შესაძლებელი იყო, ოპერაციისას ის სწორედ სისხლდენით დაღუპულიყო.

- მაინც როგორ გარისკეთ და შეეჭიდეთ ამ ურთულეს საქმეს, მაშინ როცა თქვენმა კოლეგებმა, რუსეთიდანაც კი, ვერ გაბედეს ეს?

- როდესაც ვნახე, გავსინჯე, საფუძვლიანად გამოვიკვლიე პაციენტი, გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება და ვუთხარი, მაქსიმალურად შევეცდები ყოველივეს-მეთქი - საოცრად განცვიფრდა, ეტყობა, რომ განათლებული ჩეჩენია (ავტორი თ.გ. - პაციენტთან პირადი საუბრისას გავარკვიე, რომ ის გროზნოში საკმაოდ წარმატებული იურისტია, დიდი სანაცნობო წრე ჰყავს არა მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც), და გაკვირვებულმა მკითხა - ამდენ კლინიკაში უარი მითხრეს და თქვენ რა გაძლევთ იმედსო? ვუთხარი, რომ ოპერაციების კეთების ჩვენეული მეთოდიკა და ტექნიკა გვაქვს, რომ ეს კოლექტიური შრომაა და თავს არ დავზოგავდით.

- მართლაც საგმირო საქმეა, ორმაგად მეამაყებით როგორც ექიმს და როგორც ქართველს!

- ჯერ ერთი, ეს კოლექტიური ოპერაციაა, მეორეც, ძალიან სერიოზული, ყოველმხრივ მობილიზებული, პროფესიონალი ქირურგიული და ანესთეზიოლოგიური ბრიგადები სჭირდება. ოპერაცია ძალიან დაბალი წნევის ფონზე უნდა წარიმართოს, თუ წნევა ჩვეულებრივი ან მაღალი იქნება, იმდენი სისხლი დაიკარგება, რომ ოპერაცია შეიძლება ვერც დაასრულო.

ამიტომ წინასწარ ვესაუბრეთ ანესთეზიოლოგებს, ყველა დეტალსა და სირთულეში გავარკვიეთ. ისინიც დიდი მონდომებითა და თავდადებით წამოგვყვნენ და ჩვენც გავრისკეთ. წინასწარ განვსაზღვრეთ ყველაფერი, ჩამოვწერეთ და გავაანალიზეთ ყველა დეტალი, დავსახეთ გეგმა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა გვეშინოდა კიდეც, მაგრამ წინასწარ განსაზღვრული გეგმით ვიმოქმედეთ და ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა, ყოველგვარი გართულების გარეშე. პაციენტი მხოლოდ ერთი დღე იწვა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ახლა კმაყოფილი და ბედნიერი პალატაშია გადაყვანილი.

ისე მონდომებით მიხსნიდა კმაყოფილი ქირურგი ყოველივეს, იმდენად შთამბეჭდავი იყო მისი საუბარი ურთულეს ოპერაციაზე, რომ გავთამამდი და წინასწარ დასახული გეგმის დეტალებსა და იმ ტექნიკაზეც ვკითხე, საგანგებოდ რომ შეიმუშავეს. ბატონმა თამაზმა ესეც სიამოვნებით გამანდო:

- ოპერაცია 5 ეტაპად გვქონდა დაყოფილი:

  • პირველ ეტაპზე - უნდა გადაგვეკვანძა ყველა სისხლძარღვი, რომლებიც სიმსივნეს კვებავდა;
  • მეორე ეტაპზე - სახის კანის გადაწევის შემდეგ სიმსივნის ერთგვარი დაყოფა, იზოლირება უნდა მოგვეხდინა და კანქვეშ არსებული ნაწილი მოგვეცილებინა;
  • მესამე ეტაპზე - სიმსივნის ექსტრაკრანიალური (ქალას გარეთ ლოკალიზებული) ნაწილი უნდა ამოგვეკვეთა;
  • მეოთხე ეტაპზე - ინტრაკრანიალურად (ქალას ღრუში) მდებარე სიმსივნე უნდა ამოგვეღო;
  • მეხუთე ეტაპზე – განსაზღვრული იყო ჰომეოსტაზის აღდგენა, ქსოვილთა პლასტიკა და სხვა ნიუანსები.

საკმაოდ შრომატევადი ოპერაცია აღმოჩნდა, 7,5 საათს გაგრძელდა, ტრეპანაცია პრაქტიკულად არც დაგვჭირდა, ძვალი იმდენად იყო ჩაშლილი, რომ პირდაპირ ინსტრუმენტებით ვამტვრევდით. სისხლდენის შესაჩერებლად ჰაერის ცხელი ნაკადი გვქონდა მომზადებული, ეს მეთოდიკა ჩვენი დამუშავებულია. როცა სხვა საშველი აღარ არის, ცხელ ჰაერს ვუშვებთ, რომელიც პრაქტიკულად ანახშირებს, თუმცა ამჯერად ეს არ დაგვჭირვებია, რადგან ელექტრული დენით მოვაგვარეთ ყველაფერი.

უნდა გითხრათ, ასეთი რთული შემთხვევების დროს, როდესაც დღის წესრიგში პაციენტის გადარჩენის საკითხი დგას, კოსმეტიკურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს ქირურგებისათვის, პაციენტისათვის კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდი, მით უფრო ამ შემთხვევაში, როცა ჩეჩენს სახე მთლიანად დამახინჯებული ჰქონდა. ირაკლი ნადირაძე მთელი ოპერაციის განმავლობაში გვერდში გვედგა, გვაიძულა, კოსმეტიკური თვალსაზრისითაც ყველაფერი მაქსიმალურად კარგად წარგვემართა, პაციენტს ყურიც კი შევუნარჩუნეთ და კოსმეტიკურადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე გავუკეთეთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, “გიდმედში” ჩატარებულმა ოპერაციამ გაამართლა და ეს ქართველი ექიმებიც არ ვართ მთლად ჩამოსაწერი (იღიმება ჩვეული სათნო გამოხედვით), თუ პირობები და შესაბამისი მოწყობილობა გვექნება, ჩვენც შეგვიძლია ძალიან მძიმე შემთხვევებთან გამკლავება, ბევრი გვიმუშავია აქაც, რუსეთშიც, ევროპაშიც, რაც მთავარია, გვიყვარს ჩვენი საქმე, როცა რთულს ეჭიდები და გამოსავალს ნახავ, ხომ განსაკუთრებით კმაყოფილი რჩები!

კმაყოფილება თქვენ ჩეჩენი პაციენტის უნდა გენახათ, მე მას პალატაში ვეწვიე ინტერვიუსთვის:

- რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში ჩამოსვლა მაშინ, როცა რუსეთშიც კი უარი გითხრეს მკურნალობაზე?

- რუსეთში მართლა არ დარჩა კლინიკა, ყველგან ვიყავი, რამდენიმეში სასწრაფომ გადამიყვანა განმეორებითი სისხლდენის გამო, კაშირკაზე, ბლოხინის ცენტრში ერთი კვირა ვიწექი, ყველა ანალიზი გამიკეთეს და მითხრეს, იმხელა სიმსივნეა, ისე შორს წასული, არაფერი გამოვაო. თავიდან არ მაწუხებდა, მერე ძალიან გაიზარდა და შემაწუხა, ნერვებს დააწვა, მხედველობა დამიქვეითდა, ცალ ყურში სმენაც დავკარგე, გაციების შემდეგ აუტანელი თავის ტკივილები მეწყებოდა. საქართველოში ჩამოსვლა ჩემმა მოსკოველმა ჩეჩენმა მეგობრებმა მირჩიეს, მე აქაც ბევრი რუსი და ქართველი ნაცნობი მყავს, მოკლედ, თამაზის ტელეფონი მომცეს და ასე მოვხვდი ამ საოცარ ექიმთან.

ასეთი პროფესიონალი და თავდაჯერებული კაცი არასდროს მინახავს, შეუძლებელი არაფერია და ჩვენც შევძლებთ ყველაფერსო – იმხელა იმედი ჩამისახა პრაქტიკულად სასიკვდილოდ განწირულს, რომ მართლა ხელახლა დავიბადე, ახლა უკვე გროზნოს ნაცვლად თბილისში (იცინის ნახევრად დაჭიმული სახით). აღფრთოვანებული ვარ კლინიკაში არსებული ვითარებითა და დამოკიდებულებით - სიყვარულითა და სითბოთი გეპყრობიან, უსიტყვოდ ესმით შენი.

პირველივე დღეს გაოცებული დავრჩი თამაზთან საუბრით, გინდა რაღაც აუხსნა, გააგებინო და კაცმა ყველაფერი თითქოს წინასწარ იცის, შენს გულში ზის, თავად გიხსნის შენს ტკივილსა და პრობლემას, თან გამშვიდებს, რომ ყველაფერს ეშველება და შეუძლებელი არაფერია! მე მსგავსი კვალიფიკაციისა და სამედიცინო კულტურის ექიმი არ შემხვედრია!

ყველაფრით კმაყოფილი ვარ, საზოგადოდ, საქართველოში არსებული ატმოსფეროთი. აი, ვწევარ პალატაში და სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება დაემდურო და უმტრო ქართველებს, როცა ეს ხალხი მხოლოდ სიყვარულისა და მეგობრობისთვისაა მოწოდებული!

დიდხანს დავყოვნდი პალატაში, სასიამოვნო და საამაყო იყო ჩეჩენი პაციენტის საქებარი სიტყვების მოსმენა საქართველოს, ქართველი ხალხისა და ექიმებისადმი. გამომშვიდობებისას რამდენიმე ქართული სიტყვითაც გამახარა, რუსული აქცენტით ჩამოთვალა, რაც იცოდა: “გამარჟობა”, “მადლობა”, “მიკვარს საკარტველო”, “გაუმარჟოს!”

ჩემი სათქმელიც ესაა - მადლობა თამაზ კერძევაძეს პროფესიონალიზმისა და დიდსულოვნებისთვის, საქმის სიყვარულისა და თავგანწირვისათვის! და, რა თქმა უნდა, გაუმარჯოს საქართველოს, ასეთი საამაყო და სასახელო ექიმებისათვის!